ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ხეზე ცოცვისას დედა კოალა, რომელსაც ჩანთაში პატარა კოალა ჰყავდა, ჩამოვარდა. დაშავებული დედა-შვილი ერთ-ერთ პლანტაციაში იპოვეს.

მძიმე დაზიანებების გამო, სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა, დაობლებული პატარა კოალა კი ადგილობრივ ზოოპარკში მიიყვანეს. პატარა კოალა სულ რაღაც 150 დღისაა და ნახევარ კილოგრამზე ნაკლებს იწონის.

ვეტერინარებმა გვიან აღმოაჩინეს, რომ დაზიანებულ კოალას მკლავი ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც ის სპეციალურ მცირე ზომის ფიქსატორში ჩაუსვეს.

ფოტო: Zoos Victoria

პატარა, შეშინებულ კოალაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, რადგან თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მოსალოდნელზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ახლა უკვე კარგად არის.

ფოტო: Zoos Victoria

მის გახალისებას სხვადასხვა სათამაშოებით ცდილობენ, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, პატარა კოალას მაინც ძალიან ენატრება დედა.