როგორ გააქრეს შავკანიანი ქალები ხელოვნებიდან
სად არიან ის მომხიბვლელი და ძლიერი შავკანიანი ქალები, რომლებსაც მითოლოგიიდან თუ ისტორიიდან უნდა ვიცნობდეთ? ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილის მტკიცებით, დასავლურმა ხელოვნებამ მათი კვალი წაშალა.
ტიტანების ჯახი 1981 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი იყო. მასში ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებმა პერსევსის, ბერძნული მითოლოგიის იმ გმირის ისტორია გააცოცხლეს, რომელმაც ზღვის ურჩხული მოკლა და მშვენიერი პრინცესა ანდრომედე გველეშაპის ლუკმად გახდომას გადაარჩინა. ფილმის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ 2010 წელს მისი რიმეიქიც გადაიღეს, თუმცა მან სამარცხვინოდ დაბალი, 26-პროცენტიანი შეფასება დაიმსახურა Rotten Tomatoes-ზე. ვერავინ იტყვის დაზუსტებით, შემფასებელთაგან რამდენს ჰქონდა კინოხელოვნებაში კლასიკური განათლება მიღებული. მაგრამ, შესაძლოა, ფილმს უკეთესი გამოხმაურება მოჰყოლოდა, მის პროდიუსერებს პირველწყაროზე მეტად საფუძვლიანი კვლევა რომ ჩაეტარებინათ. ბრიტანული ხელოვნების ისტორიკოსის, ელიზაბეტ მაკგრათის 1992 წელს გამოქვეყნებული სტატიის, შავი ანდრომედეს თანახმად, რეალურად, ანდრომედე წარმოშობით ეთიოპელი, შავკანიანი პრინცესაა.
ნებისმიერს, ვისაც კი ტიტანების ჯახის ამ ორი ფილმიდან რომელიმე მაინც უნახავს, იცის, რომ ანდრომედეს შემსრულებელი მსახიობი ქალი - იქნება ეს ჯუდი ბაუკერი თუ ალექსა დავალოსი - თეთრკანია. მათაც, ვინც ანდრომედეს ტიციანისა თუ პოინტერის ნახატებიდან იცნობენ, ალბათ ასევე სჯერათ, რომ ის თეთრკანიანი პრინცესაა. თუმცა, მაკგრათის სტატიამ სამი რამ ნათლად განმარტა: ყველა ბერძენი მითოლოგი ანდრომედეს ეთიოპიის პრინცესად მოიხსენიებს; რომაელი პოეტი, ოვიდიუსი, კონკრეტულად ახსენებს მის მუქ კანს; მთელი დასავლური ხელოვნების ისტორიის განმავლობაში მხატვრები მუდმივად უგულებელყოფდნენ მის შავკანიანობას, რადგან ანდრომედე ლამაზი უნდა ყოფილიყო - სიშავე და მშვენიერება კი ბევრი მათგანისთვის ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს წარმოადგენდა.
პროფესორი მაკგრათის მიხედვით, ანდრომედეს რასობრივი კუთვნილების შესახებ არავითარი ეჭვი არ არსებობს. ამის მიუხედავად, რენესანსის ხანის ხელოვნებაში ანდრომედეს თეთრკანიანად გამოსახავდნენ. იტალიელი მხატვრის, პიერო დი კოზიმოს 1510-იან წლებში შესრულებულ ნახატზე - პერსევსი ათავისუფლებს ანდრომედეს - ის მის გარშემო გამოსახულ ყველა სხვა ფიგურაზე თეთრიც კია. ამ ფიგურებს შორის არიან შავკანიანი მუსიკოსი და ანდრომედეს მშობლები, რომლებსაც შედარებით მუქი კანი აქვთ და ეგზოტიკური სამოსიც აცვიათ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდომედეს კანის ფერი იმ პერიოდშიც განიხილებოდა, თანაც იმ ფორმით, როგორიც თანამედროვე გადმოსახედიდან ნამდვილად რასისტულად ჩაითვლებოდა. ამასთან დაკავშირებით მკვლევარი მაკგრათი იმოწმებს ნაწყვეტს ესპანელი მხატვრისა და მწერლის, ფრანსისკო პაჩეკოს წიგნიდან - სახვითი ხელოვნება. ამ პასაჟში ავტორი სვამს კითხვას, თუ რატომ ხატავენ ანდრომედეს ასე ხშირად თეთრკანიანად, როცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით ის შავკანიანია.
"ცხადია, ის ძალიან განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ ოვიდიუსს შეეძლო მოეთხრო მშვენიერ ქალზე, რომელიც, ამასთან, შავკანიანიც იყო", - განაცხადა მაკგრათმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი სტატიის გამოსვლიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ ჩაიწერა. პაჩეკოს წიგნის მსგავსი ტექსტები მხატვრებისთვის იმის გზამკვლევებს წარმოადგენდნენ, თუ როგორ უნდა დაეხატათ ესა თუ ის საგნი თუ პიროვნება. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, როგორ შეიძლება გავრცელებულიყო მისი შეხედულებები. ხელოვნებაში მხოლოდ აქა-იქ, ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით შავკანიან ანდრომედეს. და როცა მუქი ფერის კანით გამოსახავდნენ, ქალს ხშირად მაინც სტერეოტიპულად თეთრკანიანისთვის დამახასიათებელი სხეულის აღნაგობასა და თმას უხატავდნენ. ამის მაგალითებია ფრანგი მხატვრის, ბერნარ პიკარის 1731 წელს შესრულებული ნახატი, პერსევსი და ნიდერლანდელი ხელოვანის, აბრაამ ვან დიპენბექის 1655 წლის ნამუშევარი, ანდრომედე.
ანდრომედე სულაც არ არის ერთდერთი შავკანიანი, ვისაც ხელოვნებაში მსგავსად მოექცნენ. რენესანსის ეპოქის ევროპაში ანდრომედეს გათეთრკანიანება ქრისტიანული კულტურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის მხოლოდ საწყისი ეტაპი იყო.
მაიკლ ოჰაჯურუ ლონდონის მუზეუმებში იმ ტურებს ხელმძღვანელობს, რომლებიც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს, ხელოვნებაში შავკანიანი ადამიანების რეპრეზენტაციებს გაეცნონ. ხელოვნების ისტორიკოსმა რენესანსის პერიოდის მხატვრობის შესწავლა იმიტომ დაიწყო, რომ შავი მოგვის სახელით ცნობილი პიროვნებით დაინტერესდა. ეს ფიგურა იმ სამ მეფეთაგან თუ მოგვთაგან ერთ-ერთი იყო, რომელთაც ქრისტეს მისი შობის დღეს სცეს თაყვანი. ამ სცენის ამსახველ სურათებში შავი მოგვი ახალშობილს, როგორც წესი, მურს უძღვნის ხოლმე. ოჰაჯურუ ამბავში ამ პირის პოზიტიურმა როლმა გააოცა, რადგან უმეტესად ისტორიაში შავკანიანებს მხოლოდ მონის სახით თუ წარმოაჩენდნენ. "შავი მოგვი დადებით ფუნქციას ასრულებდა", - ამბობს მკვლევარი. მისი აზრით, ეს მოგვი სიმბოლო იყო აფრიკის კონტინენტისა, რომელიც ევროპისა და აზიის კვალდაკვალ გაქრისტიანდა: "ის უკანასკნელ ჟამს სამყაროს გაერთიანების სახეს წარმოადგენდა". ოჰაჯურუმ მოგვის სავარაუდო წარმომავლობაზე წყაროს ძებნა დაიწყო. შედეგად მან ინგლისელი მწერლის, ჯონ მანდევილის მეთოთხემტე საუკუნის წიგნს, მოგზაურობანის მიაკვლია, სადაც ნათქვამია, რომ შავი მოგვი წარმოშობით საბადან, ეთიოპიის სამეფოდან იყო.
წყაროების კვლევისას ოჰაჯურუს ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ძველი აღთქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, სოლომონ მეფესთან შეხვედრის ილუსტრაციებში, საბას სამეფოს დედოფალი თეთრკანიან ქალად იყო გამოსახული. თვალსაჩინეობისთვის ის იმოწმებს ფრანგი ფერმწერის, კლოდ ლორენის ცნობილ ნახატს, საბას დედოფლის გემში ჩასხდომა ნავმისადგომთან, რომელიც ამჟამად ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება: "მისი ფიგურა ნახატის კიდეში დეტალურადაა გამოსახული და გარკვევით ჩანს, რომ ის თეთრკანიანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბას სამეფო ეთიოპიის ტერიტორიაზე მდებარეობდა და შავი მოგვიც სწორედ იქედან იყო, მაშინ, ვფიქრობ, რომ ამ სამეფოს დედოფალიც შავკანიანი უნდა ყოფილიყო".
სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება Google-ში საბას სამეფოს დედოფლის ნახატების მოძებნას, რათა საკუთარი თვალით ნახოთ თეთრკანიანი, ეგზოტიციზირებული ქალები, რომლებიც ხან სოლომონ მეფეს, ხან კი ნახატის შემყურეს, გულგრილად შესცქერიან. მართალია, საბას დედოფლის შავკანიანი გამოსახულებებიც არსებობს, თუმცა რენესანსის პერიოდში მას უმეტესად სექსუალიზირებულ, თეთრკანიან ქალად წარმოაჩენდნენ. ოჰაჯურუსთვის ეს ტრადიცია რადიკალურად უპირისპირდება დედოფლის ისეთ ადრეულ გამოსახულებებს, როგორიცაა ავსტრიის ქალაქ კლოსტერნოიბურგში მდებარე ეკლესიის საკურთხევლისთვის შესრულებული ფრესკა, რომელზეც მისი სტუმრობა მეფესთან მოგვების თავყვანისცემის სცენის გვერდითაა წარმოდგენილი. "ის იყო სიმბოლო პირველი მაცნისა და წინასწარმეტყველი იმისა, რომ შავი მოგვი ისევე ეწვეოდა იესო ქრისტეს, როგორც ის ესტუმრა სოლომონ მეფეს", - ამბობს მკვლევარი. უკვე მეთვრამეტე საუკუნეში კი მას, მეფესთან გონივრულად საკამათოდ მისული დედოფლის ნაცვლად, მაცდურ კერპთაყვანისმცემელ ქალად გამოსახავდნენ.
თუმცა მათ, ვისაც საბას სამეფოს დედოფალი ან ანდრომედე თეთრკანიანად დაუხატავთ, თავის გასამართლებლად მოსახერხებელი მიზეზი ჰქონდათ. კლასიკოსი მწერლებისთვისა თუ ბიბლიის შემსწავლელთათვის ეთიოპია, შეიძლება, სულ სხვა რამეს ნიშნავდეს. მაგალითად, არაბულ ენაში საბას დედოფალს ბელქისს უწოდებენ, რომელიც წარმოშობით იემენიდან იყო. ამასთან, სიტყვა ეთიოპიის ეტიმოლოგია ძველი ბერძნულიდან მოდის და დამწვარ სახეებს ნიშნავს. ბერძნები ასე უწოდებდნენ ყველას, ვინც მათთვის ახლობელი პატარა სამყაროსგან მოშორებით, უფრო ცხელ კლიმატურ ზონაში ცხოვრობდა.
"ეს ცოტა ბუნდოვანი საკითხია. ეთიოპია შეიძლება ყოფილიყო სადღაც აფრიკაში, ან - თუნდაც ინდოეთში; სხვაგვარად რომ ვთქვათ - დედამიწის მზისგან დამწვარ ნებისმიერ წერტილში. ეთიოპია შეგვიძლია ჯადოსნურ მიწადაც კი მივიჩნიოთ, სადაც უცნაური რაღაცები ხდება. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ეთიოპია სულაც არ ნიშნავს შავკანიან ადამიანებს და ანდრომედეც ვერ იქნებოდა შავკანიანი, მუდამ პოულობენ უამრავ მიზეზს იმის გასამართლებლად, რომ ეთიოპია, სინამდვილეში, სადღაც სხვაგან იყო. სადღაც აღმოსავლეთში. ამიტომაც მათ მარტივად შეუძლიათ მოიშველიონ არგუმენტი, რომ ეთიოპიის ადგილმდებარეობის ირგვლივ სრული გაურკვევლობაა", - ამბობს მკვლევარი მაკგრათი.
ბიბლიის ის თარგმანი, რომელზეც, სავარაუდოდ, რენესანსის დროინდელი ხელოვანები მუშაობდნენ, მისი შექმნიდან მოყოლებული მრავალჯერ გადაკეთდა. მაკგრათი თავის სტატიაში, შავი ანდრომედე, საუბრობს ბიბლიის ებრაულ და ბერძნულ ვერსიებზე, სადაც ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში, ქებათა-ქება სოლომონისა, საბას სამეფოს დედოფალი თავის თავს ასე წარადგენს: "შავი ვარ და მშვენიერი". ქრისტეს შობიდან 405 წელს შესრულებულ ლათინურ თარგმანში კი და ჩანაცვლდა მაგრამ-ით: "შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი" (აღსანიშნავია, რომ ქართულ თარგმანშიც სწორედ ამ, გვიანდელ ფორმულირებას ვხვდებით). 1611 წელს ინგლისის მეფე ჯეიმზ პირველის სურვილით თარგმნილ გამოცემაში კი ეს მონაკვეთი კიდევ უფრო შეიცვალა: "შავი ვარ, მაგრამ მიმზიდველი". ამით აშკარად ჩანს ის რასისტული დამოკიდებულებები, რომლებიც ამცირებს და ჰიპერსექსუალურად წარმოაჩენს შავკანიან ქალებს. შესაძლოა, ეს ფრაზა იმაზე მეტადაც კი მავნებლური იყოს, ვიდრე ზემოთ ნახსენები ნახატები.
შავი მშვენიერია
საბას დედოფლის სიბრძნისა და ანდრომედეს სილამაზის გარეშე, ხელოვნებაში შავკანიანთა მშვენიერებას იშვიათად თუ გადავაწყდებით. რა თქმა უნდა, არსებობს შავკანიანი ადამიანების უამრავი ესკიზი თუ ნახატი, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნიდან მათი უმეტესობა მიწაზე მომუშავეებს, მოსამსახურეებსა თუ მონებს ასახავს. თუმცა, არის უცნაური გამონაკლისებიც, რომლებსაც ნიდერლანდურ ხელოვნებაში ვაწყდებით, ანუ იქ, სადაც შავი მოგვის სიმბოლო განვითარდა.
ამასთანავე, ელიზაბეტ მაკგრათს მიაჩნია, რომ ანტვერპენი, როცა ის ნიდერლანდების სამეფოს ეკუთვნოდა, ერთობ ლიბერალური ღირებულებების მქონე ქალაქი იყო. ამ ქალაქში ხელოვნების უჩვეულო ნიმუშები შეიქმნა, რომელთა შთაგონების წყაროც სამოცდამეშვიდე ფსალმუნი შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაც ნახსენებია, რომ ეთიოპია მთელი თავისი არაებრაელი ერის სახელით "გაუწოდებს ღმერთს ხელს". ძველი აღთქმის თანახმად, მოსემ წარმოშობით ქუშ, იგივე ეთიოპელ ქალზე იქორწინა. მხატვარმა იაკობ იორდანსმა 1650 წელს სწორედ ეს წყვილი დახატა. ნახატი თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ მის შემყურეებში ჩაბუდებული სტერეოტიპები დაანგრიოს. ღმერთი მოსეს დას, მირიამს, სასჯელის სახით ერთი კვირით კეთრითაც კი აავადებს იმის გამო, რომ ქალმა მოსეს საცოლის არჩევანი არ მოუწონა. ეს ანტირასიზმის იშვიათი იკონოგრაფიული გამოხატულებაა.
პეტერ პაულ რუბენსმა, რომელსაც სრულტანიანი ქალების მშვენიერების წარმომჩენად მიიჩნევენ, 1610 წელს შესრულებულ ნახატში, სამოთხის ოთხი მდინარე, შავკანიანთა სილამაზეც ასახა. ოთხი მდინარე ოთხ ქალს განასახირებს და ყველა მათგანი რუბენსის ტრადიციულ სტილში, გამოკვეთილი კუნთებითა და სავსე მკერდითაა დახატული. ნახატის შუაში ზის ნილოსი, ერთადერთი ფიგურა, რომელმაც მაყურებლის მზერა პირდაპირ უნდა მიიპყროს. მისი სიშიშვლე მაცდურად დაფარულია, მისი კანი მუქია და ის ყველაზე მეტადაა სამკაულებით შემკული. მართალია, ის ეგზოტიციზირებულია, მაგრამ თან ძალაუფლებასაც ფლობს და სურათზე წარმოდგენილი სხვა ქალების თანასწორია. "ანტვერპენში შავკანიანი ადამიანების ხატვით ინტერესდებოდნენ და ეს, ერთი მხრივ, მათი გაქრისტიანების პროცესმა გამოიწვია, მეორე მხრივ კი იმან, რომ ამ ქალაქის ქუჩებში შავკნიანების დანახვა შესაძლებელი იყო", - ამბობს მაკგრათი.
თუმცა, მკვლევარი აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნიმუშები დასავლური ხელოვნების ისტორიაში ანომალიებად აღიქმება. "მიზეზი, რის გამოც შავმა მოგვმა მკვლევართა ყურადღება ვერ დაიმსახურა, არის ის, რომ რელიგიურ ხელოვანებსა თუ თეოლოგებს არ აინტერესებთ ეთიოპიისა და სხვა არაებრალი ერების ძველი რელიგიური სიმბოლიზმი". შედეგად, ის ფიგურები, რომელთა მნიშვნელობაც მათი ეთიოპიურობითაა ნასაზრდოები, უბრალოდ, შესწავლის ღირსად არ მიიჩნევიან.
ეს ევროპული რასიზმის ჩახლართული ისტორიაა, რომელიც გვეხმარება ავხსნათ ის, თუ რატომ არ ჩანან შავკანიანები ხელოვნებაში. და სწორედ ამიტომაცაა მაიკლ ოჰაჯურუსთვის მნიშვნელოვანი, მოიძიოს საბას დედოფლისა თუ ანდრომედეს შავკანიანი გამოსახულებები და გაარკვიოს, რატომ გაქრნენ ისინი. დასავლური ხელოვნება ბიბლიური თუ ისტორიული პირების ვიზუალიზაციით დღემდე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენებზე. ამიტომ აუცილებელია, გავერკვეთ ამ რეპრეზენტაციათა უკან მდგარ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტებში. სწორედ ამის გათვალისწინებით, 1950-იანებში იტალიელი მსახიობის, ჯინა ლოლობრიჯიდას მიერ განსახიერებული საბას დედოფალი თუ ალექსა დევეილოსის მიერ შესრულებული ანდრომედე პრობლემური ხდება.
"ვფიქრობ, ბავშვებისთვისა თუ უფროსებისთვის ამ ნახატების შესახებ მოყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო, რეალურად რა ხდებოდა ამ მხატვრების თავს და რამ უბიძგა მათ ამ ნახატების შექმნა, ეს, ცოტა არ იყოს და, ჩახლართული ამბავია", - ამბობს მაკგრათი.
კომენტარები