ახლა უკვე შეგიძლიათ ნახოთ, რამდენ დროს ატარებთ Facebook-ზე
უკვე 15 კვირა გავიდა, რაც ფეისბუქმა ახალი ფუნქცია დააანონსა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაარკვიონ, თუ ყოველდღიურად რამდენ დროს ატარებენ ისინი ფეისბუქზე.
ახალი ფუნქციის მიზანია დაგეხმაროთ, რომ სოციალურ ქსელში თქვენ მიერ გატარებული დრო უკეთ გააკონტროლოთ. ფეისბუქის პარამეტრებში ჩაშენებული სპეციალური პანელი დაითვლის, კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ რამდენ წუთს ატარებთ ფეისბუქზე.
თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს დღიური ლიმიტიც დაუწესოთ, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენს დღიურ დოზას გადააჭარბეთ. ახალი ფუნქცია ამ ეტაპზე მხოლოდ მობილურ აპლიკაციაშია ჩაშენებული.
თუ ახალი ფუნქცია უკვე გაგიაქტიურდათ, მასზე წვდომა პარამეტრების მენიუდან შეგიძლიათ:
- შედით ფეისბუქის აპლიკაციის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ მენიუში.
- ჩამოშალეთ პარამეტრებისა და უსაფრთხოების (Settings & Privacy) მენიუ.
- მოძებნეთ ფუნქცია "Your Time on Facebook".
თუ თქვენს აპლიკაციაში აღნიშნული ფუნქციას ვერ იპოვით, არ ინერვიულოთ, ის მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება. ფეისბუქის თქმით, ისინი ახალ ფუნქციებს მომხმარებლებზე ეტაპობრივად ავრცელებენ, ეს აპლიკაციაში გაპარული შესაძლო შეცდომების უფრო სწრაფად გამოსწორების საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული კეთილდღეობა უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა, ცოტა ხნის წინ მსგავსი ფუნქცია დაემატა ინსტაგრამსაც, ისევე როგორც iOS-ისა და ანდროიდის ახალ ვერსიებს, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი მეთოდები, ჯერჯერობით უცნობია.
ფეისბუქისა და ინსტაგრამის ახალი ფუნქციები მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და დროის გადაჭარბების შემთხვევაში ისინი მხოლოდ ერთი შეტყობინებით შემოიფარგლებიან, რომლის გათიშვაც თითის ერთი დაწკაპუნებით შეიძლება. ანდროიდის ციფრული კეთილდღეობის სისტემა ამჟამად ყველაზე "აგრესიულია", დღიური ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ის კონკრეტულ აპლიკაციებს ბლოკავს და მისი ჩართვის საშუალებას აღარ გაძლევთ, ბლოკის მოსახსნელად კი პარამეტრებში შესვლაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქისა და ინსტაგრამის დროის მართვის ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, სისტემა ასევე არ ითვლის იმ დროს, რომელსაც ფეისბუქზე კომპიუტერის ან პლანშეტის გამოყენებით ატარებთ.
სისტემის ერთი დიდი ნაკლი ის არის, რომ ის ფეისბუქზე გატარებული დროის კატეგორიზირებას არ ახდენს. ამჟამად არ არსებობს გზა, რომლითაც განასხვავებთ, თუ კონკრეტულად რა საქმიანობას დაუთმეთ ფეისბუქზე გამოყენებული დრო, იქნება ეს სურათების თვალიერება, თუ მესენჯერში საუბარი.
ფეისბუქის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ადამიანისთვის ყველაზე საზიანო სოციალური ქსელების პასიური გამოყენებაა, ხოლო თუ მას სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად ვიყენებთ, ის საზიანო სულაც არ არის. სამწუხაროა, რომ ახალი ფუნქცია პასიურად გატარებული დროის აქტიურისგან განსხვავების საშუალებას არ იძლევა.
კომენტარები