ბრაზის მეცნიერება: როგორ განსაზღვრავს გენდერი, ასაკი და ხასიათი ამ ემოციას
რა მიზანს ემსახურება ბრაზი? კაცები ქალებზე ბრაზიანები არიან? შეუძლია თუ არა ამ მდგომარეობას ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე იმოქმედოს? მეცნიერება ამ კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებს.
ფოტო: Guardian Design / Getty
ბრაზი ტვინში გაჩენილ ხანძარს ჰგავს, რომელიც ნაპერწკლებს ყრის, როცა თავს უსამართლობის მსხერპლად გრძნობთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენ მიერ შერჩეული საპარკინგე ადგილის დაკავება დაგასწროთ ან ზარმაცმა კოლეგამ მისი შესასრულებელი საქმე გადმოგაბარათ. მაგრამ, ამასთან, ამ გრძნობის გამოწვევა ისეთ მტკივნეულ მოვლენებსაც შეუძლია, როგორიც საყვარელი ადამიანის ღალატია.
ბრაზი ჩვენს გრძნობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ემოციაა - ცხოველებშიც კი მსგავსი ბაზისური ნერვული კავშირები მოქმედებს. ის მცირე იმედგაცრუებიდან აბსოლუტურ გაცოფებამდე არსებულ დიაპაზონზე მუშაობს და მისი სიძლიერე და მასზე რეაგირების ფორმა ძალიან ინდივიდუალურია. მეცნიერება იმის ახლებურ ახსნათა პოვნას იწყებს, თუ როგორ მოქმედებს ხასიათი, ასაკი, გენდერი და ცხოვრებისეული გამოცდილებები ბრაზის შეგრძნებაზე.
რა არის ბრაზი?
მეცნიერებს სჯერათ, რომ ბრაზის უნარი ტვინში ევოლუციურად მილიონზე მეტი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა. ის იმ ინსტინქტების ნაწილია, რომლებიც საფრთხეების თავიდან აცილების, რესურსებისთვის შეჯიბრებისა და სოციალური ნორმების მორჩილებისკენ გვიბიძგებს. ბრაზი ტვინის დაჯილდოების სისტემაშია ფესვგადგმული. ჩვენ მუდმივად - ხშირად მხოლოდ ქვეცნობიერად - ვსაზღვრავთ, რას უნდა მოველოდეთ ნებისმიერი სიტუაციისგან. როდესაც ჩვენს მოლოდინსა და რეალურ შედეგს შორის შეუსაბამობა იჩენს თავს, ჩვენი ტვინის დაჯილდოების სისტემა განგაშის ზარს სცემს, რაც ტვინის ნუშის ფორმის პატარა უბანში, ამიგდალაში საპასუხო მოქმედებას იწვევს.
როცა ვბრაზდებით, უცხოებისადმი მეტად უარყოფითად განწყობილები ვხდებით და მათში დანახულ ცუდ თვისებებს მათსავე ბუნებას ვაბრალებთ და არა - შექმნილ გარემოებებს.
ბრაზს შეუძლია, სხეულში იბრძოლე ან გაიქეცი სახელით ცნობილი საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა თირკმელზედა ჯირკვლებს ადრენალინისა და ტესტოსტერონის მსგავსი სტრესის ჰორმონების გამოყოფას აიძულებს და სხეულს ფიზიკური აგრესიისთვის ამზადებს. მაგრამ თუ ვინმეს მართლა გავლანძღავთ ან დავუბღვერთ ან თუნდაც ხელს დავარტყამთ, ეს უკვე ტვინის მეორე უბანზე, პრეფრონტალურ ქერქზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებასა და მსჯელობაზეა პასუხისმგებელი. ეს უბანი ჩვენს ბრაზს კონტექსტში აქცევს, სოციალურად მიღებული ნორმების დაცვას გვახსენებს და, ადამიანთა უმრავლესობაში, უმრავლეს შემთხვევაში, პირველად ინსტინქტებს აკონტროლებს.
როგორ ცვლის ბრაზი ჩვენს აზროვნებას?
ბრაზის განცდას რისკების გადაფასებინება შეუძლია. კვლევებმა აჩვენა, რომ ის მეტად იმპულსურს გვხდის და ცუდი შედეგების პროგნოზირებაში გვიშლის ხელს. ერთ-ერთ კვლევაში მოხალისეების იმ ნაწილმა, რომლებიც გააბრაზეს, გულის დაავადებათა განვითარების იმაზე ნაკლები და ხელფასის მომატების იმაზე დიდი ალბათობა ივარაუდა, ვიდრე მათ, ვინც შეაშინეს. სიტუაციიდან გამომდინარე, ბრაზს შეუძლია, უფრო მამაცები ან წინდაუხედავები გაგვხადოს.
ბრაზი ასევე ჯგუფის დინამიკაზე მოქმედებს. როცა ვბრაზდებით, უცხოებისადმი მეტად უარყოფითად განწყობილები ვხდებით და მათში დანახულ ცუდ თვისებებს მათსავე ბუნებას ვაბრალებთ და არა - შექმნილ გარემოებებს. კვლევა აჩვენებს, რომ გაბრაზებული ხალხი სხვათა დადანაშაულებისკენ არის მიდრეკილი. ეს გაბრაზებულ ადამიანს აიძულებს, კიდევ უფრო განრისხდეს იმ პირზე თუ ჯგუფზე, რომელმაც მასში ეს გრძნობა გამოიწვია. ეს კი ზოგ შემთხვევაში ირაციონალური მრისხანების დაუსრულებელ პროცესს უდებს დასაბამს.
ფოტო: Digital Vision / Getty
აქვს ბრაზს დადებითი მხარეები?
ბრაზი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ფრიად უარყოფით კონტექსტში განიხილებოდა. ძველ რომში სენეკამ ბრაზს ომისთვისაც კი გამოუდეგარი უწოდა. ამასთან, ბრაზის ერთ-ერთი გამოხატულება - მრისხანება, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგანია. მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაბრაზება, მთლიანი საზოგადოებისთვის თუ არა, კონკრეტული ადამიანისთვის მაინც სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.
ბრაზს ძლიერ მოტივატორის როლის შესრულება ძალუძს. 2010 წლის კვლევაში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა მოხალისეებისთვის კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენებ კალმებისა და ჭიქების მსგავსი ნივთების სურათებში 25-ე კადრად ბრაზის ან ნეიტრალური გამომეტყველების მქონე სახეები შეურიეს. როცა ნივთის წინ გაბრაზებული სახის ფოტო იელვებდა, ცდისპირები ამ ნივთებს უფრო სასურველად აფასებდნენ და მომდევნო თამაშში მათ მოგებას მეტი ძალისხმევით ცდილობდნენ. საინტერესოა ის, რომ მონაწილეებს არ ჰქონდათ გაცნობიერებული მსგავსი მიკერძოებულობის მიზეზი - მათ თქვეს, რომ, უბრალოდ, ეს ნივთები უფრო მოეწონათ.
როცა კაცები ბრაზს გრძნობენ, ისინი ამას აგრესიით ქალებზე ხშირად გამოხატავენ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალების ქცევა იმავე სიხშირით არაა ამ ემოციით მოტივირებული.
ბრაზის გარეგნულმა გამოხატვამ, შეიძლება, სხვა ადამიანების თქვენდამი დამოკიდებულებაც შეცვალოს. ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ლარისა ტიდენსმა, რომელმაც ბრაზის ამოსახნელად ვრცელი კვლევა ჩაატარა, აღმოაჩინა, რომ გამოკითხულების მხარდაჭერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისადმი გაიზარდა, როცა ის კადრები უჩვენეს, სადაც ის მონიკა ლევინსკის სკანდალთან დაკავშირებით ბრაზობდა; სევდიანი პრეზიდენტის ნახვისას კი დადებითი განწყობა შემცირდა. ეს ეფექტი უცნობ პოლიტიკოსზე ჩატარებული ცდის დროსაც განმეორდა.
ტიდენსმა ასევე აღმოაჩინა, რომ მონაწილეებმა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავი გაბრაზებულად დაახასიათა, უფრო პრესტიჟული და მაღალხელფასიანი სამსახური განუსაზღვრეს, ვიდრე მას, ვინც თქვა, რომ სევდიანი იყო. ასევე გამოჩნდა, რომ ბრაზი მოლაპარაკებების დროს მის გამომხატველს წარმატების შანსს უზრდის - ხალხი მეტი მონდომებით თანხმდება მას, ვინც ჯიუტად და მბრძანებლურად აღიქმება. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ეს კვლევები კაცების სიბრაზეზე კონცენტრირდებოდა - არსებობს მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ გაბრაზებული ქალი ნაკლებად მიმზიდველად აღიქმება ხოლმე.
კაცები ქალებზე ბრაზიანები არიან?
საშუალოდ, კაცები გარეგნულად ქალებზე აგრესიულები ჩანან და ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი უფრო ბრაზიანებიც არიან. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. კვლევის მიხედვით, ქალებიც ისეთივე სიხშირით და სიმძლავრით ბრაზდებიან, როგორც კაცები. როცა კაცები ბრაზს გრძნობენ, ისინი ამას აგრესიით ქალებზე ხშირად გამოხატავენ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალების ქცევა იმავე სიხშირით არაა ამ ემოციით მოტივირებული. ერთმა კვლევამ, რომელშიც, დაახლოებით, 200 ქალი და კაცი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ქალები კაცებივით ბრაზდებიან და ამ გრძნობაზე აყოლით მათთან თანაბარი სიხშირით მოქმედებენ. მთავარი განსხვავება, რაც მკვლევარებმა გამოავლინეს, არის ის, რომ კაცებს ბრაზის შეკავება ნაკლებად შეუძლიათ, ქალები კი ამ გრძნობით გამოწვეულ მყისიერ იმპულსებს უკეთესად აკონტროლებენ.
ფოტო: Guardian Design / dra_schwartz / Getty
ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ გენდერული განსხვავება ტვინების ფუნდამენტური ბიოლოგიური განსხვავებიდან იღებს სათავეს. პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე ცოლ-ქმრის, რუბენ და რაკელ გარების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ, მართალია, ამიგდალა კაცებსა და ქალებში ერთი ზომისაა, მაგრამ მეორე უბანი, ორბიტოფრონტალური ქერქი, რომელიც აგრესიული იმპულსების კონტროლშია ჩართული, ქალებში ბევრად უფრო დიდია. მათი ვარაუდით, სწორედ ეს გარემოება შეიძლება ხსნიდეს იმას, თუ რატომ შეუძლია ქალს უკეთ რისხვის მოთოკვა.
მკვლევარები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რამხელა ზეგავლენა აქვს ბიოლოგიურ სხვაობებს არა მხოლოდ სიბრაზის, არამედ სხვა ქცევათა გენდერულ გამოვლინებებზე. ამასთან, არსებობს მყარი საბუთი იმისა, რომ ჩვენს ქცევებზე საზოგადოების მოლოდინებიც მნიშვნელოვანად მოქმედებს.
"ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებლებიც კი ბიჭებს და გოგოებს სკოლაში განსხვავებულად ეპყრობიან და ეს, შესაძლოა, მათი საპასუხო რეაქციების სხვაობაზე ახდენდეს გავლენას", - ამბობს იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, არიელ ბასკინ-სომერსი, - "მხოლოდ ტვინი ამ განსხვავებებს ვერ ახსნის, ეს ასი პროცენტით უფრო ჩახლართული საკითხია".
რატომ ბრაზდებიან ბავშვები ასე ძალიან და რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
ბავშვობა ცხოვრების ამაღელვებელი პერიოდია: ამ დროს ყველაფერი ახალია და აღმოსაჩენიც ბევრია. ზრდასრულთაგან განსხვავებით, 2-3 წლის ბავშვებს ჯერ არ აქვთ კარგად გაცნობიერებული, რა წესებს ემორჩილება სამყარო და ცხოვრებისგან რას უნდა ელოდნენ. ასევე, მათ ხშირად თავიანთი სურვილების გამოსახატად სათანადო ენობრივი უნარები აკლიათ. ამიტომ ისეთმა უმნიშვნელო დაუდევრობამ, როგორიც ტოსტის არასწორი კუთხით გაჭრაა, შეიძლება, ბირთვული ინტენსივობის აფეთქება გამოიწვიოს.
ფოტო: Shannon Fagan / Getty
მშობლებისთვის ტანტრუმები ერთ-ერთი ყველაზე საძულველი რამაა. თუმცა მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, მაიკლ პოტეგალმა გადაწყვიტა, რომ ამ მოვლენას არა როგორც ქარიშხალს ან ვულკანის ამოფრქვევას, არამედ ისე მიდგომოდა, როგორც ბუნებრივ ფენომენს, რომლის გაანალიზება და გაგებაც სრულიად შესაძლებელია.
პოტეგალმა და მისმა კოლეგებმა 2-3 წლის ბავშვების ყოველდღიურობა ჩაიწერეს და ასზე მეტი ტანტრუმის აუდიო მასალა შეკრიბეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ტანტრუმები პროგნოზირებადი ტრაექტორიით ვითარდებიან და ამ პროცესის ორი ემოციის კომბინაციამდე დაყვანა შეიძლება. ეს ემოციებია ბრაზი (ყვირილი, კივილი, ნივთების სროლა) და სევდა (ტირილი, ღმუილი, იატაკზე გაწოლა).
აღმოჩნდა, რომ სევდის გამომხატველი ხმები ტანტრუმის მსვლელობას მუდმივ ფონად გასდევს, ხოლო ბრაზი ჯერ პიკს აღწევს და მერე ქრება.
მკვლევარების დასკვნით, ტანტრუმის სწრაფად დასასრულებლად ბავშვს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავატარებინოთ გაბრაზების მწვერვალი. ეს კი სრული იგნორით მიიღწევა. აღმოჩნდა, რომ თუნდაც იმის კითხვა, თუ რა მოხდა, პროცესს მხოლოდ გაწელავს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ბრაზი
ბრაზზე ჩვენი საპასუხო რეაქცია ტვინის რამდენიმე ნაწილს შორის დაბალანსებულ კავშირზეა დამოკიდებული. როცა ეს კავშირი ფერხდება, ხალხის ქცევა მოულოდნელად აგრესიული შეიძლება გახდეს.
ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი და, განსაკუთრებით, შუბლ-საფეთქლის დემენცია, ტვინის წინა ნაწილების დაზიანებას იწვევს, რაც აფერხებს ჩვენს ინსტინქტურ პასუხს იმედგაცრუებასა და ბრაზზე და ასევე წყვეტს კავშირს ამ უბანსა და ამიგდალას შორის.
ლუკა პასამონტი, მრჩეველი ნევროლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამბობს, - "ჩვენ ვიცით, რომ შუბლ-საფეთქლის დემენციით დაავადებულები უფრო აგრესიულები, ბრაზიანები, თავშეუკავებლები ხდებიან. ეს მდგომარეობა მსგავს გრძნობებს მეტად ააშკარავებს და მათი გამოხატვის გზა შეიძლება, ძალიან იმპულსური გახდეს".
პასამონტის თქმით, ამ დროს ადამიანი იმედგაცრუებაზე ავტომატური პასუხის შეკავების, ემოციების კონტექსტუალიზაციისა და საკუთარ გრძნობათა გამომწვევი მიზეზების ახსნის უნარებს კარგავს.
ბრაზისადმი გამკლავების ფორმა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას. პასამონტის თქმით, ზოგიერთ ადამიანში თავშეკავების მაღალმა უნარმა - რაც უჩვეულოდ აქტიური ფრონტალური ქერქით ხასიათდება - ბრაზის გამოხატვა კი შეიძლება შეაჩეროს, მაგრამ შედეგად დეპრესიაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
ბრაზისადმი დამოკიდებულებას ცხოვრებისეული გამოცდილებაც აყალიბებს. "არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძალადობის გამოვლინებებთან ხშირი კავშირის ქონა ბრაზისა და აგრესიის რომანტიზებას უწყობს ხელს", - ამბობს ბასკინ-სომერსი, რომლის კვლევაც დანაშაულსა და ანტისაზოგადოებრივ ქცევებზეც ვრცელდება.
ბოლო კვლევამ, რომლის მიზანი იყო გაერკვია, როგორ ცვლის შემეცნების პროცესს ძალადობა, დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან, ექსპერიმენტისას კარგი და ცუდი უცნობების გარჩევა შეეძლოთ. მაგრამ ისინი ნაკლებად ენდობოდნენ ხალხს; მაშინაც კი, თუ უცხო ადამიანები მათ მიმართ კეთილგანწყობას იჩენდნენ. "ეს გამოცდილება მათ იმდენად ძირეულად აყალიბებს, რომ ადვილად არ შეუძლიათ იმის გარჩევა, თუ ვისი ნდობა შეუძლიათ", - ამბობს ბასკინ-სომერსი, - "ისინი ყოველთვის ზღვარზე არიან და არ იციან, როგორ გაიკვალონ გზა სოციალური ნორმებით მართულ სამყაროში".
საფრთხის მსგავსი მუდმივი შეგრძნება ბრაზისა და აგრესიის გამოწვევას გაცილებით აადვილებს. მომავალში, ბასკინ-სომერსის თქმით, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მსგავსი ჩარევები ადამიანებს დაეხმარება, გადალახონ ცხოვრების ისეთი მძიმე ადრეული გამოცდილებები, როგორიც ძალადობის გადატანაა.
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება
გადახედვა
-
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა
გადახედვა
კომენტარები