პარტიების დაპირებები და ხედვა განათლების სისტემის შესაცვლელად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გაიგეთ, როგორია ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი განათლების პროგრამები

რა ხდება?

On.ge-მ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამების ჯანდაცვის ნაწილის მიმოხილვა უკვე შემოგთავაზათ, ამჯერად კი ყურადღება განათლების პროგრამაზე შევაჩერეთ.

სტუდენტური თვითმმართველობების გარდაქმნა, საყოველთაო უფასო უმაღლესი განათლება, საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა გაზრდილი რაოდენობა და სკოლის მოსწავლეთათვის გამოყოფილი თანხების გაზრდა - გაეცანით კიდევ რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: On.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მარიამ მირიანაშვილის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში, პარტია მთავარ აქცენტს ზოგად განათლებაზე გააკეთებს. ენმ პირველ რიგში იმ პრობლემას დაადგენს, რის გამოც სკოლის მასწავლებლებმა გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს:

პრობლემა არა მხოლოდ სკოლის მასწავლებლებში, არამედ თვითონ სასერტიფიკაციო ტესტებშიცაა

“შემდეგ მასწავლებლებს უშუალოდ ამ მიმართულებით გადავამზადებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ზღვრის დაძლევაში. შეიძლება ინდივიდუალურადაც შეიქმნას რაღაც კონკრეტული ჯგუფები, რომელშიც მასწავლებელები ერთი და იმავე პრობლემის მიხედვით გაერთიანდებიან. პრობლემა არა მხოლოდ მასწავლებლებში, არამედ თვითონ სასერტიფიკაციო ტესტებშიცაა”.

მირიანაშვილის განცხადებით, ენმ სკოლებზე გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების 50%-ით გაზრდას აპირებს, ხოლო მასწავლებლის საბაზო ხელფასი 650 ლარი იქნება. ამასთან, მისი განმარტებით, მასწავლებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა შესაბამისი მატერიალური ანაზღაურებით იქნება შეფასებული:

მასწავლებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერ აქტივობა შესაბამისი მატერიალური ანაზღაურებით იქნება შეფასებული

“საბაზო ხელფასის გარდა, სკოლას ექნება შესაძლებლობა თავად განსაზღვროს მისი წარმატებული მასწავლებლის მოტივაციის სხვადასხვა ფინანსური უზრუნველყოფა. სამეურვეო საბჭოს დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, მას მიენიჭოს ფუნქცია, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თავად შეძლოს, წახალისების იმ პუნქტის განსაზღვრა, რომელიც მასწავლებლისთვის ფინანსურად აისახება”.

რაც შეეხება მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას, მირიანაშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული სასკოლო წიგნების შინაარსი და სტრუქტურა ისეთია, რომელიც მრავალჯერად გამოყენებას ვერ უძლებს, შესაბამისად ეს უნდა შეიცვალოს:

“სახელმძღვანელოებს ყველა მოსწავლე ვერ მიიღებს. ოჯახები, ვისაც წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი აქვს, თუნდაც იყვნენ მრავალშვილიანები, ვერ მიიღებენ სახელმძღვანელოებს. მათ მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც სოციალურად ექნებათ საჭიროება და ასევე მრავალშვილიანები, დანარჩენები კი თავად შეიძენენ”.

სახელმძღვანელოებს ყველა მოსწავლე ვერ მიიღებს

მირიანაშვილის განცხადებით, ენმ საატესტატო და ეროვნული გამოცდების "ლოგიკურ შერწყმასაც" გეგმავს. ხოლო რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მისი თქმით, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტებს რაოდენობას 5 ათასით გაზრდის.

მირიანაშვილის განცხადებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებელში სწავლობენ, სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში შეეძლებათ ისე, რომ სწავლაზე დახარჯული დრო დაკარგულ პერიოდად არ ჩაეთვლებათ:

საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად 5000-ით გაიზრდება

“ხოლო ის უნივერსიტეტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ექნებათ სამწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა. 3+1 იქნება ალტერნატივა და რომელ უნივერსიტეტიც მოინდომებს, ამას განახორციელებს, რისთვისაც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განსხვავებული სისტემის გავლა მოუწევს”.

რაც შეეხება შიდასაუნივერსიტეტო ცხოვრებას, მირიანაშვილი ამბობს, რომ ენმ უნივერსიტეტებს მაქსიმალურ ავტონომიას მიანიჭებს და თსუ-ში შექმნილ პრობლემების გადასაჭრელადაც სწორედ ავტონომიურობას ასახელებს:

ის უნივერსიტეტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ექნებათ სამწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა

“ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც მივიღეთ თვითმმართველობა და ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალეთ. უბრალოდ თვითმმართველობამ, ალბათ, ის მანკიერი სახე მიიღო, რომელიც პროცედურაში გადაიზარდა და დაკარგა თავისი შინაარსი. ის მორგებული უნდა იყოს არსებულ მოთხოვნებს, სტუდენტების მართვის და ჩართულობის ხარისხს უნივერსიტეტის ცხოვრებაში და რა ერქმევა მას, არ აქვს მნიშვნელობა”.

თვითმმართველობამ, ალბათ, ის მანკიერი სახე მიიღო, რომელიც პროცედურაში გადაიზარდა და დაკარგა თავისი შინაარსი

მირიანაშვილმა ასევე განმარტა, რომ დღეს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიღების დროს ადგილების პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, რადგან სახელმწიფო არ ახორციელებს კვლევას, რომელიც შრომის ბაზართან კორელაციაში იქნება:

“ამიტომ თავისთავად ბოლოს იქმნება დასაქმების პრობლემა. ანუ გვყავს გარკვეული რაოდენობის პროფესიის ადამიანები და არ არის სამუშაო ადგილები. ამასთან, 2011 წელს სტაჟირების შემოღებული პროგრამა, რომელიც ახლა გაჩერებულია, გაგრძელდება”.

ენმ ასევე ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედებასა და იმ ადამიანების რაოდენობის გაორმაგებას აპირებს, რომელთათვისაც უცხოურ უნივერსიტეტებში განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

მირიანაშვილის ასევე ამბობს, რომ განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზრდება, თუმცა კონკრეტულ თანხებზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ აღნიშნულზე საუბარი მხოლოდ მშპ-სთან მიმართებით შეიძლება.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლების პრობლემას, ის განმარტავს, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მისაღებად ასაკი არა აკადემიური, არამედ კალენდარული წლით უნდა განისაზღვროს. ამასთან, უნდა აშენდეს იმდენი ბაღი, რომ საკმარისი იყოს ყველა სკოლამდელი ბავშვის დასაკმაყოფილებლად.

პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

ფოტო: On.ge

ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რომ განათლების მიმართულებით პოლიტიკური სუბიექტის ძირითადი პრიორიტეტი საშუალო და უმაღლეს განათლებაში რიგი რეფორმების განხორციელებაა.

მისი განმარტებით, პოლიტიკური სუბიექტი უკლებლივ ყველა მშობელს, რომელიც შვილების განათლებაზე ზრუნავს, წელიწადში 1 200 ლარით დააფინანსებს. თუმცა ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებზე გარკვეული მიზეზების გამო არ ზრუნავენ, არა ფულად დახმარებას, არამედ ვაუჩერებს მიიღებენ:

ჩვენ ვუშვებთ თავისუფლად, რომ სკოლები სხვადასხვა ფორმატის იყოს, მათ შორის განსხვავება იყოს სწავლების მეთოდებში

“ჩვენ შევკრიბეთ ყველა ხარჯი, რომელსაც დღეს სახელმწიფო განათლებისთვის იღებს: ვაუჩერული დაფინანსება, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეგულაციების ხარჯები, სახელმძღვანელოები და სხვა, რასაც სახელწიფო ხარჯავს. ეს თანხა თანაბრად გადავანაწილეთ ბავშვების რაოდენობაზე და მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ თანხის ხარჯვის ბედი”.

მან ასევე აგვიხსნა, რომ ამოქმედდება სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა ის უნარ-ჩვევები განისაზღვრება, რომელსაც ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად უნდა ფლობდეს:

“ამ შემთხვევაში მშობელი დაფინანსებას მაინც მიიღებს, მაგრამ თუ სახელმწიფო ხედავს, რომ ბავშვი იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელ მინიმალურ უნარ-ჩვევებს ვერ ფლობს, ეს ფულადი დაფინანსება გარდაიქმნება ვაუჩერულ დაფინანსებად და მშობელი იძულებული იქნება ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიყვანოს ბავშვი, სადაც ეს ვაუჩერი მიიღება. ჩვენ ვუშვებთ თავისუფლად, რომ სკოლები სხვადასხვა ფორმატის იყოს, მათ შორის განსხვავება იყოს სწავლების მეთოდებში და ა.შ.”.

მასწავლებლების ხელფასებთან და სკოლაში უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, მეგრელიშვილმა განგვიმარტა, რომ ვინაიდან სკოლებს სრული ავტონომია უნდა ჰქონდეთ, ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ, როგორი და რა კომპეტენციის მასწავლებელი დაიქირაონ:

მასწავლებლების ხელფასები შეთანხმების საგანი უნდა იყოს, მინიმალური ხელფასი დადგენილი არ იქნება

“მასწავლებლების ხელფასები შეთანხმების საგანი უნდა იყოს, მინიმალური ხელფასი დადგენილი არ იქნება. ეს ეკონომიკურად სრულებით გაუაზრებელი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ 1 200–ლარიანი დაფინანსებით, თუ სკოლა ამას ეფექტიანად გამოიყენებს, დღევანდელი მასწავლებლების ხელფასები დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზრდება. თუმცა, სახელმწიფო ვერავის დაჰპირდება, რომ რომელიმე მასწავლებელს სამსახურიდან არ გაუშვებენ ან პირიქით, რომელიმეს ხელფასს 5-ჯერ არ გაუზრდიან”.

მეგრელიშვილის განმარტებით, სახელმძღვანელოების მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შეიქმნას და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, არა მხოლოდ საქართველოს სასწავლო მასალები, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მასალებიც გამოიყენონ. ის ასევე ამბობს, რომ ზემოაღნიშნული თანხით მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელი იქნება.

სახელმწიფო ვერავის დაჰპირდება, რომ რომელიმე მასწავლებელს სამსახურიდან არ გაუშვებენ ან პირიქით, რომელიმეს ხელფასს 5-ჯერ არ გაუზრდიან

რაც შეეხება საატესტატო და ერთიანი გამოცდებს, მეგრელიშვილის თქმით, ისინი გაუქმდება და ამოქმედდება დაახლოებით ისეთი სისტემა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს:

“საატესტატო გამოცდებს შინაარსი საერთოდ არ გააჩნია. იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება, მას უნდა ჰქონდეს მეტი თავისუფლება, ვიდრე დღეს აქვს. ასეთი გამოცდები წელიწადში უმეტეს ქვეყანაში 6-ჯერ ბარდება და არ ამოწმებს, რამდენი გაქვს გაზუთხული, არამედ ამოწმებს, რა უნარებს ფლობს ბავშვი”.

მეგრელიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ იმ სტუდენტებს დააფინანსებს, რომელთა ოჯახებსაც სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ:

“თუ ისინი ჩაირიცხებიან უმაღლესში, სახელმწიფოს ამოცანაა გვერდზე დაუდგეს ასეთ სტუდენტებს და არა მათ, ვინც საუკეთესოდ ჩააბარებს. თუმცა თუ საუკეთესოდ ჩააბარა და ამავდროულად გაჭირვებულიცაა, ცხადია, ის სრულ დაფინანსებას მიიღებს”.

რატომ უნდა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ერთი თვითმმართველობა და რატომ არ შეიძლება არსებობდეს უამრავ ინტერესთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია სხვადასხვა ინტერესის გარშემო

მეგრელიშვილის თქმით, პოლიტიკურ სუბიექტს თსუ-სთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ აქვს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებს, თუ ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არიან, მაქსიმალური ავტონომია უნდა ჰქონდეთ:

“არ მესმის, რატომ უნდა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ერთი თვითმმართველობა და რატომ არ შეიძლება არსებობდეს უამრავ ინტერესთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია სხვადასხვა ინტერესის გარშემო. შესაბამისად, ეს მონოპოლიური მდგომარეობა, რომელსაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონი რომელიღაც კერძო ჯგუფს ანიჭებს, ქმნის იმ პრობლემას, რაც ვიხილეთ თსუ-ში”.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ფოტო: On.ge

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრის, სოფო კილაძის განმარტებით, პოლიტიკური სუბიექტი განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა გეგმავს, თუმცა ზუსტად რა რაოდენობით, ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, აუცილებელია განათლების სისტემის ძირეული რეფორმა და განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით რიგი ნაბიჯების გადადგმა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნება ახალი საბავშვო ბაღების აშენებას როგორც თბილისში, ისე რაიონებში აპირებს, თუმცა კილაძე ბაღების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. ამასთან, დაგეგმილია საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება და მათი სოციალური გარანტიების გაუმჯობესება:

"დღეს ბაღები ბავშვებით გადაივსო. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უკვე დაგეგმილი გვაქვს, აშენდება იქ სადაც, ბაღებში ადგილების ნაკლებობაა. გარკვეული რაოდენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ დაემატება. თუმცა, რაოდენობის დასახელების მხრივ, განათლების სამინისტრო უფრო კომპეტენტური იქნება".

შენარჩუნდება საატესტატო გამოცდებიცა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, თუმცა, სისტემა უფრო დაიხვეწება

კილაძის განცხადებით, სკოლის მასწავლებლების გადამზადებისთვის როგორც ტრენინგები, ისე სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება:

“მე მიმაჩნია, რომ ისე შედეგები, რომლებიც დაიდო არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ძალიან ბევრ ხელისუფლებას ჩვენს წინ არასწორად მიჰყავდა. საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება”.

უფასო სახელმძღვანელოებით სკოლის ყველა მოსწავლე ისევ ისე ისარგებლებს, როგორც ეს ამ ეტაპზე ხდება

ჩვენს შეკითხვას, როგორი სახით დააფინანსებს სახელმწიფო სკოლებს, კილაძემ უპასუხა, რომ პროგრამაში ამასთან დაკავშირებით პირდაპირ არაფერი წერია და შესაძლოა აღნიშნული საკითხი მომავალში გადაიხედოს:

"მე ამას არც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ. კონკრეტულად ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ".

ის ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლიდანაც 5 - 2016 წლის შემოდგომაზე, 5 კი 2017 წელს დასრულდება. გარდა ამისა, მისივე თქმით, 7 ახალი საჯარო სკოლის პროექტიცაა მომზადებული.

მისი განმარტებით, სკოლის ყველა მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით ისევ ისე ისარგებლებს, როგორც ეს ამ ეტაპზე ხდება. ამასთან, შენარჩუნდება საატესტატო გამოცდებიცა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, თუმცა, როგორც ის განმარტავს, სისტემა უფრო დაიხვეწება.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კილაძის განმარტებით, დღეს დაფინანსებას მთლიანი სტუდენტების რაოდენობის ნახევარი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით იღებს, თუმცა მაინც რჩებიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც სწავლის საფასურს ვერ იხდიან:

“გვაქვს გეგმა, რომ განსაკუთრებით ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები წამოვწიოთ წინ და ამ კუთხით მეტი დაფინანსება იყოს. ანუ უფრო პრიორიტეტულ დარგებში გაიზრდება გრანტებით სტუდენტთა დაფინანსება. თუმცა ის დარგები, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათაც გავაძლიერებთ”.

დასაქმების კუთხით, ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შრომის ბაზარსა და სასწავლებლებს (უმაღლესი, პროფესიული) შორის მჭიდრო კოორდინაციის არსებობაა იმისთვის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა სახელმწიფო სტრუქტურაში დაიწყოს მუშაობა.

აუდიტორია 115-თან დაკავშირებით, რაც ბატონი პრემიერის კონკრეტული დაპირებაა, მას უნდა ჰკითხოთ

უმაღლეს განათლებაზე საუბრისას, ჩვენ ასევე შევახსენეთ კილაძეს პრემიერის მიერ გაჟღერებული დამოკიდებულება სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებით და თსუ-ში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენს შეკითხვას, კონკრეტულად რას გეგმავს ქართული ოცნება აუდიტორია 115-ის კანონპროექტთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ შეკითხვები თავად პრემიერმინისტრს უნდა დავუსვათ:

არ ვიცი, თვითმმართველობა ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, თუმცა, რეფორმა აუცილებელია

“ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს, რომ ავტონომიურობა, რაც აქვს უნივერსიტეტს, უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. ხოლო რაც ბატონი პრემიერის კონკრეტული დაპირებაა, მას უნდა ჰკითხოთ. არ ვიცი, თვითმმართველობა ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, რეფორმა აუცილებელია - ეს ჩემი სუბიექტური აზრია”.

პატრიოტთა ალიანსი

ფოტო: On.ge

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პარტიას თავის პრიორიტეტად სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების აღდგენა და უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) ნებისმიერი სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება აქვს დასახელებული. მისი განმარტებით, დღეს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული საგრანტო სისტემა გაუქმდება, ხოლო მთლიანად განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი 2-3%-ით გაიზრდება.

უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) ნებისმიერი სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება

ის ასევე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დარჩება, ხოლო სკოლის საატესტატო გამოცდები გაუქმდება, რადგან პარტია მიიჩნევს, რომ მოსწავლის ცოდნას მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა საზღვრავდეს.

თევდორაძის თქმით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ავტონომია, ხოლო რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობას, განმარტავს, რომ პატრიოტთა ალიანსის გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ინსტიტუცია არ გაუქმდება:

სკოლის საატესტატო გამოცდები გაუქმდება

“როდესაც სრულ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, სტუდენტურ თვითმმართველობას შეინარჩუნებს თუ არა უნივერსიტეტები, ეს მისი გადასაწყვეტია”.

ის ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქართულ და უცხოურ სასწავლებლებს შორის გაცვლით პროგრამებს ხელი უფრო მეტად შეუწყოს. ხოლო რაც შეეხება სტუდენტთა დასაქმებას, თევდორაძე აცხადებს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს:

“თუ სახელმწიფო ამას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმედ აქცევს, ეს შეიძლება მარტივად, სხვადასხვა პროგრამის შექმნა შეძლოს ნებისმიერმა 14-დან 60 წლამდე ადამიანმა. კომპიუტერი ელემენტარულად თუ გააჩნია ვინმეს და ამის საბაზისო ცოდნას აიღებს, შეიძლება შემდეგ ეს პროგრამები იყიდებოდეს არა მხოლოდ საქართველოში. სწორედ აქ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს გამოკვეთილი და ერთ-ერთ უმთავრეს საგნად ეს აქციოს და ათასობით ადამიანი ასე დაასაქმოს, ზოგიერთი გარეთ გაუსვლელადაც კი”.

როდესაც სრულ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, თვითმმართველობას შეინარჩუნებს თუ არა უნივერსიტეტები, ეს მისი გადასაწყვეტია

თევდორაძე სკოლამდელ განათლებაში არსებულ ხარვეზებსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ვინაიდან დღეს არსებული ბაღების რაოდენობა არ არის საკმარისი, პარტია ახალი საბავშვო ბაღების აშენებას გეგმავს, თუმცა ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.

ამასთან, თევდორაძის განმარტებით, სკოლების დაფინანსება ვაუჩერული იქნება თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარია ამ საფეხურის განათლება სრულად იყოს დაფინანსებული:

“უნდა განვსაზღვროთ, რა ჯდება ერთი მოსწავლის სწავლების პროცესი. ამას ვაუჩერს დავარქმევთ, სკოლას ჩავურიცხავთ თუ მოსწავლეზე იქნება მიბმული, არ ექნება მნიშვნელობა”.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაწესებული კრიტერიუმები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასწავლებლების გამოცდებმა აღნიშნული შედეგი მოგვცა

კონკრეტული თანხა, რა იქნება სკოლის მასწავლებლების ხელფასი, თევდორაძე არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მასწავლებლებს "ღირსეული ხელფასი" უნდა ჰქონდეთ. ამასთან განმარტავს, რომ მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად ისეთი მოთხოვნები და კრიტერიუმები არ უნდა იყოს დადგენილი, რომელთა გადალახვასაც მასწავლებლების სულ მცირე რაოდენობა ახერხებს:

“დაწესებული კრიტერიუმები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასწავლებლების გამოცდებმა აღნიშნული შედეგი მოგვცა. რიგ შემთხვევაში ისეთი კრიტერიუმებია, რომლებიც ვერ განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის პროფესიონალიზმი”.

მისივე თქმით, უფასო სახელმძღვანელო ყველა მოსწავლისთვის დარჩება, მიუხედავად მისი მატერიალური შესაძლებლობისა.

რესპუბლიკური პარტია

ფოტო: On.ge

პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ფრიდონ საყვარელიძე განმარტავს, რომ განათლების სისტემის პრობლემების გადასაჭრელად ყველაზე მთავარია საზოგადოება აღნიშნული სისტემის გრძელვადიანი განვითარების პრინციპებზე შეთანხმდეს, ამასთან ეს არჩევნებზე და ხელისუფლებების ცვლილებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული:

“გეგმა 25 წლიანი უნდა იყოს. ასეთი გეგმა არა რესპუბლიკურმა პარტიამ, არამედ საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს. თუმცა, ამაში ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ”.

მისი განმარტებით, პარტიის პროგრამაში სკოლამდელი განათლების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა სასკოლო განათლების დაფინანსების კუთხით, ხაზს თვითმმართველობის როლის გაზრდას უსვამს:

“ერთი მხრივ, სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსება, მეორე მხრივ კერძო სექტორი და მესამე - ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგალითად, სკოლის ეზოს მოწყობა და სპორტული მოედნის გაკეთება მთლიანად თვითმმართველობამ უნდა აიღოს თავის თავზე”.

მასწავლებლის წლიური ხელფასი დაახლოებით 10 ათასი ლარი მაინც უნდა იყოს

რაც შეეხება მასწავლებლების ხელფასებს, საყვარელიძემ აგვიხსნა, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, პოლონეთია მასწავლებლის წლიური ხელფასი დაახლოებით 14-ჯერ აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს, ამიტომ ჩვენთან ეს რიცხვი წლიურად 10 ათასი ლარი მაინც უნდა იყოს:

“ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ხშირად უთქვამთ ევროპაზე არც იოცნებოთ, სანამ თქვენი მშპ და ქვეყნის წლიური ბიუჯეტი იმის ნახევარი მაინც არ გახდება, რაც ევროკავშირის ახალი წევრის ქვეყნების არისო. ანუ 40 მილიარდი თუ არის რუმინეთის, ჩვენი 20 მილიარდი მაინც უნდა იყოს”.

ევროპელ პარტნიორებს ხშირად უთქვამთ, ევროპაზე არც იცოცნებოთ, სანამ თქვენი მშპ და ქვეყნის წლიური ბიუჯეტი იმის ნახევარი მაინც არ გახდება, რაც ევროკავშირის ახალი წევრის ქვეყნების არისო.

მისივე თქმით, დღეს მშპ-ს 1,8 პროცენტი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებისთვის არის გამოყოფილი, თუმცა, სავსებით რეალურია, რომ 5 პროცენტი - ნახევარი მილიარდი ლარი ამ სფეროზე დაიხარჯოს:

"ბიუჯეტის გადანაწილების ხარჯზე უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ამასთან ერთად სახელმწიფომ კერძო სექტორი უნდა წაახალისოს იმისთვის, რომ ეს ამოცანა ამოიხსნას".

გარდა ამისა, პარტია მიიჩნევს, რომ მასწავლებლების გადამზადება მხოლოდ უნივერსიტეტების ჩართულობით უნდა მოხდეს, მათთვის პროგრამების შემუშავებით, რომლითაც მათ ეტაპობრივად, მასობრივად გადაამზადებენ.

ჩვენს შეკითხვას, დარჩება თუ არა სკოლის სახელმძღვანელოები ნებისმიერი მატერიალური მდგომარეობის მქონე მოსწავლისთვის უფასო, საყვარელიძემ უპასუხა, რომ ეს სკოლის შიგნით, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს ან თვითმმართველობის მიერ, ავტონომიურობის პირობებში უნდა გადაწყდეს.

იქნება თუ არა სკოლის სახელმძღვანელოები ყველასთვის უფასო, ეს სკოლის შიგნით უნდა გადაწყდეს

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების სისტემას, რესპუბლიკელები მის დატოვებას აპირებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს უნარები - საგანი, რომელიც სკოლებში არ ისწავლება, არ უნდა ბარდებოდეს.

საყვარელიძის განცხადებით, ასევე უნდა გადაიხედოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის გრანტების მინიჭების პრინციპიც:

“გამოცდების შედეგების მიხედვით მოპოვებული გრანტი სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ეძლევა, მიუხედავად იმისა, როგორია მისი აკადემიური მოსწრება. ჩვენი აზრით, გრანტები წლის ბოლოს, აკადემიური მოსწრების თანახმად უნდა გადაიხედოს, ვინც ისწავლა მიანიჭონ და ვინც არა - ჩამოართვან”.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს უნარები - საგანი, რომელიც სკოლებში არ ისწავლება, არ უნდა ბარდებოდეს

ის ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტონომია უნდა ჰქონდეს, ხოლო ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის ფაქტობრივი გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება პარტიის დამოკიდებულებას სტუდენტურ თვითმმართველობებთან, საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ინსტიტუცია არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სკოლებშიც უნდა იყოს:

“არ ვთვლი მე რომ თვითმმართველობა უნდა შეიცვალოს, უბრალოდ უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკისგან”.

სტუდენტების გრანტები წლის ბოლოს, აკადემიური მოსწრების თანახმად უნდა გადაიხედოს, ვინც ისწავლა - მიანიჭონ და ვინც არა - ჩამოართვან

ჩვენს შეკითხვას, რა ბედი ეწევა აუდიტორია 115-ის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და ამ ინიციატივით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ამბობს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო პროგრამაში ამასთან დაკავშირებული არაფერი წერია.

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, საყვარელიძე აცხადებს, რომ დღეს 120 ათასი სტუდენტი - უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო მხოლოდ18 ათასი - პროფესიულ სასწავლებელში სწავლობს:

"ჩვენთან სამუშაოს რომ ეძებს ადამიანი, გაიძახიან რომ უმაღლესი განათების მქონები სჭირდებათ. ეს ბალანსი უნდა შეიცვალოს".

თავისუფალი დემოკრატები

ფოტო: On.ge

თავისუფალი დემოკრატების განათლების სპიკერი, ალუდა გოგლიჩიძე განმარტავს, რომ პარტიის პრიორიტეტი ზრდასრულთა განათლებაა იმისთვის, რომ ადამიანმა კვალიფიკაციის ამაღლება ნებისმიერ ასაკში შეძლოს. მისი თქმით, განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი რეალურად პროგრამული გახდება და ის სულ მცირე 400 მილიონი ლარით მაინც გაიზრდება.

ის ასევე ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება დიფერენცირებული უნდა იყოს ანუ დამატებითი დაფინანსების გამოყოფა ადგილობრივი და რეგიონალური საჭიროებებით, პროგრამულად უნდა ხორციელდებოდეს:

“დღეს ყველა პროფესიისა და ყველა პროფილის სტუდენტი ერთი და იმავე გრანტის მოცულობით ფინანსდება. სხვადასხვა სპეციალობის კადრის მომზადებას სხვადასხვა ხარჯები სჭირდება და ეს დიფერენცირებული უნდა იყოს, ხოლო დაფინანსება - საჭიროებებზე მორგებული. ამასთან, უნდა არსებობდეს სოციალური გრანტებიც”.

სტუდენტური თვითმმართველობის ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ინსტიტუცია ახლა არსებობს, აუცილებლად გადაიხედება

ჩვენს შეკითხვას, გაუქმდება თუ არა სტუდენტური თვითმმართველობები, მან უპასუხა, რომ ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ინსტიტუცია ახლა არსებობს, აუცილებლად გადაიხედება.

მისი თქმით, პარტია მეცნიერებაზე დაფინანსების გაზრდასაც გეგმავს, ამასთან აუცილებელია შედეგების შეფასების მექანიზმებიც გაზრდაც:

“სახელმწიფო მხოლოდ კი არ უნდა გასცემდეს თანხებს გარკვეულ სამეცნიერო ნამუშევრებზე, არამედ მან უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და დაკვეთები პრიორიტეტული მიმართულებებით უზრუნველყოს”.

პროფესიული განათლება ცალსახად შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნდა იყოს

გოგლიჩიძის განცხადებით, პროფესიული განათლება ცალსახად შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნდა იყოს. მისი თქმით, უნდა განვითარდეს მრავალმხრივი პარტნიორობა, პროცესში კერძო სექტორი ჩაერთოს და პროფესიული სასწავლებლების ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, გოგლიჩიძე ამბობს, რომ სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და მასში საზოგადოების ჩართულობა უნდა გაიზარდოს. ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სამყოფი ბაღის აშენება ერთბაშად ვერ მოხერხდება, ამიტომ პარტია ალტერნატიულ გზებს შეიმუშავებს:

“მთავარი ამოცანა უნდა იყოს სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფა. შესაძლებელია შეიქმნას დღის ცენტრები, რომლებიც შეიძლება უფრო მოკლე დროზე ფუნქციონირებდეს, რაც იმავე თანხებს არ მოითხოვს. ამასთან, ამ მიმართულებით კერძო სექტორის სტიმულირება უნდა გაიზარდოს”.

ერთ მოსწავლეზე დაფინანსების ფორმულა უნდა დაიხვეწოს და სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გაიზარდოს

რაც შეეხება სასკოლო განათლებას, გოგლიჩიძე განმარტავს, რომ ერთ მოსწავლეზე დაფინანსების ფორმულა უნდა დაიხვეწოს და სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გაიზარდოს:

“ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია უნდა იყოს პოლიტიკის განსაზღვრა, სტანდარტები, კვალიფიკაციის უზრუნველყოფა, სახელმძღვანელოები. ხოლო სკოლის მართვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა ითავოს, როგორც მატერიალური ისე მენეჯმენტის კუთხით. სკოლის დონეზე კი სამეურვეო საბჭოს როგორც შემადგენლობა, ასევე მისი ფუნქციები გადაიხდება”.

ის ასევე ამბობს, რომ უნდა დაიხვეწოს როგორც მასწავლებლების მომზადების, მათი კარიერაში შეყვანის, ისე პროფესიული ზრდის და კარიერიდან გამოსვლის ყველა ნიუანსი და პროცედურა:

“სისტემამ ახალი კადრების მოზიდვა უნდა შეძლოს და პენსიონერი პედაგოგების ღირსეული დატოვება, გასვლა სისტემიდან. დღეს ბევრი პედაგოგი ვერ გადის პენსიაში, რადგან მისი სოციალური მდგომარეობა უარესდება”.

დღეს ბევრი პედაგოგი ვერ გადის პენსიაში, რადგან მისი სოციალური მდგომარეობა უარესდება

ის განმარტავს, რომ დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, ხოლო პარტია მიიჩნევს, რომ ეს ცენტრი უნდა იყოს ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი, ხოლო სერვისი დამოუკიდებელმა სერვისმიმწოდებელმა ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ, რომელთა შორის უმაღლეს სასწავლებლებს ძალიან დიდი როლი უნდა მიენიჭოთ:

“მასწავლებლების ხელფასები სულ მცირე საჯარო მოხელის ხელფასს უნდა გაუტოლდეს, როგორც ვიცი, ეს თანხა 800 ლარზე ცოტა მეტია”.

მასწავლებლების ხელფასები სულ მცირე საჯარო მოხელის ხელფასს უნდა გაუტოლდეს, როგორც ვიცი, ეს თანხა 800 ლარზე ცოტა მეტია

რა შეეხება სახელმძღვანელოებს, ის მიიჩნევს, რომ მათი ხარისხი, როგორც შინაარსობრივად, ისე მოცულობისა და წონის მხრივაც დასახვეწია:

“აქ საკითხია, ვისაც არ სჭირდება, მათთვისაც უნდა იყოს თუ არა უფასო სახელმძღვანელოები. მინიმუმ ასეთ პირებს უნდა შეეძლოთ უარი თქვან სახელმძღვანელოებზე. თუმცა, ორივე მოდელს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები”.

ანათლების ეტაპები უნდა ექვემდაბრებოდეს არა 9+3 სისტემას, არამედ 10+2-ს

ის ასევე ამბობს, რომ სასკოლო განათლების ეტაპები უნდა ექვემდებარებოდეს არა 9+3 სისტემას, არამედ 10+2-ს. გოგლიჩიძე განმარტავს, რომ საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, უნდა მოიძებნოს დუბლირების თავიდან აცილების გზა იმისთვის, რომ მოსწავლეს ერთი და იმავე ტიპის სანის ორჯერ ჩაბარება არ უწევდეს:

"ეროვნული გამოცდები არის ერთადერთი წარმატებული კომპონენტი, რაც წინა რეფორმებიდან შემორჩა, რომელიც არის ქრთამთან და კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი და რომელიც უნდა დარჩეს".

ლეიბორისტული პარტია

ფოტო: On.ge

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, რომ პარტიის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლებას (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სახელმწიფო დააფინანსებს, მიუხედავად სტუდენტის მატერიალური შესაძლებლობისა. ამასთან, განათლებაზე დღეს გამოყოფილი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 3-5 %-ით გაიზრდება.

უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

მისი განმარტებით, მიუხედავად ზემოთქმულისა, სახელმწიფო გრანტების დღეს არსებული სისტემა შენარჩუნდება იმისთვის, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა სტუდენტებმა მათი გამოყენება მაინც შეძლონ:

“დღეს აბიტურიენტების მხოლოდ 5 პროცენტი ფინანსდება 100 პროცენტიანი გრანტით. დანარჩენ 95 პროცენტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ უფასოდ ისწავლოს. ბიუჯეტი ამას გაწვდება, რადგან ეს თანხა დაახლოებით 70-დან 100 მილიონ ლარამდე მერყეობს”.

ქუმსიშვილის თქმით, პარტია ჩამოყალიბებული არ არის, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევს სტუდენტს თუ პარტია საგამოცდო არსებული საგამოცდო სისტემის ალტერნატივას შეიმუშავებს.

ჩვენს შეკითხვას, რა ნაბიჯებს გადადგამენ ლეიბორისტები თსუ-ში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ პირველ რიგში აუცილებელია ნებისმიერ უნივერსიტეტს დეცენტრალიზებული სისტემა ჰქონდეს და სრული ავტონომია მიენიჭოს:

“ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სისტემა განვითარდეს. ოდეერების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული. თუკი სახელისუფლებო ორგანოებიდან აღარ იქნება ეს ინტერესი, ეს სისტემა ბუნებრივია აღარ იარსებებს”.

პარტია თვითმმართველობის გაუქმებას ემხრობა იმისთვის, რომ სტუდენტების პოლიტიზირება არ მოხდეს

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობებს, მან აგვიხსნა, რომ პარტია აღნიშნული ინსტიტუციის გაუქმებას ემხრობა იმისთვის, რომ სტუდენტების პოლიტიზირება არ მოხდეს. მისი განმარტებით, თვითმმართველობის ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილა და ყოველთვის იქნება სახელისუფლებო ორგანოების მიერ იმისთვის, რომ მათ ახალგაზრდებზე ერთგვარი კონტროლი ჰქონდეთ:

“თვითმმართველობა უნდა იყოს არა როგორც ერთი სისტემა - უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო, არამედ იყოს საკლუბო დონეზე. მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს ასეთი”.

მან ასევე განგვიმარტა, რომ პარტიას რამდენჯერმე ჰქონდა ინიციატივა, აუდიტორია 115-ს დაკავშირებოდა, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს:

“ეს პრინციპში სწორიც არის, არ უნდათ ამ საქმის პოლიტიზირება. თუკი მათი მხრიდან დაინტერესება იქნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ”.

რამდენჯერმე გვქონდა ინიციატივა, აუდიტორია 115-ს დაკავშირებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით

ქუმსიშვილის განმარტებით, უნივერსიტეტის შიგნით მიმდინარე პროცესების მონიტორინგისთვის სპეციალური ორგანოს შექმნაა საჭირო, რომელსაც სტუდენტებთან კონსულტაციური ცენტრის ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება სტუდენტების დასაქმებას, ის ამბობს, რომ პარტია ევროპული მოდელების გაზიარებას გეგმავს, რომელთა თანახმადაც, სტუდენტებს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში სტაჟირების გავლა შეეძლებათ და ამაში მათ გარკვეულ ანაზღაურებას მისცემენ.

ქუმსიშვილის აზრით, პროფესიული განათლების მიმართულებით მთავრია მოთხოვნა შეიქმნას პროფესიულ კადრებზე და აღნიშნული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი:

"ამას სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს. სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო, რომელშიც ბიზნესმენები ამ სფეროში ინვესტიციას ჩადებენ. უცხოური მუშა ხელი უფრო იაფი არ უნდა ღირდეს და საქმეს უფრო ხარისხიანად არ უნდა აკეთებდეს, როდესაც საქართველოში ადამიანური რესურსი გაგვაჩნია".

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, ქუმსიშვილი საბავშვო ბაღებში დირექტორების აპოლიტიკური ნიშნით დანიშვნას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ბავშვების არსებული რაოდენობის სკოლამდელი განათლებით უზრუნველსაყოფად პარტია საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

მასწავლებლების მინიმალური ხელფასი კი 800, 1000 თუ 1200 ლარი იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუმცა ეს ღირსეული თანხა უნდა იყოს

ამასთან, ქუმსიშვილის განმარტებით, ის, რომ უამრავმა სკოლის მასწავლებელმა გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო გამოსწორებადი პრობლემაა და ამისთვის პარტია სატრენინგო კურსების ჩატარებას გეგმავს:

“მასწავლებლების მინიმალური ხელფასი კი 800, 1000 თუ 1200 ლარი იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუმცა ეს ღირსეული თანხა უნდა იყოს. ამ ეტაპზე მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ გვქვს”.

რაც შეეხება მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას, ის ამბობს, რომ პარტია მომხრეა, რომ მოქალაქეების დიფერენცირება მათი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდებოდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…