რატომ გაგვიცრუა იმედი Black Mirror-ის მეხუთე სეზონმა
ფოტო: Netflix
2011 წელს სატელევიზიო სივრცეში სერიალი შავი სარკე გამოჩნდა და მან მაყურებლის ყურადღება თავისი უჩვეულო ფორმატით - სამ-სამ ეპიზოდიანი სეზონებითა და ანთოლოგიის ტიპის, დამოუკიდებელი სიუჟეტის მქონე სერიებით მიიპყრო. თუმცა მისი პოპულარობა ფორმაზე მეტად ეპიზოდების შინაარსმა განაპირობა - მაყურებელს ის მოეწონა, რომ უმეტესად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გაცოცხლებული თანამედროვე სოციალური პრობლემები თუ მომავლის სკეპტიკური წინასწარმეტყველებები მოვლენათა ჩამთრევ განვითარებას გასდევდა კომენტარად.
ამ თავდაპირველად ბრიტანული პროდუქტის პირველი (2011 წლის) და მეორე (2013 წლის) სეზონები ტელეარხ Channel 4-ზე გადიოდა. სერიალის ერთგულ მაყურებელთა უმეტესობა სწორედ ამ ორ, სამ-სამ ეპიზოდიან სეზონს თვლის საუკეთესოდ. 2015 წელს კი, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მედი-პროდუქტის მსგავსად, სატელევიზიო სივრცეში გამოჩენილმა ახალმა გიგანტმა, ამერიკულმა კომპანია ნეტფლიქსმა, შავი სარკის უფლებებიც იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნეტფლიქსის პლატფორმაზე 2016 წელს გაშვებულ მესამე სეზონს თავდაპირველი გზიდან რადიკალურად გადახვევაში ცილს ვერ დავწამებთ, მაყურებელთა ნაწილმა ჯერ კიდევ მაშინ ივარაუდა, რომ ბაზარზე ახლადგამოჩენილი კომპანიის წმინდად კომერციული მიზნები სერიალის ხარისხს გააფუჭებდა. ამ მოსაზრების საფუძვლიანობაზე სერიების რაოდენობის გაზრდაც მიუთითებდა - მესამე სეზონში სამის ნაცვლად ექვსი ეპიზოდი ვიხილეთ.
მართლაც, უკვე მეოთხე სეზონში გახდა შესამჩნევი ის, რაც სულ ახლახანს, მეხუთე სეზონმა საბოლოოდ გამოკვეთა: შავი სარკე მომავლის საშიში პროგნოზების ან აწმყოში არსებული უხილავი პრობლემების წარმოჩენის ნაცვლად მელოდრამატულ ან არც თუ მახვილგონივრულ დეტექტიურ სიუჟეტებზე გადაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ შოუს კვლავ პირვანდელი პროდიუსერი, ჩარლი ბრუკერი ხელმძღვანელობს, აშკარაა, რომ სერიალს კრიტიკულ-ირონიული ხედვა მოაკლდა. ეს სამწუხარო ცვლილება ყველაზე კარგად მეხუთე სეზონამდე გამოსულ დამოუკიდებელ სერიაში, Bandersnatch-ში გამოჩნდა: უნიკალური ფორმატით გადაღებული ეპიზოდი, რომელიც თითოეულ მაყურებელს, ინტერაქციული ტექნოლოგიის გამოყენებით, სიუჟეტის განვითარების სასურველ გზას სთავაზობდა, საბოლოოდ, შინაარსისგან სრულიად დაცლილი აღმოჩნდა. ის არაფერს გვიყვებოდა იმის გარდა, რომ ნეტფლიქსის ბიუჯეტი განუსაზღვრელია და ნებისმიერ ექსპერიმენტზე წასვლის უნარი შესწევს.
როგორც ჩანს, ეპიზოდების რაოდენობის გაზრდის პროპორციულად ხარისხის ვარდნაზე კრიტიკის საპასუხოდ, შოუს შემქმნელები ბოლო სეზონში თავდაპირველ ფორმატს დაუბრუნდნენ; მათ ამჯერად კვლავ სამი სერია შემოგვთავაზეს. თუმცა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ეპიზოდის გმირად პოპვარსკვლავი მაილი საირუსი მოგვევლინა, თავისთავად მრავლისმთქმელი იყო: კომპანია ისედაც ხშირადაა შემჩნეული თინეიჯერებზე გათვლილი პროდუქტის შექმნაში და საირუსის ამ შოუში გამოჩენაც რეიტინგის ხელოვნურად გაზრის მცდელობას ჰგავდა.
ფოტო: Netflix
ეპიზოდმა, სახელით Rachel, Jack and Ashley too, მართლაც ბევრს გაუცრუა იმედები: სცენარისტებმა თითქოს მაილი საირუსის შესახებ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ჭორები შეაგროვეს და საყვარელი ჰანა მონტანადან თავაშვებულ მაილად გადაქცევის ისედაც ყველასთვის ნაცნობი ისტორია გვაჩვენეს. მართალია, ამ ეპიზოდშიც იყო სერიალისთვის დამახასიათებელი მომავლის ინოვაციის ჩვენების მცდელობა, მაგრამ რობოტში ჩატვირთული ადამიანის ცნობიერების საკითხი ჯერ კიდევ 2014 წლის White Christmas-ის ეპიზოდში იყო გაშლილი; ამასთან, მაილის პერსონაჟის, როგორც მეამბოხე ვარსკვლავის შუა თითის აწევით დასრულებულმა ტრაგედიამ ყველანაირი სოციალური კომენტარი გადაფარა. ეს კი, შავი სარკის ნაცვლად, თინეიჯერებისთვის თვითშეფასების ასამაღლებელად გადაღებულ დისნეის იმ რიგით ფილმს მოგაგონებდათ, რომლის მთავარი სათქმელიც უმეტესად ისაა, რომ წარმატებული ადამიანებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.
თანამედროვე ჰოლივუდის ვარსკვლავის ნახვა სეზონის კიდევ ერთ ეპიზოდშია შესაძლებელი. ჩვენ Avengers: Endgame-ში სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როგორ გადაულოცა კრის ევანსმა კაპიტანი ამერიკის ტიტული ენტონი მეკის; შავი სარკის სერიაში კი ეს უკანასკნელი ოჯახური მელოდრამის გმირად მოგვევლინა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეპიზოდი Striking Vipers გეიმინგის გაცვეთილი კრიტიკაა, თუმცა რეალურად ის მომავლის შესაძლებლობების უფრო საინტერესო ასპექტზე გვიამბობს: ენტონი მეკის პერსონაჟს თავისი ძველი მეგობარი ონლაინ უკავშირდება და იმ კომპიუტერულ თამაშში ჩართვას სთავაზობს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სიმულაციურ სამყაროში განცდილი ემოციები ფიზიკურად შეიგრძნონ. სიუჟეტი იმ მომენტში იძაბება, როცა ისინი თამაშის თავდაპირველ მიზანს ივიწყებენ და მოულოდნელად სექსი აქვთ. ეს კი აჩენს მორალურ შეკითხვას, არის თუ არა მსგავსი ქმედება ამ დროს საძინებელში მძინარე ცოლის ღალატი.
ფოტო: Netflix
ეს ეპიზოდი ერთგვარად პორნოს მომავალს გვიხატავს, სადაც შესაძლებელი იქნება, არა მხოლოდ ვიზუალურად დატკბე ნანახით, არამედ განვითარებული სცენარის თანამონაწილეც გახდე და ყველაფერი რეალისტურად შეიგრძნო. მეტიც - ამ ვირტუალურ რეალობაში შენ შეგიძლია სასურველი გენდერი, რასა და ასაკი მოირგო, პარტნიორიც მსგავსად შეარჩიო და შენს ყველაზე წარმოუდგენელ ფანტაზიასაც კი მარტივად შეასხა ხორცი. მიუხედავად ამ უჩვეულო პერსპექტივისა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ეთიკურ კითხვებსაც აჩენს, სიუჟეტური განვითარება მთლიანად ჩაყლაპა ყოვლად ბანალურმა ოჯახურმა დრამამ. ხოლო თხრობა იმდენად დუნე და მოსაწყენი იყო, რომ შავი სარკისთვის დამახასიათებელ ადრინდელ შფოთვებს ძნელად თუ გაგიჩენდა.
მართლაც, შავი სარკის მთავარი სავიზიტო ბარათი ისეთი ყოვლად მოულოდნელი, შოკის მომგვრელი და დაუჯერებელი ისტორიების გადმოცემა იყო, რომლებიც მაყურებელს მომავლისადმი ერთდროულად შიშითა და ინტერესით განაწყობდა. აი, სწორედ ეს ხიბლი დაკარგა მეხუთე სეზონმა. თუმცა, ზემოთ განხილული ორი სერიისგან განსხვავებით, მესამე ეპიზოდს, Smitereens, ერთ ღირსებას მაინც ვერ დავუკარგავთ: ის ოდნავადაც არ არის მოსაწყენი და საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაძლევს საშუალებას, ეკრანს თვალი მოსწყვიტო.
მაილი საირუსისა და ენტონი მეკის შემდეგ ამ ეპიზოდში BBC-ის ყველასთვის საყვარელ სერიალიდან, შერლოკიდან ცნობილი მორიარტის შემსრულებლის, ენდრიუ სკოტის საოცრად ემოციური თამაშის ხილვის შესაძლებლობა მოგვეცა. მან ყოველი მიმიკითა და წარმოთქმული სიტყვით მოახერხა, მთავარი სათქმელი იდეალურად გადმოეცა: თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სოციალური ქსელებით გაშუალებული ყოველდღიური კავშირები სითბოსგანაა დაცლილი და თვითიზოლაციისა და სოციალური გულგრილობისკენ მივყავართ. ასეთ გარემოში აღარ გრჩება აღარანაირი ბერკეტი და საშუალება, რითიც საკუთარი ტკივილის, მწუხარებისა თუ ტრაგედიის შესახებ სხვებს მოუყვები; შენი სატკივარი საზოგადოებას იმდენად ანაღვლებს, რამდენადაც სენსაციურად შეიძლება ჩაითვალოს ის ონლაინ სივრცეში. სწორედ ამის გამო მიმართავს ენდრიუ სკოტის გმირი რადიკალურად ძალადობრივ გზას: მან იცის, რომ აღარაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ სურს, რომ მისი ხმა გაიგონონ, მისი არსებობა შეამჩნიონ და მისი ამბავი მოისმინონ.
ფოტო: Netflix
სერიის ბოლოს კი, როცა იარაღი გაისვრის და ენდი უილიამსის Can’t Take My Eyes Off You ჩაირთვება, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ძველებურად მაინც აღარავინ შემოგვხედავს თვალებში. და თუ შემთხვევით გაგვისწორებენ ცოტა ხნით მზერას, მეორე წამშივე დაივიწყებენ მათში ამოკითხულ ბრაზსა და სევდას, რადგან უჩვენოდაც სხვა უამრავი საქმით არიან დაკავებულები; საქმით, რომელიც არსებული სისტემის განმტკიცებასვე ემსახურება.
ამის მიუხედავად, კრიტიკოსები ამ ეპიზოდსაც გამოუჩდნენ და ის ზედმეტი და ზედაპირული დიდაქტიკის გამო დაგმეს. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შავ სარკეს შექმნის დღიდან ახასიათებდა მსგავსი, ჭკუის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ტექნოლოგიური განვითარების სააფრთხეებზე მოძღვრავდა მაყურებელს.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა

კომენტარები