რას შეიძლება ნიშნავდეს დეინერისის ჩამოშლილი ნაწნავები მეხუთე სერიის პრომოში
სტატია ბნელი არა, მაგრამ დიდია და სპოილერებითაა სავსე!
არავისთვისაა უცხო, რომ ჯორჯ მარტინის საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ეკრანიზაცია Game Of Thrones მინიშნებებითაა სავსე და თეორიებით საზრდოობს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ სეზონში ფანების ათეულობით თეორია არ გამართლდა, რამაც კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია, სერიალი თავის ხიბლს მაინც არ კარგავს.
დღეს ერთ-ერთ ისეთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ დიდი ისტორია აქვს. ერთგულ მაყურებელს ემახსოვრება დოთრაკული ტრადიცია ვარცნილობის შესახებ. მათთვის, ვინც გულმავიწყია განვმარტავთ, რომ დოთრაკი კჰალები თმას მხოლოდ მაშინ იჭრიდნენ, როცა ბრძოლაში მარცხდებოდნენ.
ამიტომაც ჰქონდა დაუმარცხებელ კჰალ დროგოს უზარმაზარი ნაწნავი.
ეს ტრადიცია ტარგარიანების შთამომავალმა, დეინერის ტარგარიენმა თავის წესადაც აქცია. პირველი სეზონიდან ბოლომდე ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა დედოფლის თმაზე ნაწნავების რაოდენობა. მომავალი სერიის პრომოში კი მის დაშლილ დალალებს ვხედავთ. დეტალურად განვიხილოთ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს.
პირველად სერიალში დეინერისი ზურგით გამოჩნდა და მაყურებელმა ტარგარიენთა შთამომავლის გაშლილი ვერცხლისფერი დალალები იხილა. ეს იყო გოგო, რომელსაც ძმამ ყველა უფლება აყარა და თავისი მიზნების გამო გაყიდა.
ასე დაიწყო მისი გზა. გამოუცდელი პრინცესა დოთრაკთების ულმობელ სამყაროში აღმოჩნდა. პირველი ნაწნავი მას მაშინ გაუჩნდა, როცა დროგოს ცოლი გახდა.
მაშინ ქარიშხალთშობილი ტარგარიანი ჯერ კიდევ მონად გრძნობდა თავს, რადგან დოთრაკების კჰალი მას პატივს არ სცემდა. დეინერისის თმაზე მეორე ნაწნავი გაჩნდა, როდესაც მან დროგო "დაიმორჩილა" და მისი კჰალასარის პატივისცემა დაიმსახურა.
გახსოვთ ეპიზოდი, სადაც ვისერისი დეინერისს ამცირებს და ეუბნება, რომ სურს დოთრაკებს დაამსგავსოს? ვისერისი დას ეკითხება: "გინდა მეც ამ ველურებივით ჩავიწნა თმა?" დეინერისი კი პასუხობს, რომ მას ამის უფლება არ აქვს, რადგან ნაწნავი გამარჯვების სიმბოლოა, ვისერისს კი არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებია.
ამის შემდეგ დეინერისმა პირველი ნამდვილი გამარჯვება იზეიმა, როცა დროგოს კჰალასარს დაპყრობილ ქალაქში ქალების გაუპატიურების უფლება არ მისცა და ისინი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. ეს აისახა თმაზეც. (ვიცით, რომ ჯადოქარმა მოატყუა, რის გამოც დროგო მოკვდა, მაგრამ კჰალასარის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი აზრის გატანა მაინც გამარჯვებაა)
სეზონის ბოლოს, როცა დეინერისი ცეცხლში შევიდა დრაკონის კვერცხებთან, ჯადოქართან და გარდაცვლილ ქმართან ერთად მას უკვე საკმაოდ რთული ნაწნავი ჰქონდა. რადგან მან დაამარცხა ძმა, მიიღო პირობა შვიდი სამეფოს დაბრუნების შესახებ და დროგოს დაცემის შემდეგ აჯანყებული კჰალასარი დაიმორჩილა, თუნდაც დროებით.
ასე დაიბადნენ დრაკონები.
მეორე სეზონის დასაწყისში, როცა დეინერისმა კჰალასარი დაკარგა და თავადაც უდაბნოში დაიკარგა მცირე არმიასთან ერთად, ვხედავთ, რომ მისი ვარცხნილობა დაშლილია. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ უწყლოდ და საკვების გარეშე დარჩენილ დეინერისს თმის მოწესრიგების დრო არ ჰქონდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დეტალიც სიმბოლურია.
ასევე თმამოშლილი მიადგა ის ქართს, უდიდეს ქალაქს, რომელიც არსებობს და იარსებებს.
მას შემდეგ, რაც დეინერისმა ქართის ერთ-ერთი მეთაურისგან პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქში შეაღწია, ვარცხნილობა დაიბრუნა.
აქ იჭრება ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც შეიძლება მთელ ჩვენს თეორიას ანულებდეს, ან — არა. ქართში ზეიმზე მიწვეული დეინერისი სრულიად გაშლილი თქმით გვხვდება.
ამის მიზეზად შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ მას ურჩიეს პატივისცემა გამოეხატა მაცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც ის საჩუქრებით აავსეს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა თანმხლებმა დეინერისს ურჩია, ჩაეცვა ნაჩუქარი კაბა, რომელშიც ის პრინცესას ემსგავსებოდა. მას უარის თქმა მოუწია დოთრაკულ ტანსაცმელზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. კაბასთან ერთად, მან უარი თქვა დოთრაკულ ვარცხნილობაზეც.
მას შემდეგ, რაც დეინერისმა დრაკონებთან ერთად ქართელი ჯადოქარი ამობუგა, ბიზნესმენი ქსარო თავისსავე სეიფში გამოკეტა და მის ქონებას დაეუფლა, ისევ ნაწნავებიანი ვარცხნილობა დაიბრუნა.
ქონებითა და ერთგული მრჩევლებით დეინერისმა თავისუფალ ქალაქებს მიაშურა, სადაც უნაკლოთა არმია შეიძინა ისე, რომ ერთი ვერცხლიც არ დაუხარჯავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი გამარჯვება მოიპოვა, რაც მის ვარცხნილობაზეც აისახა. ქალაქ იუნკაისთან მისულს თმებზე უფრო რთული ნაწნავი გაუჩნდა.
იუნკაის აღების შემდეგ დეინერისმა ასტაპორი და მიერინიც დაიპყრო. მიერინელი ბატონებისა და ჰარპიის ძმების აჯანყებების ჩახშობის შემდეგ (ყოველი შემთხვევისთვის მას ეგონა, რომ დაამარცხა) დედოფლის თავზე ნაწნავების რაოდენობა ისევ გაიზარდა.
ასე იყო მანამ, სანამ მებრძოლთა კლუბის შეხვედრაზე მას თავს არ დაესხნენ, რის გამოც დრაკონთან ერთად გაფრენა მოუწია.
აქაც შეიძლება დრაკონზე ფრენისას ქარს დააბრალოთ თმის მოშლა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სხვა ფრენებისას ის იდეალურად ინარჩუნებს ვარცხნილობას. აშკარაა, რომ იმ სიტუაციაში კჰალისი სპეციალურად არ დაიშლიდა თმებს, მაგრამ მისი დამარცხება და ნაწნავების დაშლა ისევ დაემთხვა ერთმანეთს.
ასე იყო მაშინაც, როცა ის მონის სტატუსით წაიყვანეს დოთრაკებმა ვაის დოთრაკში. თუმცა, როცა დეინერისი კჰალების შეკრებაზე აღმოჩნდება, სადაც მათ გაუსწორდება, ნაწნავი ისევ ჩნდება.
სულ მალე, როცა ის ათეულობით კჰალის კჰალასარს დაიმორჩილებს და მიერინისკენ გაეშურება, მისი ვარცხნილობა ნამდვილ ლაბირინთს ემსგავსება.
მიერინში დაბრუნებული დედოფალი კიდევ ერთხელ დაამარცხებს აჯანყებულ ბატონებს, დაისაკუთრებს ფლოტს და ისტორიაში პირველად დოთრაკებს ზღვაზე გადაიყვანს. ის სახლში ბრუნდება და მისი ვარცხნილობა პირდაპირ ამბობს, რომ მან უკვე მრავალ გამარჯვებას მიაღწია.
იმ დროისთვის, როცა დეინერისი პირველად შეხვდება ჯონ სნოუს, მას უკვე ჰყავს ტირელების, დორნის და გრეიჯოების არმია. შვიდი სამეფოდან სამის მიმხრობა დედოფალმა ვარცხნილობაშიც ასახა.
ამის შემდეგ დეინერისი კარგავს გრეიჯოების ფლოტს და დორნისა და ტირელების არმიას. დედოფალი მარცხდება, თუმცა გადაწვავს ლანისტერების ჯარს და გამარჯვებულის სტატუსს იბრუნებს.
ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ ალბათ, არც დეინერისის ქვეშევრდომებს და არც სცენარისტებს დრო არ დარჩათ მის ვარცხნილობაში ცვლილება შეეტანათ. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნია, რომ ვისერიონის სიკვდილი, როგორც მარცხი, დრაკონების დედის ვარცხნილობაზე არ ასახულა.
საკმაოდ რთული ნაწნავითა და უზარმაზარი ჯარით ის ჩრდილოეთში ჩადის, რომელიც ახლა მის დაქვემდებარებაშია.
ამის შემდეგ იყო გრძელი ღამე, რომელიც არც ისე გრძელი აღმოჩნდა. ღამის მეფის არმია მალევე გაისტუმრეს საიქიოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომში გამარჯვება დეინერისის დიდი დამსახურებაა, რადგან სწორედ მას ეკუთვნოდა ვესტეროსის ისტორიაში უდიდესი ჯარი.
დედოფალი კარგავს ერთგულ მეგობარს და ნახევარ ჯარს, მაგრამ ამარცხებს უდიდეს ბოროტებას, ამიტომ მეფის სავანეში ჩასულს ისევ გამარჯვებულის ვარცხნილობა აქვს.
ყველამ ვიცით, რა იყო შემდეგ. დეინერისს თვალწინ მოუკლეს ერთგული მრჩეველი და მეგობარი, რაც მისი, როგორც მეთაურის შეცდომა და არასწორი საბრძოლო სტრატეგიის შედეგია. როგორც ჩანს, ის მარცხს აღიარებს და სწორედ ამიტომ, დოთრაკული ადათით პატივაყრილი, მოშლილი ნაწნავებით ჩნდება მომდევნო სერიაში.
შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ერთი პერსონაჟის ვარცხნილობაზე ასე ჩაკირკიტება ნამდვილად დროის კარგვაა, მაგრამ სწორედ იმისთვის ვარსებობთ GOT-ის ფანები, რომ საათობით ვიკითხოთ მინიშნებები. სწორედ ეს ხდის სამეფო კარის თამაშებს უნიკალურს. აქ ყოველი დეტალი ისტორიას მალავს.
წინ დიდი ბრძოლაა ტახტისთვის და ათეულობით უპასუხო კითხვაც, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. მანამდე კი, ვალარ მორგულის!
კომენტარები