ბრალდებები, დეზინფორმაცია, თავის მართლება და დაბნეული ამომრჩეველი — არჩევნების მეორე ტური ამ რეჟიმში წარიმართა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და მოსახლეობის ნაწილმა დღემდე არ იცის მათი საარჩევნო პროგრამა.

On.ge გთავაზობთ საპრეზიდენტო კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ხედვებს საგარეო პოლიტიკის, განათლებისა და სხვა საკითხების შესახებ. მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის პროგრამა On.ge-ს მის პრესსამსახურში მიაწოდეს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის პროგრამა კი Prezidenti.ge-ს კითხვებზე პასუხებია.

პრეზიდენტის მოვალეობები

თავის პროგრამაში სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უშუალო მოვალეობებზე არ საუბრობს, თუმცა მის ხედვებს სხვა პუნქტებში აყალიბებს. კანდიდატი ამომრჩეველს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ მოდელს სთავაზობს და პირობას დებს, რომ ადმინისტრაციაში დაცული იქნება გენდერული ბალანსი და დასაქმდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. კანდიდატი მოქალაქეებთან კავშირისთვის ცხელი ხაზის გააქტიურებას აპირებს და ამომრჩეველს გამჭვირვალობას ჰპირდება.

გრიგოლ ვაშაძე Prezidenti.ge-ს კითხვებს არა პრეზიდენტის უფლებამოსილების მიხედვით, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის დაპირებებით პასუხობს. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია შექმნას ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული თავისუფალი მოქალაქეების სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი.

საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკის განხილვისას სალომე ზურაბიშვილი ძირითად აქცენტს "ევროპულ მომავალზე" აკეთებს. კანდიდატის თქმით, აუცილებელია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია. მისივე თქმით, ქვეყნის ევროპასა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია კულტურული იდენტობითა და ევროპული გამოცდილების გაზიარებით უნდა მოხდეს და არა — მზა მაგალითებით.

ვაშაძის თქმით, საქართველოს სტრატეგიულ მიზანია მიაღწიოს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აშშ-სთან. გაერთიანებულ ოპოზიციაში, ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ საქართველომ განაგრძოს ავღანეთში ნატოს-ს მისიაში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანა.

ტერიტორიული მთლიანობა

ზურაბიშვილი თავისი პროგრამით ამომრჩეველს ამცნობს, რომ მისი პრიორიტეტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ქვეყნის გამთლიანებისთვის წინაპირობების შექმნა. მისი აზრით, აუცილებელია ევროკავშირის მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გაზრდა.

ვაშაძე ამბობს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კითხით. გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად უნდა გააგრძელოს არაღიარების, დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პოლიტიკა. კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო მისიებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად.

არცერთი კანდიდატი საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე.

განათლება

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაში განათლებაზე მხოლოდ ერთი წინადადება წერია: "სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში". თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროა ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა. კანდიდატი არ საუბრობს განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

ვაშაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია განათლების ბიუჯეტის გაორმაგება. განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ვაშაძეს საჭიროდ მიაჩნია, მასწავლებელთა ხელფასების 1 000 ლარამდე გაზრდა და საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა. მისი აზრით, საატესტატო და ეროვნული გამოცდების ინტეგრაციას და ცვლილებებს უნივერსიტეტებში მიღების სისტემაში.

ჯანდაცვა

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის განვითარება. კანდიდატის აზრით, მნიშვნელოვანია იმ პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ისტორიულად აქვს მედიცინის სფეროში. ზურაბიშვილი, ასევე, საჭიროდ მიიჩნევს, დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურებასა და პრეზიდენტის ლობირებას ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად.

ვაშაძის აზრით, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების გაძლიერება, დაფინანსების სქემის გადახედვა და პროგრამული პრიორიტეტების სწორი გადანაწილება. კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაჩნდება კერძო სადაზღვევო პაკეტების ინტეგრირების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში, მცირედი დანახარჯით შეიძინონ ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო არ უფინანსებს.

ნარკოპოლიტიკა

თავის პროგრამაში ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე დეტალურ ხედვებს არ აყალიბებს და მხოლოდ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

საინფორმაციო კამპანიაზე საუბრობს ვაშაძეც და ამომრჩეველს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას სთავაზობს. კანდიდატის აზრით, საჭიროა ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია სარისკო პოპულაციებში. ფიქრობს, რომ დოზების ოდენობა უნდა დარეგულირდეს და ადეკვატური სასჯელის განისაზღვროს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში კანდიდატმა მარიხუანის მომხმარებლები პედოფილებს შეადარა აცხადებს, რომ აუცილებელია დახმარება და მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად. ამავე დროს, კატეგორიულად წინააღმდეგია მარიხუანის კულტივაციის.

ეკონომიკა

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდული ფორმებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილი პროგრამაში ეკონომიკაზე არ საუბრობს.

ვაშაძე კი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გეგმავს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის "თითქმის გაორმაგებას". მისი ეკონომიკური ხედვით, "მთავარი ორიენტირი" არის სიღარიბის შემცირება ორნიშნას მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პირობებში.

მისივე აზრით, იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს დაუბრუნდეს საჭიროა ზედმეტი რეგულაციების გაუქმება, ბიუროკრატიის შემცირება, კერძო საკუთრების დაცულობა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბალანსებული ბიუჯეტი და სტაბილური ლარი.

გაიგეთ მეტი კანდიდატების საარჩევნო პროგრამაზე:

ამავე თემაზე: