ევროპის გარეუბნიდან მის გულში
1918 წელს ჰაბსბურგების მონარქიის ნანგრევებზე შეიქმნა ჩეხოსლოვაკია — ერთადერთი ქვეყანა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ორი ათეული წლის განმავლობაში დემოკრატიული წყობის შენარჩუნება შეძლო. ეს იყო მაღალი დონის პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მქონე რესპუბლიკა.
მეზობელ უნგრეთში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალე გამოცხადდა მონარქია და დამყარდა დიქტატურა. პოლონეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში იქაც ავტორიტარული რეჟიმი მოვიდა. საუბარიც ზედმეტია გერმანიასა და რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილ საბჭოთა კავშირზე.
1918 წლის 28 ოქტომბერს პრაღაში გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს შექმნა. ორი დღის შემდეგ პატარა ქალაქ მარტინში სლოვაკების სახალხო კრებამ სლოვაკი ხალხის თვითგამორკვევის უფლების დეკლარაცია მიიღო.
1918 წელს ჰაბსბურგების მონარქიის ნანგრევებზე შეიქმნა ჩეხოსლოვაკია.
ჰაბსბურგებისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებაში კიდევ ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა მილან რასტისლავ შტეფანიკმა, ასევე, სლოვაკმა, რომელსაც "ჩეხოსლოვაკიის მამადაც" მოიხსენიებენ და რომელმაც არ დაიშურა ძალები ახლადშექმნილი ქვეყნისთვის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.
მღვდლის შვილმა, პროფესიით ასტრონომმა და ფრანგული არმიის გენერალმა შეძლო დასავლეთის ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღება. შტეფანიკი გახდა ახალი სახელმწიფოს სამხედრო მინისტრი და შესაძლოა ქცეულიყო იმ სლოვაკ ლიდერად, რომელიც დაიცავდა თავისი ხალხის ინტერესებს პრაღაში, თუმცა 1919 წელს შტეფანიკი ბრატისლავასთან ახლოს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში. ერთ-ერთი ვერსიით ამ ავიაკატასტროფის უკან გენერალ შტეფანიკის პოლიტიკური ოპონენტები იდგნენ.
ინდუსტრიულად განვითარებული, დიდი ტეროტორიის მქონე ჩეხეთისა და აგრარული, მცირემიწიანი სლოვაკეთის კავშირში ჩეხეთი უპირობო ლიდერი იყო. დროის გასვლასთან ერთად ბრატისლავაში სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ სრულ დამოუკიდებლობაზე. 2 ათეული წლის შემდეგ, 1938 წელს განვითარდა დრამატული მოვლენები, რომელთაც ევროპული და მსოფლიო ისტორიის ბედი განსაზღვრა.
გერმანიას, ინგლისსა და საფრანგეთს შორის დადებულმა მიუნხენის ხელშეკრულებამ ადოლფ ჰიტლერს საშუალება მისცა მოეხდინა სუდეტის ოლქის ანექსირება. შემდეგ იყო ჩეხეთის ანშლუსი და მისი ქცევა მესამე რაიხის პროტექტორატად. 1939 წლის 14 მარტს - ბრატისლავაში ერთდროულად ორ გადაწყვეტილებას იღებენ - ჩეხოსლოვაკიიდან გასვლისა და სლოვაკეთის ფორმალურად, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების თაობაზე. ახალი ქვეყნის მთავრობა მარიონეტული იყო. ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი 13 მარტს ბერლინში სლოვაკეთის ლიდერს იოზეფ ტისოს შეხვდა და აიძულა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.
ტისოს რეჟიმი სლოვაკეთში ხანმოკლე აღმოჩნდა. უკვე 1942 წელს კარპატის მთებში პარტიზანების პირველი რაზმები გამოჩნდა. სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების დღედ მიჩნეულია 1944 წლის 29 აგვისტო, დღე როდესაც გერმანიის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია დაიკავეს.
ვერმახტი იძულებული გახდა აჯანყების ჩასახშობად მნიშვნელოვანი ძალები გადაესროლა - დაახლოებით 30 ათასი სამხედრო, 2 სატანკო დივიზია და ავიაცია.
გერმანიის ჯარებმა დიდი დანაკარგი განიცადეს - ბრძოლა 10 000-ზე მეტი მოკლულით დაასრულეს. იოზეფ ტისო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
ამასობაში მეორე მსოფლიო ომმა სლოვაკეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, ქვეყანას ტოტალიტარულ ეპოქაში შესვლა დაემუქრა.
როცა ალპებს პატარა კარპატების ბორცვებიდან უმზერ
ალექსანდრ დუბჩეკი, ჩეხოსლოვაკიის ცკ-ს პირველი მდივანი
1945 წლის ნოემბერში მესამე რაიხის საბოლოო დემონტაჟის შემდეგ ჩეხოსლოვაკია საბჭოთა ჯარებმა დატოვა, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის თავზე კომუნიზმის აჩრდილი კვლავ ტრიალებდა. ომის შემდეგ პირველ საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვეს.
თუკი ქვეყნის ჩეხურ ნაწილში ისინი ხმების 40%-ით პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ, სლოვაკურ ნაწილში მხოლოდ 30% მოიპოვეს და 62%-ით ლიდერობა დემოკრატიულ პარტიას დაუთმეს. საერთო შედეგებმა კომუნისტებს საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინათ ახლი მთავრობა კლემენტი გოტვალდის მეთაურობით.
თითქმის ორი წლის შემდეგ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, რომელიც საბჭოთა სახელმძღვანელოებში "გამარჯვების მომტანი თებერვლის" სახელით შევიდა. კომუნისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ ძლიერი დაპირებით, შეენარჩუნებინათ მრავალპარტიული სისტემა. თუმცა, მალე ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო და სულ მალე ოპოზიცია განადგურდა.
1948 წლის თებერვლამდე ჩეხოსლოვაკია რჩებოდა წითელი არმიის მიერ გათავისუფლებულ უკანასკნელ სახელმწიფოდ, რომელსაც არ ჰყავდა სრულად კომუნისტური მთავრობა. ამ მოვლენამ სერიოზულად იმოქმედა ომის შემდეგომ მოწყობაზე კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბლოკებად გაყოფილ ევროპაში.
1948 წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმის განსაკუთრებული ფორმის მაინც არ ირწმუნეს. რადიო თავისუფლების, "ამერიკის ხმის", ბიბისის, "გერმანული ტალღისა" და ავსტრიული ტელევიზიების მაუწყებლობა ქვეყნის ტოტალურ იზოლაციას შეუძლებელს ხდიდა. თანდათან ქვეყნის კომუნისტურ პარტიაში გამჩნდა ორი ფრთა - "რეფორმატორები" და "დოგმატები".
60-იანი წლების ბოლოს მოხდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების ინიცირება რომელმაც მიიღო სახელწოდება "პრაღის გაზაფხული". ცკ-ს ახალმა პირველმა მდივანმა - პირველმა სლოვაკმა ამ პოსტზე ალექსანდრ დუბჩეკმა - შემოიტანა დოქტრინა "სოციალიზმი ადამიანური სახით". ცენზურა დასუსტდა, დაიწყო ეკონომიკური ცვლილებები, გამოცხადდა ძირითადი თავისუფლების კურსის გამყარება.
დუბჩეკის "გარდაქმნით" უკიდურესად უკმაყოფილო იყო მოსკოვი. სსრკ-ს ჩეხოსლოვაკიაში არა რეფორმების და სისტემის გადატვირთვის, არამედ არჩევნების შეეშინდა.
შედეგად 1968 წლის 21 აგვისტოს ღამეს დაიწყო ოპერაცია "დუნაი": საბჭოთა ჯარები, ვარშავის პაქტის მხარდაჭერით შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. მაშინ მთავარი მოვლენები პრაღაში ვითარდებოდა, მაგრამ უკვალოდ არც ბრატისლავაში ჩაუვლია: სლოვაკეთში დაიღუპა 2 ათეული ადამიანი, ასეულობით დაიჭრა.
"პრაღის გაზაფხულის" შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო ე.წ. "ნორმალიზაციის" პერიოდი - სოციალიზმის პრინციპებთან დაბრუნება. ეპოქას, რომელიც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში გაგრძელდა, უკავშირებენ ხელისუფლებაში სლოვაკი გუსტავ ჰუსაკის მოსვლას - უფრო სწორად დაბრუნებას.
ამ პერიოდში ქვეყანაში დაიწყო რეპრესიები და წმენდა. პარტიის ხელმძღვანელობიდან გაუშვეს რეფორმატორები, გააუქმეს დემოკრატიული კანონმდებლობა, აღადგინეს პარტიული კონტროლი ეკონომიკაზე, გააძლიერესუსაფრთხოებისა და პოლიციის ორგანოები. ჩეხოსლოვაკიის საგარეო და საშინაო პოლიტიკა დაბრუნდა საბჭოთა კავშირის მიერ განსაზღვრულ მკაცრ ჩარჩოებში.
დიდი თავისუფლებისკენ სწრაფვა დაამუხრუჭეს, მაგრამ ვერ გატეხეს. 1988 წლის მარტში, "პრაღის გაზაფხულის" შემდეგ პირველად, ბრატისლავაში ჩატარდა ანტიკომუნისტური აქცია. ეს იყო "ანთებული სანთლების დემონსტრაცია" – "სანთლების მანიფესტაცია" (Svieckova manifestacia). გვეზდოსლავის მოედანზე შეკრებილი მორწმუნე კათოლიკები ითხოვდნენ რელიგიის თავისუფლებას და არა მხოლოდ.
ე.წ. საიდუმლო ეკლესიამ ბევრი სლოვაკი გააერთიანა, მათ შორის ახლაგაზრდები და აქტიურები. ისინი არა მხოლოდ ლოცვებისთვის ან ბიბლიური ტექსტების გასარჩევად იკრიბებოდნენ, არამედ საუბრობდნენ პოლიტიკაზეც.
"ეკლესია გახდა კომუნისტური რეჟიმის ოპოზიციის ნაწილი", - იხსენებს დიონიზ გოხელი - "ხავერდოვანი რევოლუციის" ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც ისტორიკოსი აგატა შუსტოვა-დრელოვა ამბობს, საიდუმლო ეკლესია იყო აქტიური კათოლიკების მიწისქვეშა ორგანიზაცია, რომელიც უკმაყოფილიყო იყო რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკით, "და ეს მოძრაობა უფრო ფართო იყო, ვიდრე რეჟიმს ეგონა", - ირწმუნება სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი.
აგატა შუსტოვა დრელოვა, ისტორიკოსი
1988 წლის 25 მარტს დაახლოებით 3000 ადამიანი ბრატისლავას ცენტრში გვეზდოსლავის მოედანზე შეიკრიბა. ხელში ანთებული სანთლები ეჭირათ და მშვიდობიანი ფორმით, მდუმარედ გამოხატავდნენ თავიანთ მოთხოვნებს. პოლიციამ დემონსტრაციის დაშლის ბრძანება მიიღო. მიუშვეს ძაღლები და დუბინკებით გაუსწორდნენ შეკრებილებს. ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
"სანთლების მანიფესტაცია" გახდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მაგალითი და ერთი წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი "ხავერდოვანი რევოლუციის" წინამორბედი.
1989 წლის ნოემბერში პირველები ისე სლოვაკები იყვნენ. 16 ნოემბერს ბრატისლავაში გაიმართა სტუდენტური დემონსტრაცია არა მხოლოდ განათლების რეფორმის ლოზუნგებით, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების მოთხოვნით. მეორე დღეს ასეთივე საპროტესტო აქცია პრაღაში ჩეხმა სტუდენტებმა მოაწყვეს. ეს თარიღი მიიჩნევა როგორც სლოვაკები უწოდებენ "ნაზი რევოლუციის" საწყისად.
ბრატისლავას აქციის მონაწილე დიონიზ გოხელი დარწმუნებულია, რომ თუ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, ისტორია გადაიწერებოდა: არა 17 ნოემბერი პრაღაში, არამედ 16 ნოემბერი ბრატისლავაში გახდებოდა დღე, როცა სტუდენტთა მშვიდობიანმა დემონსტრაციამ დიდ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი.
სოციალიზმის იზოლაციაში ცხოვრების გახსენებისას გოხელი ამბობს, რომ მაშინ სლოვაკებს "ალპების ყურება, მხოლოდ მცირე კარპატების ბორცვებიდან" შეეძლოთ. თუმცა მშვიდობიანმა სახალხო აჯანყებამ შეძლო კომუნისტური პარტიის ხელისუფლებიდან მოშორება და ქვეყანაში სოციალისტური რეჟიმის დემონტაჟი. 1989 წლის 29 დეკემბერს რეოგრანიზებულმა პარლამენტმა თავჯდომარედ აირჩია "პრაღის გაზაფხულის" სულისჩამდგმელი ალექსანდრ დუბჩეკი, პრეზიდენტად კი - მწერალი და უფლებადამცველი ვაცლავ ჰაველი. მოგვიანებით, 1990 წლის ივნისში ჩატარდა ფედერალური კრების, 1990 წლის ნოემბერში კი - ადგილობრივი საბჭოების არჩევნები. ამ დროს ჩეხოსლოვაკიაში დაახლოებით 40 პარტია არსებობდა.
ახალი დასახელებით ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ - ახალი ცხოვრება დაიწყო და ახალ რთულ ეპოქაში შევიდა. "სიმართლე ითქვას, არ მჯერა რევოლუციის. კომინისტებს სჯეროდათ რევოლუციის. ვფიქრობ, ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი უბრალო ღამე, ერთი კვირა ან ერთი თვე. რაც შეიძლება მოიტანოს რევოლუციამ, ეს არის არჩევნები, მისცე საზოგადოებას არჩევანის უფლება რა გააკეთოს მომავალში. მაგრამ უფრო რთულია - რა უნდა გაკეთდეს რევოლუციის შემდეგ", ამბობს იმ მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე, სახალხო აქტივისტი ფილიპ ვაგაჩი.
"ხავერდოვანი რევოლუცია" იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რა მოხდა შემდეგ.
შემდეგ იყო ჩეხოსლოვაკიის თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევის მცდელობა. ვაცლავ ჰაველი უიმედოდ საჭიროებდა სრულიად ახალი საშინაო პოლიტიკის ფორმირებას - იხსენებს მაგდალენა ვაშარიოვა, პოპულარული სლოვაკი მსახიობი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის პირველი არაკომუნისტი ელჩი იყო ავსტრიაში. ვაშარიოვამ ვენაში 1990-1993 წლებში იმუშავა, იქამდე, ვიდრე ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა.
1993 წლის პირველი იანვრიდან არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკები.
1992 წლის 1 სექტემბერს დუბჩეკის ავტომობილი ავტოკატასტროფაში მოხვდა. პოლიტიკოსმა სერიოზული ტრავმები მიიღო და 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა. ამით მან მილან რასტისლავ შტეფანიკის ბედი გაიზიარა, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მეჩიარიზმიდან ნდრანგეტებამდე
პრაღისა და ბრატისლავას "ხავერდოვანი განქორწინება" მკვეთრად განსხვავდება საბჭოთა კავშირის მტკივნეული დაშლისა და და კატასტროფული "იუგოსლავური სცენარისგან". ეს უფრო პოლიტიკური ელიტის პირადი ინტერესების განპირობებული შეთანხმება იყო. "განქორწინების " წინა დღეს სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განწყობა დააფიქსირა.
"ჩეხოსლოვაკიის გაყოფის მთავარი რეჟისორი იყო ბატონი (ვლადიმირ) მეჩიარი. ადამიანი, რომელსაც პირადად მე კარგად ვიცნობდი. მეჩიარი პოპულისტი იყო და ეჭვი მქონდა, რომ მას აღმოსავლეთიდან ვიღაც ამზადებდა, რომ გაყოფის შემთხვევაში სლოვაკეთის მართვის უფლება ექნებოდა. მეჩიარი არ იყო მზად დემოკრატი პრემიერის როლისთვის, ხალხის შემოკრებისთვის, თანაც ყოფილი კომუნისტი იყო", - ამბობს მაგდა ვაშარიოვა.
ვაშარიოვა ჩივის რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში სლოვაკეთი ნამდვილად წრმატებული ქვეყანა იყო.
თავის მხრივ დიონიზ გოხელი გვახსენებს ტერმინს "ლიბერალური დემოკრატია", რომელიც პირველად ამერიკელმა პოლიტიკურმა კვლევარმა ფარიდ ზაქარიამ იხმარა. ასე ახასიათებდა ის 90-იანი წლების დასაწყისის სლოვაკეთს მეჩიარის მმართველობის დროს.
90-იანი წლების დასაწყისში სლოვაკეთში დადგა "დიდი დეპრესია". ქვეყანა მოიცვა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, განადგურდა მრეწველობა, უმუშევრობამ შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია, ამ ფონზე აყვავდა კორუფცია და აღმოცენდა კლანურობა.
ფილიპ ვაგაჩი პრობლემებს თავად საზოგადოებაში ეძებს, რომელიც არ აღმოჩნდა მზად "ხავერდოვანი რევოლუციით დაწყებული" დიდი საქმე გაეგრძელებინა.
მისი აზრით, სამოქალაქო უმწიფრობამ საშუალება მისცე ისეთი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას, როგორც ვლადიმირ მეჩიარი იყო.
"ის იყო ლიდერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დადგა დრო მთელი ხელისუფლება საკუთარ ხელში მოექცია და ეკეთებინა ყველაფერი რაც კი მოუნდებოდა. ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანია, რომელსაც ავტორიტარულ და საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის საშიშ პიროვნებად მივიჩნევ".
ვლადიმირ მეჩიარი. სახალხო პარტიის - მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის, ლიდერი. 1990-1998 წლებში 3-ჯერ იკავებდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, 2-ჯერ იყო სლოვაკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
დამოუკიდებელი სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩი ქვეყანას "აღმოსავლეთ ევროპის შვეიცარიად" გადაქცევას დაჰპირდა, მაგრამ მეჩიარის ხელში ის "ევროპის შავ ხვრელად" იქცა. სულ მცირე ასე შეაფასა სლოვაკეთი აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა.
მართლაც, ვლადიმირ მეჩიარი კინაღამ "სლოვაკ ლუკაშენკოდ" იქცა. მას ადანაშაულებდნენ "ბოლშევიზმში", მკაცრი კურსის გატარებასა და საკუთარი ხელისუფლების რეჟიმის გაძლიერებაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სასამართლო ორგანოებზე ზეწოლაში, ოპოზიციაზე თავდასხმასა და სპეცსამსახურების მეშვეობით განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევა გახდა 1995 წლის აგვისტოში პრეზიდენტ კოვაჩის ვაჟის გაუჩინარება. კოვაჩი მეჩიარის ყოფილი თანაპარტიელი იყო და პრემიერის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა.
მეჩიარის დროს სლოვაკეთი გახდა ერთადერთი ქვეყანა "ვიშეგრადის ჯგუფში" რომელიც არ მიიწვიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობისთვის. ბრატისლავა მაშინ საშინაო პოლიტიკის კურსში ვერ ჩამოყალიბდა და საკუთარ გზას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეძებდა.
1998 წელს სლოვაკეთში მოხდა ახალი - საარჩევნო რევოლუცია. თავისებური სამოქალაქო გადატრიალება პროდასავლური ღირებულებებისა და იდეალების სასარგებლოდ. საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტიებმა და ახალი- პრემიერ-მინისტრი გახდა რეფორმატორი მიკულას ძურინდა.
მისმა გუნდმა 2 მთავარი ამოცანა დასახა: გამოეყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციიდან და დაებალანსებინა ეკონომიკური სისტემა. ძურინდას მთავრობა დაკავდა ისეთი საკითხებით როგორიცაა: შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა, ჯანდაცვის რეფორმა, საგადასახადო წნეხის შემცირება, ფისკალური დეცენტრალიზაცია...
ფილიპ ვაგაჩის სიტყვებით, სწორედ მიკულაშ ძურინდა გახდა ლიდერი, რომელმაც შეძლო მიემართა სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოსაკენ, რომელიც "გრძნობდა ქვეყანას და ფიქრობდა მასზე". რა თქმა უნდა, მის ირგვლივაც ბევრი კითხვა ჩნდება - როგორ მართავდა ქვეყანას, რა ნაბიჯებს დგამდა მისი კაბინეტი, მაგრამ "ის კარდინალურად განსხვავდებოდა ვლადიმირ მეჩიარისგან და ქვეყანა სტრუქტურებისკენ მოაბრუნა, შეუნარჩუნა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში", ამბობს ფილიპ ვაგაჩი.
2000-2003 წლებში ვაგაჩი ვაშინგტონში სლოვაკეთის საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში, მიკულაშ ძურინდას ხელმძღვანელობით ბრატისლავა აქტიურად ემზადებოდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად.
დიონიზ გოხელის თქმით, რომელიც ბრატისლავაში ევროპარლამენტის ოფისის წარმომადგენელი იყო, 1998 წლის არჩევნები გახდა "გიგანტური შემობრუნების მომენტი, უფრო სერიოზული შემობრუნების, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოვლენაა დღევანდელ დღეს". არჩევნებში მონაწილეობას ის უწოდებს "მეორე ხავერდოვან რევოლუციას". სლოვაკეთის მოსახლეობამ უარი თქვა ვლადიმირ მეჩიარის იზოლაციურ პოლიტიკაზე და ხმა მისცა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, - ამბობს გოხელი.
ის გვახსენებს, რომ სულ რაღაც 5 წელიწადში სლოვაკეთი დაეწია თავის "ვიშეგრადის ოთხეულის" მეზობლებს, შევიდა რა 2004 წელს ევროკავშირსა და ნატოში. და თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბრატისლავა პრაღაზე, ბუდაპეშტსა და ვარშავაზე გაცილებით გვიან შევიდა, ევროკავშირს მან მეზობლებთან ერთად მიუკაკუნა.
"რეალურად ჩვენ შევძელით ევროკავშირის წევრობისთვის ყველა კრიტერიუმის შესრულება და ეს ყველაფერი შევძელით იმავე პერიოდში, იმავე საუკუნეში, რომელშიც ჩეხეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა შეძლო. ეს იყო სლოვაკეთის პროდასავლური და ლიბერალური ძალების მართლაც უდიდესი გამარჯვება და ეს სლოვაკი ხალხის დამსახურებაა. მათ გაიღეს მსხვერპლი, დათანხმდნენ რა მტკივნეულ ეკონომიკურ რეფორმებს. იგივე შეიძლება ითქვას ნატოს წევრობაზეც. ჩამოვრჩით, მაგრამ დავეწიეთ".
გოხელის თქმით, 1998 წელს აღმოცენებულმა ცვლილებების მუხტმა სლოვაკეთს საშუალება მისცა გაესწრო მეზობლებისთვის. ქვეყანა გახდა, არა მხოლოდ შენგენის შეთანხმების წევრი თავისუფალი მიმოსვლის მიმართულებით, არამედ ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით შევიდა ევროზონაშიც.
"რაღაც დაუჯერებელი მოხდა სლოვაკეთის ისტორიაში. ეს რეგიონი ყოველთვის პერიფერიად მიიჩნეოდა, გარეუბნად ვითვლებოდით და მრავალი საუკუნის განმავლობაში არასდროს ვყოფილვართ განვითარების წყარო. ახლა ჩვენ ევროსაბჭოს ბირთვს წარმოვადგენთ", - დიონიზ გოხელი.
სლოვაკეთი ნამდვილად აღარ არის ევროპის "შავი ხვრელი". მიკულაშ ძურინდას მთავრობა მრავალწლიანი ჩამორჩენის ანაზღაურებას ცდილობდა. მტკივნეული რეფორმების ფასად სლოვაკეთი კვლავ იქცა დინამიურად განვითარებად ეკონომიკად და დასავლეთის საიმედო გეოპოლიტიკურ პარტნიორად. 2002 წლიდან სლოვაკეთში დაიწყო დიდი ეკონომიკური ზრდა. ქვეყანას შეარქვეს "ტატრების ვეფხვი", "აზიური ვეფხვების" - სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ტაივანის და ჰონგ-კონგის ანალოგად და აქცენტით ქვეყნის უდიდესი მთიან ქედზე - ტატრებზე.
ძურინდამ სლოვაკეთში უცხოური ინვესტიციები მოიზიდა და მრეწველობა გააცოცხლა. ამას ხელი შეუწყო მანქანათმშენებლობის განვითარებამ, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს შეადგენს. მშპ-ს ზრდის მიხედვით სლოვაკეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბოლო წლების ევროკავშირში.
რეფორმატორი ძურინდა შეცვალა ზომიერმა მემარცხენე ცენტრისტმა რობერტ ფიცომ. მისმა პარტიამ "სმერ" (სოციალ-დემოკრატიული კურსი) 2006 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. 2010 წელს დატოვა პოსტი, მაგრამ მალე სახელმწიფო მეთაურს კაბინეტში დაბრუნდა.
ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც თანამედროვე სლოვაკეთის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისად მოინათლა, რობერტ ფიცო აიძულა საბოლოოდ დაეტოვებინა პრემიერის პოსტი.
2018 წლის თებერვალში მოკლეს იან კუციაკი და მისი საცოლე.
2017 წლის თებერვლის ბოლოს, ბრატისლავას შორიახლოს სოფელ ველკა მაჩაში გარდაცვლილი იპოვეს საგამოძიებო ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგონა მარტინა კუშნიროვა. 27 წლის კუციაკი იყო გამომცემლობა actuality.sk-ის რეპორტიორი და ბიზნესმენების საგადასახადო თაღლითობას იძიებდა, რომელიც ცნობილ პოლიტიკოსებთან, კერძოდ, პარტია "სმერის" წევრებთან იყო დაკავშირებული.
"როცა იან კუციაკის მკვლელობის ამბავი გავიგეთ, ჩემმა ცოლმა დამირეკა და მითხრა - რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ". შოკში ვიყავი, მაგრამ დავთანხმდი. ჩვენ არ უნდა გავჩუმებულიყავით, უნდა გვემოქმედა. 2 მარტს ჩავატარეთ სამგლოვიარო მარში", იხსენებს კუციაკის მეგობარი ჟურნალისტი პეტერ ნაგი.
ნაგი, მისი მეუღლე და რამდენიმე ახალგაზრდა გახდნენ სტიქიურად წამოწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, - ყველაზე მასშტაბურის "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, რამაც აიძულა პრემიერ-მინისტრი ფიცო გადამდგარიყო. მას მიბაძა პოლიციის უფროსმა, შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრებმა.
პეტერ ნაგი, 2018 წლის პროტესტის ორგანიზატორი.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა, რომ "შოკში იყო, შეძრული იყო მომხდარის გამო". მან მთავრობას მოუწოდა არ დაეშვა საზოგადოების პოლარიზაცია და ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესთავაზა. პასუხად პრემიერმა ფიცომ პრეზიდენტი "ჯორჯ სოროსის აგენტად" გამოაცხადა. იმ დროს ამერიკელი მილიარდელის მისამართით ხშირად ისმოდა ბრალდება, რომ თითქოს ბრატისლავაში მორიგი "ფერადი რევოლუცია" მოწყობა განეზრახა.
"როცა ჩინოვნიკების განცხადებები და პრემიერ-მინისტრის შეთქმულების თეორია მოვისმინეთ სოროსზე, მივხვდით, რომ ერთი საპროტესტო აქცია საკმარისი არ იყო. აქციები გავაგრძელეთ ჯერ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ - მთელი წელი. მკვლელობის შემდეგ 10 საპროტესტო აქცია ჩატარდა", - ამბობს ნაგი.
მკვლელობამდე კუციაკი იძიებდა იტალიური მაფიის - "ნდრანგეტას" სლოვაკეთთან კავშირებს. ტრაგედიიდან მალე, 28 თებერვალს გამოქვეყნდა ჟურნალისტის დაუმთავრებელი სტატია. ის იტალიელი ბიზნესმენების სლოვაკეთის აღმოსავლეთ რეგიონებში საქმიანობას და ევროკავშირის სუბსიდიების მაქინაციებზე ხარჯვას ეძღვნებოდა.
"იან კუციაკის მკვლელობა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გზაჯვარედინია. ქვეყანაში დაწყებული იყო პროცესები, როცა პოლიტიკური ლიდერები ბოროტად იყენებენ ხელისუფლებას, კორუფცია კი ისეთ დონეზეა... რაც საზოგადოების ფასეულობებისთვის დამანგრეველია. იან კუცეკი ამაზე წერდა. პატიოსანი, მართალი ჟურნალისტი იყო, რომელმაც თქვა "ასე ცხოვრება არ გამოგვადგება!" - ამბობს ფილიპ ვაგაჩი.
დანაშაულის სავარაუდო დამკვეთი, მკვლელი და დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირები დააკავეს, მაგრამ კუციაკის მკვლელობამ სლოვაკეთის საზოგადოება შეუქცევად პროცესებამდე მიიყვანა: გამოჩნდა სამოქალაქო აქტივისტების თაობა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სისტემას და მზად იყვნენ დაეცვათ საკუთარი იდეები.
"როცა ამ ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება, სლოვაკები იღვიძებენ და მას ცვლიან. ვფიქრობ, როგორც ერი ვფლობთ საპროტესტო მუხტს. ჩვენ არ შეგვიძლია გაჩუმება, აუცილებლად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. როგორც ჩანს ეს სლოვაკების დნმ-შია ჩადებული", - ამბობს პეტერ ნაგი.
კუციაკის მკვლელობამ სლოვაკეთის პოლიტიკური გარემო შეცვალა. მართალია, ფიცოს შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მისმა თანაპარტიელმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა პეტერ პელეგრინიმ დაიკავა, სიმბოლური დატვირთვა აქვს ახალი პრეზიდენტის ფიგურას.
2019 წლის მარტის არჩევნების შედეგებით უპარტიო ანდრეი კისკას შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს პარტია "პროგრესული სლოვაკეთის" წარმომადგენელი ზუზანა ჩაპუტოვა, ადვოკატი, სამოქალაქო და ეკო-აქტივისტი. მან განაცხადა რომ კუციაკის მკვლელობის შემდეგ თავი ვალდებულად იგრძნო კენჭი ეყარა. ჩაპუტოვა სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
კომენტარები