ნახეთ, როგორ ემზადება Tbilisi Open Air ფესტივალისთვის — ფოტოები Lisi Wonderland-იდან
მუსიკა, გართობა, მეგობრები და 3-დღიანი ტრადიცია, რომელიც წელს უკვე ათი წლის გახდა, რამდენიმე დღეში დაიწყება და არაერთ ცნობილ მუსიკოსს უმასპინძლებს. ქართველი მსმენელები Tbilisi Open Air-ის ლაინაფის გამოცხადებასა და შემდეგ ფესტივალის დაწყებას მთელი წელი ელოდებიან ხოლმე.
Tbilisi Open Air დიდი ხანია მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი აღარ არის. "მუსიკა ათავისუფლებს" — ეს სიტყვები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობისთვის უკვე იდენტობის, ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის ერთგვარ სივრცესთან ასოცირდება. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ტაბუებითა და სტიგმებით სავსე საზოგადოებაში, Tbilisi Open Air-ის სამი დღე სწორედ ის პერიოდია, როცა შეგიძლია ბოლომდე ეკუთვნოდე საკუთარ თავს, არ ცდილობდე დამალვას, გამოხატო შენი იდენტობა და ამის გამო არავინ განგსჯის, პარალელურად კი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას უსმენდე.
ამ ყველაფრის მიღწევა მარტივი არ იყო. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა წლების განმავლობაში არაერთი დაბრკოლება გადალახა, რათა Tbilisi Open Air-ის ტრადიცია არ დასრულებულიყო და კვლავ წარმატებულად გაერგძელებინა არსებობა. 2019 წელს ფესტივალი ათი წლის იუბილეს აღნიშნავს და შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოებიც განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარეობს.
ჩვენი თვალები შეჩვეულია გალამაზებულ, კეთილმოწყობილ საფესტივალო ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს, სადაც ადამიანებს საკუთარი კომფორტის პოვნა ყოველთვის შეუძლიათ, თუმცა გინახავთ ოდესმე როგორ გამოიყურება ეს ადგილი მაშინ, როცა ფესტივალი არ მიმდინარეობს?
ჩვენ Lisi Wonderland-ს ვესტუმრეთ და ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები მოვინახულეთ. ტერიტორიაზე მისვლისას, ძალიან გაგვიჭირდა ამოგვეცნო ის ტერიტორია, რომელსაც ყველანი მიჩვეულები ვართ. მხოლოდ აქ, ამ ადგილას შეიგრძნობა, რამდენად დიდი სამუშაოებია გასაწევი იმისთვის, რომ Tbilisi Open Air იყოს ისეთი გამორჩეული, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე.
დაგვხვა მუხლამდე ბალახი, ველური გარემო და ასაწყობი კონსტრუქციები, რომელზეც რამდენიმე დღეში მუსიკოსები ყველასთვის საყვარელ მუსიკას დაუკრავენ.
Lisi Wonderland-ზე განსაკუთრებული სამუშაოები აისთეიჯის მოსამზადებლად მიმდინარეობს. აისთეიჯი ახლაც მრგვალი იქნება, თუმცა ადვილად შესამჩნევია, რომ წელს ელექტრონული მუსიკის მთავარი სცენა განსაკუთრებული და სიურპრიზებით სავსე იქნება. ვიზუალური ხელოვნება, წარმოდგენები და პერფორმანსი ყოველთვის იყო მისი ნაწილი, თუმცა წელს ყველაფერი უფრო მოულოდნელი და შთამბეჭდავი იქნება.
კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ, ამას Eyestage-ის დამფუძნებელი ნიკა ქობულაშვილი ბოლომდე არ გვიმხელს, თუმცა ამბობს, რომ 2019 წელი როგორც ფესტივალისთვის, ისე მსმენელებისთვის განსაკუთრებული იქნება.
იმისთვის, რათა ყველაფერი იდეალურად იყოს მომზადებული, ნიკამ და საორგანიზაციო ჯგუფმა სცენის მომზადება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყეს. მას შემდეგ, თითქმის ყოველ დღე, ლისზე ადიან და თითოეულ დეტალს ყურადღებით ამოწმებენ.
2019 წლის Tbilisi Open Air-ზე აისთეიჯზე David August იქნება ჰედლაინერი. მის შესახებ ჩვენ ვრცლად უკვე მოგიყევით და თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ მის შემოქმედებას, გირჩევთ ახლავე გაეცნოთ.
2019 წელს ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი. საერთო ჯამში კი Tbilisi Open Air-ის ოთხ სცენაზე 70-მდე შემსრულებელი გამოვა.
მანამდე კი გახსოვდეთ, რომ ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ლისზე გაიმართება და აი ეს ტერიტორია, რომელიც დღეს ველურ ბუნებას მოგვაგონებს, ფერადი ახალგაზრდებით შეივსება და სამი დღის განმავლობაში ყველას ემახსოვრება, რომ მუსიკა ათავისუფლებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები