მიუხედავად იმისა, რომ სტატიის სახელი თითქოსდა საკმაოდ მყარ ინსტრუქციას გვპირდება, რა თქმა უნდა არ ვაპირებ რომ მოთხრობის ან ამბის ნაბიჯ-ნაბიჯ აგებაზე ვისაუბრო. ყველა რჩევა-დარიგების შემდეგაც კი მთავარი საქმე მაინც თავად ავტორის გასაკეთებელი იქნება. რა არის ეს მთავარი საქმე - ამაზე ცოტა მოგვიანებით. იმიტომ, რომ პირველი კითხვა, რომელიც ამ სათაურის წაკითხვისას გამიჩნდებოდა, არის "და ვინ ხარ რომ მასწავლი".

ამიტომაც, სანამ უშუალოდ ამბავთთხობაზე დავიწყებდეთ საუბარს, რამდენიმე დათქმა უნდა გავაკეთო.

  • მთელი კომპეტენცია (ეს ტერმინი ჩანაცვლებადია სიტყვით "სითავხედე"), რომელიც გამაჩნია ამბების აგებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს არა ჩემი პირადი პოზიციებიდან არამედ სათანადოდ ბობოლა ავტორების ინტერვიუების, წიგნებისა და კურსების შეჯამებიდან;
  • ამბავთთხრობა და ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა შეიძლება ერთდროულად ხდებოდეს, თუმცა ერთი და იგივე რამ არ არის;
  • სიტყვა "ამბავთთხრობა" ლექსიკონში არ არის, სთორითელინგი ჩავანაცვლე ამით.

ახლა კი უშუალოდ საკითხზე.

იდეა

თუ ამბის დაწერის პროცესს ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ ბუნებრივია, რომ პირველი ეტაპი იყოს იდეის გაჩენა. ერთ-ერთი ყველაზე განმეორებადი კითხვა, რომლითაც სხვადასხვა ინტერვიუში ავტორებს აწუხებენ, სწორედ ასე ჟღერს: "საიდან მოგდით იდეები."

როგორც წესი ამაზე სამი ტიპის პასუხს სცემენ:

  • იდეები ყველგანაა;
  • იდეები სამყაროსთან ინტერაქციის შედეგად მოდის;
  • რამე ხუმრობა, რათა პასუხს თავი აარიდონ.

ამერიკელი დრამატურგი დევიდ მემეტი იდეების გენერირებას თავის (სხვათაშორის $90-იან) ონლაინ მასტერკლასში ასე აღწერს:

"იდეები გვაქვს ყველას, საკმარისია დასვა კითხვა "რა მოხდებოდა თუ". რა მოხდებოდა თუ მაღაზიის რიგში ეს ადამიანი შემოტრიალდებოდა და სიყვარულს ამიხსნიდა, რა მოხდებოდა თუ მიიღებდი წერილს წინადადებით "ეს არაა შენი ნამდვილი მამა" და ასე შემდეგ".

თუმცა, გულწრფელები რომ ვიყოთ, ჩვენ ასეთი "რა მოხდებოდა თუ"-ები ხომ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გაჩნდა "მემენტოს" იდეა, ან საიდან მოვიდა "მარტოობის ასი წელიწადის" კონცეფცია და ასე შემდეგ.

მემეტის მიდგომას სხვა ავტორიც აკრიტიკებს. საბავშვო მწერალი რ.ლ. სტაინი მასტერკლასების იმავე სერიაში ამბობს:

"იმისთვის, რომ უპასუხო კითხვას "რა მოხდებოდა თუ" იდეა უკვე უნდა გქონდეს. მე ვერ გეტყვით, როგორ იპოვოთ ეს იდეა, არ ვიცი. მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორ ღირს ძებნის დაწყება. იდეებს უნდა ჩაუსაფრდე - ამბობს სტაინი. იყო გახსნილი და აქცევდე ყურადღებას, რამე არ გამოგეპაროს. ამ უნარის შესამუშავებლად კი სხვა სამი ელემენტი გჭირდება: გამოცდილება, მეხსიერება და წარმოსახვა.

რა თქმა უნდა, ეს თავისთავად იდეას ვერ გაჩუქებს, მაგრამ შეიძლება მიგიყვანოს იმ ადგილამდე, სადაც იპოვი".

და აი აქ შემოდის განსხვავება ერთი მოთხრობის ავტორსა და მწერალს შორის. მწერლად ყოფნა გულისხმობს შენს ცხოვრებაში ისეთი ელემენტების ინტეგრირებას, რაც შეიძლება სხვებს არ დასჭირდეთ. ერთ-ერთი ასეთი ელემენტი შემგროვებლობაა.

მარგარეტ ეტვუდი, მალკოლმ გლედუელი, ჯუდი ბლუმი და სხვა მრავალი, მრავალი ავტორი ხაზგასმით ამტკიცებს პირადი დღიურის ქონის აუცილებლობას. პირად დღიურზე უნდა ვიფიქროთ როგორც ტექსტზე, რომელსაც არავინ არასოდეს წაიკითხავს (ან თუ ძალიან გაგიმართლათ წაიკითხავენ სიკვდილის შემდეგ დიდი ტირაჟით).

პირადი დღიური უნდა იქცეს სრულად თავისუფალ სივრცედ, რომელშიც შეგეძლებათ თავს მისცეთ ნება იყოთ ბანალურები, უნიჭოები, არასწორები, მოსაწყენები, უხამსები, ალოგიკურები, უცნაურები და ა.შ.

ვირჯინია ვულფის პირადი დღიური და მისი გამოქვეყნებული ნაშრომები თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია. თუ ვულფის ლიტერატურას აბრეშუმის სიფაქიზე ახლავს, გეგონებათ რომ პირადი დღიური საკმაოდ უჟმური დამცინავი თინეიჯერის დაწერილია. ამასთანავე, პირადი დღიური შეიძლება ისეთი რაღაცებითაც შეივსოს, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია, მაგრამ აი ამწამს არაფრად გამოგადგებათ.

  • საინტერესო ადამიანი დაინახეთ ქუჩაში? — პირად დღიურში მიდის;
  • უჩვეულო აზრი? — პირად დღიურში;
  • განსაკუთრებული სიზმარი? — პირად დღიურში.

ადამიანის მეხსიერება არ არის ძალიან დიდ დროზე გადალაგებული. ერთ ჯერზე დროის ერთ მონაკვეთში ვიმყოფებით და რაც კონკრეტულად იმ მომენტშია რელევანტური, ის მიგვაჩნია მთავარ საკითხად ზოგადადაც. დღიური ამ დროში შებოჭილ ილუზიას ამარცხებს. თვეების, წლების ან ათწლეულების შემდეგაც კი ეს მოზაიკური, ქაოტური სივრცე შეიძლება იქცეს თქვენი გონების რუკად, საიდანაც სრულად მოულოდნელ ამბებს ჩამოწურავთ.

და სწორედ ამაზე საუბრობს ნილ გეიმანი საკმაოდ ლამაზი სიტყვებით:

"თუ ხარ მწერალი, მაშინ გაქვს იდეური სასუქი. რას ნიშნავს ახლა ეს. მებაღეებს და მზარეულებს აქვთ ადგილი, სადაც ყრიან ნარჩენებს, საჭმლის ნარჩენებს, ბაღის დამუშავების ნარჩენებს. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ლპება. თუ დააცდი რამდენიმე სეზონს, მიიღებ სასუქს, კომპოსტს, რომლიდანაც მერე შეგეძლება რომ ამოზარდო ყვავილები და ბოსტნეული. მწერლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეური სასუქის ადგილის ქონა. ყველაფერი რასაც კითხულობ, უყურებ, უსმენ, ხალხი ვისაც ხვდები, ყველას შეუძლია შენი გონების სასასუქე ადგილზე გამგზავრება და დაშლა, დალპობა. მათგან მშვენიერი ამბები ამოიზრდება".

იდეების სეგმენტი კი დევიდ ლინჩის შეგონებით დავხუროთ. ლინჩს აქვს წიგნი, დიდი თევზის დაჭერა, რომელიც მთლიანად იდეების გენერირება-დამუშავებას ეძღვნება.

"იდეები ჰგვანან თევზებს, იდეის დაჭერის სურვილი არის სატყუარა. უნდა იპოვო წყნარი ადგილი, დაჯდე და დაიწყო ფიქრი", — ამბობს ლინჩი.

ღვიძილის ზმანება

ინგლისურში არის ერთი კარგი სიტყვა daydreaming: ღვიძილის ზმანება.

ესაა მდგომარეობა როცა ოცნება გიტაცებს, ოღონდ აქ სიტყვა "ოცნება" გამოხატავს არა სურვილს, არამედ უბრალოდ შენი აზრების ხეტიალს.

ჰოდა აი ამ ღვიძილის ზმანებას გვთავაზობს ლინჩი, რომელზეც ადრე თუ გვიან პატარა "თევზი" წამოეგება. ოღონდ არ იჩქაროთ, ეს პატარა თევზი დიდი იდეის მხოლოდ ნაწილია. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მიზანი დიდი თევზია. ახლა იდეის ამ მცირე ნაწილს ვაქცევთ სატყუარად და უკვე მასზე კონცენტრაციით გადავდივართ "ღვიძილის ზმანების" მდგომარეობაში.

ლინჩის რჩევის მიხედვით ამ პროცესის შედეგად შეგვიძლია "დიდი თევზის" დაჭრა. მაგრამ აი აქ უკვე მეორე საკითხი მოდის: კი დავიჭირეთ, მაგრამ ახლა როგორ მოვამზადოთ ეს ჩვენი დიდი თევზი.

პროცესი

ამ სეგმენტის ერთ დიდ რჩევად შეჯამება რომ შემეძლოს, ალბათ ეს რჩევა იქნებოდა "იკითხე ბევრი და წერე ბევრი".

იდეის პოვნის შემდეგ მთავარი უნარი, რომელიც გამოგადგებათ არის დისციპლინა და შრომის ეთიკა. ჰემინგუეისებრი "წერე მთვრალმა არედაქტირე ფხიზელმა" რომანტიკა მარტო მაშინაა გამართლებული, როცა უკვე წლები გაქვს ჟურნალისტად ნამუშავები და როგორც კი კალამს ადებ ფურცელს, ეგრევე რაღაცა იწყებს გამოჟონვას. სხვა მხრივ კი ჯერ აუცილებლად უნდა შეიმუშავო უნარი.

და აი ამ საკითხთან დაკავშირებით მარგარეტ ეტვუდი ასეთ რჩევას გვაძლევს:

მიაქციე ყურადღება შენი ჯდომის მანერას.

პირადად მე ასეთი რჩევები ყველაზე მეტად მიყვარს. "გამოასწორე ძილის გრაფიკი", "ივარჯიშე", "მედიტაცია დაიწყე" და ასე შემდეგ. ეს რჩევები სტილზე და სულისკვეთებაზე არ გესაუბრებიან, სამაგიეროდ გიქმნიან პირობებს, რომლებშიც შენი გონება მაქსიმალურად თავისუფლად იმოძრავებს და არ გადაერთვება დაღლასა და წელის ტკივილებზე. თან, სულ რომ არც არაფერი დაწერო, ჯანმრთელი მაინც იქნები.

კარგი, ვივარჯიშეთ, გამოვიძინეთ, ვიმედიტირეთ, დავჯექით კომფორტულად, ახლა რა?

ამ კითხვაზე სტივენ კინგსა და ჯეკ ლონდონს ერთნაირი პასუხები აქვთ:

დაისახე ტექსტის დღიური მინიმუმი და შეასრულე აუცილებლად.

ეს დღიური მინიმუმი შეიძლება იყოს ათასი სიტყვა, ორი ათასი, სამი გვერდი, ერთი გვერდი და ა.შ. მთავარია, რომ შენი გონება შეეჩვიოს იმ ფაქტს რომ აი, ზიხარ და წერ. ვერ გაიქცევი ვეღარსად, ვერ მოიფიქრებ გადასავადებელ მიზეზებს. უკვე ზიხარ და წერ.

ჰენრი მილერის ფრაზაც ამას აღნიშნავს:

"როცა არ შეგიძლია რომ რამე შექმნა, ის მაინც შეგიძლია რომ უბრალოდ იმუშავო".

"გამოიკეტე მანამდე, სანამ დაასრულებ", — ეს ბოლო წინადადება უკვე ვიქტორ ჰიუგოს რჩევაა.

ცნობილი ამბავია, რომ ჰიუგო თავის მსახურს ავალებდა ყველა საგარეო ტანსაცმლის დამალვას, რათა გარეთ გასვლის ცდუნება არ ჰქონოდა, სანამ არ შეასრულებდა გეგმას. ამ მიდგომით "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ექვს თვეში დაიწერა. ჩვენს დროში ალბათ პირველი ნაბიჯი მაინც აი იმ თაბის გათიშვა იქნება რომელიც ამ სტატიის გვერდით გაქვთ გახსნილი და ზოგადადაც, ინტერნეტის გათიშვა. მოკლედ, იზოლაცია.

უშუალოდ წერის პროცესზე კი ორი დიდი ურთიერთწინააღმდეგობრივი მიდგომა არსებობს. არიან ავტორები რომლებსაც ურჩევნიათ ნაწარმოების ფორმის წინასწარ ცოდნა და არიან ავტორები რომლებიც წერის პროცესში ცდილობენ ნაწარმოების დანახვას.

ორჰან ფამუქი მაგალითად წინასწარ გეგმავს თავის წიგნებს. ჯოან როულინგი სიუჟეტური ხაზების სქემებს ადგენს და ამის მიხედვით წერს. მაგრამ მე მეორე მიდგომა მელამაზება უფრო. და როგორც წესი ამ მიდგომის მეტაფორად სიბნელეში ფანრის მოტარებას ირჩევენ.

ედგარ ლორენს დოქტოროვი ასე აღწერს:

წიგნის წერა ჰგავს მანქანის ტარებას ღამით. წინ მარტო იმდენს ხედავ, რამდენზეც შენი ფარები ანათებს მაგრამ ზუსტად ასე მთლიანი გზის გავლა შეგიძლია.

თითქოს ასეთი პროცესი უფრო ცოცხალია, მოულოდნელი და საინტერესო. თუმცა, დაგეგმილ წერასთან შედარებით აქვს ერთი დიდი მინუსი: გაჭედვის საფრთხე, ანუ "writer’s block".

გავჭედეთ

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა

ფოტო: Atelier Jacobi

"მწერლის ბლოკის" ყველაზე ზუსტი აღწერა ფრანც კაფკას დღიურებში მოიპოვება.

"როგორ მიქრის დრო. ათი დღე გავიდა და ვერაფერს მივაღწიე. არ გამომდის. ორიოდე გვერდი აქა-იქ იწერება მაგრამ მომდევნო დღეს უძლური ვარ ისევ".

ასე რომ თუ გაიჭედეთ, გაიხსენეთ რამდენად უბედური იყო კაფკა ამ საკითხში.( პრინციპში, კაფკას ცხოვრებას თუ შევხედავთ სხვა ნებისმიერი პრობლემისასაც შეგიძლიათ გაიხსენოთ).

მთავარი მიზეზები, რატომაც ვიჭედებით შუა წერაში არის თავდაპირველ იდეასთან კავშირის დაკარგვა, პერფექციონიზმის სურვილი ან უბრალოდ შიში. თავისთავად, იდეასთან კავშირის დაკარგვა წერის პროცესის ბუნებრივი ფაზაა. წერისას თავდაპირველი ჩანაფიქრი იცვლება, იძენს სხვა ფორმას, ახალ მოულოდნელ რაღაცად ყალიბდება, მაგრამ მაინც არსებობს შუალედური სივრცე, სადაც თავდაპირველი ნაპერწკალი უკვე ჩამქრალია, ახალი კი ჯერ არ ჩანს. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ავტორების უმრავლესობის რჩევაა "უბრალოდ გააგრძელე".

აქ შეიძლება გამოგვადგეს მაია ანჯელოუს შეგონება " მე ვცდილობ რომ ვწერო. შემიძლია ორი კვირა გადაბმულად ვწერდე რამე ასეთს "კატა იჯდა ლეიბზე. კატა. თაგვი არა. კატა იჯდა" და ეს იქნება ყველაზე საშინელი, მოსაწყენი საქმე. მაგრამ მე მაინც ვცდილობ რომ ვწერო. და მერე თითქოს მუზა რწმუნდება, რომ სერიოზულად ვარ განწყობილი და ამბობს "კაი ჰო კაი, მოვალ." იმავე ჭეშმარიტებას ამტკიცებს რეი ბრედბერიც. "რაოდენობა ქმნის ხარისხს. თუ ცოტას წერ, განწირული ხარ".

ამ რჩევების გათვალისწინებას თითქოსდა არაფერი უდგას წინ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი უმიზნო წერა უფსკრულში გადაყრილ ძალისხმევას ჰგავს. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ნებისმიერ დახარჯულ ენერგიას სათანადო ანაზღაურება უნდა მოჰყვებოდეს. ორი კვირა გადაბმულად წერა, რამაც შეიძლება არც არაფერი მოიტანოს, საკმაოდ მტკივნეული პროცესია. და აქ მივედით ერთ-ერთ მთავარ თვისებაზე, რომელიც მწერალს გამოარჩევს სხვა ყველა ადამიანისგან. შესაძლოა, ერთადერთ თვისებამდეც კი - თავად წერის პროცესის სიყვარული. არა დიდი იდეების, არა ლამაზი მოთხრობის არა ჩამთრევი სიუჟეტის შესაქმნელად, არამედ აქ და ახლა სიამოვნების მისაღებად. ფურცელი უნდა იქცეს სათამაშო მოედნად, რომელიც სულ ხელცარიელებმაც რომ დავტოვოთ, დაბრუნება მაინც მოგვინდება.

უფრო ტექნიკურად თუ შევხედავთ ამ პრობლემას, შეგვიძლია ისევ ნილ გეიმანის რჩევას მივმართოთ. "გადადე შენი ნაწერი რამდენიმე დღით. სხვა რაღაცები გააკეთე, ნუ ფიქრობ წერაზე. მერე კი დაჯექი და წაიკითხე თითქოს პირველად ხედავ. თავიდან დაიწყე და ხაზი გაუსვი ყველაფერს, რასაც შეცვლიდი. და როგორც წესი, ბოლომდე როცა წაიკითხავ, უკვე იცი როგორ გინდა გაგრძელება."

კიდევ ერთი ტექნიკური რჩევა ერნესტ ჰემინგუეისთანაც მოიპოვება. " საუკეთესო სტრატეგიაა წერის შეწყვეტა მაშინ, როცა იცი, როგორ გააგრძელებ. თუ აზრს შუა წინადადებაში გაწყვეტ, მომდევნო დღეს უკვე გეცოდინება, რა იქნება პირველი რამდენიმე სიტყვა"

სამწერლო ბლოკის სეგმენტი კი მოდი ისევ მარგარეტ ეტვუდის პრაქტიკული რჩევით დავასრულოთ :

  1. გადი გარეთ და გაისეირნე;
  2. ჩამოაყალიბე, რა პრობლემა გაქვს, მერე კი დაიძინე;
  3. რამე განმეორებადით დაკავდი, მაგალითად გააუთოვე თეთრეული. აცალე შენს ქვეცნობიერს მუშაობა

რედაქტირება

ეს სეგმენტი წესით რედაქტირების ტექნიკებსა და რჩევებზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ჯერ ის უნდა გავაჟღეროთ, რომ რედაქტირება მართლა მნიშვნელოვანია. რედაქტირება არის ავტორის ავტონომიის უკანასკნელი ფორტ-პოსტი, რომლის იქითაც მხოლოდ მკითხველი დგას, ამიტომაც უნდა იყოს უკომპრომისო, სასტიკი და ცივსისხლიანი.

"მოკალი რაც გეძვირფასება" - არის ფრაზა, რომელსაც როგორც წესი ფოლკნერს მიაწერენ. ჭეშმარიტება, რომელიც ამ ფრაზაშია დამალული დაახლოებით ასე გადმოიცემა - თუ ტექსტიდან რამე აბზაცს, სეგმენტს ამოჭრი და ნაწარმოები არ ჩამოიშლება, მაშინ ის სეგმენტი არც გჭირდება, რამდენადაც გინდა მოგწონდეს ცალკე აღებული.

ამის გამოა რომ რედაქტირება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ერთდროულად მარტივი საქმეა. მარტივი იმიტომ, რომ აღარაფრის წერა და შეთხზვა არ გიწევს, უბრალოდ უყურებ ნაწერს და ფიქრობ რა მოგწონს და რა არა. რთული კი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შენი შექმნილია, გეძვირფასება. წერის პროცესში პერფექციონიზმი ხელს გვიშლის. ნილ გეიმანი გვირჩევს რომ წერისას უნდა "ამოხეთქოს" ყველაფერმა ქაღალდზე მცირედი დაბრკოლების და თვით-ცენზურის გარეშე. აი რედაქტირებისას კი უკვე შეგვიძლია ყველა დეტალზე ჩაკირკიტება. აგერ, ერნესტ ჰემინგუეიმ "მშვიდობით იარაღოს" დასასრული 39-ჯერ გადაწერა, სანამ ზუსტ ფორმას მიაგნებდა. რედაქტირებისას უნდა იქცე მკითხველად, რომელსაც აქვს ძალაუფლება ნაწარმოების შეცვლისა. საერთოდაც, პიროვნების ასეთი გაორება - მწერლის ტვინად და მკითხველის ტვინად - შეიძლება საკმაოდ სასარგებლოც იყოს.

მგონი ესაა და ეს. სტატიის ერთიანი ტექსტი აქ სრულდება. ხოლო ადამიანებისთვის ვისაც გრძელი სტატიების კითხვა აშინებს, ქვემორე მოვიყვან რჩევების სამ სიას. პირველი სია ჯორჯ ორუელის წესებია, მეორე კურტ ვონეგუტის წესები, ხოლო მესამე (ამათგან ყველაზე ექსკლუზიური სია) თანამედროვე ქართველი ავტორების რჩევებია.

ორუელის წესები

  1. არასოდეს გამოიყენო მეტაფორა ან მხატვრული ხერხი რომელსაც ისედაც ხშირად იყენებენ;
  2. არასოდეს გამოიყენო გრძელი ჩახლართული სიტყვა იქ სადაც მოკლეც წავა;
  3. თუ შეგიძლია რომ ნაწერს რამე სიტყვა მოაშორო, მოაშორე;
  4. არასოდეს გამოიყენო ვნებითი გვარი იქ სადაც მოქმედებითის გამოყენება შეგიძლია;
  5. არასოდეს გამოიყენო უცხოური ფრაზა, სამეცნიერო ტერმინი ან სპეციფიკური ჟარგონი იქ, საცა ჩვეულებრივი სასაუბრო ენაც იმუშავებს;
  6. გირჩევნია რომ ამ წესებიდან ნებისმიერი დაარღვიო, ვიდრე რამე ბარბაროსული თქვა.

ვონეგუტის წესები

  1. გამოიყენე მკითხველის დრო ისე, რომ არ ეგონოს თითქოს ის დრო ტყუილად დაგახარჯა;
  2. აჩუქე მკითხველს ერთი პერსონაჟი მაინც რომლის მიმართაც ემპათია ექნება;
  3. ყოველ პერსონაჟს რამე უნდა უნდოდეს. თუნდაც ჭიქა წყალი;
  4. ყოველმა წინადადებამ უნდა მოახერხოს ამ ორი აუცილებლობიდან ერთი რამ მაინც: გახსნას პერსონაჟი ან წინ წაწიოს მოქმედება;
  5. დაიწყე წერა დასასრულთან იმდენად ახლოს, რამდენადაც შეგიძლია;
  6. იყავი სადისტი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კეთილი და უმანკო მთავარი პერსონაჟი გყავს, დამართე საშინელი რაღაცები რაღა მკითხველმა დაინახოს მათი შიგნეული;
  7. წერე მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. თუ გახსნი ფანჯარას და მთელ სამყაროს გაუზიარებ სიყვარულს შეიძლება ფილტვების ანთებაც აიკიდო;
  8. მიეცი შენს მკითხველს შეძლებისდაგვარად ბევრი ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ჯანდაბამდე ჰქონია გზა დაძაბულობას. მკითხველს იმდენად კარგად უნდა ესმოდეს, რა ხდება ამბავში რომ თავისითაც შეძლოს დასრულება იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო გვერდებს ტარაკნები შეჭამენ.

ქართველი ავტორები

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

კარგი ამბის დასაწერად მოცემული სხვადასხვა ტიპის სიები, ათეულები თუ რეცეპტები ცოტა არ იყოს და ბოდვაა. ერთადერთი მოცემულობა, რაც შეიძლება გამოგადგეთ, გარკვეული დრამატურგიული სქემებია. ეს სქემები ამბის თხრობის მაჯისცემას დაგამუღამებინებთ, რათა კონკრეტულად წერისას აღარ იფიქროთ იმაზე რის შემდეგ რა მოყვეთ, ან რა დაგრჩათ მოსაყოლი. დანარჩენი უკვე პირადი გამოცდილების, ლიტერატურული გემოვნების, სამწერლო ინტუიციის და გამბედაობის ამბავია.

დავით გაბუნია

ყველა ამბავს საკუთარი ხმა აქვს. წერის დაწყებამდე ვეძებთ ამ "ხმას" და მერე ვცდილობთ, ისე ვალაპარაკოთ, რომ სათქმელის ნახევარზე მეტი უთქმელი დარჩეს. რა ჯობია იმას, როცა პერსონაჟი სულელია ან ვერ ხვდება, სინამდვილეში რა ემართება. სამაგიეროდ, მკითხველი გრძნობს უპირატესობას და ამით ტკბება. არ მიყვარს, როცა ავტორი მაიძულებს, ღრმად ფილოსოფიური მსჯელობები ვიკითხო, სადაც ყველაფერი დეტალურად ახსნილი და დაღეჭილია. სახლში რაც უნდა, ის აკეთოს! ფურცელზე ყველაფრის გადმოტანა არ არის საჭირო.

გურამ მაცხონაშვილი

ამბავი შეიძლება იყოს ორი ტიპის: "სუფთა ამბავი" და "გაზავებული ამბავი". პირველი მხოლოდ ისტორიისგან შედგება, მეორე - ავტორის კეკლუცობისგან. აქ არის ის განსხვავება, რაც ამბებს საინფორმაციო გამოშვებების ტექსტებად, ან წიგნებად აქცევს.

პირველ შემთხვევაში ამბავი ქრონიკაა, A პუნქტიდან B პუნქტამდე მშრალი თხრობით მისვლა. მეორე შემთხვევაში ამბავი გაზავებულია ავტორის ინტერპრეტაციასთან, ანუ თხრობას ეძლევა ფორმა. საინფორმაციოს ტექსტში მთავარია მუხტი (რაღაც ხიფათის მანიშნებელი, რომ "აი, საცაა აპოკალიფსი დაიწყება და თქვენ ამას თქვენი ფანჯრებიდან დაინახავთ!"), მწერალთან მთავარია სილამაზე, ანუ პასუხი კითხვაზე "როგორ?".

ჩემი აზრით, ყველაზე რთული ამბების წერისას იდეების გამოხშირვაა - რა დავიტოვოთ და რა გადავაგდოთ. ამ ეტაპზე ავტორი უნდა იყოს ჩვეულებრივი ყასაბი, რომელიც აუღელვებლად მოისვრის ზედმეტ ხორცს სანაგვეზე. შეგვიძლია უფრო ესთეტები ვიყოთ და ვთქვათ ასე: "ტექსტი უნდა დაწუროთ ზედმეტი წყლისგან". თუ ამ ეტაპს წარმატებით გაივლით, ბევრი უნდა იმუშაოთ პატარა ამბებზე, ტექსტის სხვადასვა ეპიზოდების ერთმანეთზე ასაკინძად - არავინ მოგატყუოთ, რომ ფეხბურთში გოლია მთავარი, მაყურებელს კომბინაციის გათამაშების ყურება უყვარს! და თუ ეს ეტაპიც დაძლიეთ, გილოცავთ, თქვენ უკვე იცით, როგორ დაწეროთ კარგი ამბავი და დიახ: "თქვენ უნდა წეროთ!"

ზაზა კოშკაძე

არ არსებობს ერთი რჩევა რომელიც ყველა ამბავს მოერგება. ყველა კონცეპტი უნიკალურია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუმცა იმისათვის, რომ მოვლენათა კომპილაცია იქცეს ამბად, საჭიროა რომ ისინი, ანუ მოვლენები ერთმანეთისგან გამომდინარეობდნენ. და რაც უფრო ბუნებრივად ებმიან ერთმანეთს მოვლენები მით უფრო კარგია ამბავი. მით უფრო გასაგებია მასში დაფარული მესიჯი. თუმცა ეს ეფექტი არ მიიღწევა თუ ავტორმა არ იცის კონკრეტული მოლოდინების შექმნა პირველივე წინადადებიდან და ამ მოლოდინების არგაცრუება ნაწარმოების ფინალამდე. ეს კი გულისხმობს ტონის და ჟანრის სწორად შერჩევას და შერჩეულით ოსტატურად მანიპულირებას.

მარი ბექაური

ყველაფერი იწყება კარგი იდეიდან. იდეა - შეიძლება გაჩნდეს შენს ფანტაზიაში ან დაინახო რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენაში. კარგ იდეას კარგი მოყოლაც სჭირდება. კარგად მოსაყოლად კი, ვფიქრობ, სამი რამეა მთავარი - გულწრფელობა (რადგან როდესაც ავტორი ტექსტის წერისას წვალობს, მკითხველი - კითხვისას წვალობს), ობიექტური რეალობის აღქმის და განცდის უნარი (ამ უნარით შეძლებ, ტექსტი იყოს არა პათეტიკური და ყალბი, არამედ ნამდვილი, რაც მკითხველს დაარწმუნებს და შესაბამის ემოციებსაც აღუძრავს), თვითრეფლექსია (რაც აუცილებელია წვდომისთვის). ჰოდა კიდევ ერთი - იუმორის გრძნობა თუ გაქვს, ამბებსაც უკეთ ყვები და ცხოვრებასაც უკეთ უმკლავდები.

ზურაბ ქარუმიძე

წერის დროს, წერის პროცესში რაღაცები ჩნდება, რაღაცა გამომდის ან არ გამომდის; ეგ არის და ეგ. მე სიუჟეტს ვაგებ მეტაფორიდან, მეტაფორის ნარატივიზაციას ვახდენ; მეტაფორის ნარატივიზაცია, და არა ყოფით-ექსისტენციალური და ფსიქოლოგიური მოტივაცია.

ბექა ადამაშვილი:

ამბის წერისას, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რასაც არ წერ. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ "სტრიქონებს შორის წასაკითხ ტექსტს" ან იმ ღრმად ჩაბუდებულ აზრს, რაც მკითხველმა საკუთარი გაქანების მიხედვით უნდა ამოიცნოს. ვგულისხმობ დეტალებს, რომელსაც მალავ, რათა მოგვიანებით მათი გამოჩენით ისინი უფრო მძაფრი და საინტერესო გახადო, ვიდრე ეს ამბის სწორხაზოვანი მოყოლის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ერთგვარი მცირე ნაღმებია, რომელმაც მსმენელსა თუ მკითხველს საჭირო მომენტში ტვინი უნდა აუფეთქოს. "როჯერ ეკეროიდის მკვლელობა" ამბის ამგვარად თხრობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

*

სულ სულ დასასრულში კი სტატიის კენწეროში გაჟღერებულ "რა არის ეს მთავარი საქმე - ამაზე ცოტა მოგვიანებით" ფრაზას უნდა გამოვეხმაურო. (ალბათ დაგავიწყდათ კიდეც იმიტომ, რომ რვა გვერდის წინ ვახსენე, მაგრამ არც მე ველოდებოდი ამდენი ტექსტი რომ გამოვიდოდა)

ეს დამოკიდებულება ბევრი ავტორის შეგონებაში გვხვდება, მაგრამ ასე ხაზგასმით იმ მიზეზით გამოვყოფ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ამბიციად მიმაჩნია: უნდა გეგონოს, რომ შენ პირადად ისეთი რაღაც გაგაჩნია, რაც სხვაგან არ იშოვება. არსად სამყაროში არ არის ის, რაც შენ გიდევს ჯიბეში. უბრალოდ, ახლა შენი მიზანია დაჯდე, და ეს რაღაც ისე დაამუშავო, რომ როცა მოფორიაქე-მოფუსფუსე სამყაროს წარუდგენ, გინდაც სულ ერთი წამით, მაგრამ ყველაფერი შეჩერდეს.