ისტორიაში პირველად, NASA-ს სამეცნიერო დეპარტამენტებს ქალები ხელმძღვანელობენ
ნასას ისტორიაში პირველად, სააგენტოს ოთხი სამეცნიერო განყოფილებიდან სამს ქალი ხელმძღვანელობს. დედამიწის მეცნიერებების, ჰელიოფიზიკისა და პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტებს სათავეში ქალები უდგანან. თითოეული მათგანი სხვადასხვა ქვეყნიდანაა და ისინი NASA-ს გუნდს უნიკალურ გამოცდილებასა და ცოდნას სძენენ.
"ეს ადამიანები შთაგონებას აძლევენ და ახალისებენ მომავალ ქალებს, რომ გახდნენ ლიდერები კოსმოსის ათვისების სფეროში", — აცხადებს ნასას ასოცირებული ადმინისტრატორი ტომას ზურბუქენი.
აღსანიშნავია, რომ თუ ნასა პრეზიდენტ ტრამპის ამბიციური (და ჯერ კიდევ დაუფინანსებელი) გეგმის შესრულებას შეძლებს, კოსმოსური სააგენტო 2024 წელს მთვარეზე პირველ ქალსაც დასვამს.
ალბათ დაინტერესდებით, თუ კონკრეტულად რომელ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ ქალები ნასაში.
ნიკოლა ფოქსი
ჰელიოფიზიკის განყოფილება
ნიკოლა ფოქსი ნასას ჰელიოფიზიკის განყოფილების დირექტორია, ეს მზის შემსწავლელი მეცნიერებაა.
ამჟამად მზის გარეთა ატმოსფეროში ნასას ხომალდი, Solar Parker Probe იმყოფება. მისი საშუალებით ჩვენ უკეთ ვიგებთ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი ვარსკვლავიდან მზიური ქარიშხლების სახით წამოსული რადიაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
"ჰელიოფიზიკა, რაღაც გაგებით, უძველესი მეცნიერებაა. უხსოვარი დროიდან ადამიანები მაღლა იყურებოდნენ და ცაში გამოკიდებულ სინათლის ბურთს ხედავდნენ", — აცხადებს ფოქსი.
სანდრა ქოფმენი
დედამიწის მეცნიერებები
სანდრა ქოფმენი ნასას დედამიწის მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ მისი საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი ერთადერთი სახლის, დედამიწის შესახებ.
"დედამიწაზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ქარიშხლებთან, დაბინძურებასთან, ტყის ხანძრებთან და სხვა საფრთხეებთან გამკლავებაში. ოკეანეებისა და ტყის საფარის შესწავლით ადამიანები დედამიწაზე უკეთესი გარემოს შექმნას ვცდილობთ", — აცხადებს ის.
ლორი გლეიზი
პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტი
ლორი გლეიზი კი ნასას პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორია. მისი ზედამხედველობის ქვეშ ნასა მარსს, იუპიტერს და სხვა პლანეტებს სწავლობს. სწორედ ეს დეპარტამენტი ცდილობს უპასუხოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას: არსებობს თუ არა მზის სისტემაში სიცოცხლე სადმე, გარდა დედამიწისა?
ჯერჯერობით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვაქვს, თუმცა გლეიზი და მისი გუნდი ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს მუდმივად ეძებენ.
კომენტარები