როგორ "აშავებენ" სამოქალაქო პროტესტს
ტროლები, ბოტები, ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად გაწნყობილი და ანტილიბერალური გვერდები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ისინი ყოველთვის აქტიურდებიან, როცა სამოქალაქო პროტესტი იბადება. უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც ოპოზიციურ და კრიტიკულ მიდგომას იჩენს. მათთვის სულერთია თემა ეკონომიკას ეხება, სოციალურ პირობებს, ადამიანის უფლებებს თუ ოკუპაციას.
გამონაკლისი არც პარლამენტთან მიმდინარე აქცია #სირცხვილია აღმოჩნდა. მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი უკვე ერთი კვირაა გრძელდება და ათასობით განსხვავებული ხედვისა და იდეოლოგიის ადამიანს ერთი მიზნის ირგვლივ აერთიანებს. აქცია პოლიტიკური შინაარსისაა, რადგან მკაიფო მოთხოვნები აქვს ხელისუფლებასთან. თუმცა ორგანიზატორები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ პროტესტი პოლიტიკურად მართული არ არის.
პარლამენტთან თავისუფალი მიკროფონია. აზრის დაფიქსირების საშუალება ყველას ეძლევა, შეძლებისდაგვარად. საზოგადოებას მიმართავენ პოლიტიკოსები და პარტაქტივიც, თუმცა იშვიათად. მიკროფონთან ადიან აგრესიული პირებიც, რომლებიც თავს სტუდენტებს ან აქციის მონაწილეებს უწოდებენ. ორგანიზატორები კი მოგვიანებით ამბობენ, რომ ისინი პროვოკატორები არიან და დაძაბულობის შეტანას ცდილობენ. ასეთი პირები, ძირითადად, 7 ნოემბრის აქციის დარბევას იხსენებენ და აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ხალხთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.
იყო შემთხვევები, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები სცენის ჯებირებზე გადაძვრომას და მიკროფონთან მისვლას ცდილობდნენ, ან აგინებდნენ აქციის მონაწილეებს. მათ აწეული ხელებით და მშვიდობის ძახილით აძევებენ ტერიტორიიდან. თუმცა, ყოველთვის დროული რეაგირება ვერ ხერხდება და სწორედ ასეთ დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც აქციის ანტირეკლამისთვის იყენებენ.
აქციის დისკრედიტაციას ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და ახალშექმნილი ფეისბუქგვერდები ეწევიან. მცირედი დაკვირვებაც საკმარისია მათი მოქმედების ორი ძირითადი მიმართულების გამოსაყოფად: "ნაცები" და "გარყვნილები".
აქციის წევრების ნაციონალური მოძრაობის "პარტაქტივად" წარმოჩენაზე მუშაობენ ფეიჯები: ვერ დაბრუნდებიან, იყავი და გაგეკეთებინა, ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა, სირცხვილის კორიდორი, პოლიტიკური სანაგვე, მიხეილ მაწანწალა და სხვები. ხოლო ანტილიბერალური გვერდები იმაზე არიან მობილიზებული, რომ აქტივისტები "ღვთისგმობებად" და ქვეყნის მტრებად მონათლონ. მათ შორისაა: ანტი-პარადოქსი, Geo Pepe, Antiliberal Channel 2 (პირველი დაუბლოკეს).
პარტიულობის დაღი
ფეისბუქგვერდები, რომლებიც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას ეწევიან და საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავთ, ამტკიცებენ, რომ აქციის წევრები ამ პარტიის მიერ არინ პოლიტიკურად მართულები. მათი მთავარი სამიზნე ამ კუთხით ფორმულა კრეატივის დამფუძნებელი მიშა მშვილდაძეა, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სპიკერია.
ცნობილი ფაქტია, რომ მშვილდაძეს ნამუშევარი აქვს მიხეილ სააკაშვილის საიმიჯო კლიპზე "მიშა მაგარია". სწორედ ეს სიმღერა და ექსპრეზიდენტთან თანამშრომლობა არის მთავარი "არგუმენტი" სახელისუფლებო ფეისბუქგვერდების ხელში მშვილდაძის დისკრედიტაციისთვის. თუმცა, სამიზნე პირადად მშვილდაძე კი არა, ზოგადად აქციაა. მისი პარტიულობის ხაზგასმით, ეს გვერდები ამტკიცებენ, რომ აქციაც პარტიულია და ხალხი იქ არ უნდა იდგეს.
ამ გვერდების აქტივობებში თავად მშვილდაძე სახელისუფლებო ინტერესს ხედავს. რეპუტაციის შემლახველ კამპანიასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ კლიპის გადაღება დანაშაული არ ჰგონია, თუმცა არც სიამაყით ივსება. მშვილდაძე განმარტავს, რომ ამ ბრძოლაში პოლიტიკური მიზნები არ აქვს და მის გარდა, აქციაზე ათასობით ადამიანია, რომელსაც იგივე სურვილი აქვს, რაც მას: შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
"შეხედონ ფართოდ სურათს. მე ერთი ვარ და იქ ათობით ათასი ადამიანი დადის ყოველდღე. გახარიამ რომ კანონი დაარღვია და უნდა გადადგეს, ამასთან რა შუაშია მე რა კლიპი მაქვს ოდესღაც გადაღებული", — განმარტავს ის.
გვერდები, რომელზეც მშვილდაძე საუბრობს ხელისუფლებისადმი სიმპატიებს არ მალავენ.
მათ შორის ერთ-ერთი არეკლამებდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას არგადადგომის მოთხოვნით შექმნილ ჯგუფს, რომელშიც სამთავრობო უწყებების პრესსამსახურებთან ერთად ქართული ოცნების მხარდამჭერები გაწევრიანებული.
გახარიას მხარდამჭერების ჯგუფში გეგმავენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის კონტრაქციას.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად შერაცხეს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეც. მას შემდეგ, რაც მშვენიერაძემ აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას ნომერი გაუმხილა და მოუწოდა მინისტრისთვის "წადი" მიეწერათ, ფეისბუქზე კამპანია მის წინააღმდეგაც დაიწყო.
უფლებადამცველობა, როგორც დანაშაული
რაც შეეხება ანტილიბერალური გვერდებს, მათი უმეტესობა აქტივისტებს მხოლოდ იმიტომ ესხმის თავს, რომ ისინი მოწყვლად ჯგუფებს იცავენ. ამ გვერდების ადმინისტრატორები ცდილობენ მომხმარებელი დაარწმუნონ, რომ ლგბტ პირების, ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების დაცვა დანაშაული და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაა. სწორედ ამ ნიშნით ისინი გამოყოფენ აქციაზე მყოფ ლგბტ პირებს და ჰომოფობიური ნიშნით ახდენენ პროტესტის დისკრედიტაციას.
მათი სამიზნე აღმოჩნდნენ მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრები გიგა მაქარაშვილი და ნოდარ რუხაძეც. მათთვის დაფინანსებული ანტირეკლამა არც აქამდე ყოფილა უცხო, მაგრამ ამბობენ, რომ ამ დღეებში ტროლები განსაკუთრებით არიან მობილიზებული.
ანტილიბერალური გვერდები გიგა მაქარაშვილს ლგბტ თემის მხარდაჭერას "ედავებიან". იდენტური პოსტები, რომლებიც სხვადასხვა გვერდებზე ვრცელდება "ამტკიცებს", რომ მაქარაშვილს რუსული ოკუპაციის გაპროტესტების უფლება არ აქვს, რადგან ლგბტ აქტივისტია.
მაქარაშვილს მსგავსი პოსტები არ უკვირს. ამბობს, რომ ბოტების ყოველი გააქტიურება მისი სამოქალაქო აქტივიზმის დასაწყისს ემთხვევა. რაც შეეხება მისი და სხვა პირების დასწრებით აქციის დისკრედიტაციის მცდელობას, მაქარაშვილი განმარტავს, რომ ეს იმ ხალხზე ზემოქმედების მცდელობაა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"დაინახეს, რომ ათიათასობით ადამიანი გამოდის. ხვდებიან, რომ მათ ვერაფერს დაუშავებენ და ვერ დააჯერებენ, რომ იქ დგომა ცუდია. ამიტომ, მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვინც ფიქრობს წავიდეს, თუ არა. ამ გზით ცდილობენ რიცხვი არ გაიზარდოს და მათთვის უფრო საშიში არ გავხდეთ", — განმარტავს ის.
მაქარაშვილზე გავრცელებული რეპუტაციის შემლახველი პოსტების გარდა, ვრცელდება დეზინფორმაცია იმაზეც, რომ ის რუსეთის ექსპრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილ გორჩაკოვის ფონდის ლექციებს ესწრებოდა. აქტივისტი განმარტავს, რომ ის არასდროს ყოფილა რუსეთში და ამ ფოტოზეც სხვა ადამიანს ადარებენ.
"დაფოტოშოფებაც კი არ უცდიათ, უბრალოდ, მსგავსი ვიზუალის ადამიანი იპოვეს და ხალხს მარტივად დააჯერეს", — ამბობს ის.
ნოდარ რუხაძე ფიქრობს, რომ ტროლებმა არამხოლოდ ის, არამედ მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია აიღეს მიზნად, რადგან მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
"ვაწუხებთ და გვპასუხობენ, რადგან ჩვენგან სჭირდებათ თავდაცვა", — ამბობს ის.
რუხაძე განმარტავს, რომ საზოგადოებაში განსაკუთრებულ პოლარიზებას ორი თემა იწვევს: პოლიტიკა და ლგბტ თემი. სწორედ ამიტომ იყენებენ ამ საკითხებს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
"ხალხს ეუბნებიან: ნახე, შენ ვინც არ მოგწონს და მიუღებელია, ესენი იმათ იცავენ და აფიქრებინებენ: რატომ უნდა გახვიდე ამათთან ერთად. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესია, მაგრამ რუსული მეთოდია, რომელიც წლების წინ დანერგეს. საქართველოს ხელისუფლებამ იდეალურად მოახდინა ამის კლონირება ქართულ აქტივიზმთან ბრძოლაში", — ამბობს ის.
პრორუსული ნარატივი
მსგავსი ფორმით დისკრედიტაცია, რომ რუსული მეთოდია, ამას არამხოლოდ რუსულ სოციალურ მედიაზე დაკვირვება, არამედ ისიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული გვერდები პრორუსულ ნარატივებს ატარებენ. თუკი აქამდე ამ აზრს ღიად და თამამად აფიქსირებდნენ, კრიტიკის შემდეგ რუსული იდეების ანტიოკუპაციურ მესიჯებში დამალვა დაიწყეს.
მაგალითად, ზემოთხსენებულ გვერდებზე აქტიურად "აშავებდნენ" დავით გაბუნიას შესრულებულ ანტიოკუპაციურ სიმღერას "Putin Khuilo". ადმინისტრატორები მომხმარებლებს აპანიკებდნენ იმით, რომ მსგავს დამოკიდებულებას შეიძლება ომი მოყვეს და ამის შესრულება დაღუპული გმირების უპატივცემულობაა. იმავეს ამტკიცებდა რუსული მედიაც.
თუმცა, სიმღერა Putin Khuilo უკვე წლებია პროტესტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფორმად რჩება, რომელსაც უკრაინელები ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.
გარდა ამისა, ამ გვერდებზე ვრცელდება დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტები აქციის ათასობით მონაწილის მიმართ, რომელიც სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს ოკუპაციას. პოსტების შინაარსით მათი ქცევა უსარგებლოდ და აბსურდულად არის გამოყვანილი. ამ ფორმით ეს გვერდები ცდილობენ საზოგადოებაში ანტირუსული პროტესტი ჩაკლან.
კრიმინალი აქტივისტები
აქცია #სირცხვილიას ორგანიზატორები ხშირად ამბობენ, რომ მათ არარეთგზის შეუგზავნეს პროვოკატორები. ამის შემჩნევა აქციაზე მყოფი მედიისთვისაც არ არის რთული. ხალხში მოძრაობენ სახეზე ნაჭერაფარებული ან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც დაძაბულობის შეტანას ცდილობდნენ. აქციის წევრები ამბობენ, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც მათ ლუდს ან ფულს სთავაზობდნენ და თან ამის გადაღებას ცდილობდნენ. რამდენიმე ასეთი პირი სცენაზეც ავიდა.
აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სცენასთან მისვლას არავის უკრძალავენ და ყველა გამომსვლელზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ტროლები მაინც ცდილობენ ეს ფაქტი მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ბოლო მსგავსი შემთხვევა გუშინ, 26 ივნისს მოხდა, როდესაც აიფონ პლიუსის დააყაჩაღეს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ რაფავა იყო, რომელიც ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა. აღნიშნული სიუჟეტი არაერთი ტროლის გვერდზე აღმოჩნდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აქტივისტები კრიმინალები არიან და ამიტომ ითხოვენ მინისტრის გადადგომას.
თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ რაფავას ტერიტორია პოლიციის ჩარევით დაატოვებინეს. მათი თქმით, გამოავლინეს, რომ ეს პირი არა აქციის წევრი, არამედ პროვოკატორი იყო.
თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება
და ბოლოს, ტროლებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ არა ცალკეულ წევრებს ან ორგანიზატორებს, არამედ იმ ადგილის დისკრედიტაცია მოეხდინათ, სადაც სამოქალაქო პროტესტი დაიბადა, ეს კი ჯგუფი თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებაა.
ჯგუფი აქამდე საიდუმლო იყო და ფეისბუქზე არ იძებნებოდა. აქციების დაწყების შემდეგ კი ორგანიზატორებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ მსგავსი ჯგუფი არსებობდა და მსურველებს დამატება შეეძლოთ. ახლა ჯგუფი ფეისბუქზე იძებნება, თუმცა საჯარო არა, დახურულია.
ამ განცხადების გავრცელებისთანავე, 21 ივნისს შეიქმნა ფეიკ ჯგუფი, რომელსაც, ასევე, თავისუფლების გამავრცელებლი საზოგადოება ჰქვია და სავარაუდოდ, ტროლი მართავს.
ამ ჯგუფს რეალურისგან განსხვავებით 70 წევრი ყავს. მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად კი ბანერზე ანტიოკუპაციური ქავერი უდევთ. რაც შეეხება ადმინისტრატორს მედიის განვითარების ფონდი (MDF) წერს, რომ პროფილი საეჭვოდ გამოიყურება და დიდი ალბათობით ყალბია. კერძოდ, Giorgi Rusia-ს პროფილი 2017 წლის ივნისში შეიქმნა და 2 წელში 32 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. გამომწერები კი ყალბი უცხოური პროფილები, ანუ ბოტები არიან.
ხელისუფლების ინტერესი
გარდა ამ ჯგუფისა, მედიის განვითარების ფონდი სწავლობს ზემოთხსენებული ფეისბუქგვერდების აქტივობასაც. MDF-ის მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ 21 ივნისიდან ამ გვერდების მუშაობის ტენდენცია იგივეა, რაც აქამდე ხელისუფლებისთვის სხვა კრიტიკულ მომენტებში იყო.
"თუ საზოგადოება რომელიმე გარკვეული ქმედების მიმართ არის კრიტიკული, ავტომატურად ჩნდებიან პროსახელისუფლო ტროლები, რომლებიც ცდილობენ განწყობებზე გავლენა მოახდინონ. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ განსხვავებული, პროსახელისუფლო აზრი არსებობს. დამაჯერებლობისთვის კი მათ სჭირდებათ დიდი აუდიტორია, ამიტომ იზრდება ტროლების რიცხვიც", — ამბობს ის.
იგივე ხდებოდა თიბისი ბანკის საქმის, პანკისის მოვლენების, არჩევნებისა და ლიბერალური ჯგუფების სხვადასხვა აქციების დროს.
ამ ფეისბუქგვერდებს ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან აკვირდება სამართლიანი არჩევნები (ISFED). მათი მკვლევარი შოთა ნარსია On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნების დროს და ეწეოდნენ ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას. ნარსია, ასევე, გამოყოფს ორ ჯგუფს: ანტიოპოზიციურსა და ანტილიბერალურს.
მისი თქმით, ანტიოპოზიციური გვერდები კოორდინირებულად მუშაობენ და ხშირად ასპონსორებენ კონტენტს. რაც შეეხება, ანტილიბერალურ გვერდებს, ნარსია განმარტავს, რომ აქ დასპონსორებული კონტენტი იშვიათად გვხვდება, რადგან მათ ჰყავთ საკმარისი გამომწერი იმისთვის, რომ ინტერაქცია გამოიწვიონ.
"განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ დაიწყო ამ გვერდების გააქტიურება. როგორც წესი, მათ გარკვეული "ძილის პერიოდი აქვთ". ბოლოს ეს გვერდები ხშირად პოსტავდა მთაწმინდის შუალედური არჩევნების დროს, როდესაც შალვა შავგულიძის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. მას შემდეგ, პაუზა აიღეს და ახლა განსაკუთრებით მობილიზდნენ", — ამბობს ნარსია.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები