ქართული ბიზნესის პასუხი პუტინს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა საქართველო სერგეი გავრილოვის ვიზიტის გაპროტესტებისა და აქციების გამო "დაესაჯა" და თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის გზები შეუზღუდა.
პუტინის ხელისუფლებამ მოწოდებით დაიწყო. ტურისტებს ურჩიეს თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან "დაცულები არ იქნებოდნენ". მალევე, პუტინმა ნათქვამს ქმედება მოაყოლა, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
აღშფოთებულ მოქალაქეებს რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ საქართველოში სამოგზაუროდ ალტერნატიული გზები შესთავაზა. მათ შორის იყო ქართულ ავიაკომპანიებიც. პასუხად პუტინის ხელისუფლებამ ქართულ ავიაკომპანიებსაც აუკრძალა რუსეთში ფრენა.
რუსი ტურისტების შესაძლო შემცირება ქართული ბიზნესის ნაწილს არ აშინებს. პირიქით, პუტინის გადაწყვეტილების საპირწონედ და ოკუპაციის გასაპროტესტებლად მათ სხვადასხვა ნაბიჯები გადადგეს.
ოკუპაციის გადასახადი
მეხუთე სეზონი
სასტუმრო მეხუთე სეზონმა, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს გადაწყვიტა ოკუპაციის გადასახადი დააწესოს. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პუტინის იმპერიალისტურ რეჟიმს არ დაგმობენ მომსახურება 20%-ით გაუძვირდებათ.
ეზო
რუსეთის მოქალაქეებს 20%-ით მეტს გადაახდევინებს კაფე ეზოც. მათ პუტინის მიერ ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომას და რუსი დეპუტატების განცხადებებს უპასუხეს, რომლებიც ბორჯომის გაყიდვის აკრძალვით გვემუქრებოდნენ.
როგორც ჩანს მენეჯმენტმა მოხმარებლის ნაწილისგან კრიტიკაც კი მიიღო ამ განცხადების გამო, თუმცა პოზიციები არ დათმო.
გარდენსი
იმის გარდა, რომ კაფე გარდენსი მომხმარებლებს რუსულენოვან მენიუს არ თავაზობს გადაწყვიტა ოკუპაციის გასაპროტესტებლად 20%-ით გაზარდოს გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ანტიოკუპაციური ფასდაკლება
Nair • ნაირი
განსხვავებული მიდგომა შეარჩია თასმების კომპანია Nair • ნაირმა. მათ ფასის 20%-ით გაზრდის ნაცვლად, 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ღიად აღიარებენ და იტყვიან PutinXuilo-ს.
ბეჭედდასმული ტერიტორიული მთლიანობა
Horizons Group — Batumi
სამშენებლო კომპანია Horizons Group — Batumi აცხადებს, რომ მათ კომპლექსში ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. კერძოდ, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კონტრაქტს, რომლითაც მხარეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ.
უარი რუს მომხმარებლებს
რემაქს კაპიტალი
ზოგიერთმა კომპანიამ პასუხად რადიკალური ზომების გატარება გადაწყვიტა და საერთოდ უარი უთხრა რუს მომხმარებლებს. მათ შორისაა, კომპანია რემაქს კაპიტალი. კომპანიის გუნდი ამბბოს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ გაუწევენ საბროკერო მომსახურებას საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად.
უარი რუსულ პროდუქტს
ზოომარტი
ზოომაღაზიების ქსელმა ზოომარტმა გადაწყვიტა სრულად ამოიღოს რუსული პროდუქცია, ჯამში 50-მდე დასახელების პროდუქტი. კომპანია ამბობს, რომ გადაწყვეტიელბა დაგვიანებულია, მაგრამ სწორი. გარდა ამისა, კომპანია საჩუქრად გადასცემს დარჩენილ მარაგს თემურ წიქორიძის ცხოველების თავშესაფარს.
მხარდაჭერა ტურისტულ ინდუსტრიას
თიბისი ჰოლდინგი
თიბისის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების კომპენსირება უკრაინელი ტურისტების ნაკადის ზრდით გადაწყვიტა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თიბისი ჰოლდინგის სახელით დააფინანსებს 10 ჩარტერულ რეისს კიევიდან თბილისამდე.
ლელი ბლაგონრაგოვა
ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს ექსპრეზიდენტის ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვაც. მისი თქმით, უფასოდ გადაიღებს ფოტოებს მათთვის, ვისაც ტურისტების მოზიდვა სურს.
ოკუპირებული ტაქსი
Bolt
ტაქსების საერთაშორისო კომპანია ბოლტმა რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად აპლიკაცია გამოიყენა. კერძოდ, თუ ტაქსს გამოიძახებთ ნახავთ, რომ მათი 20% ოკუპირებულა.
თასმა ოკუპაციის წინააღმდეგ
თასმა
კომპანია თასმამ გადაწყვიტა უფასოდ დაურიგოს ანტიოკუპაციური თასმები Tbilisi Open Air-ის სტუმრებს, ვისთვისაც თავისუფლება ყველაზე დიდი ღირებულებაა.
დალიე საქართველოსთვის
დისტოპია
ბარი დისტოპია კი თავის პოზიციას ანტიოკუპაციურ აქციაში მონაწილეების მხარდაჭერით გამოხატავს. ისინი უფასო ლუდს სთავაზობენ აქციის ათასობით მონაწილეს.
მოქალაქეების საქართველოსთვის
ბიზნესთან ერთად გააქტიურდნენ მოქალაქეებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს უცხოეთში მოგზაურობის ნაცვლად ფული ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას წაახმარონ. კერძოდ, მათ გეგმები შეცვალეს და აპირებენ საქართველოში იმოგზაურონ.
ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა კი არამხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოს მოუწოდა საქართველოში დაისვენონ და დაეხმარონ ქვეყანას.
არიან ისეთებიც, ვისაც უფრო შორსმავალი გეგმები აქვს. მაგალითად, ერთი მოქალაქე მოუწოდებს საზოგადოებას დაზოგონ ელექტროენერგია იმისთვის, რომ რუსეთსზე ენერგოდამოკიდებულებისგან გავთავისუფლდეთ.
ოკუპირებული სკამი
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით.
აქციის დაშლის შედეგად საავადმყოფოებში გადაიყვანე 240 ადამიანი, დაშავდა 34 ჟურნალიტი. შსს-მ კი აქციის 305 მონაწილე დააპატიმრა.
პასუხად ათასობით მოქალაქე უკვე მესამე დღეა იკრიბება რუსთაველის გამზირზე. ისინი ოკუპაციას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
მასალა განახლებადია.
ამავე თემაზე:
- სოლიდარობის ნიშნად ღამის ეკონომიკის გუნდი ყოველკვირეული ღონისძიებების კალენდარს არ გამოაქვეყნებს
- ევგენი პრიმაჩენკო ტურისტებს: საქართველო მშვენიერია, იფრინეთ იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით
- ანტისაოკუპაციო აქციის ლაივის ფონზე ამღერებული Franz Ferdinand — Tbilisi Open Air დაიწყო
- გურამ კაშია: რუსეთი ოკუპანტია! განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო
- კლუბმა BASSIANI-მა სოლიდარობის ნიშნად დაგეგმილი საკლუბო ღამე გააუქმა
კომენტარები