საპატრიარქოს განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიძღუდოს, თუ იგი ქვეყანაში მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქმნის რეალურ საშიშროებას. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

"როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად", — ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებიც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.

"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს", — აღნიშნავენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო იმედს გამოთქვას, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას", — ნათქვამია განცხადებაში.