ერთი მოსწავლის ამბავი რაჭიდან
ნინო მეტონიძე 17 წლის მე-11 კლასელია ამბროლაურის რაიონის სოფელი თხმორიდან. იგი დედასთან, მაკა მეტონიძესთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში მეზობელ სოფელ ნამანევში დადის. იქ მისასვლელად კვირაში რამდენჯერმე ექვსი კილომეტრის მოშორებით ფეხით სიარული უწევს. მისულს კი მხოლოდ მასწავლებლები ხვდებიან. ნინო ერთადერთი მოსწავლეა.
სოფელი თხმორი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაიონული ცენტრიდან საათნახევრის გზაზეა. ნინოსთან მისასვლელად ის გზა გავიარე, რითაც ყოველდღიურად ადგილობრივები გადიან ხოლმე მიმდებარე სოფლებამდე. თხმორში 90-მდე კომლია, თუმცა ოთხივე სეზონზე იქ მხოლოდ 13 ოჯახი რჩება საცხოვრებლად.
სამარშუტო ტაქსი კვირაში ერთხელ, სამშაბათობით დადის. მგზავრები მთელი კვირის სამყოფ პროდუქტს ერთ დღეში მოიმარაგებენ ხოლმე. მძღოლს გრძელი სია აქვს მათთვის, ვინც ქალაქში ჩასვლა ვერ მოახერხა.
"საყიდლებისთვის რბოლა" რამდენიმე საათში დასრულდა. ერთ პატარა "მარშუტკაში" თითქმის მთელმა სოფელმა, ანუ ნამდვილმა მკვიდრებმა მოიყარეს თავი, ქვეყნის ავან-ჩავნის განიხილვა და თან იმაზე ფიქრი დაიწყეს, ვაითუ, რაიმეს ყიდვა დაგვავიწყდაო.
"ეჰ, ერთ დღეში გვინდა ყველაფერი...", — ამოიოხრა ერთ-ერთმა მგზავრმა უკნიდან. "ვიღაცის ხახვები მოგორავს", — იყვირა მეორემ სოფლის დამტვრეულ გზაზე გადასვლისას და შეგროვება დაიწყეს.
სოფელ ნამანევს შავრა მოჰყვა და თხმორს მივუახლოვდით. მძღოლმა და მგზავრებმა გზაზე ქალაქში ნაყიდი პროდუქტი თანასოფლელებს ჩამოურიგეს. მათი ნაწილი ჩავიდა.
"ეს ბოვშიც თხმორელია?" — მოხუცმა გადმომხედა გვერდიდან და ხმამაღლა იკითხა. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანმა იცოდა ჩემი იქ ჩასვლის მიზანი.
"ნინოს უნდა გადაუღოს სურათები" — უთხრეს ერთმანეთს. "იქნება, იმნაირი სიუჟეტი გააკეთო, რო შერცხვეს ჩვენს მთავრობას", — მეუბნება უკნიდან ქალი, მანქანის საბურავი კი კიდევ ერთ ორმოში ძლიერად ვარდება და ყველას ერთად გვაზანზარებს.
თხმორი ზღვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს. სოფელს ყველა მხრიდან მთები აკრავს, შუაში აქა-იქ ხეებში ჩამალული სახლებია, საიდანაც მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმის. ერთ-ერთი მთის ძირას ნინოს ხის სახლი დგას პატარა მწვანე ეზოთი, სადაც კიდევ სამი ძაღლი და ორი კატა ცხოვრობს.
ხის სახლი მყუდროა, ძველებური ხის ავეჯით მოწყობილი. მისვლისას დედა-შვილი რაჭული სტუმარ-მასპინძლობით დამხვდა. ხაჭაპურ-ლობიანისთვის ცომი უკვე მზად იყო. არ წყდებოდა ტელეფონის ზარი, სტუმრის ჩასვლის ამბავი მთელ სოფელს გაუგია.
ნინოს დედამ, მაკამ კითხვით მიპასუხა: "მარშუტკით" არ მოხვედი? ხოდა, მთელი სოფელი იქ იყოო".
მაკა მეტონიძე ქვრივია და ძირითადად, სახლის საქმეებს უძღვება. წარმოშობით ამავე სოფლიდანაა, თუმცა წლების წინ ტყიბულში ცხოვრობდა და თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
დილის 7 საათიდან რაჭაში მაისის მზე ძლიერად ანათებს, თუმცა მაინც ცივა. მაკა ამავე დროს იწყებს საქმიანობას, შინამეურნეობა, საოჯახო საქმეები და სასკოლო სამზადისია მოსასწრები.
თხმორიდან ნამანევამდე რამდენიმე აღმართი, ხრიოკი გზა და ექვსი კილომეტრია. ნინო ამბობს, რომ სკოლამდე ფეხით მისასვლელად ორი საათი სჭირდება. გაკვეთილები 9:30-დან ეწყება, თუმცა მაშინ, როცა სკოლაში სახლიდან მიდის, დაგვიანება საპატიოა და მასწავლებლები ელოდებიან ხოლმე.
მთებს შორის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ გზას დედა-შვილთან ერთად გავუყევი.
"დილით ყოველთვის მე მიმყავს, იქამდე მივყვები, სანამ დასახლებულ პუნქტამდე არ მივალთ, მერე თავისით მიდის", — მეუბნება მაკა და იხსენებს, რომ ნინო პირველი კლასიდან ამ გზას გადის. ამბობს, რომ უკვე შეეჩვია და აღარ ურთულდება. საქმე იმანაც გაუმარტივათ, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე დირექტორის, გიორგი ჭელიძის ოჯახში ცხოვრობს, დასვენების დღეებში კი ისევ სახლში ბრუნდება:
"თავიდან ძალიან უჭირდა, პატარა იყო, ექვსი წლის ბავშვი, ექვსი კილომეტრი ფეხით, ცოტა რთული იყო. მერე ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ციალამ [ციალა ჭელიძე - ქართული ენის მასწავლებელი] ფაქტობრივად, იშვილეს ჩემი შვილი. თავიდან უჭირდა ახალ ოჯახთან შეგუება, ტიროდა კიდევაც, მაგრამ ახლა სიხარულით მიდის".
ქვა-ღორღიანი აღმართები ერთმანეთს ენაცვლებოდა, მთის ფერდობები კი გზას პერიოდულად მზისგან გვიჩრდილავდა.
"ჩვენ შეყვარებულები ვართ ამ სოფელზე, მიუხედავად ძალიან დიდი სირთულეებისა, ამ მთის, ამ ჰაერის, ამ ბუნებრის პატრონმა, როგორ შეიძლება დატოვოს აქაურობა", — მეუბნება მაკა და გზად სოფლისა და მთლიანად რაიონის პრობლემებზე მიყვება:
"ჩვენი სოფლის ძირითადი პრობლემა წყალია, ყველგან არ არის. კიდევ გზა და გაზი, თუმცა ეს რომც მოვითხოვოთ, აბსურდია, თხმორში გაზს არავინ შემოიყვანს. კიდევ მოსახლეობის სიმცირე. იყო დრო, თითქმის ყველა სახლიდან კვამლი ამოდიოდა. დღესდღეისობით 13 მოზამთრე ოჯახი შემოვრჩით. სასწრაფო დახმარების გამოძახებისას, დროულად მოდიან, გზის და ამინდის მიუხედავად. ყოფილა შემთხვევა სასწრაფოს მანქანა ვერ ამოსულა და ფეხით ამოსულან ექიმები. ჩემი ქმრის შემთხვევაშიც ასე მოხდა, და აქედან ხარებიანი მარხილით გადავიყვანეთ. მკაცრი კლიმატური პირობებია ზამთარში, დასაქმების პრობლემაა, შემოსავალი არაფერი გვაქვს. გლეხის შრომას ფასი არ აქვს, რაიონული ცენტრიდან შორს ვართ. რომც მოვიყვანოთ ლობიო, სიმინდი, თუ რძის პროდუქტები, ბაზარი არ არის. შორს კიდე ვერ მივდივართ, რადგან გზა არ არის, არც ტრანსპორტი, მაგრამ სადაც გული გულობს, იქ შეიძლება ცხოვრება".
"წასვლაზე არ მიფიქრია", — ამბობს მაკა და იხსენებს ქმრისთვის სიკვდილის წინ მიცემულ პირობას სოფელში დარჩენაზე: "მითხრა, ახლა, ალბათ, წახვალ და ჩვენი სახლი ორ ზამთარსაც ვერ გაუძლებსო".
ამბობს, რომ სოფელს ბავშვიც მიეჩვია და ქალაქში რამდენჯერაც ჩავიდნენ, ნერვული შეტევა დაემართა: "სპაზმები, სუნთქვის უკმარისობა სჭირს".
"ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ვიყავი. ისეთი ხმაური იყო, არც დამეძინა. ბალიში თავზე გადავიფარე და დილით თვალებდასიებულმა გავიღვიძე", — ამატებს ნინო.
"კომუნიკაბელურია, მაგრამ ქალაქის ხმაურში ცხოვრება უჭირს", — იქვე მპასუხობს მაკა, ნინო კი აგრძელებს: "ქალაქში როგორც კი ჩავალ, თავბრუ მეხვევა, ჩაკეტილი ვარ, ყურები მეგუბება. აურას ვერ ვიტან. მანქანების სიგნალებს ვერ ვიტან".
დასახლებულ პუნქტს კიდევ რამდენიმე კილომეტრი გვაშორებდა. სკოლამდე მისასვლელად კი სოფელი შავრა უნდა გაგვევლო. ნინო ჰყვება, რომ ზამთარში დედა წინ მიდის, ის კი უკან მიყვება-ხოლმე, ზოგჯერ ტრაქტორი ჩადის თოვლიანი გზის გასაკვალად. მაკას თქმით, განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრმა რამდენჯერმე შესთავაზათ ტრანსპორტი დაენიშნათ მოსწავლისთის, თუმცა უარი მანვე განაცხადა. ამბობს, რომ დაკიდებული და დამტვრეული გზა ზამთარში განსაკუთრებით საშიშია და მძღოლს ვერ ენდობოდა.
"მოწყენილი ვარ, მინდა რომ ბავშვები იყვნენ, გავერთო და ამით განათლების მიღება გავიუმჯობესო. სწავლით ვსწავლობ, მაგრამ მარტო რომ ვარ გაკვეთილების მიმართ ხალისი მაინც არ მაქვს", — მეუბნება ნინო.
სკოლაში რვა საგანს: მათემატიკას, ქიმიას, საგზაო ნიშნებს, ბიოლოგიას, სპორტს, ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებს სწავლობს. ამ ყველაფერს კი ხუთი მასწავლებელი უძღვება.
"დილით, სანამ ზარი დაირეკება, მანამდე ეზოში ვარ ხოლმე და ტელეფონზე ვლაპარაკობ, მეგობრებს ვურეკავ", — სკოლის რუტინაზე მიყვება ნინო და ამბობს, რომ ყოველდღიურად, ჩვეულებრივ ექვსი ან შვიდი გაკვეთილი აქვს.
"მესამე გაკვეთილის მერე დიდი, 20-წუთიანი შესვენება მაქვს. ხან დირექტორს ველაპარაკები, ხან... რა ვიცი... ხანდახან, ჩემ თავსაც".
სკოლის მერე შუა კვირაში დირექტორის სახლში მიდის. მეუბნება რომ ყველაზე მეტად ენების შესწავლა მოსწონს, რუსული და ინგლისური ენის საგნები უყვარს და დეტექტიური ჟანრის წიგნები მოსწონს:
"როგორც კი სახლში მივალ, ხელებს დავიბან, საჭმელს შევჭამ, დავუჯდები სამეცადინოს. რა საგნებიც მაქვს მომდევნო, იმ საგნებს წავიკითხავ, დავწერ და შემდეგ კლასგარეშე წიგნებს ვკითხულობ. დირექტორის დედას, ქალბატონ ციალა ჭელიძეს საოჯახო საქმეებში ვეხმარები. 80 წლის ქალია და რაც შემიძლია ვუმსუბუქებ საქმეს".
ნინო ერთ წელში სკოლას ამთავრებს. ჯერ არ იცის გააგრძელებს თუ არა სწავლას. უნდა, რომ პროფესიულ სასწავლებელში ისწავლოს, სურს "პედიკურ-მანიკურის" ხელობა შეისწავლოს და სალონში იმუშაოს ან ვეტერინარი გამოვიდეს, რადგან ცხოველები ძალიან უყვარს. ამასთან, მეუბნება, რომ დედა სოფელს ვერ მიატოვებს და ქალაქში ვერ გადავლენ:
"ჯობია, სოფელში დავრჩე და სამეურნეო საქმეებს შევუდგე, ანუ დედას მივეხმარო, რაც შემიძლია. გავიზრდები, სრულწლოვანი გავხდბი და გადავწვყვეტ, სამომავლოდ რა იქნება".
რაზე ოცნებობ?
"ვოცნებობ, რომ ჩემი ოჯახი და ჩემი თავი იყოს კარგად, მეტი არაფერი არ მინდა. დედა ძაან მიყვარს. ის არის ჩემთვის დედაც და მამაც. მამა დამეღუპა და დედასთან გავიზარდე. მასთან ვიქნები სულ".
მაკა სახლში გაბრუნდა და გზა მე და ნინომ გავაგრძელეთ. სოფელი შავრა გავიარეთ და შემდეგ სკოლასაც მივადექით. ორსართულიანი შენობა ღობით შემოსაზღვრულ ეზოში დგას. პირველ სართულზე გამგეობაა განთავსებული, მეორეზე — სკოლა. ყველა მასწავლებელს თავისი კაბინეტი აქვს მოწყობილი. დირექტორის დედა, ციალა ჭელიძე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ნელი ჭელიძეს ბიოლოგიისა და სპორტის საგნები აქვს შეთავსებული — ფიზკულტურის გაკვეთილზე, ნინოს პინგ-პონგის ან ჭადრაკის თამაშს ასწავლის. თავად დირექტორი, გიორგი ჭელიძე კი მათემატიკის მასწავლებელია.
ქართულის და ბიოლოგიის მასწავლებლები კიბის თავში ელოდნენ ერთადერთ მოსწავლეს, დირექტორი ჭიშკართან შეგვხვდა.
"დავიწყოთ ხო?" — მკითხა ნელიმ, შენობაში შევიდა, ფანჯრის რაფიდან რკინის ზარს ხელი დაავლო, კართან დადგა და დარეკა. პირველი გაკვეთილი ქართული ენასა და ლიტერატურაში აქვთ, შემდეგ მათემატიკა, ქიმია, სპორტი.
"ჩვენ რეპეტიტორებივით ვუზივართ მას, მაგრამ არ აქვს ხალისი სწავლის მიმართ. ერთხანს იყვნენ აქ ბავშვები და მაშინ უფრო გამოცოცხლებული იყო. ახლა მეგობარი არ ჰყავს და ამ მოხუცების შემხედვარე კიდევ კაი ჭკუაზეა", — მეუბნება ქართულის მასწავლებელი, რომელიც დირექტორის დედაა, ნინო კი მათ ოჯახში ცხოვრობს:
"ორსართულიანი სახლი მაქვს და აივანზე როცაა, განატრულებული რო არი ბავშვებთან თამაშს, ავა და თავისთვის მღერის ან ლაპარაკობს, ან ცხოველებს ელაპარაკება".
ციალა ჭელიძეს მასწავლებლის 58-წლიანი სტაჟი აქვს. ამბობს, რომ ისტორიულად ნამანევის სკოლა "სახელოვანი" იყო და წლების წინ იქ ღირსების ორდენოსანი მასწავლებლები ასწავლიდნენ.
"წარსულით ვამაყობთ, მაგრამ აწმყო ვერ არი იმედიანი".
მისი აზრით, თუ არაფერი გაკეთდა რაიონში, ხალხი სოფელს არ მიუბრუნდება:
"უწყლობაა. აი, ნამანევში რომ წყალი იყოს, არის ერთი-ორი გლეხი, რომ შეუძლიათ სასტუმრო აამუშავონ. კომფორტი უნდა ექნეს იმას [სტუმარს] და პირველყოვლისა წყალი. მეფუტკრეობას ეწევიან აქ. ორ ოჯახს ფუტკარი ჰყავს, მაგრამ ამ ფუტკარსაც ხო უნდა გასავალი?"
ციალა ამბობს, რომ სოფელში ხალხი ძირითადად პენსიით ან სოციალური დახმარებით ირჩენ თავს. ფიქრობს, რომ სოფელი რესურსს აძლევთ, ხალხი კი გაზარმაცებულია:
"პურის ფულად ჰყოფნით ის [პენსია] და აღარ ირყევიან. მეწველი ძროხა კი არაა მთავრობა?! ხელ-ფეხი გაქვს, ძალა შეგწევს, გაანძრიე ხელი და ლობიო გექნება, სიმინდი გექნება, ქათამი გაზარდე, ღორი გაზარდე, ყველი გექნება. ამას უნდა ხო ბაზარში ფული და ქალაქში აღებული ხელფასი? ოჯახში დედა პენსიონერია, მამა პენსიონერია და ჯერდებიან. სიგარეტის ფული კი აქვთ და მეტი არ უნდათ. ცოლის თხოვას რომ ეტყვი, გეტყვის, ცოლს რჩენა უნდაო და დარჩნენ ბერბიჭები. ცოლი რომ მოეყვანათ, ხო იქნებოდნენ ბავშვებიც? ამასობაში ქალები საზღვარგარეთ არიან წასული, გამოუგზავნიან იქიდან ფულებს და ეგი გონიათ ცხოვრება".
სკოლის დირექტორი, გიორგი ჭელიძე 57 წლისაა. იხსენებს, რომ ნამანევის სკოლა მცირეკონტიგენტიანი იყო წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ ერთი მოსწავლე პირველად ჰყავთ. ნამანევის სკოლა ოთხი სოფლისაა და როგორც დირექტორი მეუბნება, ჯამში, ოთხივეში 150 მოსახლემდეა ისეთი, ვინც ზამთარში რჩება. მათგან ძალიან ცოტა ადამიანიღა დარჩა საშუალო ასაკის:
"დაამთავრებს, ალბათ, გაისად ნინო და ჩვენი სკოლაც დამთავრდება".
კომენტარები