დედამიწისეულმა ორგანიზმებმა კოსმოსში გადარჩენა შეძლეს - კვლევა ISS-ზე
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარედან მიმაგრებულმა დედამიწისეულმა ორგანიზმებმა კოსმოსის მკაცრ პირობებს — ვაკუუმს, ინტენსიურ ულტრაიისფერ რადიაციასა და ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს 533 დღის განმავლობაში გაუძლეს.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ გადარჩენა შესაძლოა მარსზეც მოახერხონ.
მზის სისტემაში არსებული პლანეტებიდან, მარსი სიცოცხლისათვის ყველაზე შესაფერისია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სიცოცხლეს მაინც ძალიან მკაცრ პირობებს უყენებს, მარსი ძალიან მშრალია, მასზე ქვიშის ქარიშხლები მძვინვარებს, ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა ძალიან დაბალია, მიზიდულობა სუსტია, თხელი ატმოსფერო კი მზის მომაკვდინებელი რადიაციის შეკავებას ვერ ახერხებს.
ჩვენ მარსზე სიცოცხლის კვალი ჯერ არ დაგვიფიქსირებია, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად რეალურია წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა. ერთ-ერთი გზა დედამიწაზე მარსის მსგავსი გარემო პირობების მოძებნაა, წინასწარ გეტყვთ, რომ მეცნიერებს მსგავს პირობებში სიცოცხლე უკვე ნაპოვნი აქვთ.
მეორე გზა კი ცოტა უფრო ძვირადღირებულია და ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მოიცავს.
ექსპერიმენტი BIOMEX გერმანული კოსმოსური ცენტრის (DLR) ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბაქტერიები, წყალმცენარეები, მღიერები და სოკოები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარსის მსგავს პირობებში მოათავსეს.
ჩვენ ვიცით, რომ მარსზე არსებობს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლისთვისაა საჭირო, მაგალითად, ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი, ფოსფორი, წყლის ყინული და ზოგჯერ, სავარაუდოდ, თხევადი წყალიც კი.
აღნიშნული ორგანიზმების კულტივირება სპეციალურ კონტეინერებში, მარსის სიმულირებულ ნიადაგში მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მარსის ნიადაგის ნიმუშები არ გვაქვს, თუმცა ვიცით, თუ რისგან შედგება ის. შემდეგ კი ეს კონტეინერები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ მოთავსადა.
ამ კონტეინერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 18 თვე გაატარეს, შემდეგ კი ისინი ასტრონავტებმა უკან დედამიწაზე დააბრუნეს.
შედეგები შთამბეჭდავი იყო.
"ორგანიზმებისა და ბიომოლეკულების ნაწილმა კოსმოსში არსებული რადიაციისა და მკაცრი პირობების მიმართ დიდი გამძლეობა აჩვენა. მათ გადარჩენა და დედამიწაზე ცოცხლად დაბრუნება მოახერხეს. ამ ორგანიზმებს შორის იყვნენ არქეები, ეს ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია, რომლებიც დედამიწაზე უკვე 3,5 მლრდ წელია არსებობენ. ისინი ძირითადად ზღვის მარილიან წყალში ცხოვრობენ. ჩვენს ექსპერიმენტში სწორედ მათი მონათესავე ორგანიზმები გამოვიყენეთ, რომლებიც არქტიკაში არსებული მუდმივად გაყინული ნიადაგიდან მოვიპოვეთ. მსგავსი ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები წარმოადგენენ სიცოცხლის იმ ტიპს, რომელსაც შესაძლოა ერთ დღეს მარსზე წავაწყდეთ", - აცხადებს DLR-ს პლანეტარული კვლევის ინსტიტუტის ასტრობიოლოგი ჟონ-პირ პოლი.
ექსპერიმენტში არსებული მიკროორგანიზმები ექსტრემოფილებს მიეკუთვნებიან. ეს ისეთი ორგანიზმებია, რომლებსაც განსაკუთრებით მკაცრ პირობებში შეუძლიათ გადარჩენა. აღნიშნული ექსპერიმენტისათვის მეცნიერებმა ისინი ანტარქტიკიდან, მაღალმთიანი ალპებიდან და სხვა ისეთი რეგიონებიდან მოიპოვეს, სადაც სიცოცხლისთვის გადარჩენა რთულია.
ამ ორგანიზმების კოსმოსის მკაცრ პირობებში მოთავსებით მეცნიერებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ მათ გადარჩენა მარსზეც მოახერხონ. ეს შედეგი მხარს უჭერს იმ თეორიას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ მარსულმა მეტეორმა ჩამოიტანა.
"ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს. თუმცა, მარსზე სიცოცხლის ძიება მომავალი პილტოირებული თუ უპილოტო მისიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა", - აცხადებს პოლი.
ჯერჯერობით მარსზე გაგზავნილ არც ერთ მოწყობილობას წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არ დაუფიქსირებია, თუმცა იმის ცოდნა, თუ რა ტიპის ორგანიზმები შეიძლება გადარჩნენ მსგავს მკაცრ პირობებში, დაგვეხმარება, რომ მარსზე სიცოცხლე უფრო ეფექტურად ვეძებოთ.
კვლევა ჯურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები