1,5 მლრდ სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები დაფიქსირდა
ასტრონომებმა 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს, მათი ნაწილი კი ცის ზუსტად ერთი წერტილიდან მომდინარეობს.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მსგავსი განმეორებადი სწრაფი რადიო ამოფრქვევები დააფიქსირეს. ახალი სიგნალები ამ მოვლენას კიდევ უფრო ბურუსით მოცულს ხდის, თუმცა ჩნდება იმედიც, რომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს ავხსნათ, თუ რა არის ამ სიგნალების წყარო.
სწრაფი რადიო ამოფრქვევების მიზეზებზე უამრავი სპეკულაცია არსებობს. სავარაუდო ვარიანტებში შედის ახალი ვარსკვლავების დაბადება, ნეიტრონული ვარსვკლავების ან შავი ხვრელების შეჯახება და სუპერ განვითარებული უცხოპლანეტელები. თუმცა ამ ეტაპზე მათი წარმომავლობა სრულად გაურკვეველია.
რადიო ამოფრქვევები მხოლოდ რამდენიმე მილიწამი გრძელდება, თუმცა ამ დროს იმდენი ენერგია გამოთავისუფლდება, რამდენის გამოსასხივებლადაც მზეს 12 თვე სჭირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ახალ ამოფრქვევებს შორის დაფიქსირდა ისეთი სიგნალიც, რომელიც ექვსჯერ გამეორდა.
ამ დრომდე დაახლოებით 60 სწრაფი რადიო ამოფრქვევაა დაფიქსირებული, თუმცა ერთის გარდა, არც ერთი მათგანი არ გამეორებულა.
"ახლა სწრაფი რადიო ამოფრქვევების მეორე განმეორებადი წყაროც დავაფიქსირეთ. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ასეთი წყაროები სხვაგანაც უნდა არსებობდეს. მეტი წყაროების შესწავლით კი შეიძლება ამ უცნაური მოვლენის საიდუმლოს ამოხსნა შევძლოთ", - აცხადებს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ინგრიდ სტეარსი.
სიგნალი კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში არსებულ CHIME-ს ობსერვატორიაში დაფიქსირდა.
ობსერვატორიამ მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მან სწრაფი რადიო ამოფრქვევები, მათ შორის აღნიშნული განმეორებადი წყაროც, მუშაობის პირველივე დღეებში დააფიქსირა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები