ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ახლა ვეცდებით დაგარწმუნოთ, რომ სახლში ობობები არ უნდა მოკლათ.

რატომ? იმიტომ რომ ობობები ბუნებისა და ჩვენი სახლის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრები არიან.

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი სახლი გარემოსგან იდეალურად არის იზოლირებული, თუმცა ეს ასე არ არის და სახლში ობობები და სხვა მწერები ხშირად გვხვდება. ზოგი მათგანი სახლში შემთხვევით ხვდება, ზოგის ვიზიტი კი გამიზნულია ხოლმე.

ობობების ნაწილს სახლში ყოფნა მოსწონთ კიდეც და თუ მათ საშუალებას მისცემთ, ისინი მთელ ცხოვრებას სახლის კუთხეებში ძრომიალში გაატარებენ. ობობები, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი არც აგრესიულები არიან და არც საშიშები. უფრო მეტიც, ისინი სხვა პატარა მწერებსა და პარაზიტებს ჭამენ, რითიც თქვენ გეხმარებიან.

მეცნიერებმა ჩრდილოეთ კაროლინაში დაახლოებით 50 სახლი შეამოწმეს და ობობები უკლებლივ ყველა სახლში ნახეს. მათი უმეტესობა საკუთარ ქსელში იჯდა და მსხვერპლს ელოდა.

ობობები მონადირეები არიან და ისინი ფაქტობრივად ყველაფერს ჭამენ, რის დაჭერასაც შეძლებენ. ობობები ხშირად იჭერენ ისეთ პარაზიტებსა და დაავადებების გამავრცელებელ მწერებს, როგორიც არის, მაგალითად, კოღო. არსებობს ობობის ერთი სახეობა, რომელსაც განსაკუთრებით სისხლით სავსე კოღოები უყვარს. გახსოვდეთ, რომ ობობის მოკვლით, თქვენ სახლიდან მნიშვნელოვან მონადირეს აძევებთ.

ობობების შიში ბუნებრივია, მათ ბევრი ფეხი აქვთ და უმეტესობა მათგანი შხამიანია, თუმცა სახეობების უდიდესი ნაწილის შხამი ადამიანისთვის სახიფათო არ არის. მათი ეშვები ხშირად ადამიანის კანს ვერც კი ჭრის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ჩვენ გვეშინია ობობების, ისევე ეშინიათ მათ ჩვენი. ობობები ადამიანების თავიდან არიდებას მუდმივად ცდილობენ, თანაც, ჩვენ მათთვის ბევრად უფრო საშიშები ვართ, ვიდრე ისინი ჩვენთვის.

ობობის ნაკბენი ძალიან იშვიათია, არსებობს რამდენიმე ობობა, რომელთა ნაკბენიც ადამიანისთვის პოტენციურად ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, ასეთია, მაგალითად, ქვრივი ობობა, თუმცა მათი ნაკბენებიც კი, გართულებებს იშვიათად იწვევს.

თუ თავს ვერ ერევით და ობობის სახლიდან მოშორება თქვენთვის ერთადერთი გამოსავალია, ნუ მოკლავთ მას, თქვენ შეგიძლიათ ის დაიჭიროთ და გარეთ გაუშვათ. ამით არც ობობა დაზიანდება და თქვენც ბედნიერი დარჩებით.

ხოლო თუ თავს მოერევით და ობობებს თქვენთან ერთად თანაცხოვრების საშუალებას მისცემთ, ეს თქვენც წაგადგებათ და პატარა ობობაც კმაყოფილი იქნება.