30 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი ჩატარდება, რომლის მიზანია დრამატული სოპრანოს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, აკადემიური ვოკალის პედაგოგისა და 20-ზე მეტი წლის სცენური გამოცდილების მქონე მომღერლის, თეონა შატბერაშვილის 8 წლის შვილის, ლიას, მკურნალობისა და რეაბილიტაციის გაგრძელებაში დახმარება.

“როგორც დედამ და მომღერალმა, გადავწყვიტე ჩემი ყველაზე ძლიერი იარაღი — ჩემი ხმა — ჩემი შვილის დასახმარებლად გამოვიყენო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს ლიას ისტორია, იცოდეს, რა მკურნალობა სჭირდება მას და როგორ შეუძლია სურვილის შემთხვევაში ჩვენს ოჯახს გვერდით დაუდგეს. თქვენი ერთი სიუჟეტი და ჩვენი ისტორიის გავრცელება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გახდეს ლიასთვის", — ამბობს თეონა შატბერაშვილი.

ლია სამშობიაროში გადატანილი ასფიქსიის შედეგად თავის ტვინის ტრავმით დაიბადა. წლების განმავლობაში ბავშვი სხვადასხვა თერაპიასა და რეაბილიტაციას გადიოდა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ დადგა. სწორედ ამიტომ დედამ გადაწყვიტა, ლია თურქეთში წაეყვანა, სადაც სპეციალისტებმა ჩაუტარეს დამატებითი კვლევები და დაუდგინეს თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზი. ექიმების რეკომენდაციით დაიწყო მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული 6-თვიანი მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავდა გადასხმებსა და მედიკამენტურ მკურნალობას.

მკურნალობის კურსის გაგრძელებისთვის ლიას კვლავ ესაჭიროება განმეორებითი კვლევები და ექიმების მიერ შემდგომი მკურნალობის განსაზღვრა. ეს ყველაფერი ოჯახისთვის ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ასე დაიგეგმა 30 სექტემბრის საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ვარსკვლავები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მსოფლიოში მოღვაწე მუსიკოსები, კონსერვატორიის სტუდენტები და სხვა პროფესიონალი ხელოვანები.