კორუფცია, მოგვარებული საქმეები და შეკვეთილი შავი პიარი — მდინარაძისა და ბესელიას ურთიერთბრალდებები
ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელს და პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ღიად დაუპირისპირდა. დეპუტებმა ერთმანეთი კორუფციაში, შეკვეთილ შავ პიარსა და "საქმეების მოგვარებაში" დაადანაშაულეს. ამის შესახებ მათ შაბათის კურიერთან ისაუბრეს.
სიუჟეტში რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა კომპრომატებზე ისაუბრა, რომელიც დეპუტატებს ერთმანეთის წინააღდეგ აქვთ და შესაძლოა, გამოიყენონ. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ "ბუნებაში არ არსებობს" კომპრომატი, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაგრამ არსებობს ბევრი ისეთი რამ, "რაც მათ ცხვრის წაატეხინებს".
ბესელიამ მდინარაძეს "ჩამწყობი" და "მომგვარებელი" უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ მდინარაძე ზარდიაშვილთან ერთად იყო ჩართული მსგავს საქმეში.
"[მდინარაძე] საპროცესო შეთანხმებებზე წინ და უკან მოსიარულე ადამიანი, რომელიც იყო პროკურატურის, [ზურაბ] ადეიშვილის დროინდელი პროკურატურის ერთ-ერთი საყრდენი. ზარდიაშვილი სასამართლოში, ეს საქმეების მომვარებელი. ოჯახური ბიზნესია, აბა, რა არის", — განაცხადა ბესელიამ.
პასუხად მდინარაძემ ეკა ბესელიას წარსული და ადვოკატის კარიერა გაიხსენა. მისი თქმით, ბესელია ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა.
"ჩემი საოჯახო ბიზნესი იყო საქმის აღების დროს მაქსიმუმ 500 ლარის აღება. ძალიან ცუდია, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ ასე იყო. განსხვავებით ეკა ბესელიასგან, რომელიც 10 000-ებს იღებდა ერთ საქმეში. მამუკა მდინარაძეს დალაგებული ჰქონდა, 500 და 1 000 ლარზე დარბოდა დღე და ღამე და ეკა ბესელიას არ ჰქონდა დალაგებული და იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ძვირადღირებული ადვოკატი", — განაცხადა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ეკა ბესელია მის მადისკრიდიტირებელ სტატიებს უკვეთავდა სხვადასხვა გამოცემებს. დეპუტატის თქმით, იმ სტატიების "ვორდინგი ერთი-ერთში ემთხვევა ბესელიას ვორდინგს".
"ეს ადამიანები ცდილობენ, რომ შეკვეთილი სტატიებით და ასეთი ინეტრივუებით რამენაირად გაგვსარონ. ახლა უკვე ზუსტად ვიცი და ვხვდები ვინ იყო იმ სტატიების შემკვეთი, იმ 300 და 200-ლარიანი სტატიების შემკვეთი, რომელიც ორი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ზოგიერთ გამოცემაში", — განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ის, რაც ბესელიამ ბოლო დღეებში გააკეთა "არ უკადრიათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც".
ბრალდებების პასუხად ბესელიამ მდინარაძეს მედროვე უწოდა, კორუფციაში დაადანაშაულა და მოუწოდა "ხმა ჩაიგდოს". მისი თქმით, სირცხვილია, რომ ის ქართული ოცნების თავმჯდომარეა.
"მე მათ ვდებ ბრალს კორუფციულ საქმეებში მონაწილეობის გამო. ზუსტად იმიტომ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას ემსგავსება რამდენიმე ადამიანის ქმედება და ამას უნდა მიხედოს პარტიის ხელმძღვანელობამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა. ზარდიაშვილი თუ აქამდე სასამართლოდან აგვარებდა საქმეებს, ახლა პარლამენტიდან და პოლიტიკური ბერკეტებით მოინდომა მდინარაძესთან ერთად ფულის კეთება", — განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მან ამ საქმეების კეთების შესაძლებლობა "ჩაუჭრა" მდინარაძესა და ზარდიაშვილს პარლამენტიდან.
"ამის შესაძლებლობა არ მივეცი და ის ათკაციანი სიაც თავზე გადავახიე. ამიტომ არის ახლა ასე გამწარებული ის საწყალი ბიჭი", — თქვა ბესელიამ.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი..
რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.
ბესელია ესწრებოდა უმრავლესობის სხდომებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ამბობდა, რომ პარტიის ლიდერს სწორი პოზიცია ქონდა. ის წასვლაზე არ საუბრობდა, თუმცა ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.
19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა. რის შემდეგაც ეკა ბესელიამ თანაგუნდელებთან ერთად ქართული ოცნება დატოვა.
კომენტარები