სალიმი ამბობს, რომ ის კვლავ ხედავს იმ ახალგაზრდა კაცების სახეებს, რომლებსაც ესროლა. უკვე ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ლიბანსა და ისრაელს შორის გაჩაღებულ ომში სნაიპერის მოვალეობებს ასრულებდა, თუმცა მას დღემდე აწუხებს კოშმარები.

"ამ რეგიონში ჩვენ გვაქვს გამოთქმა, რომ ახალგაზრდა კაცი ვარდს ჰგავს...", — სალიმს აქ სიტყვა უწყდება და წინადადების დასრულებას ვეღარ ახერხებს.

სალიმი და მისი პირველი ცოლი ომის დამთავრების შემდეგ გაეყარნენ ერთმანეთს. ბავშვები მამასთან დარჩნენ. ის აღიარებს, რომ მასთან ცხოვრება ძალიან რთული შეიძლება იყოს. "მე არასოდეს მისაუბრია ომზე. ამის შესახებ არასოდეს არაფერი მითქვამს", — ამბობს ის, — "ყველაფერი გონების სიღრმეში ჩავკეტე".

ომის შემდგომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდავი მანქანის მძღოლად მუშაობდა, ამჟამად კი ტაქსისტია. ცოლი მეორედ მოიყვანა, თუმცა ომის შესახებ მასთანაც არ საუბრობს. "არ მომწონს, როცა შვილებს ვტოვებ", — ამბობს ის, — "არ მომწონს, როდესაც სახლიდან ღამით გავდივარ ხოლმე. მრავალი წლის განმავლობაში ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ ახლა ღამღამობით ინტერნეტში შევდივარ, რათა მომხდარის გააზრება შევძლო".

სალიმის ომის შემდგომი გამოცდილება უცხო არაა იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანებთან მუშაობენ. მაგრამ რა ხდება ამ დროს სალიმის ოჯახში? სამეცნიერო წრეებში ტრანსგენერაციული ტრავმის, TGT-ის იდეა სულ უფრო მზარდ ინტერესს იწვევს. ეს არის ტრავმა, რომელიც როგორღაც მშობლიდან შვილზე გადადის და მისგან — შემდგომ შთამომავლობაზეც.

სალიმი თავის შვილებს სიფრთხილით ეპყრობა და ხანდახან, შეიძლება, მათდამი ზედმეტ მზრუნველობასაც კი იჩენს. მაგრამ ზოგიერთ ოჯახში მდგომარეობა სხვანაირია. ის იცნობს კაცებს, რომლებსაც ბრაზის შეტევებთან გამკლავება უჭირთ და ჯავრს შვილებზე იყრიან. "ხანდახან მსგავს ქცევას ბავშვებიც ბაძავენ", — ამბობს სალიმი, — "ისინი ხედავენ, როგორ იქცევიან მათი მამები და აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ სწორედ ესაა ნორმალური მდგომარეობა".

ფოტო გადაღებულია 2006 წელს. ბეირუთში ქალი მირბის დანგრეული შენობების გასწვრივ მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე თავდასხმა განახორციელა. ფსიქიატრები ამბობენ, რომ წარსულში კონფლიქტებით გამოწვეული უსამართლობის განცდა მსხვერპლების შთამომავლობას გადაეცემა.

ფოტო: Lefteris Pitarakis / AP

იუსუფ ელ-ხური ლიბანელი ფსიქიატრია და მილიციის იმ წევრებთან მუშაობს, რომლებსაც ლიბანში ბოლო 50 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებში უბრძოლიათ. მისთვის სალიმის მონათხრობი გასაკვირი არ ყოფილა. ადამიანები, რომლებთანაც მას მუშაობა უწევს, "ძალიან გაბრაზებულები არიან და ადვილად ღიზიანდებიან. ბევრი მათგანი, უბრალოდ, არჩევს, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს, არსებობისთვის საჭირო მინიმუმი აკეთოს... შენ სწავლობ, რომ ომში მონაწილეობით საკუთარი თავი გაწირე, დაკარგე მეგობრები და უკეთესად ვეღარასდროს იქნები", — ამბობს ელ-ხური.

მისივე თქმით, ამ ბრაზსა და გულჩათხრობილობას ახალი თაობაც ითავისებს. "მათი პოლიტიკური და ასევე სოციალური შეხედულებები წარსული კონფლიქტის ზეგავლენით ყალიბდება, მაგრამ ისინი ამ კავშირს ვერ ხედავენ". ამის შემჩნევა ყველგანაა შესაძლებელი; მაგალითად, ქალაქის გეოგრაფიაში ან იმაში, თუ ვინ რომელ უბანს არჩევს დროის გასატარებლად. "ფიზიკური ბარიერები არ არსებობს, მაგრამ მათ სანაცვლოდ მენტალური და ფსიქოლოგიური ბარიერებია აღმართული".


"ამის ინტერნალიზაციას ახდენ და მისი მსგავსი ხდები"

ტრავმა ჩვენს გონებაში რაღაც კონკრეტული მოვლენის ან მოვლენათა სერიის შედეგად ჩნდება. ის განსხვავებულ ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს: ზოგიერთი მას ან ადვილად იტანს, ან მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი უვითარდება; ზოგი ადამიანისათვის კი ტრავმისგან გამოწვეული ეფექტები ან დეპრესიაში გადაიზრდება, ან — პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაში. მრავალი წლის განმავლობაში ამ მდგომარეობის მთავარ გამომწვევად მხოლოდ საბრძოლო კონფლიქტი მიიჩნეოდა, მაგრამ სულ უფრო მკვიდრდება მოსაზრება, რომ ფიზიკური და სექსუალური სახის შევიწროებაც მსგავსი მძიმე მდგომარეობის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

"ტრავმების ერთი მახასიათებელი", — ამბობს ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი და ანა ფროიდის ბავშვებისა და ოჯახებისათვის განკუთვნილი ეროვნული ცენტრის დირექტორი, პიტერ ფონეგი, — "სტრესის მიმართ მეტი მგრძნობელობის გამომუშავებაა".

1966 წელს ფსიქიატრმა ვივიან რაკოფმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ სულ უფრო ხშირად უწევდა იმ მოზარდ პაციენტებთან მუშაობა, რომელთა მშობლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. "თითქოს, მშობლები — იმის ცდაში, რომ თავიანთი გადარჩენა გაემართლებინათ — შვილებისაგან ითხოვდნენ იმ უნარ-ჩვევების ქონას, რომლებიც მათ წარმოდგენებში ჰოლოკოსტისას დაღუპულებს ახასიათებდათ", — განაცხადა მან.

ფოტოზე ჩანან ბავშვები, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

ფოტო: United States Holocaust Memorial Museum

მას შემდეგ მეცნიერები ამ საკითხს ბევრჯერ მიუბრუნდნენ. მაგალითად, ჩატარდა კვლევები ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილებსა და შვილიშვილებზე; ამერიკის სამოქალაქო ომში ტყვედ აყვანილთა შვილებზე; ჩრდილოეთ ირლანდიასა და შუა აღმოსავლეთში მცხოვრებ ოჯახებზე. ასევე დაინტერესდნენ ისეთი ფართომასშტაბიანი ისტორიულ ტრავმებისთვის დამახასიათებელი შედარებით არაპირდაპირი ზემოქმედებით, როგორებიცაა აბორიგენი ამერიკელების მშობლიური მიწიდან განდევნა ან აფრიკელების დამონება და მასობრივი გადასახლება.

შედეგები ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი მაინც არ არის. არსებობს კვლევები, რომლებიც ნამდვილად პოულობენ ნეგატიურ შედეგებს. მაგალითად, ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილებს ემოციური პრობლემები უვითარდებათ ხოლმე — უჭირთ ურთიერთობების შენარჩუნება და სრულყოფილად ფუნქციონირება. ჩრდილოეთ ირლანდიაში მომუშავე მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მაშინ, როდესაც ტრავმა მსხვერპლიდან შვილზე გადადის, შთამომავლები სტრესისკენ უფრო მიდრეკილები ხდებიან და პატარაობიდანვე უყალიბდებათ ტოქსიკური სტრესი. მაგრამ ზოგმა კვლევამ სულ სხვა შედეგები ანახა. კერძოდ, აღმოაჩინა, რომ თუ ბავშვების მშობლებმა წარსულში ტრავმა გამოსცადეს, შთამომავლობას იმუნიტეტი უჩნდება და პრობლემებსაც ადვილად უმკლავდება. ხოლო კვლევების კიდევ ერთი ნაწილი ასკვნის, რომ კონფლიქტგამოვლილი მშობლების შვილებზე ტრავმის ეფექტი არანაირად არ აისახება.

მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ტრავმა მართლაც თაობიდან თაობას გადაეცემა, გასარკვევია, როგორ მუშაობს ამ ტრანსმისიის მექანიზმი. ამ მხრივ, რამდენიმე საინტერესო კვლევა ჩატარდა ეპიგენეტიკის კუთხით. ეს კვლევები იყენებს იდეას, რომლის თანახმადაც, ტრავმა დნმ-ში ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იწვებს, რაც შთამომავლობასაც შეიძლება გადაეცეს. თუმცა ეპიგენეტიკა ამ ეტაპისთვის ახალი სფეროა და მისი სანდოობა ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

ამ ეტაპზე ტრავმის გადაცემის მთავარ მექანიზმად ტრავმირებული მშობლების აღზრდის სტილი გვევლინება. ფაქტობრივად, საკითხი იქამდე დაიყვანება, არიან თუ არა ისინი კარგი მშობლები.

ფონეგი ამბობს, რომ იდეალურ სამყაროში ბავშვობისას შენ გყავს აღმზრდელი, რომელიც შენი სარკე ხდება; მაგალითად, როცა შენ იღიმი, ისიც იღიმის და ასე შემდეგ. "შენ ამის ინტერნალიზაციას ახდენ და მისი მსგავსი ხდები". პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც მშობლებს არ აქვთ შვილისთვის ამ როლის შესრულების უნარი. შესაძლოა, აღნიშნული უუნარობის მიზეზი წარსულში გამოცდილი ტრავმა იყოს.

"ადამიანში, რომელზეც არ ზრუნავდნენ", — ამბობს ფონეგი, — "რომელსაც არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც მისთვის სარკის როლს შეასრულებდა, წარმოიქმნება ნაპრალი, ერთგვარი სიცარიელე. როცა შენ ცუდად გექცევიან, შენ ამ გამოცდილებას ითავისებ და შენს იდენტობას მასთან აკავშირებ".

ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც დედა ფეხმძიმობისას სტრესს განიცდის ან სათანადოდ არ უვლის თავის შვილებს, ახალდაბადებულები თავადაც ისტრესებიან, უქვეითდებათ მახსოვრობა და დასწავლის უნარები.


რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

თუ ტრავმა თაობებს მართლაც გადაეცემა, როგორ შეიძლება ამ პროცესის შესუსტება? რამდენიმე ქვეყანაში უკვე აღიარეს ამ ფენომენთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხის არსებობა და მისი წარმომშობი ფაქტორების შესწავლაც დაიწყეს. მაგალითად, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი იმ ნეგატიური ეფექტების შესამსუბუქებლად, რომელიც მამებისა და შვილების თაობებში იჩენს თავს.

სურათი გადაღებულია 1971 წელს დერიში. ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ მაშინ, როდესაც ტრავმა მსხვერპლიდან შვილზე გადადის, შთამომავლები სტრესისკენ უფრო მიდრეკილები ხდებიან და პატარაობიდანვე უყალიბდებათ ტოქსიკური სტრესი.

ფოტო: KPA / Zuma / Rex Features

დღესდღეობით ჩრდილოეთ ირლანდიაში შექმნილია ტრავმის სპეციალური ცენტრები, რომლებიც მთავრობისა და ევროკავშირის მიერ ფინანსდებიან. ცენტრებში ტარდება სხვადასხვა ფსიქოთერაპიული კურსი ისეთ ადამიანებთან, რომელთა ოჯახებისათვის სიტყვა ტრავმა უცხო არ არის.

თუმცა ლიბანში მსგავსი საქმიანობისთვის საჭირო რესურსების მოპოვება გაცილებით რთულია. აქ ყოველ 100 ათას ადამიანზე დაახლოებით სამი ფსიქოლოგი და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სამი ექთანი მოდის. შედარებისთვის, დასავლურ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, რამდენიმე ასეულსაც კი შეადგენს.

"სტიგმა პრობლემას ამძაფრებს", — ამბობს ელ-ხური, — "ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ხალხს კლინიკაში მისვლა აღარ გაუჭირდეს. ფსიქიატრთან მკურნალობა სტიგმატიზებულია, რაც იწვევს კიდეც შიშს, რომლის გამოც ადამიანები სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ამბობენ".

ფონეგი ვარაუდობს, რომ ტრავმის საუკეთესო სამკურნალო საშუალება არა სამედიცო, არამედ საზოგადო სფეროში უნდა ვეძიოთ. სოციალური ქსელები, თემები, ოჯახები, სანდო ურთიერთობები შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, გაიაზრონ და დაძლიონ არასასიამოვნო, ტრავმული გამოცდილება.

"ცხოვრებისეული უბედურება ტრავმად მაშინ იქცევა, როცა თავს ყველაფრისგან იზოლირებულად გრძნობ", — ამბობს ფონეგი, — "ტრაგედია ისაა, რომ თავად ტრავმის გამომწვევი მოვლენა — მაგალითად, ომი — ანგრევს იმ სოციალურ კავშირებს, რომლებიც ამ მდგომარეობის გადასალახადაა აუცილებელი".