როგორ აქციეს განმათავისუფლებელი ტირანად და რატომ არ მოსწონთ ეს GOT-ის ფანებს
13 მაისს სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი ქალი გაანადგურეს. სხვა სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა, როგორც მოექცა HBO, დევიდ ბენიოფისა და დ.ბ ვაისის ხელმძღვანელობით, დეინერის ტარგარიენის პერსონაჟს.
ტრადიციული გაფრთხილება სპოილერებზე!
გავაგრძელოთ. რვაწლიანი ბრძოლის შემდეგ დადგა დღე, როცა დეინერის ტარგარიენს მეფის სავანე უნდა აეღო და რკინის ტახტზე დამჯდარიყო. ამ მიზნის მისაღწევად მთავარი დაბრკოლება დედოფალი სერსეი და მისი არმია იყო. მთელი სერიის მოყოლა რომ არ მოგვიხდეს, გეტყვით, რომ სერსეის ჯარმა იარაღი დაყარა და დანებების ნიშნად, ქალაქის სამრეკლოებიდან ზარების ხმა გაისმა.
დეინერის ტარგარიენმა ბრძოლა მოიგო, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალმა, რომელმაც ბრძოლა ჩაგრულთა უფლებების დაცვით დაიწყო, უმიზნოდ დაწვა და მოაკლევინა ასიათასობით მოქალაქე.
პროდიუსერებმა მოვლენების ასეთი განვითარება დეინერისის იზოლაციითა და მის თავს დამტყდარი სირთულეებით ახსნეს. უფრო ზუსტად კი, ბენიოფმა და ვაისმა თქვეს, რომ დეინერისმა ვერ გადაიტანა ჯორაჰისა და მისანდეის დაკარგვა და ჯონის "გაუცხოება".
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი დეინერისის გზას:
"მონობიდან" განმანთავისუფლებლობამდე
დეინერისი ბავშვი იყო, როცა აჯანყებული რობერტ ბარათეონის არმიამ მისი ოჯახის წევრები დახოცა. დარჩა ერთადერთი ძმა, რომელიც მას სცემდა და ამცირებდა.
დეინერისს სამშობლოს დატოვება და გაქცევა მოუწია. არასდროს ჰქონია სახლი და უცხო ადამიანების იმედად გაჰქონდა თავი.
ჯერ კიდევ არ ეთქმოდა ზრდასრული, როცა ძმამ ჯარში გაცვალა და კჰალ დროგოს მიჰყიდა. დეინერისს ეშინოდა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა.
ახალდაქორწინებულს დროგო აუპატიურებდა. თავის გადასარჩენად მოუწია იმ ველურ გარემოსთან შეგუება, რომელშიც აღმოჩნდა. მერე კი მოძალადე ქმარი შეუყვარდა და მისი კჰალასარის პატივისცემა დაიმსახურა. ამის მისაღწევად მას ცხენის გულის უმად შეჭმა და ხელების დასისხლიანებამდე ცხენზე ჯირითი დასჭირდა.
კჰალისი
ყველაფერი გადაიტანა. მალევე ისე მოძლიერდა, რომ საკუთარი აზრის დასაცავად წინააღმდეგობის გაწევა ისწავლა. აღარ დაემორჩილა მოძალადე ძმას და საბოლოოდ სიკვდილითაც დასაჯა.
პროდიუსერები ამბობენ, რომ სწორედ აქ გამოჩნდა პირველად დეინერისის პიროვნების ბნელი მხარე, როცა მან აუღელვებლად უყურა, როგორ კლავდნენ ვისერისს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთით ადრე ვისერისი ემუქრებოდა მას, რომ გამოფატრავდა ნაყოფს, რომელსაც ის მუცლით ატარებდა.
ამის შემდეგ დეინერისი შეეწინააღმდეგა მთელ კჰალასარს, როცა ისინი ქალების გაუპატიურებას აპირებდნენ. მან უარყო დოთრაკული ტრადიცია და დაიცვა ქალები, რომლებსაც არ იცნობდა. ამას მოყვა ჩხუბი, რა დროსაც მისი ქმარი დაჭრეს.
დეინერისი ენდო ჯადოქარს, რომელმაც დროგო და მისი მომავალი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, მერე კი მას თავად მოუწია ქმრის ტანჯვის დასრულება. ესეც გადაიტანა.
ერთადერთ ქონებასთან, დრაკონის კვერცხებთან, ქმრის ცხედართან და ჯადოქართან ერთად ცეცხლში შევიდა ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ამას რა მოყვებოდა. ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა და დრაკონების დედა გახდა.
ამის შემდეგ დაკარგა კჰალასარი და უდაბნოში აღმოჩნდა რამდენიმე თანმხლებთან ერთად. მოუკლეს სისხლისმიერი მხედრები. რამდენიმე დღე იარა დამწვარმა, მშიერმა, წყლისა და იმედის გარეშე. გადარჩა.
აღმოჩნდა ქართში, მოუწია დამამცირებელი დამოკიდებულების ატანა. მას მოპარეს დრაკონები, მოუკლეს მეგობარი და ერთგული მსახური. უღალატა სხვა მსახურმა, რომელსაც ენდობოდა. ესეც გადაიტანა.
დრაკონები დაიბრუნა. ქურდი ჯადოქარი დაწვა და ქართის ბატონების ქონებას დაეუფლა.
უნაკლოების და იუნკაის გათავისუფლება
ჩავიდა ასტაპორში. აიტანა დამცირება მონათმფლობელისგან და მას 8 000-იანი არმია წაართვა (ამას დამატებული დამწყები უნაკლოები, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია), სიკვდილით დასაჯა მონათმფლობელები და გაათავისუფლა სხვა მონებიც, მათ შორის - მისანდეი.
უარი თქვა უნაკლოების კვერთხით მართვაზე და შესთავაზა მათ, სურვილის მიხედვით დარჩენილიყვნენ მის არმიაში.
ჯართან ერთად მიადგა იუნკაის კარიბჭეს. არ დასთანხმდა უამრავ ოქროს ტერიტორიის დატოვების სანაცვლოდ, რადგან ქალაქში მცხოვრები მონების გათავისუფლება სურდა.
აიტანა მორიგი დამცირება ბატონებისგან, აიტანა დამცირება მეორე შვილების არმიის ლიდერებისგან და საბოლოოდ, ხელში ჩაიგდო კიდევ ერთი არმია.
აიღო იუნკაი, თუმცა მონებს უფლება მისცა, თავად გადაეწყვიტათ, სურდათ თუ არა თავისუფლად ცხოვრება. ასე გახდა "მისა", ანუ დედა.
მიერინის გათავისუფლება და მეორე შვილების არმია
იუნკაის შემდეგ მიადგა მიერინს. გზად ჯვრებზე გაკრული 163 მონა ბავშვი ნახა და ყოველი მათგანის დასაფლავება ბრძანა. მანამდე კი, თითოეულ მათგანს ჯაჭვი მოხსნა.
კარიბჭესთან მისული ქალაქს თავს არ დაესხა და მოსახლეობას მიმართა:
"თავდაპირველად ასტაპორში მივედი. მონები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ახლა თავისუფლები ჩემ უკან დგანან. შემდეგ იუნკაიში მივედი და იქაური მონები ახლა ჩემ უკან დგანან, ასევე, თავისუფლები. ახლა მიერინში მოვედი.
მე თქვენი მტერი არ ვარ. მტერი გვერდით გყავთ. ისინი ხოცავენ თქვენს შვილებს. მტერი მხოლოდ ჯაჭვებს, ტანჯვასა და ბრძანებებს გიმზადებთ. მე თქვენ არ გიბრძანებთ. მე არჩევანს მოგცემთ, თქვენს მტრებს კი საკადრისად დავსჯი".
ამ სიტყვების შემდეგ დეინერისმა მონების ყელსაბამები ისროლა. ამ ფორმით მან კიდევ ერთხელ შეახსენა ადგილობრივებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება.
მონებს იარაღი დაურიგა და უფლება მისცა, თავად გადაეწყვიტათ, სურდათ თუ არა ბრძოლა. ასე აიღო ქალაქი.
163 ბატონი ჯვარზე გააკრა და მათ სამაგიერო გადაუხადა ჩადენილი საქმეებისათვის. "უსამართლობას სამართლით ვუპასუხებ", — ასე განმარტა მან საკუთარი გადაწყვეტილება.
გადადებული გეგმები და დატყვევებული შვილები
როცა გაიგო, რომ ასტაპორსა და იუნკაიში მონათმფლობელობა აღადგინეს, შვიდი სამეფოს დაპყრობის გეგმა გადადო და ქალაქების სამართავად დარჩა. ამ დროს ვესტეროსის დასაპყრობად ყველაზე მომგებიანი დრო იყო, რადგან ტახტზე ტომენ ბარათეონი იჯდა.
"როგორ ვმართავ ვესტეროსს, თუ მონათა ყურესაც ვერ ვიმორჩილებ. რატომ უნდა დამიჯეროს, რატომ უნდა გამომყვეს ვინმე?! არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ ტარგარიენი ვარ. უფლებას არ მივცემ, ხელახლა დაადონ ბორკილები მათ, ვინც გავათავისუფლე".
მიერინში დარჩა და მართვა დაისახა მიზნად. როცა გაიგო, რომ ერთ-ერთმა დრაკონმა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, საკუთარი შვილები დაატყვევა.
როცა იუნკაიში ისევ აჯანყდნენ, თავდაპირველად ყველა ბატონის სიკვდილით დასჯა დაგეგმა, მაგრამ მერე მათ არჩევანის უფლება მისცა.
გაიგო, რომ მისი ყველაზე ახლო მრჩეველი და ძველი მეგობარი რობერტ ბარათოენის ჯაშუში იყო და მისი მოკვლა ჰქონდა დავალებული. ჯორაჰი სიკვდილით არ დასაჯა და ქალაქიდან გააგდო.
გადაიტანა ჰარპიის შვილების აჯანყება, დაკარგა ბარისტან სელმი, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ოჯახთან კავშირს აგრძნობინებდა.
სამართლიანობის სახელით სიკვდილით დასაჯა ყოფილი მონა, რომელმაც უარყო მისი ბრძანება და ჰარპიის შვილი მოკლა. გრძნობდა, რომ ამას წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასე მოქცევა იყო სწორი.
ისევ ტყვეობიდან დედოფლობამდე
მორიგი აჯანყების მსხვერპლი გახდა. დრაკონის გადასარჩენად მოუწია მრჩევლების დატოვება და გაფრინდა. დაიკარგა და ისევ კჰალასარის ტყვეობაში აღმოჩნდა.
ფეხით ატარეს, ცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ აიტანა. ვაის დოთრაკში ჩასულმა ათი კჰალი დაწვა და კიდევ ერთხელ იშვა ცეცხლიდან.
კჰალასარი დაიმორჩილა და მათთან ერთად დაბრუნდა მიერინში. ქალაქი ცეცხლის ალში დახვდა გახვეული.
"ყველა ბატონს დავსჯი. მათ ფლოტს გადავწვავ. მოვკლავ ყველა მებრძოლს და ქალაქებს ფერფლად ვაქცევ. ეს არის ჩემი გეგმა. არ მოგწონთ?", — ჰკითხა დეინერისმა მრჩეველ ტირიონს, როცა ქალაქში დაბრუნდა.
მას შემდეგ, რაც პასუხად მიიღო, რომ მამამისი "გიჟი მეფე" ანალოგიურად მთელი ქალაქის დაწვას აპირებდა და ამიტომ მოკლეს, გადაიფიქრა. ტირიონის გეგმას დათანხმდა, ძალის დემონსტირებისთვის ბატონების რამდენიმე გემი დაწვა და ორი მათგანი სიკვდილით დასაჯა. ნაკლები მსხვერპლით მშვიდობა შეინარჩუნა.
პრობლემების მოგვარების შემდეგ ის ვესტეროსისკენ გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ამ ბრძოლისთვის ემზადებოდა, ჯარის დიდი ნაწილი თან არ წაუყვანია. მეორე შვილები მან გათავისუფლებულ ქალაქებში დატოვა წესრიგის შესანარჩუნებლად და მონობის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.
"არ მინდა ფერფლის დედოფალი გავხდე"
ვესტეროსში დაბრუნებულმა შეიწყალა ვარისი და მას მრჩევლად დარჩენის უფლება მისცა. ვარისის მოსაკლავად მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში ის, რომ დეინერისი კჰალ დროგოს სწორედ ვარისის და მისი მეგობრების დახმარებით მიჰყიდეს. მეორეც, ვარისი აწვდიდა დაქირავებულ მკვლელებს ბრძანებებს დეინერისის ლიკვიდაციის შესახებ.
დეინერისს ვარისს სიტყვაზე ენდო, რადგან გაიგო, რომ სახელმწიფოს და ხალხს ემსახურებოდა. აიღო მისგან პირობა, რომ შეთქმულებას არ დაგეგმავდა და თუ მიიჩნევდა რომ დეინერისი შეცდომას უშვებს, პირდაპირ ეტყოდა. თავად კი დაპირდა, რომ ღალატის შემთხვევაში ცოცხლად დაწვავდა. ეს გააკეთა კიდეც.
მაშინ, როცა ტაირელები, გრეიოჯები და სენდები ურჩევდნენ, მეფის სავანე შტურმით აეღო, მან განაცხადა: "არ მინდა, ფერფლის დედოფალი გავხდე".
"არ დაგემორჩილებიან, თუ თქვენი არ შეეშინდებათ", — ურჩია მას ოლენა ტაირელმა და შეახსენა, რომ დრაკონია. ძალის გამოყენებაზე მაინც უარი თქვა და ტირიონის გეგმას დათანხმდა.
სერსეიმ აჯობა. გაუნადგურა სამი მოკავშირე სახლი და ფაქტობრივად, ომში მარტო დატოვა. ამაზე დეინერისმა შური იძია და ლანისტერების არმია გადაწვა. იქვე სიკვდილით დასაჯა ტარლების ოჯახის წევრები, რადგან მათ მუხლი არ მოიდრიკეს.
ამის შემდეგ მიიღო ჯონ სნოუ, რომელმაც მის მორჩილებაზე უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი ღალატში დაადანაშაულა, მუხლის არ მოდრეკის გამო, არ მოუკლავს. პირიქით, ტირიონის მორიგი რჩევა გაითვალისწინა და დრაკონის შუშის მოპოვების უფლება მისცა.
მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ჯონი არა ტახტისთვის, არამედ ხალხისთვის იბრძვის, მის დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლე გარისკა. გაფრინდა ჩრდილოეთში, კედლის მიღმა და ამ გადაწყვეტილების გამო ერთ-ერთი შვილი, ვისერიონი დაკარგა. ესეც გადაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზანი რკინის ტახტი იყო; მიუხედავად იმისა, რომ ჯონმა არ დაუჩოქა, ის მაინც ჩაება სხვის ომში. ამის შემდეგ მიიღო მორჩილება ჯონისგან, მაგრამ ჩრდილოეთისგან - ვერა.
დასახმარებლად ჩასულს, უნდობლობით უყურებდნენ. საყვარელი კაცის ოჯახი პატივს არ სცემდა და დამპყრობლად თვლიდა. სანსა მის აზრს არ ითვალისწინებდა.
გაიგო, რომ მისი ამბიციები ტახტის მოპოვებაზე ცრუ რეალობას ემყარება და ტახტის რეალური მემკვიდრე მისი ძმისშვილი და მისივე შეყვარებულია. გაბრაზდა, მაგრამ ომში მაინც იბრძოლა.
კიდევ ერთხელ გარისკა საკუთარი სიცოცხლე, როცა დრაკონით ბრძოლაში ჩაება. ცხოვრებაში პირველად აიღო ხმალი ხელში და მეგობრის დასაცავად იბრძოლა. თვალწინ მოუკვდა ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მასთან იყო.
ნახევარი არმია დაკარგა ჩრდილოეთის გადასარჩენად, მაგრამ მადლიერება მაინც არ უგრძვნია გადარჩენილებისგან. ომის გმირად რატომღაც სნოუ ჩაითვალა.
ამხელა სირთულეების ფონზე, დეინერისის პერსონაჟის რეგრესი მისანდეის და რეიგალის სიკვდილზე "გადაეკეტათი" ნამდვილად ვერ აიხსნება. სცენარისტებისა და რეჟისორებისგან GOT-ის მაყურებელი მეტს ელოდა - უკეთ შემზადებულ ტრანსფორმაციას.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სერიალი სექსიზმს ახალისებს და სწორედ ამიტომ გააფუჭეს პერსონაჟის ხაზი. პირიქით, სამეფო კარის თამაშებში საკმაოდ დიდი ხნის განმვალობაში ქალები თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს. მათ აწამებდნენ, ამცირებდნენ, მაგრამ ისინი ძლიერდებოდნენ და სასურველ მიზანს აღწევდნენ.
ეს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის, რამ აიძულა სერიალის შემქმნელები, დაენერისის პერსონაჟისთვის სიღრმე და წინააღმდეგობრიობა გამოეცალათ და უბრალოდ ეთქვათ, რომ "მამას დაემსგავსა".
როგორც ჩანს, ვერ გავიგებთ, რა საჭირო იყო უმართავი ეგოისტი ქალის სახე, რომელმაც შურისძიებას ყველაფერი შესწირა. ერთი კი აშკარაა, ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებები მაყურებელმა დაიწუნა, რაც რეიტინგებზეც აისახა.
ამავე თემაზე:
- როგორ განმარტავენ შოუს პროდიუსერები დეინერის ტარგარიენის პერსონაჟის რადიკალურ ცვლილებას
- რას შეიძლება ნიშნავდეს დეინერისის ჩამოშლილი ნაწნავები მეხუთე სერიის პრომოში
- 10 პერსონაჟი, რომლის სიკვდილმაც Game Of Thrones-ში ყველაფერი თავდაყირა დააყენა
- ომი დასრულდა — ნახეთ Game Of Thrones-ის ფინალური სერიის ტრეილერი
- დედა, რომელმაც შვილს კჰალისი დაარქვა, GOT-ის ბოლო სერიის შემდეგ შოკშია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები