ჩინეთმა და რუსეთმა ექსპერიმენტების სერიის ფარგლებში მაღალი სიხშირის რადიოტალღებით დედამიწის ატმოსფეროზე გავლენა მოახდინა.

მოსკოვის აღმოსავლეთით არსებულ პატარა ქალაქ ვასილსურსკში განლაგებულია ნაგებობა, რომელსაც დედამიწის იონოსფეროს გაცხელება შეუძლია და მას "სურა" ეწოდება. ექსპერიმენტის ფარგლებში სურას მეშვეობით მაღალი სიხშირის რადიოტალღებით იონოსფეროზე ზემოქმედება მოხდა, ამ პროცესს კი ჩინური სეისმო-ელექტრომაგნიტური თანამგზავრი (CSES) დააკვირდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიოში მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა. თუმცა, კვლევაში ნახსენებმა რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობამ გააჩნია ეჭვები, რომ ექსპერიმენტი, შესაძლოა, სამხედრო ხასიათს ატარებდეს.

ეჭვების მიზეზი ისაა, რომ იონოსფერო და მასში არსებული იონიზებული პლაზმა რადიოკომუნიკაციებისთვის უმნიშვნელოვანესია. იონოსფეროში არსებულ დამუხტულ ნაწილაკებზე გავლენით, მეცნიერებს თეორიულად შეუძლიათ, რომ რადიოკომუნიკაციებისთვის საჭირო სიგნალები დაახშონ, ან გააძლიერონ.

აღნიშნული ექსპერიმენტები მხოლოდ საცდელი იყო, რომლის საფუძველზეც მომავალში უფრო მასშტაბური ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება, თუმცა, ამ წინასწარ ექსპერიმენტებსაც კი იონოსფეროზე დიდი გავლენა ჰქონდა.

ერთ-ერთი ცდისას ექსპერიმენტის გავლენის ქვეშ იონოსფეროს 126 000 კვადრატული კილომეტრი მოექცა. მეორე ცდისას კი იონოსფეროში არსებული იონიზებული გაზის ტემპერატურამ 100 გრადუსით მოიმატა.

მეცნიერები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ აცხადებენ, რომ ექსპერიმენტი სრულად უსაფრთხოა.

"ჩვენ ღმერთის როლის მორგებას არ ვცდილობთ. თანაც, ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობს", - აცხადებს მეცნიერი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"სურა" 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ შეიქმნა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ მსგავსი ბაზა აშშ-ში, კერძოდ, ალასკაშიც აშენდა, რომელსაც HAARP ეწოდება.

HAARP

HAARP

ფოტო: Jessica Matthews

HAARP-ს დედამიწის იონოსფეროზე ზემოქმედება ბევრად უფრო ძლიერად შეუძლია, ვიდრე "სურას." ის თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ახლა ის ალასკა ფერბენკსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ქვეშაა.

თუმცა, ატმოსფეროში ექსპერიმენტებს აშშ-ს სამხედრო ძალები კვლავ ატარებს, ახლო წარსულში აშშ-ს ავიაციამ იონოსფეროს შესასწავლად ატმოსფეროს ზედა ფენებში პლაზმური ბომბები ააფეთქა.

როგორც ცნობილია, სურასა და HAARP-ის მსგავს ბაზას ჩინეთიც აშენებს, რომლის გავლენაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე არსებულ იონოსფეროზე გავრცელდება.

ამჟამად რუსეთისა და ჩინეთის მავნე განზრახვების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუმცა, წელს, რუსეთს GPS-ის სიგნალების დახშობა დაბრალდა, რაც, თეორიულად შეიძლება, რომ მსგავსი ექპსერიმენტების შედეგი იყოს.

აღნიშნული საკითხის შესახებ საჭიროა, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მკვლევარების თქმით, მეცნიერების ამ სფეროში შეთქმულების თეორიები ხშირია. თუმცა, ამ სიახლის შესახებ ეჭვები იმ მეცნიერებმაც გამოთქვეს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ.

"რუსეთთან მსგავსი თანამშრომლობა ძალიან უცნაურია", - აცხადებს სიდიანის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ინჟინერი გო ლისინი.