მზის სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყველაზე დიდი შანსია, რომ სიცოცხლე არსებობდეს, იუპიტერის მთვარე ევროპაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთვარეზე არსებულ თხევად ოკეანეებში შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები არსებობდნენ, თუმცა, ოკეანე ყინულის სქელი ფენით არის დაფარული, რომელიც სიგანეში შეიძლება 30 კილომეტრიც კი იყოს.

ახლა NASA-ს გლენის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს ხომალდის კონცეფცია, რომელიც ევროპის ოკეანეებს შეისწავლის. ეს არის ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე რობოტი, რომელიც სქელი ყინულის ფენას გაალღობს და მის ქვეშ არსებულ ბნელ ოკეანემდე მიაღწევს.

მეცნიერებმა რობოტის ორ ვერსიაზე ფიქრობენ, ერთ-ერთში მცირე ბირთვული რეაქტორი იქნება ჩაშენებული, მეორე კი სითბოს რადიოაქტიური წყაროდან მიიღებს. ორივე შემთხვევაში, რობოტი ზედმეტ სითბოს ევროპაზე ყინულის გასალღობად გამოიყენებს.

სანამ რობოტი ოკეანემდე ჩააღწევს, ის მის გარშემო არსებულ ყინულს გააანალიზებს და სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის. ხომალდი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენით ევროპის ზედაპირზე დატოვებულ საკომუნიკაციო სდაგურთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ინფორმაციას დედამიწაზე გამოგზავნის.

ილუსტრაცია

ილუსტრაცია

ფოტო: ALEXANDER PAWLUSIK, LERCIP INTERNSHIP PROGRAM NASA GLENN RESEARCH CENTER

აღნიშნული კვლევის ფარგლებში მეცნიერები მსგავსი რობოტის კონცეფციას იკვლევენ. ასეთი რობოტის შექმნა და მისი ევროპაზე გაგზავნას წლები დასჭირდება. ასეთი მისიების დროს, უცხო ეკოსისტემების დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების საფრთხეც არსებობს, ამიტომაც დიდი სიფრთხილეა საჭირო.

"კვლევის ფარგლებში არ გვიმსჯელია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხვდეს რობოტი ევროპის ზედაპირზე, ან ზუსტად როგორ უნდა ჩააღწიოს მან ყინულში. ჩვენ დავუშვით, რომ ასეთი ხომალდის ევროპაზე გაგზავნა შესაძლებელია და ყინულის გამოკვლევის გეგმა შევიმუშავეთ ", - აცხადებს ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ დომბარდი.

NASA ხშირად აფინანსებს მსგავს კვლევებს, რომ ცხადად გაირკვეს, თუ რა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო, რათა მზის სისტემა უკეთ შევისწავლოთ. უცხო სიცოცხლის ძებნა ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, ხოლო ევროპა კი საუკეთესო ადგილია, სადაც ის შეიძლება ვეძებოთ. განხორციელდება თუ არა ევროპის შემსწავლელი მისია ახლო მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.