ასტეროიდზე წარმატებული დაშვების შემდეგ Hayabusa 2-მა ნიმუშები შეაგროვა
იაპონური ხომალდი Hayabusa-2 დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდზე, რიუგუზე დაეშვა. დაშვების მიზანი ასტეროიდიდან ნიმუშების შეგროვება იყო, ხომალდმა ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.
"დაშვება წარმატებული იყო, ხომალდიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჰაიაბუსა 2 ხარვეზების გარეშე მუშაობს", - აცხადებას ჰაიაბუსა-2-ის პროექტის მენეჯერი იუიცი ცუდა.
ხომალდზე ნიმუშების შესაგროვებლად სპეციალური მოწყობილობაა მიმაგრებული, რომლითაც ზონდმა ასტეროიდის ზედაპირს ტყვია ესროლა, ამოფრქვეული ნივთიერებები კი ხომალდზე არსებულ სპეციალურ კონტეინერში შეგროვდა.
"ნიმუშების შეგროვების პროცედურა იმაზე სწრაფად განხორციელდა, ვიდრე ველოდით. ძალიან გახარებული ვარ", - აცხადებს მისიის ხელმძღვანელი მაკოტო იოშიკავა.
ხომალდი ასტეროიდის ნიმუშებით 2020 წელს დედამიწაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც მეცნიერებს შეგროვებული მასალის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.
ჰაიაბუსა 2 ასტეროიდ რიუგუს ორბიტაზე 2018 წლის ივნისში 3,5-წლიანი მოგზაურობის შემდეგ მოთავსდა. რიუგუზე დაშვება თავდაპირველად ოქტომბერში იგეგემბოდა, თუმცა ასტეროიდი იმაზე უფრო უსწორმასწორო აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, ამის გამო დაშვება რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
რიუგუ მზის სისტემის ყველაზე პრიმიტიულ ასტეროიდებს მიეკუთვნება, ამ ტიპის კოსმოსური ქვები მზის სისტემის შექმნისას ჩამოყალიბდა, თუმცა ისინი პლანეტების ფორმირების პროცესს როგორღაც გადაურჩნენ და მზის გარშემო მოხეტიალე ასტეროიდებად იქცნენ. მათი შესწავლით მეცნიერები შეძლებენ უკეთ ივარაუდონ, თუ როგორ მიმდინარეობდა მზის სისტემის ფორმირება.
ჰაიაბუსა-2 იაპონიამ 2014 წელს გაუშვა, მისიის ღირებულება კი 270 მილიონი დოლარია.
კომენტარები