ზვიგენის დნმ შესაძლოა კიბოსა და ასაკობრივი დაავადებების განკურნებაში დაგვეხმაროს
თეთრი ზვიგენის პირველი გენეტიკური რუკის ანალიზით მეცნიერებმა აღმოაჩინეს სპეციფიკური მუტაციები, რომლებიც ცხოველს კიბოსა და სხვა დაავადებებისგან იცავს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი ზვიგენის დნმ-ის კვლევისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებას ადამიანებში არსებული დაავადებების წინააღმდეგ შეძლებენ. როგორც ჩანს, თეთრ ზვიგენში დნმ-ის შეკეთების უნარი სპეციფიკური, ჩვენგან განსხვავებული გზით განვითარდა.
კვლევა ფლორიდაში არსებული ნოვას სამხრეთაღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
ადამიანებში ასაკობრივ დაავადებებს არასტაბილური გენები იწვევს. ზვიგენების დნმ კი შეცდომების მიმართ უფრო გამძლე და რეზისტენტულია.
"გენომის არასტაბილურობა ადამიანში დაავადებების განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ბუნებას ზვიგენებში გენომის სტაბილურობის ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად ჭკვიანური ხრიკები აქვს "მოფიქრებული". ამ საკითხის შესახებ კიდევ უამრავი რამ გვაქვს სასწავლი, როცა ზუსტად ვნახავთ იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც, მაგალითად, ზვიგენები ამ პრობლემებს უმკლავდებიან, შესაძლოა ამ ჭკვიანური მეთოდების გამოყენება ადამიანების შემთხვევაშიც შევძლოთ", - აცხადებს კვლევის თანაავტორი მაჰმუდ შივჯი.
თეთრი ზვიგენები ჩვენს ზღვებსა და ოკეანეებში უკვე 16 მილიონი წელია რაც დაცურავენ, მათი ზომა სიგრძეში ზოგჯერ ექვს მეტრს, წონა კი ექვს ტონას აღწევს.
ზვიგენის დნმ ადამიანისაზე ერთნახევარჯერ უფრო დიდია - ანუ მასში 1,5-ჯერ უფრო მეტი ნუკლეოტიდური წყვილია.
ცნობილია, რომ ზვიგენებს სერიოზული დაზიანებების გადატანა ადვილად შეუძლიათ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი დნმ-ის შესწავლით ადამიანებში ჭრილობების მკურნალობას უკეთ შევძლებთ.
ზვიგენები ადამიანებში საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ, აღნიშნულმა კვლევამ კი შესაძლოა ამ საკითხზე დადებითი გავლენა მოახდინოს.
კომენტარები