ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ — აქცია-პერფორმანსი თბილისში
ქალთა მოძრაობისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა სარვამარტო შეკრება თავისუფლების მოედნის მეტროსადგურთან დაიწყეს. წელს მათი მთავარი მესიჯი ქალთა მიმართ ძალადობაა, მიზანი კი სწორედ ამ მესიჯის ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხების მოქალაქეებამდე მიტანა. მეტროსადგური სწორედ ის ადგილია, სადაც უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი იყრის თავს.
"იძულებით ქორწინება დანაშაულია", "სექსი 16 წლამდე ბავშვთან დანაშაულია", "მოტაცებულზე ძალადობა დანაშაულია", "სექსუალური მოძალადისთვის ჩივილი არ არის სირცხვილი", "პოლიციელისთვის მიმართვა შენი უფლებაა", "სექსუალური ძალადობა დანაშაულია", "გაუთხოვრობა არ არის სირცხვილი", "თანხმობის გარეშე სექსი დანაშაულია", სექსზე უარის თქმა შენი უფლებაა", — ამ და კიდევ სხვა მესიჯებით ბანერები ქალებმა სხეულზე, წინ და უკან, ჩამოიკიდეს.
მეტროს მიმდებარედ გამვლელთა უმრავლესობას თვალში სიტყვა "სექსი" ხვდებოდა და გაკვირვებული სახეებით წამოიძახებდნენ ფრაზებს. "რაო, სექს-მუშაკობმაო?" — იკითხა რამდენიმე წამით იქვე შეჩერებულმა შუახნის ასაკის კაცმა. "სექსი რაო? არ არის დანაშაული? როგორ არ არის?!" — დაამატა მის გვერდით მდგომმა იმავე ასაკის კაცმა. "დასაჭერები არიან…", — თანატოლებს უთხრა თავისუფლების მოედნის მეტროს მიმდებარედ მდგარმა ბიჭმა. "ამათ არ უნდათ გათხოვება? ყველაფერი აკრძალულია, დანაშაულია, მა რა გინდათ"? — აქციის მონაწილეებს მიაძახა ერთ-ერთმა გამვლელმა.
ქალებმა თავისუფლების მოედნის მეტროდან მარჯანიშვილის მეტროსადგურისკენ გადაინაცვლეს. ისინი როგორც მგზავრები, თუმცა ბანერებით, პატრულის თანამშრომლების თანხლებით შევიდნენ მეტროში.
ქალთა მოძრაობის აქტივისტის, იდა ბახტურიძის თქმით, სექსუალურ ძალადობის მხრივ, ხარვეზი აქვს, როგორც კანონმდებლობას, ასევე სამართალდამცავების პრაქტიკას.
"დროა, ამ პრობლემასაც დაერქვას სახელი, როგორც დანაშაული, ვგულისხმობ, სექსუალურ ძალადობას. ეს საკითხი უნდა გახდეს პრიორიტეტი ჩვენთვისაც, აქტივისტებისთვისაც. ჩვენ ვფიქრობთ, გაუპატიურების მუხლი უნდა შეიცვალოს. იგი ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ჩვენ შემთხვევაში, თუ დანაშაულს დამამძიმებელი გარემოებები არ ახლავს, გაუპატიურებად არ ითვლება".
იდა ბახტურიძე ასევე ამბობს, რომ 8 მარტმა, როგორც ქალთა უფლებების საერთაშორისო დღემ, პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა დაიბრუნოს:
"სინამდვილეში ეს დღე დაწესდა კონკრეტული მიზნისთვის, კიდევ ერთხელ გვესაუბრა ქალთა უფლებების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და შეგვეხსენებინა ის პრობლემები ერთმანეთისთვის, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალებისთვის, ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ქალის უფლება არის ადამიანის უფლება".
პერფორმანსში მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ. ის ამბობს, რომ 8 მარტის რეალური შინაარსი ყოველწლიურად იკარგება:
"ძირითადად დამკვიდრებულია საყვარელი ადამიანებისთვის, ქალებისთვის ყვავილების ჩუქება და, თითქოს, იცლება ეს დღესასწაული იმ აზრისგან, რომელიც მასში იყო ჩადებული. ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელს მივუთითოთ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებთ ქალებს და ეს დღე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევახსენოთ სახელმწიფოს რა პრობლემები აწუხებთ ქალებს".
კომენტარები