რატომ ღირს ფრენა ასეთი იაფი, ანუ როგორ მუშაობენ ბიუჯეტური ავიახაზები
ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ყველა იმ ადამიანს გასჩენია, რომელსაც ბიუჯეტური ავიახაზებით უმგზავრია: როგორ ახერხებენ ბიუჯეტური ავიახაზები წარმოუდგენლად დაბალი ფასის მქონე ბილეთების გაყიდვას ისე, რომ არ გაკოტრდნენ?
ალბათ თქვენც გაგიგიათ ან საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, რომ თუ წინდახედულობას გამოიჩენთ, ქუთაისიდან WizzAir-ის დახმარებით ევროპაში მოხვედრა 30-40 ლარად შეიძლება. ამდენივე თანხა კი შეიძლება დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებს შორის გადაადგილებაზე დაგეხარჯოთ.
ბიუჯეტური ავიახაზები განსაკუთრებული წარმატებით ევროპაში სარგებლობს. კომპანიები, რომლებიც იაფ ფრენებს უზრუნველყოფენ, ფასის შესამცირებლად მრავალ გზას მიმართავენ:
თვითმფრინავები
თვითმფრინავების ფლოტი ავიაკომპანიის მთავარი არსენალია. ბიუჯეტური ავიახაზები თვითმფრინავებზე საკმაოდ დიდ ეკონომიას აკეთებენ, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ფულის დაზოგვა უფრო დაბალი ხარისხის, ან მეორადი თვითმფრინავების შეძენის ხარჯზე ხდება. სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით, ბიუჯეტურ ავიახაზებს ყველაზე ახალგაზრდა თვითმფრინავები ჰყავთ.
ერთი შეხედვით შეიძლება გვეუცნაუროს, რატომ ყიდულობენ ბიუჯეტური ავიახაზები უახლეს, ძვირ ავიალაინერებს?
ახალი თვითმფრინავები, ძველებთან შედარებით, ბევრად უფრო ეკონომიურია. ამით ავიახაზები საწვავზე ძალიან დიდ თანხას ზოგავენ, რაც კომპანიისთვის საბოლოო ჯამში უფრო მომგებიანია. ბიუჯეტურ ავიახაზებს ბევრად უფრო ახალგაზრდა ფლოტი ჰყავთ, ვიდრე სხვა, ძვირადღირებულ ავიაკომპანიებს. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ფლოტის ასაკი ხუთ წელს თითქმის არასდროს ცდება. Wizz Air-ის თვითმფრინავების ასაკი საშუალოდ 4.4 წელია, რაც ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2001 წელს მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ ავიაციამ დიდი კრახი განიცადა, ავიაკომპანიების უმეტესობა თავის გადასარჩენად იბრძოდა, ავიალაინერების ფასები კი ეცემოდა, ამ დროს ბიუჯეტურმა ავიახაზებმა ავიალაინერების მწარმოებელი კომპანიებისგან თვითმფრინავების დიდი რაოდენობა დაბალ ფასად შეიძინეს. ასეთი კატასტროფები, საბედნიეროდ, ხშირი არ არის, მაგრამ აქ კარგად ჩანს სტრატეგია, რომელიც ბიუჯეტურ ავიახაზებს გააჩნიათ - ისინი ცდილობენ, დიდი რაოდენობის თვითმფრინავები ერთბაშად შეიძინონ, რის გამოც თითოეული ხომალდი იაფი უჯდებათ.
თანხების დაზოგვის მიზნით, ბიუჯეტური ავიახაზების უმეტესობას მხოლოდ ერთი ტიპის თვითმფრინავი ჰყავს, მაგალითად, Wizz Air-ის ფლოტი მხოლოდ ეარბასის A320-ის ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება.
ერთი ტიპის თვითმფრინავის ყოლა ნიშნავს, რომ ავიაკომპანიას პილოტების, ინჟინრების, ბორტგამცილებლებისა და სხვა დამხმარე პერსონალის გადამზადება მხოლოდ ერთი ტიპის თვითმფრინავის მიმართ სჭირდება, რისი საშუალებითაც კომპანიები უამრავ დროსა და ფულს ზოგავენ.
რაც შეეხება თვითმფრინავების შიდა ინტერიერს, ბიუჯეტური ავიახაზები სივრცის მაქსიმალურ გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. სკამებზე ვერც ჩასადებებს ნახავთ, რადგან ფრენებს შორის მათი წმენდა დიდ დროს მოითხოვს.
ბიუჯეტურ ავიახაზებში დასაქმებული ბორტგამცილებლები ხშირად საკუთარი კარიერის დასაწყისში იმყოფებიან და მულტიფუნქციური სამსახურები აქვთ: მაგალითად, თვითმფრინავის მიწაზე ყოფნისას მათ შეიძლება მგზავრების ბილეთები შეამოწმონ.
ასევე უნდა ვახსენოთ ბარგიც, შეიძლება არ იცოდეთ, რომ თვითმფრინავების დაგვიანების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბარგთან დაკავშირებული საკითხებია. ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ბარგის სპეციფიკური პოლიტიკა აქვთ, რაც ბილეთის ფასის მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ემსახურება. უნდა გახსოვდეთ, რომ თვითმფრინავში ატანილი ყოველი დამატებითი კილოგრამი საწვავის ხარჯებს ზრდის, რაც ბილეთის ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
Wizz Air ბორტზე ერთი უფასო ხელბარგის (40x30x20 სმ) ატანის საშუალებას გაძლევთ, უფასო ხელბარგის გარდა, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზებაც შეიმუშავა, რომლის ფასიც სულ რაღაც შვიდი ევროდან იწყება.
Wizz Air-ის ბარგის პოლიტიკას უფრო დეტალურად მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
აეროპორტები
თქვენ ლონდონის ჰითროუს, ან პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბიუჯეტურ ავიახაზებს ვერასდროს შეხვდებით, რადგან ეს აეროპორტები ძვირია.
თითოეულ აეროპორტს დღეში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ფრენების მიღება შეუძლია, დაჯდომისა და აფრენის ფასები კი მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად რეგულირდება.
ჰითროუსა და შარლ დე გოლის აეროპორტების ნაცვლად, ბიუჯეტური ავიახაზები უფრო პატარა, მაგალითად, ლონდონის ლუტონისა და პარიზის ბოვეს აეროპორტებს იყენებენ. ეს მომხმარებელს ბილეთზე ფულის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
ასეთი აეროპორტები ბიუჯეტურ ავიახაზებზე ძლიერად არიან დამოკიდებულნი, თუ ამ აეროპორტებს ბიუჯეტური ავიახაზები დატოვებენ, ისინი დიდი ალბათობით არსებობას შეწყვეტენ.
საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტურ ავიახაზებს ძვირადღირებულ აეროპორტებში ნაკლებად დატვირთულ საათებში შეუძლიათ ფრენა, როდესაც აეროპორტის გადასახადი ნაკლებია.
24/7
ბიუჯეტური ავიახაზების თვითმფრინავები ყოველდღე გაუჩერებლად დაფრინავენ. ერთმა თვითმფრინავმა შეიძლება დღეში რვა ან მეტი ფრენაც კი განახორციელოს, ფრენებს შორის კი დაყოვნება მაქსიმუმ ნახევარი საათია, რაც თვითმფრინავის გასაწმენდად არც ისე ბევრ დროს ტოვებს, სამაგიეროდ ეს ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმალური მოგებით იმუშაონ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მგზავრების დაგვიანების შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. როცა ჩასხდომის პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, განრიგი შეუფერხებლად სრულდება.
ძვირადღირებული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, ბიუჯეტური ავიახაზები კონკრეტულ აეროპორტებს საკუთარი ფლოტის ბაზირებისთვის არ იყენებენ, რაც მათ მრავალფეროვანი რეისების განხორციელებასა და გადაჯდომების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს. გადაჯდომები ავიაკომპანიებისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ამ დროს მათ ბარგის გადაზიდვასა და სხვა წვრილმანი საქმების შესასრულებლად დამატებითი პერსონალის აყვანა და დროის გამოყოფა სჭირდებათ.
ავტომატიზაცია
ბიუჯეტური ავიაკომპანიებით სარგებლობისას პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მგზავრობის ბილეთი რეალური ადამიანისგან იყიდოთ. ბილეთების შეძენის პროცესი თითქმის ყოველთვის ბოლომდე ავტომატიზირებულია.
ბიუჯეტური ავიახაზები მომგებიანია
სწორი სტრატეგიის ქონისას ბიუჯეტური ავიახაზები მოგებასაც ნახულობენ და მომხმარებელსაც აძლევენ საშუალებას, ბილეთი იმაზე ხუთჯერ და ათჯერ შეიძინონ, ვიდრე სხვა შემთხვევაში დაუჯდებოდა.
ძვირადღირებულ ავიაკომპანიებთან შედარებით, ბიუჯეტური ავიახაზებისთვის, რომლებიც ძირითადად ტურისტებზე მუშაობენ, ახალი მიმართულებების დამატება ადვილია, რადგან ბილეთის სიიაფე გარანტიას იძლევა, რომ ახალი მიმართულება პოპულარული იქნება.
მაგალითად, Wizz Air-ით ქუთაისიდან სულ რამდენიმე საათში ევროპის 13 ქვეყანაში შეგიძლიათ მოხვედრა ისე, რომ შვებულების აღებაც კი არ დაგჭირდებათ. ახლახან Wizz Air-ის ვებგვერდს მგზავრობის დაგეგმვის ფუნქციაც დაემატა და თან მომდევნო წლის ფრენების განრიგიც ხელმისაწვდომია. წინასწარ შეძენისას, იაფი ფრენის მთელ უპირატესობას საკუთარ თავზე გამოცდით.
ბიუჯეტური ავიახაზების წარმატების საიდუმლო მათ მასშტაბებშია. უამრავი თვითმფრინავის, ძალიან ბევრი მიმართულების, დაბალი ფასებისა და ჭკვიანური მარკეტინგის საშუალებით ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი ადგილი უჭირავთ.
კომენტარები