მთვარეს დაბნელებისას მეტეორი შეეჯახა
20 იანვარს დასავლეთის ნახევარსფეროში მყოფ ადამიანებს 2019 წლის მთვარის პირველი დაბნელების ხილვის შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა დამკვირვებლების ნაწილი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა, მათ მთვარეზე წამიერი სინათლე დააფიქსირეს - დაბნელებისას მთვარეს პატარა მეტეორი დაეჯახა.
"მსგავსი ზომის მეტეორი მთვარეს დაახლოებით კვირაში ერთხელ ეცემა. მაგრამ ამის კადრზე აღბეჭდვა, თანაც მთვარის დაბნელების დროს, ძალიან იშვიათი დამთხვევაა", - აცხადებს სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ჯასტინ კოვარტი.
წამიერი წერტილოვანი სინათლე Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის მთვარეს ბინოკლით უყურებდა, რის შემდეგაც ფაქტის გადასამოწმებლად ინტერნეტს მიმართა. მალე კი სოციალურ ქსელებში წერტილოვანი სინათლის დაფიქსირების ფაქტი უამრავმა ადამიანმა დაადასტურა.
თავდაპირველად მეცნიერები ცნობებს მეტეორის შესახებ სკეპტიკურად უყურებდნენ.
"თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლებელია კამერის დეფექტი ყოფილიყო", - აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი სარა მაზროუი.
შეჯახების შედეგად გამოწვეული სინათლე მკრთალია და ის მხოლოდ წამიერად ჩანს, რის გამოც ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მოვლენა კამერის დეფექტს მივამსგავსოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთვარეზე მეტეორის დაცემის ფაქტი უამრავმა სხვადასხვა ადამიანმა აღბეჭდა.
Reddit-ის მომხმარებლები და მოყვარული ასტრონომები არ არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული შეჯახება დააფიქსირეს. უელვას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ხოსე მარია მადიედო პროექტ MIDAS-ის ერთ-ერთი დირექტორია. მადიედო გამალებით მუშაობდა, რომ მთვარის დაბნელებისათვის პროექტის რვა ტელესკოპი გამართულ მდგომარეობაში ყოფილიყო, პროექტის მიზანი სწორედ ასეთი შეჯახებების დაფიქსირებაა.
MIDAS-ის გუნდი მსგავსი შეჯახებების აღმოსაჩენად მთვარეზე მკრთალ ნათებებს ეძებს. საქმე ისაა, რომ სავსე მთვარისას აღნიშნული შეჯახებების მიერ გამოწვეული მკრთალი ნათების დაფიქსირება, როგორც წესი, ვერ ხერხდება. ამიტომ MIDAS-ის მეცნიერები დაკვირვებებს სავსე მთვარემდე და მის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში აწარმოებენ ხოლმე. მთვარის დაბნელება პროექტზე მომუშავე მეცნიერებისათვის იდეალური შანსია, რომ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს დააკვირდნენ, რადგან ის ამ დროს ნაკლებად კაშკაშაა, რაც შეჯახებებით გამოწვეული მკრთალი ნათებების დაფიქსირების შანსს ზრდის.
მეცნიერების თქმით, შემდეგი ნაბიჯი აღნიშნული მოვლენის რაც შეიძლება მეტი ფოტოსა და ვიდეოს მოპოვებაა, რათა შეჯახების სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს. ვინაიდან დედამიწა და მთვარე ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, მთვარეზე მომხდარი შეჯახებების შესწავლით შეგვიძლია უკეთ განვსაზღვროთ, თუ რა სიხშირით ცვივა დედამიწაზე მეტეორები. მთვარისგან განსხვავებით, ჩვენს პლანეტას, საბედნიეროდ, სქელი ატმოსფერო გააჩნია, რომელიც მსგავსი პატარა კოსმოსური ქვებისგან გვიცავს. თუმცა, ასეთმა მეტეორებმა საფრთხე შეიძლება ჩვენს თანამგზავრებს შეუქმნას.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეჯახებით გამოწვეული კრატერის პოვნას და მის შესწავლასაც შეძლებენ.
კომენტარები