29 ნოემბერს, 13 საათზე, სამშენებლო კოლეჯმა კონსტრუქტ2-მა კომპანია კნაუფ გიპს თბილისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი კონსტრუქტ2-ის მსმენელების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში კონსტრუქტ2-ის მსმენელები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, თეორიული გამოცდის შემდეგ კი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. კოლეჯის მიერ საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილი მსმენელების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოსაყალიბებლად დაგეგმილია ინფორმაციული და პრაქტიკულ-მეთოდური თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

"კონსტრუქტ2-ის მსმენელების თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის კოლეჯში ყველანაირი პირობაა შექმნილი, თუმცა მათი ხელობის დასახვეწად, განსხვავებულ გარემოში მუშაობა აუცილებლად მივიჩნიეთ. დარწმუნებული ვარ, კნაუფ გიპს თბილისთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენი მსმენელები საუკეთესო უნარ-ჩვევებს შეიძენენ და პროფესიული ზრდისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ", — ამბობს კონსტრუქტ2-ის დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი.