"დამყარდა დუმილი, და ეს დუმილი მაინც მუსიკითაა სავსე"
რუსთაველის თეატრში დილიდან გალობის ხმა ისმოდა. დიდი სცენის შუაში კომპოზიტორი იყო დასვენებული. ოჯახის წევრები და ახლობლები კი მის გარშემო შემოიკრიბნენ.
მგალობელთა ხმა მთელ დარბაზს ესმოდა. პარტერი ნელ-ნელა ხალხით შეივსო, გია ყანჩელთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ.
რუსთაველის თეატრის შესასვლელში დასამშვიდობებლად მისულ ხალხს მუსიკის ფონზე კომპოზიტორის დიდი სურათი ეგებებოდა. სურათი ანტვერპენშია გადაღებული. იქ, სადაც ის ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
გალობისა და წესის აგების დასრულების შემდეგ სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო. ხალხის ნაკადი ნელ-ნელ უფრო და უფრო მატულობდა. მოქალაქეები გია ყანჩელის ახლობლებთან ერთად დიდ დანაკარგს იზიარებდნენ.
ყვითელი ფოთლებისთვის სულის ჩამბერავს ყვითელი ფოთლების თაიგულებით ემშვიდობებოდნენ.
მაესტროსთან უამრავი ადამიანი მივიდა. რუსთაველის თეატრის დერეფნებში ყანჩელის შემოქმედებას იხსენებდნენ. ამბობდნენ, რამდენად დიდი ნიჭი დაკარგა მსოფლიომ და როგორი კვალი დატოვა თითოეულ მათგანზე.
პანაშვიდის დასასრულს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია მეორის სამძიმრის წერილი წაიკითხა:
"გია ყანჩელს მარტო ჩვენი ქვეყანა არ ეთხოვება. მან მთელ კულტურულ კაცობრიობას გააცნო და შეაყვარა ქართული სული, ქართული მუსიკალური აზროვნება".
გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ. თავის მეგობარს მან ფილმ შერეკილების ცნობილი სიტყვები მიუძვნა:
"ის აქ არის, ის აქ არის, ის აქ არის, შენ ყოველთვის ჩემთან იქნები".
რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, რომელთაც ბოლოს ყანჩელმა იმუშავა, თქვა, რომ მაესტრო მუსიკას იყო შეწირული და მისი არსებობაც სწორედ ამას უკავშირდებოდა:
"ბოლო ხანს ის სხვა სივრცეებში გადადიოდა. სხვა ჭეშმარიტებას ეზიარა. რაღაც ისეთი გაიგო, რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაც იცოდა სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ. დღესაც აქ ბევრი დუმილი იყო. იცით რას ვფიქრობ, რომ ვერც გია დანელიას ფილმები იარსებებდა, ვერც შერეკილები გაფრინდებოდნენ ცაში და არც ცარცის წრე დატრიალდებოდა, გიას მუსიკა რომ არ ყოფილიყო... დუმილი დამყარდა. ის დუმილი, რომელიც გიას ასე განსაკუთრებით უყვარდა. და ეს დუმილი მაინც მუსიკითაა სავსე".
თეატრის დარბაზი ხალხმა დუმილით დატოვა. აქა-იქ ჩუმი ქვითინიც ისმოდა. სიჩუმე დაირღვა, როდესაც ყანჩელი გამოასვენეს. ის უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს.
პროცესს მგალობელთა ჯგუფი უძღვებოდა. უკან მოდიოდნენ ოჯახის წევრები. ტაში არ შეწყვეტილა.
ტაში ისმოდა დიდუბის პანთეონშიც. ხალხის უკან გასასვლელი აღარ ჩანდა. მარადიული კომპოზიტორი მუსიკის ფონზე დაკრძალეს.
"ასე სადად, ასე მუსიკალურად, ასე სევდიანად, ასე ლამაზად, დაიკრძალა. ძალიან ფაქიზად, როგორიც მისი მუსიკა იყო. მე იშვიათად მომისმენია, ასეთი მუსიკა დაკრძალვის დროს", — თქვა მსახიობმა, ნანა ფაჩუაშვილმა.
პანთეონში შეკრებილები თავის საყვარელი, უცნობ თუ ნაცნობ გია ყანჩელს ემშვიდობებოდნენ. მას მარადიულ სამყოფელში ყვითელი ფოთლებიც გააყოლეს...
კომენტარები