ალბინოსი ხვლიკები მსოფლიოს პირველი გენმოდიფიცირებული რეპტილიები გახდნენ
CRISPR ტექნოლოგიით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერებმა ქათმების, ღორების, ძროხების, თაგვებისა და თევზების მოდიფიცირებაც კი შეძლეს. ახლა კი ამ სიას ხვლიკები დაემატნენ.
ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოთხი ყავისფერი ანოლის ხვლიკის გენები წარმატებით შეცვალეს, რომლებიც ამ ჩარევის შედეგად პიგმენტების გარეშე დაიბადნენ.
მეცნიერებმა ხვლიკში ის გენი შეცვალეს, რომელიც ფერმენტ ტიროზინაზაზეა პასუხისმგებელი. ეს ფერმენტი კი თავის მხრივ ხვლიკის შეფერილობის გამოვლენაშია ჩართული. ავტორებმა ექსპერიმენტისთვის ფერადი ხვლიკები გამიზნულად შეარჩიეს. თუ მათი ექსპერიმენტი იმუშავებდა, ტიროზინაზას მწარმოებელი გენი გაითიშებოდა, შედეგად კი პიგმენტის არმქონე ხვლიკები უნდა დაბადებულიყვნენ.
ასეც მოხდა. თანაც, კვლევის ავტორის, დუგლას მენკეს თქმით, მოდიფიცირების შედეგად მათ ორივე სქესის ხვლიკები მიიღეს.
კვლევა ჟურნალ Cell-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
კომენტარები