რატომ არის სხვისი მზერის დაჭერა ასეთი შთამბეჭდავი
ემოცია, რომელიც ორ ადამიანს ხალხით გადაჭედილ ოთახში ერთმანეთისთვის მზერის გასწორებისას ეუფლება, რომანტიკული კინემატოგრაფიის ქვაკუთხედია. მაგრამ ასეთ დროს დაბადებული რთული, გაუცნობიერებელი გრძნობები სულაც არ არის მხატვრული ფანტაზიის ნაყოფი.
ფოტო: Getty
უთუოდ გექნებათ გამოცდილი, რა გრძნობაა, როდესაც ხმაურიან, გადაჭედილ ოთახში სხვა ადამიანს თვალს თვალში გაუყრით. ეს თითქმის კინოდან ამოჭრილ სცენას ჰგავს - დანარჩენი სამყარო თითქოს ნაცრისფერდება, თქვენ და იმ მეორეს კი მყისიერად იმის საზიარო ცოდნა გაერთიანებთ, რომ ის თქვენ გიყურებთ, თქვენ კი - მას.
რა თქმა უნდა, თვალებით კონტაქტის დამყარება ყოველთვის ასე ამაღელვებელი არ არის - ეს ხომ ყველა ჩვეულებრივი დიალოგის ბუნებრივი ნაწილია - მაგრამ ის თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ადამიანების ხასიათზე იმაზე დაყრდნობითაც ვაყალიბებთ წარმოდგენებს, თუ საუბრისას რამდენად ხშირად გვიყურებენ თვალებში და რამდენად ხშირად გვარიდებენ მზერას. და როდესაც ქუჩაში ან სხვა საჯარო ადგილას უცნობს გვერდით ჩავუვლით, შეიძლება თავი უარყოფილადაც კი ვიგრძნოთ, თუკი მზერას არ გაგვისწორებენ.
ეს ყველაფერი ჩვენ ყოველდღიური გამოცდილებებიდან ისედაც ვიცით. მაგრამ ფსიქოლოგები და ნეირომეცნიერები უკვე ათწლეულებია, რაც თვალებით კონტაქტის ფენომენს სწავლობენ. მათი დამაინტრიგებელი აღმოჩენები გაცილებით მეტს ააშკარავებენ გაზიარებული მზერის ძალის შესახებ - მათ შორის იმასაც, თუ რა ინფორმაციას გასცემენ ჩვენი თვალები და როგორ ცვლის თვალებით კონტაქტი იმ ადამიანზე ჩვენს წარმოდგენას, რომელიც მზერას გვიბრუნებს.
მაგალითად, ერთ-ერთი მრავალგზის დამტკიცებული აღმოჩენა არის ის, რომ თვალების მიშტერება ჩვენს ყურადღებას ისე იპყრობს, რომ იმ მომენტში ნაკლებად ვამჩნევთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ (სამყაროს განაცრისფრება რომ ვახსენეთ, ამას ვგულისხმობდით). ასევე, სხვისი მზერის დაჭერა ჩვენს ტვინებში უამრავ აქტივობას თითქმის დაუყოვნებლივ იწვევს, რადგან ვაცნობიერებთ, რომ სხვა ადამიანის გონებას ვეჩეხებით, რომელიც იმ წუთას გვაკვირდება. შედეგად, ჩვენ მეტად ვიაზრებთ ამ პიროვნების არსებობას - იმას, რომ ის საკუთარ ცნობიერებასა და პერსპექტივას ფლობს - ეს კი, თავის მხრივ, მეტად თვითრეფლექსურს გვხდის.
კვლევით დასტურდება, რომ თვალებში ყურებას ჩვენი ყურადღების დაპყრობა შეუძლია.
ფოტო: Getty
თქვენ ალბათ ეს ეფექტები განსაკუთრებული სიცხადით შეგიმჩნევიათ, თუკი ოდესმე ზოოპარკში მაიმუნის მზერა დაგიჭერიათ: ამ მომენტში უმალვე გიპყრობთ სულში ჩამწვდომი გრძნობა, რომ ისინი გონიერი არსებები არიან და თქვენი განსჯა და შეფასება შეუძლიათ. უფრო მეტიც, იმ პორტრეტის ყურებაც კი, რომელზე აღბეჭდილი ადამიანიც თითქოს მზერას გისწორებთ, ტვინში სოციალურ კოგნიციასთან, ანუ საკუთარ და სხვა ადამიანებზე ფიქრთან დაკავშირებულ აქტივობებს იწვევს.
როცა ვაანალიზებთ, სხვისი დაკვირვების ობიექტები ვართ, ბუნებრივია, რომ ეს გონებას გვიფანტავს. საილუსტრაციოდ იაპონელი მკვლევრების ბოლოდროინდელი კვლევა გამოვიყენოთ: მოხალისეები უყურებდნენ სახის გამოსახულებიან ვიდეოს და პარალელურად თამაშობდნენ თამაშს, სადაც ზმნების არსებით სახელებთან შეწყობა ევალებოდათ (მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, თუკი ისინი გაიგონებდნენ სიტყვა რძეს, მათი მხრიდან შესაფერისი პასუხი იქნებოდა სვამს). არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოხალისეები მაშინ უფრო მეტ დროს ანდომებდნენ სიტყვის პოვნას, როცა ვიდეოში ნაჩვენები სახე მათთან თვალით კონტაქტს ამყარებდა (თუმცა ეს კავშირი მხოლოდ შედარებით დამაბნეველ სიტყვებთან აღინიშნა). მკვლევარები ამ შედეგს პირდაპირი მზერის ძალას მიაწერენ - მაშინაც კი, როცა ის ვიდეოში ნაჩვენებ უცხო ადამიანს ეკუთვნის, პირდაპირი მზერის ეფექტი იმდენად ინტენსიურია, რომ ჩვენი აზროვნებითი მარაგის ამოწურვა შეუძლია.
სხვა მსგავსმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პირდაპირი მზერის დაჭერა აფერხებს ჩვენს მუშა მეხსიერებას (ჩვენს უნარს, მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია მოკლე პერიოდის განმავლობაში), ჩვენს წარმოსახვას და ჩვენი მენტალური კონტროლის, კერძოდ, არარელევანტური ინფორმაციის ჩახშობის ფუნქციას. თქვენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა გაუცნობიერებლად გამოგიცდიათ კიდეც, როდესაც მეორე ადამიანთან დამყარებული მზერითი კონტაქტი იმისთვის გაგიწყვიტავთ, რათა თქვენს სათქმელზე ან ფიქრზე უკეთ კონცენტრირებულიყავით. ზოგიერთი ფსიქოლოგი იმასაც კი უწევს რეკომენდაციას, რომ ბავშვებს კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსაუბრისათვის მზერის არიდების სტრატეგია გამოვამუშავებინოთ.
კვლევა ასევე აჩვენებს იმასაც, რომ თვალით კონტაქტი ძერწავს იმ ადამიანზე ჩვენს წარმოდგენას, რომელსაც მზერას ვუსწორებთ. მაგალითისთვის, ადამიანს, რომელიც უფრო დიდხანს ამყარებს თვალებით კონტაქტს, უფრო ჭკვიანად, კეთილსინდისიერად და გულწრფელად აღვიქვამთ (დასავლურ კულტურაში მაინც) და უფრო მეტად ვენდობით მის ნათქვამს.
იმის გააზრება, რომ სხვისი დაკვირვების ობიექტები ვართ, გონების გამფანტველი შეიძლება იყოს.
ფოტო: Getty
რა თქმა უნდა, ზედმეტად დაჟინებულ მზერას შეუძლია, თავი არაკომფორტულად გვაგრძნობინოს - და ადამიანები, რომლებიც სხვებს დიდხანს აშტერდებიან, შეიძლება, უცნაურებადაც შერაცხონ. ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც სამეცნიერო მუზეუმში ჩატარდა, ფსიქოლოგებმა თვალებით კონტაქტის ოპტიმალური დროის დადგენა სცადეს. მათ დაასკნეს, რომ ამისათვის იდეალური ხანგრძლივობა საშუალოდ სამი წამია (ხოლო ცხრა წამზე მეტხნიანი მზერა ყველა მონაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა).
კიდევ ერთი დადასტურებული ეფექტი, რომელიც ორმხრივი მზერისას წარმოიშობა, შეიძლება, იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომ არის თვალებით კონტაქტი ხანდახან ასეთი შთამბეჭდავი. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ორმხრივი მზერა მესა და სხვას ნაწილობრივ თანკვეთას იწვევს: უცხო ადამიანები, რომელთანაც თვალით კონტაქტი დავამყარეთ, ხასიათისა და გარეგნობის მხრივ მეტად ჩვენნაირები გვგონია. ალბათ ხელსაყრელ გარემოში, როცა ყველა სხვა ერთმანეთთან საუბრითაა გართული, ეს ეფექტი აძლიერებს განწყობას, რომ შენ და ის ადამიანი, რომელთანაც მზერას კვეთ, განსაკუთრებულ მომენტს იზიარებთ.
თვალებით კონტაქტის მაგია აქ არ მთავრდება. თუკი უფრო მიუახლოვდებით ერთმანეთს, თქვენ და თქვენი მზერის გამზიარებელი აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთის თვალებში ყურება სხვანაირადაც გაკავშირებთ; ამ პროცესს გუგის მიმიკრია ან გუგის გადადება ეწოდება და აღწერს იმას, თუ როგორ ფართოვდება და იკუმშება თქვენი და სხვა ადამიანის გუგები სინქრონულად. ამის მიზეზად ქვეცნობიერული სოციალური მიმიკრია მიიჩნევა და, უფრო რომანტიკული კუთხით რომ მივუდგეთ, ერთგვარ თვალებით ცეკვას წარმოადგენს.
მაგრამ ბოლო დროს ამ ახსნისადმი გარკვეული სკეპტიციზმიც დაიბადა და მკვლევარები ამბობენ, რომ ფენომენი, უბრალოდ, პასუხია იმაზე, თუ რამდენად ნათელი ან ჩაბნელებულია მეორე ადამიანის თვალები (როცა ახლოს მდგომი ადამიანის გუგები ფართოვდება, თქვენი ხედვის არეალში მოხვედრილი სივრცე ბნელდება, რაც თქვენი თვალების გაფართოებასაც იწვევს).
პორტრეტზე გამოსახული ადამიანის თვალებში ყურებაც კი ტვინში სოციალურ კოგნიციასთან დაკავშირებულ აქტივობებს იწვევს.
ფოტო: Getty
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუგების გაფართოებას არ აქვს ფსიქოლოგიური დატვირთვა. ჯერ კიდევ 1960-იანებში ფსიქოლოგებმა შეისწავლეს, თუ როგორ ფართოვდება გუგები ფიზიოლოგიური აღგზნების მომენტებში - იქნება ეს ინტელექტუალური, ემოციური, ესთეტიკური თუ სექსუალური ხასიათის. ამ დაკვირვებამ წარმოშვა დებატები იმის თაობაზე, რამდენად ხდის გაფართოებული გუგები (რაც ზოგჯერ სექსუალური ინტერესის დასტურად აღიქმება) სახეს მეტად მიმზდველს გარშემომყოფთათვის. რამდენიმე კვლევა, ზოგი ათეულობით წლის წინანდელი და ზოგიც შედარებით ახალი, ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასეა. და ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი ტვინები ავტომატურად გადაამუშავებს სხვა ადამიანების გუგების გაფართოებას.
რაც უნდა იყოს სიმართლე, ამ კვლევამდე საუკუნეებით ადრე ხალხური სიბრძნე გაფართოებულ გუგებს აშკარად მომხიბვლელად თვლიდა. სხვადასხვა ეპოქაში ქალები გუგების გასაფართოებლად მცენარეების ექსტრაქტსაც კი იყენებდნენ, რათა უფრო მიმზიდველები გამხდარიყვნენ (სწორედ აქედან მომდინარეობს ამ მცენარის სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული სახელი, ბელადონა, რაც იტალიურად ლამაზ ქალს ნიშნავს).
მაგრამ როცა სხვა ადამიანს ღრმად უყურებთ თვალებში, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მათი გუგები გიგზავნიან შეტყობინებას. სხვა უახლესი კვლევების თანახმად, ჩვენ რთული ემოციების ამოკითხვა თვალების კუნთებიდანაც შეგვიძლია - კერძოდ, როცა თვალების დავიწროებას ან ფართოდ გახელას ვამჩნევთ. ამიტომაც, მაგალითად, როცა ზიზღის ემოცია ჩვენში თვალების შევიწროებას იწვევს, ეს თვალის გამომეტყველება - ზუსტად ისე, როგორც სახის გამომეტყველება - ჩვენს ზიზღს სხვებისთვისაც შესამჩნევს ხდის.
გორილასთვის თვალებში ჩახედვისას თქვენ აცნობიერებთ, რომ სხვა ინტელექტის შესწავლის ობიექტი ხართ.
ფოტო: Getty
თვალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის კიდის რგოლები - მუქი წრეები, რომლებიც გარს არტყია ფერად გარსს. უახლესი მტკიცებულებების თანახმად, ეს კიდის რგოლები უფრო მეტად ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანების თვალებში შეიმჩნევა და გარშემომყოფები ამას ცნობიერის რაღაც დონეზე აფიქსირებენ. მაგალითად, ჰეტეროსექსუალი ქალები, რომლებიც მოკლევადიან ურთიერთობებს ეძებენ, გამოხატული კიდის რგოლების მქონე კაცებს უფრო ჯანსაღებად და სასურველებად აღიქვამენ.
ეს ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ძველ ანდაზაში, თვალები სულის სარკეაო, სიმართლე მარცვალზე დიდი რაოდენობით ურევია. სხვა ადამიანის თვალებში ღრმად ჩახედვაში არის რაღაც ძალიან შთამბეჭდავი. ამბობენ, რომ ჩვენი თვალები ერთადერთი ნაწილია ტვინისა, რომელიც გარესამყაროს პირდაპირ, გაშიშვლებულად უკავშირდება.
მომავალში, როდესაც სხვა ადამიანს მზერას გაუსწორებთ, უბრალოდ, დაფიქრდით: ეს, შესაძლოა, სხვის ტვინში - ან თუ მეტად პოეტური ხართ, სულში - ჩახედვასთან ყველაზე მიახლოებული რამ იყოს. თუ ამ უკიდურეს ინტიმურობას გაითვალისწინებთ, ალბათ უცნაურად აღარ მოგეჩვენებათ, რომ დაბინდულ განათებაში ადამიანის თვალებში ათი წუთი შეუწყვეტლად ყურება თქვენში უცნაურ შედეგებს გამოიწვევს; შესაძლოა, იმაზე უცნაურსაც კი, რაც ოდესმე გამოგიცდიათ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები