ტექნიკური ხარვეზების გამო გამოწვეული ერთკვირიანი დაგვიანების შემდეგ ინდოეთმა მთვარისკენ Chandrayaan-2 გაგზავნა, რომლის გაშვებასაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

თავდაპირველად ხომალდის გაშვება 15 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა აფრენამდე 56 წუთით ადრე ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო გადადო. ISRO-მ მალევე განაცხადა, რომ Chandrayaan-2 სრულად გამართული იყო. გაშვების შემდეგი მცდელობა კი 22 ივლისს დაიგეგმა.

წარმატების შემთხვევაში Chandrayaan-2 გახდება პირველი მისია, რომლის ფარგლებშიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ხომალდის დაშვება განხორციელდება. ამ დრომდე მთვარის ზედაპირზე დაშვების გამოცდილება მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს აქვს. ამ ქვეყნების სიას კი, შესაძლოა, მალე ინდოეთიც დაემატოს.

მისიის ღირებულება ჯამში 141 მილიონი დოლარია. ინდოეთმა პირველი ხომალდი მთვარის ორბიტაზე 2008-ში, ხოლო მარსის ორბიტაზე 2014 წელს განათავსა.

ოთხტონიან ხომალდს, რომელშიც მთვარის თანამგზავრი და როვერი შედის მთვარემდე მისაღწევად ორი თვე დასჭირდება.

ინდოეთისთვის მთვარის პირველი მისია 2008 წელს გაშვებული თანამგზავრი Chandrayaan-1 იყო, რომელმაც მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულები აღმოაჩინა.