ქალის სხეულიდან თმის მოშორების უჩვეულო და ღრმად სექსისტური ისტორია
წარმოიდგინეთ, მონა ლიზა ულვაშით რომ ყოფილიყო დახატული ან მერლინ მონროს თეთრი კაბის აფრიალების სცენის დროს ფეხები გაუპარსავი ჰქონოდა. წარმოიდგინეთ, რომ სერიალში მაშველები, სანაპიროზე შენელებული კადრით მორბენალი პამელა ანდერსონის ბოქვენის თმის დანახვა შეგძლებოდათ.
უცნაური იქნებოდა, არა?
მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ეს გამოსახულებები სრულიად განსხვავებულ დატვირთვას შეიძენდნენ. მთლიანი ყურადღება იმაზე გამახვილდებოდა, თუ როგორ არ ემორჩილებიან ეს ქალები მათ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ სხეულის თმის შესახებ არსებულ წესებს.
დღესდღეობით დასავლეთის ქვეყნებში ქალებს აქვთ არჩევანი, მოიშორონ ან დაიტოვონ თმა ფეხებზე, იღლიებსა თუ ბოქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში ჯერ კიდევ კამათის საგანია. პოპკულტურაც კი ჩაერთო ამ კამათში იმით, რომ ტელევიზიაში გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარი სხეულის თმის შესახებ. ჩვენ იმასაც მივაღწიეთ, რომ უკვე თეთრეულის რეკლამებშიც კი ჩნდებიან ქალები თმიანი სხეულით.
თუმცა ცხადია, ეს ყოველთვის ამგვარად არ იყო. ქალთა მიერ სხეულიდან თმის მოშორების ისტორიას ფესვები მიზოგინიაში აქვს გადგმული. ქალად ყოფნა არასოდეს ყოფილა მარტივი და თუ გენდერული ნორმების ისტორიას გადავხედავთ, აშკარა გახდება, თმის მოშორების როგორი მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდათ მათ.
პირველყოფილი ქალებისთვის ცხოვრება რთული იყო, ძალიან რთული
მართალია, ჩვენ პირველყოფილ ქალებსა და კაცებს ხშირად თითქმის სრულიად ბალნით დაფარული სხეულებით გამოვსახავთ ხოლმე, მაგრამ არქეოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ პირველყოფილმა ქალებმა დაიწყეს პირველად თმის მოცილება. თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით, თმას ისინი არა გარეგნული სილამაზისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის იშორებდნენ.
ონლაინ გამოცემის, History Undressed-ის თანახმად, ქვის ხანაში ქალებიც და კაცებიც ხშირად იპარსავდნენ თმას სახიდან და თავიდან, რათა ფიზიკური დაპირისპირების დროს მათ მოწინააღმდეგეს თმაში ხელის ჩავლების შესაძლებლობა არ ჰქონოდა. გარდა ამისა, უთმობა სხეულს გაყინვისგანაც იცავდა, რადგან თმის ღერებში მომწყვდეული წყლის წვეთები მარტივად შეიძლებოდა, კანს შეყინვოდა.
თუმცა, ვინაიდან ეს ათასობით წლის წინ იყო — ანუ იქამდე, სანამ თანამედროვე ცივილიზაციას საფუძველი ჩაეყრებოდა — თმის მოშორება ერთობ რთული პროცესი გახლდათ. პირველყოფილ ადამიანს გაპარსვა რომ შესძლებოდა, უნდა აეღო ქვა, მისგან ბასრი კუთხე გამოეკვეთა და შემდეგ ის სახეზე ზევიდან ქვემოთ მრავალგზის ჩამოესვა. თმის ცალკეული ღერის მოსაშორებლად კი ჩვენი შორეული წინაპრები ნიჟარებს პინცეტის მსგავსად იყენებდნენ.
ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის ხალხმა თმის მოშორების მეთოდების გათანამედროვეობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელი დასჭირდა იმის გააზრებას, რომ გალესილი ქვებით თმის პარსვა არც ისე კარგი იდეა იყო. ძველ ეგვიპტურ ხანაში ქალებმა და კაცებმა, როგორც იქნა, დახვეწეს სხეულიდან თმის მოშორების მეთოდი.
ამ პერიოდის ეგვიპტესა და მესოპოტამიაში მცხოვრები ქალებისთვის და კაცებისთვის სრულიად უთმო სხეული ნორმას წარმოადგენდა; ისინი ხელუხლებლად მხოლოდ წარბებს ტოვებდნენ. ამ ტენდენციას საფუძვლად სისუფთავისთვის ხაზგასმისა და კლეოპატრას მსგავსი გავლენიანი ქალი ფიგურების მიერ დადგენილი სილამაზის სტანდარტებისადმი დამორჩილების სურვილი ედო.
რასაკვირველია, გამრავალფეროვნდა პარსვის გზებიც. ეგვიპტეში თმის მოშორების ყველაზე პოპულარულ საპარსავ ხელსაწყოებში შედიოდა ზღვის ნიჟარისგან დამზადებული პინცეტი, პემზის ქვა და ცვილიც კი, რომელსაც კანზე ისვამდნენ და შემდეგ ქსოვილის დახმარებით იფხრეწდნენ — ზუსტად ისე, როგორც დღეს. წიგნის, თმის ენციკლოპედიის თანახმად, არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნ ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის პერიოდის ნივთებს შორის აღმოჩენილია სპილენძის სამართებლებიც, რომლებიც ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით თარიღდება. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალები სხეულის თმის დიდი ნაწილის მოსაშორებლად სახლში დამზადებულ ცომისებურ მასებს იყენებდნენ.
რომის იმპერიის პერიოდში მცხოვრებმა ქალებმა სხეულის თმა კლასობრივ ნიშნად აქციეს
როგორც ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, ძველი რომის იმპერიაშიც თმის მოშორება სისუფთავის მანიშნებელი იყო. ასევე, მას კლასობრივი დატვირთვაც ჰქონდა, თუმცა — მხოლოდ ქალებისთვის.
ჟურნალ Elle-ის მიხედვით, ამ ეპოქაში მდიდარი ქალები თმას პემზის ქვით, კაჟისგან დამზადებული სამართებლით, ერთობ საშიში შესახედაობის მქონე პინცეტითა და დეპილაციის კრემებით იშორებდნენ. კაცები, მეორე მხრივ, თავისუფლები იყვნენ, რომ სხეულზე თმა სურვილისამებრ დაეტოვებინათ.
ძველეგვიპტური საზოგადოების მსგავსად, რომის იმპერიასა და საბერძნეთშიც ბოქვენზე არსებული თმა უკულტურობად მიიჩნეოდა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ამ ეპოქის უამრავ ნახატსა და სკულპტურაზე გამოსახული ქალების ბოქვენზე თმას ვერ შენიშნავთ.
დედოფალ ელისაბედ I-ის დამსახურებაა, რომ შუა საუკუნეებში მცხოვრები ევროპელი ქალები ფეხების გაპარსვით თავს არ იწუხებდნენ
ფოტო: Wikimedia Commons
ფოტო: Wikimedia Commons
იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ჩვენ ყველას ნატალი პორტმანის წარბების შეგვშურდებოდა, დედოფალმა ელისაბედ I-მა, რომელიც ინგლისს 1558 წლიდან 1603 წლამდე განაგებდა, წარბების ფორმას პირველად შესძინა კულტურული დატვირთვა.
ვინაიდან იგი დედოფალი იყო, მას ტენდენციებისთვის საფუძვლის ჩაყრის ძალაც ჰქონდა. ელისაბედის სურვილის თანახმად, სახეზე არსებული თმა მოვლილი უნდა ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ წარბებს გარკვეული ფორმა უნდა ჰქონოდა, ულვაში კი უნდა მოპარსულიყო. აი, ფეხებსა და ბოქვენზე ამოსულ თმას რაც შეეხება, ელისაბედის დროში ამაზე შეგეძლოთ, წამითაც არ გეღელვათ.
ასევე არსებობდა შუბლის ზედა ნაწილიდან თმის მოშორების ნორმაც, რათა სახე უფრო გრძელი გამოჩენილიყო. სილამაზის ამ სტანდარტის დასაცავად დედები ქალიშვილებს შუბლზე კაკლის ზეთს და, ზოგიერთ შემთხვევებში, კატის ექსკრემენტებსაც კი უსვამდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ეს თმის ამოსვლას შეუშლიდა ხელს.
მეთვრამეტე საუკუნიდან ქალებმა, როგორც იქნა, ოდნავ ამოისუნთქეს
ფოტო: Getty
ფოტო: Francisco de Goya
მეთვრამეტე საუკუნეში დადგა დრო, როცა ქალებს შეეძლოთ, ისე მოპყრობოდნენ თავიანთ თმას, როგორც მოესურვებოდათ (თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა).
1700-იანმა წლებმა შემოიტანა სიახლე — პირველი სამართებლიანი საპარსი, რომელიც ჟან ჟაკ პერეტმა შექმნა. ეს ნივთი თავდაპირველად განკუთვნილი იყო კაცებისთვის, რათა, სურვილის შემთხვევაში, წვერი გაეპარსათ, თუმცა მისი გამოყენება ქალებსაც შეეძლოთ. ამასთან, ეს იყო ისტორიაში იმ მცირე შემთხვევათაგანი, როდესაც არცერთი სილამაზის სტანდარტი არ უბრძანებდა ქალებს იმას, თუ როგორ უნდა მოევლოთ საკუთარი სხეულის თმისთვის.
1800-იანმა წლებმა შემოიტანა კიდევ უფრო უსაფრთხო სამართებელი, რომელიც კინგ კემპ ჟილეტმა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სამართებელი თანდათანობით სულ უფრო დახვეწილი ხდებოდა, ათწლეულების განმავლობაში ის ქალებისთვის განკუთვნილ ნივთად არ აღიქმებოდა.
1900-იანი წლების დასაწყისში მოდამ ქალებს იღლიიდან თმის მოშორება აიძულა
ფოტო: Getty
ფოტო: Getty
პირველი უსაფრთხო სამართებელი, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის იყო განკუთვნილი, 1900-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და ამან მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდო დასაბამი.
1915 წელს ჟილეტმა შექმნა პროდუქტი სახელად Milady Décolleté, რომელმაც ბიძგი მისცა იღლიის თმის საწინააღმდეგოდ პირველ ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას. ამ კამპანიის თანახმად, ახლა, როცა უკვე ქალებს ჰქონდათ სათანადო საპარსები, ეს უკანასკნელნი მათ იღლიიდან თმის მოსაშრებლად უნდა გამოეყენებინათ.
სამართებლის რეკლამებში ქალებს დაჟინებით სთხოვდნენ, რომ "არასასურველი თმა" სხეულებიდან, კერძოდ კი იღლიიდან, სასწრაფოდ მოეშორებინათ. სხეულის ამ კონკრეტულმა ადგილმა იმიტომ მიიპყრო პირველად ყურადღება, რომ 1920 წლისთვის უმკლავებო კაბები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მაგალითად, 1915 წელს Harper’s Bazaar-ში დაბეჭდილი რეკლამა ცხადყოფდა, რომ აბსოლუტურად თმაგაცვენილი იღლიები "აუცილებლობას" წარმოადგენდა. ეს იყო ერთ-ერთ პირველი შემთხვევა იმისა, როცა მოდამ პირდაპირ უკარნახა ქალებს, სად და როგორ მოეშორებინათ სხეულიდან თმა.
მოდამ და მეორე მსოფლიო ომმა ქალებს აიძულა, ფეხებიდანაც მოეშორებინათ თმა
ფოტო: Getty
1940-50-იანი წლების მოდა, რომელსაც ზედ მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები დაერთო, ამერიკელ ქალებს სულ მეტი დაჟინებით უბიძგებდა იმისკენ, რომ ცხოვრებაში პირველად ფეხებიდან თმა მოეცილებინათ.
ომის განმავლობაში ნეილონის დეფიციტი იყო. შესაბამისად, ქალებს ყოველდღიურად წინდების ტარების ფუფუნება არ ჰქონდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მათ შიშველი ფეხებით უწევდათ გარეთ გასვლა. სოციალური ნორმები რომ არ შეელახათ, ქალებმა ფეხების პარსვა დაიწყეს.
აქამდე ის რამდენიმე ქალი, ვინც ფეხებზე თმას იცილებდა, მოცეკვავე იყო: მათ ფეხებს ომამდეც აქცევდა ხალხი გამორჩეულ ყურადღებას. 1950-იანი წლებისთვის კი ქვედაბოლოები დამოკლდა და ქალის ფეხების დანახვა უკვე ყველგან შეიძლებოდა. შედეგად, ფეხების გაპარსვა, იღლიების გაპარსვა და (ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავების გავლენით) წარბების შეთხელება, საყოველთაო ნორმად დამკვიდრდა.
რასაკვირველია, ამ უზარმაზარი ცვლილებების ფონზეც კი, კაცებს სხეულიდან თმის მოშორებაზე წუხილი არ უწევდათ.
პორნომ, მოდამ და პოპკულტურამ 80-90-იან წლებში მცხოვრები ქალები დაარწმუნა, რომ ბიკინის ზონაზე ზედმეტი თმა არ უნდა ჰქონოდათ
ფოტო: Getty / HBO
1950-იანი წლებისთვის ქალებმა უკვე ისწავლეს, რომ ფეხებიდან და იღლიებიდან თმა უნდა მოეშორებინათ, წარბებისთვის კი იდეალური ფორმა უნდა მიეცათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამით თმისგან გათავისუფლების მანია არ დასრულებულა. ახლა ჯერი ბოქვენზე არსებულ თმაზე მიდგა.
თუმცა, სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ ქალებს ბოქვენის არეალში ამოსული თმა იქამდეც აწუხებდათ. მას შემდეგ, რაც 1946 წელს ბიკინის ფორმის საცვლები გაჩნდა, ქალებმა ნელ-ნელა დაიწყეს სხეულის ამ ნაწილის პარსვა. და, მართალია, 1960-70-იან წლებში ჭარბთმიანობა მეტად პოპულარული გახდა, უკვე 80-90-იან წლებში ბოქვენზე თმის ნაწილობრივ ან ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანად გაპარსვა იქცა ნორმად.
ამ დროის განმავლობაში ქალთა უთმო ბოქვენის ფოტოები და ვიდეოები ფართოდ ვრცელდებოდა როგორც პორნოგრაფიაში, ისე მოდის ინდუსტრიის მიერ. შესაბამისად, ქალებმა უფრო მეტად დაიწყეს ამაზე ფიქრი.
სწორედ ამ პერიოდში გაპოპულარულდა ეგრეთ წოდებული ბრაზილიური ეპილაცია. პირველი სალონი, რომელიც ცვილით თმის სრულ მოშორების სერვისს სთავაზობდა, აშშ-ში 1987 წელს გამოჩნდა და აქედან მოყოლებული ეს პრაქტიკა მთლიან შტატებს მოედო. სულ მალე ისეთმა მსახიობებმა, როგორიც გვინეტ პელტროუა, ამ თემაზე ღიად დაიწყეს საუბარი. მეტიც, პოპულარული სერიალის, სექსი დიდ ქალაქში, გადაღებულ ერთ-ერთ სცენაში მაყურებელმა იხილა, როგორ იკეთებს თავად ქერი ბრედშოუ ბრაზილიურ ეპილაციას.
ერთადერთი, რის გამოც შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ეპოქა ისეთივე სექსისტური არ იყო, როგორიც, სიტყვაზე, ძველრომაული პერიოდის, არის ის, რომ ქალებს ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე პირდაპირ არ ეუბნებოდნენ, თმას სხეულზე სრულად თუ არ გაიპარსავ, უსუფთაო გამოჩნდებიო. სანაცვლოდ, პოპკულტურაში, უბრალოდ, უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ქალები, ვისაც ბოქვენზე თმა არ ჰქონდათ.
აი, კაცები კი ჯერ ნამდვილად არ იყვნენ წახალისებულნი, რომ ბრაზილიური ეპილაცია გაეკეთებინათ.
ახლა, 2010-იან წლებში ქალებს, როგორც იქნა, თმის მოშორებასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ
დღეს ქალები იმაზე მეტს საუბრობენ სხეულის თმაზე, ვიდრე — ოდესმე და საკუთარ, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცნენ მას.
ვეტმოს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტო.
ფოტო: Melchiortersen / Replicamanmagazine
თქვენ შეგიძლიათ, ეს იმას დააბრალოთ, რომ ათასობით წლის მანძილზე ქალებს გამუდმებით მიუთითებდნენ, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ზედმეტ თმას და მათ ეს, როგორც იქნა, ყელში ამოუვიდათ; ან, შეგიძლიათ, ამის მიზეზად ინტერნეტი მიიჩნიოთ, რომელმაც ქალებს მისცა სივრცე საკუთარი ნარატივის ჩამოსაყალიბებლად. დღეისათვის ამ საკითხზე კაცებსა და ქვეყნის მდიდარ მმართველებს ზეგავლენის მოხდენის ძალაუფლება აღარ აქვთ.
დღესდღეობით ქალებს შეუძლიათ, იღლიები აღარ გაიპარსონ. ისინი ასევე საჯაროდ საუბრობენ იმაზე, თუ რა არჩევანი აქვთ ბოქვენის თმასთან დაკავშირებით. ისეთი ცნობილი სახეებიც კი, როგორებიც მადონა და მაილი საირუსი არიან, ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ ქალებს შეუძლიათ, ისე მოეპყრან საკუთარ თმას, როგორც სურთ. და ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა.
კიდევ ერთი დადებითი ფაქტი ის არის, რომ კაცებმაც დაიწყეს სხეულის გაპარსვასთან დაკავშირებულ არჩევანზე ღიად საუბარი. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა სატელევიზიო გადაცემების წამყვანმა, ბილი ბუშმა, რამდენიმე წლის წინ მთელ სამყაროს გააგებინა, რომ თურმე კაცებიც იყენებენ ბრაზილიურ ეპილაციას.
მას შემდეგ, რაც ათასობით წლის განმავლობაში ქალებს მიუთითებდნენ, რა უნდა მოეხერხებინათ ზედმეტი თმისთვის, ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, როდესაც არა მხოლოდ თავისუფალნი ვართ, არამედ შექებასაც კი ვიმსახურებთ იმისათვის, რომ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა. და ჩვენ ეს ნამდვილად დავიმსახურეთ.
კომენტარები