შესავალი

ლიბერალიზმმა შექმნა თანამედროვე მსოფლიო, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ზურგს აქცევს მას. ევროპა და ამერიკა ლიბერალური ელიტების წინააღმდეგ მიმართული პოპულარული ჯანყებით იტანჯება - იმ მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველად აღქმული ელიტების, რომლებსაც ან არ შეუძლიათ, ანდაც არ სურთ უბრალო ხალხისთვის პრობლემების გადაჭრა. 25 წლიანი გადატრიალება თავისუფლებისა და ღია ბაზრებისკენ - სრულიად საპირისპიროში გადაიზარდა, ჩინეთიც კი, სულ მალე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში, ადასტურებს, რომ დიქტატურაშიც შესაძლებელია აყვავება.

“ეკონომისტისთვის” ეს ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ 175 წლის წინ დაგვაარსეს ლიბერალიზმის - არა ამერიკული კამპუსების მომემარცხენო “პროგრესივიზმის” ან ფრანგი კომენტატორების მიერ გაჯანსაღებული მომემარჯვენო “ულტრალიბერალიზმის”, არამედ ინდივიდის ღირსებისადმი თავდადების, ღია ბაზრების, შეზღუდული მთავრობის და იმ რწმენის გასავრცელებლად, რომ კაცობრიობის პროგრესი მიიღწევა კამათით და რეფორმებით.

ჩვენი დამფუძნებლები გაოგნებულები დარჩებოდნენ დღევანდელი ცხოვრების ხარისხით - 1840 წლის საყოველთაო სიღატაკესთან და უსასოობასთან შედარებით. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო 175 წელიწადში 30-დან 70 წლამდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ხალხის რაოდენობა 80%-დან 8%-მდე დაეცა, ხოლო მათი აბსოლუტური რიცხვი განახევრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა ამასობაში 100 მილიონიდან 6,5 მილიარდამდე გაიზარდა. წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებიც ხუთჯერ მეტია და 80%-ს აჭარბებს. სამოქალაქო უფლებები და კანონის უზენაესობა შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვნად არის დაცული ახლა, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ. ბევრ ქვეყანაში ინდივიდები თავისუფლები არიან, აირჩიონ როგორ იცხოვრონ - და ვისთან ერთად.

ცხადია, ეს ყველაფერი ლიბერალებს არ გაუკეთებიათ. მაგრამ რაც მე-19 და მე-20 საუკუნის ფაშიზმმა, კომუნიზმმა და იზოლაციონიზმმა ვერ შეძლო, ლიბერალურმა საზოგადოებამ შექმნა. ასეა თუ ისე, ლიბერალურმა დემოკრატიამ მოახერხა დომინირება დასავლეთში, საიდანაც მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება.

მიღწეულით ტკბობა, დასვენების გარეშე

თუმცა პოლიტიკური ფილოსოფიები მხოლოდ წარსული დიდებით ვერ იარსებებენ: ისინი უკეთეს მომავალსაც უნდა გვპირდებოდნენ. სწორედ აქ მოჩანს ლიბერალური დემოკრატიისთვის მოსალოდნელი გამოწვევა. დასავლეთში ამომრჩეველი უკვე ეჭვობს, რომ შესაძლოა სისტემა მათთვის არ მუშაობდეს ან ის სრულებითაც არ იყოს სამართლიანი. გასულ წელს გერმანელების 36%, კანადელების 24% და ფრანგების 9% ფიქრობდა, რომ იმედია მომავალი თაობა მშობლებზე უკეთესად იცხოვრებს. 35 წლამდე ამერიკელების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. იმ ადამიანების წილი კი, რომლებიც სამხედრო მთავრობას მიესალმებიან, არსებული 7%-დან (1995 წ) გასულ წელს 18%-მდე გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის, Freedom House-ის მიხედვით, ბოლო 12 წლის განმავლობაში გლობალურად მცირდება სამოქალაქო თავისუფლებები და პოლიტიკური უფლებები - 2017 წელს ამ მაჩვენებლით 71-მა ქვეყანამ დაიხია უკან, როცა მხოლოდ 35 წავიდა წინ.

მიუხედავად ამისა, The Economist-ს მაინც სწამს ლიბერალური იდეის სიძლიერის. ჩვენი დაარსების 175-ე იუბილეს აღსანიშნად ბოლო 6 თვეა ლიბერალიზმის კრიტიკის საპასუხო სტატიებს, პოდკასტებს, დებატებსა და ფილმებს ვაქვეყნებთ. ამ გამოშვებაში კი გთავაზობთ ესსეს, ერთგვარ მანიფესტს ლიბერალური აღორძინებისთვის - ლიბერალიზმი ხალხს.

ჩვენი მანიფესტი ადგენს, როგორ შეუძლია სახელმწიფოს გადასახადების, კეთილდღეობის, განათლების და იმიგრაციის გამოძერწვით მეტი შექმნას მოქალაქისთვის. ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს კორპორაციული მონოპოლიების მზარდი ძალაუფლებისგან და მშენებლობის აკრძალვებისგან, რომელიც ხალხს აყვავებული ქალაქების დატოვებას აიძულებს. დასავლეთს მოვუწოდებთ აღადგინოს მსოფლიო ლიბერალური წესრიგი სამხედრო ძალაუფლებით და გაძლიერებული ალიანსებით.

ყველა ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ლიბერალიზმის მთავარ პრობლემასთან გამკლავებას - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტრიუმფის მომენტში, მან თავისი არსებითი ღირებულებები დაკარგა. ამ პოლიტიკების გატარებით კი ლიბერალური აღორძინება უნდა დაიწყოს.

ლიბერალიზმი მე-18 საუკუნის მიწურულს ამერიკის დამოუკიდებლობის (და შესაბამისად დაბნეულობის), საფრანგეთის რევოლუციის, ვაჭრობის და მრეწველობის ტრანსფორმაციის საპასუხოდ წარმოიშვა. როგორც რევოლუციონერები ამტკიცებენ, ახალი და უკეთესი სამყაროს ასაშენებლად, პირველ რიგში არსებულის დანგრევაა საჭირო. კონსერვატორები პირიქით, ეჭვით უყურებენ ყველანაირ რევოლუციურ განაცხადს საყოველთაო ჭეშმარიტებაზე. კონსერვატორები საზოგადოებაში საუკეთესოს შენარჩუნებას ცვლილებების მართვის გზით ცდილობენ, როგორც წესი ამას მმართველი კლასი ან ავტორიტარული ლიდერი აკეთებს - “ვინც უკეთ იცის”.

ცვლილებების ძრავი

ჭეშმარიტი ლიბერალები ირწმუნებიან, რომ საზოგადოების ცვლილება უკეთესობისკენ ხდება თანდათან და ქვემოდან ზემოთ. ისინი განსხვავდებიან რევოლუციონერებისგან, რადგან უარყოფენ ადამიანისთვის სხვისი რწმენის და შეხედულებების მიღების იდეას იძულების გზით. ისინი განსხვავდებიან კონსერვატორებისგანაც, რადგან ფიქრობენ, რომ არისტოკრატია და იერარქია, ანუ ძალაუფლების კონცენტრაცია, თავისთავად შეიცავს საფრთხეს და მიდრეკილია გახდეს ჩაგვრის წყარო.

ამგვარად, ლიბერალიზმი ჩაისახა როგორც დაუღალავთა და აჟიტირებულთა მსოფლმხედველობა. ჯერჯერობით, ბოლო ათწლეულებია ლიბერალები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ძალაუფლებაში. ამის შედეგად კი რეფორმების განხორციელების მოთხოვნილება დაკარგეს. მმართველი ლიბერალური ელიტა თავს იმით იმშვიდებს, რომ სადავეები ჯანსაღი მერიტოკრატიით და დამსახურებულად მოიპოვა, თუმცა რეალობა არ არის ასეთი ცალსახა.

საუკეთესო შემთხვევაში, მერიტოკრატიის კონკურენტულმა სულისკვეთებამ ახალი იდეების განსაკუთრებული სიმდიდრე და მრავალფეროვნება მოგვიტანა. ეფექტურობის და ეკონომიკური თავისუფლების სახელით, მთავრობებმა ბაზრები კონკურენციისთვის გახსნეს. რასა, გენდერი და სექსუალობა არასდროს ყოფილა უფრო ნაკლები ბარიერი წინსვლისთვის. გლობალიზაციამ ასობით მილიონი ადამიანი ამოიყვანა სიღარიბიდან განვითარებად ბაზრებზე.

მაგრამ მაინც, მმართველი ლიბერალები ხშირად ემალებიან შემოქმედებითი დესტრუქციის ქარიშხალს. ელიტური პროფესიები, ისეთი როგორიც არის სამართალი, დაცულია უაზრო რეგულაციებით. უნივერსიტეტის პროფესორები უვადოდ ინიშნებიან ოღონდ ღია საზოგადოების სათნოების მნიშვნელობაზე იქადაგონ. ფინანსისტები შეეწირნენ ფინანსურ კრიზისს, მაშინ როცა მათ დამსაქმებლებს ბიუჯეტიდან სუბსიდიები ერგოთ.

არადა გლობალიზაცია მიზნად წარუმატებელი ადამიანების დასახმარებელი სამყოფი მოგების შექმნას ისახავდა, თუმცა სინამდვილეში ძალიან ცოტამ ისარგებლა ამით.

ლიბერალური მერიტოკრატია ყველა კუთხით არის ჩაკეტილი და თვითმყოფადი. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1999-2013 წლებში, ამერიკის ყველაზე პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა ასწავლეს უფრო მეტ სტუდენტს უმდიდრესი ოჯახებიდან (ტოპ 1%), ვიდრე დანარჩენი 50%-დან. 1980-2015 წლებში სწავლის გადასახადი, ისევე როგორც საშუალო შემოსავლები, ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიზარდა 17-ჯერ. 50 უდიდეს ურბანულ ფართობზე ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 7% რომელიც გამოიმუშავებს ეკონომიკის 40%-ს. მაგრამ მშენებლობის აკრძალვებმა ბევრს აიძულა ასეთ ადგილებს გარიდებოდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

მმართველი ლიბერალები ისე არიან შეპყრობილნი მხოლოდ სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზე ზრუნვით, რომ დაავიწყდათ როგორ გამოიყურება რადიკალიზმი. გაიხსენეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტონმა რა მარტივად გადაფარა დიდი იდეების ნაკლებობა პატარა ბრჭყვიალა იდეებით. 2015 წელს ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში ჯერემი კორბინთან იმის გამო კი არ დამარცხდნენ, რომ ის მაინცდამაინც კაშკაშა ნიჭიერი პოლიტიკოსია, არამედ იმიტომ, რომ თავად იყვნენ არაფრით გამორჩეული და უქარიზმო პოლიტიკოსები. სანამ ლიბერალი ტექნოკრატები უსაზღვროდ ჭკვიანური რეფორმების მოფიქრებას ცდილობენ, ამასობაში ცხადად შორდებიან ხალხს, რომელზე ზრუნვაც ევალებათ პირველ რიგში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ორ კლასს ქმნის: გამკეთებლები და ისინი, ვისაც გაუკეთეს, მოაზროვნეები და ისინი, ვის ნაცვლადაც იფიქრეს, პოლიტიკის შემქმნელები და პოლიტიკის მიმღებები.

თავისუფლების საფუძვლები

ლიბერალებს დაავიწყდათ, რომ ლიბერალიზმის საფუძველი ყველა მოქალაქის პატივისცემაა. 1943 წელს, ფაშიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად ჩვენს სარედაქციო წერილში ეს ორ, ურთიერთსავსე პრინციპად ჩამოვაყალიბეთ. პირველი არის თავისუფლება: “არამხოლოდ უბრალო და გონივრულია, დართო ადამიანებს ნება გააკეთონ რაც სურთ, არამედ მომგებიანიც.” მეორე კი საერთო ინტერესია: "ადამიანების საზოგადოებას აქვს უნარი იყოს ყველას კეთილდღეობაზე მზრუნველი ასოციაცია".

დღევანდელი ლიბერალური მერიტოკრატია შეუთავსებლად არსებობს თავისუფლების ამ განსაზღვრებასთან. მმართველი კლასი ბუშტში ცხოვრობს. ერთსა და იმავე კოლეჯში დადიან, ერთმანეთზე ქორწინდებიან, ერთსა და იმავე ქუჩებზე ცხოვრობენ და ერთსა და იმავე ოფისებში მუშაობენ. ძალაუფლებისგან მოშორებით მყოფი ადამიანების უმრავლესობა სავარაუდოდ კმაყოფილი უნდა იყოს ზრდადი მატერიალური სიკეთეებით. მაგრამ მაინც, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ გატარებული მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და შემცირებული პროდუქტიულობის მიუხედავად, ეს პირობა ხშირად ირღვევა.

ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც მეინსტრიმული პარტიების მიმართ ერთგულება იკლებს. ბრიტანელი კონსერვატორები, მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ყველაზე წარმატებული პარტია, ახლა გაცილებით მეტ შემოწირულობას აგროვებს გარდაცვლილი ადამიანების ანდერძიდან, ვიდრე ცოცხლები ჩუქნიან. ერთიანი გერმანიის პირველ არჩევნებში 1990 წელს ტრადიციულმა პარტიებმა ხმების 80% მოაგროვეს, ბოლო კვლევის მიხედვით კი მხოლოდ 45%-ს აღება შეძლეს - ულტრამემარჯვენეების, ულტრამემარცხენეების და მწვანეების 41,5%-ის პარალელურად.

"ლიბერალები დღევანდელ გამოწვევებს ენთუზიაზმით უნდა ხვდებოდნენ. თუ გაიმარჯვებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი იდეები უსაზღვროდ ძლიერია თავისუფლებისა და კეთილდღეობის გასავრცელებლად"

ხალხი უკან იხევს და ჯგუფურ იდენტობებში ერთიანდება რასის, რელიგიის ან სექსუალობის მიხედვით. ამის შედეგად ნახსენები მეორე პრინციპი “საერთო ინტერესი” დანაწევრდა. იდენტობის პოლიტიკა ადეკვატური პასუხია დისკრიმინაციაზე, მაგრამ იდენტობების გამრავლებასთან ერთად თითოეული ჯგუფის პოლიტიკა შეუთავსებელია ყველა დანარჩენთან. სასარგებლო კომპრომისების გამოძებნის ნაცვლად, დაპირისპირება და კამათი გადაიქცა ტომებს შორის მრისხანების გამოსახატ პოლიგონად. ულტრა-მემარჯვენე ლიდერები იმიგრაციით გამოწვეულ შიშებსა და დაუცველობის შეგრძნებებზე კაპიტალიზებაში ხედავენ მხარდაჭერის მოპოვების გზას. და პოლიტკორექტულობის შესახებ მემარცხენე ფრთის ამპარტავნულ არგუმენტებს საკუთარი ამომრჩევლისთვის “ზემოდან ყურების” კომპლექსის გამოკვების მიზნით იყენებენ. შედეგი - პოლარიზაცია. ხანდახან ამ პროცესს მივყავართ პარალიზებასთან, ზოგჯერ უმრავლესობის ტირანიასთან. ყველაზე უარეს შემთხვევაში კი ნოყიერ ნიადაგს უქმნის ულტრა-მემარჯვენე ავტორიტარიზმს.

ლიბერალები მარცხდებიან გეოპოლიტიკაშიც. ლიბერალიზმი მე-19 და მე-20 საუკუნეში ჯერ ბრიტანეთის საზღვაო ჰეგემონიის, ხოლო მოგვიანებით შეერთებული შტატების ეკონომიკური აყვავების და სამხედრო აღზევების ფონზე გავრცელდა. დღეს, პირიქით, ლიბერალური დემოკრატია უკან იხევს რუსეთისგან მუდმივი საბოტაჟის და ჩინეთის მიერ გლობალური ძალაუფლების მოპოვების პარალელურად. ამ დროს, იმის ნაცვლად, გააძლიეროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ალიანსები და ლიბერალური ინსტიტუციები, ამერიკა უგულებელყოფს ლიბერალიზმს, და მეტიც - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ თავს ესხმის მას.

უკან დახევის იმპულსი მცდარ ანალიზს ეფუძნება. როგორც ისტორიკოსი რობერტ კაგანი აღნიშნავს, ამერიკა მსოფლიო ომებს შორის იზოლაციონიზმიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირის კონსერვირების მიზნით არ გადართულა, როგორც ამას ხშირად ასკვნიან. არამედ, ნახეს რა 1920-1930-იანი წლების ფაშიზმი და ბოლშევიზმი, სახელმწიფო მოღვაწეებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის სამყარო ლიდერის გარეშე. სახელმწიფო მდივნის, დინ აჩესონის სიტყვებით, ამერიკას აღარ შეეძლო "გადატენილი იარაღით შინ ყურყუტი".

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას ამერიკის მყისიერი უსაფრთხოება არ მოჰყოლია. თუ მსოფლიოს ლიბერალური იდეები არ ზღუდავს, გეოპოლიტიკა მე-19 საუკუნის ევროპული სახელმწიფოების მსგავსად ძალთა ბალანსის და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ველი ხდება, რომელმაც კულმინაციას ფლანდერსის ტალახიან მინდვრებზე მიაღწია. დღესაც კი, თუ მშვიდობა გაგრძელდება, ლიბერალიზმი მაინც საფრთხის ქვეშ დარჩება საგარეო მტრების მიერ პოპულისტების და “ძლიერების” ხელში ჩაყრილი ხალხის მზარდი შიშების გამო.

ახლა ლიბერალიზმის გადააზრების დრო დგას. ლიბერალებმა ნაკლები დრო უნდა დაახარჯონ კრიტიკოსების სულელებად და შეუწყნარებლებად მონათვლას, და მეტი დრო დაუთმონ შეცდომების გამოსწორებას. ჭეშმარიტი და ნამდვილი ლიბერალიზმი არა საკუთარი თავის დაკონსერვება, არამედ რადიკალიზმი და გარღვევაა. The Economist-ი ვიქტორიანულ ბრიტანეთში “სიმინდის კანონის” გამო მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად დაარსდა. დღეს ეს კომიკურ მასშტაბად მოჩანს. თუმცა 1840 წელს, ქარხანაში მომუშავე ადამიანების შემოსავლის 60% საკვებზე იხარჯებოდა, ამის მესამედი კი პურზე. ჩვენ შეგვქმნეს სიმინდის მწარმოებელი წარჩინებული კლასის წინააღმდეგ მებრძოლი ღარიბების მხარდასაჭერად. დღეს კი, ზუსტად იგივენაირად, ლიბერალები გვერდით უნდა ედგნენ პატრიციების წინააღმდეგ მებრძოლ პრეკარიატს.

მათ ხელახლა უნდა აღმოაჩინონ რწმენა ინდივიდუალური ღირსებისა და თავდაჯერებულობისადმი - საკუთარი პრივილეგიების აღმოფხვრის ხარჯზე. ნაციონალიზმისთვის ამრეზით ყურება უნდა შეწყვიტონ, პირიქით, ის უნდა მიისაკუთრონ და თავიანთი სამოქალაქო ღირსებით შეავსონ. გაუგებარი ტექნოკრატებისთვის გადაცემული ძალაუფლება ცენტრალიზებული სამინისტროებიდან უნდა გამოიტანონ და რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაავრცელონ. ძალის გადანაწილებისთვის ანტაგონისტური გეოპოლიტიკური თამაშების ნაცვლად ამერიკა სამხედრო სიძლიერეში, ღირებულებებსა და მოკავშირეებში უნდა ინვესტირდეს.

საუკეთესო ლიბერალები ყოველთვის პრაგმატულები და ადაპტირებადები იყვნენ. პირველ მსოფლიო ომამდე თეოდორ რუზველტმა ამერიკის უდიდესი მონოპოლისტები “მძარცველი ბარონები” დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ლიბერალებს ბრბოს მმართველობის ეშინოდათ, მაინც დემოკრატიას უჭერდნენ მხარს. 1930 წლის დიდი დეპრესიის მერე გააცნობიერეს, რომ მთავრობას ეკონომიკის მართვაში შეზღუდული როლი უნდა ჰქონდეს. ფაშიზმის და კომუნიზმის ნახვის შემდეგ მის გასანეიტრალებლად ლიბერალებმა კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნეს.

ლიბერალები დღევანდელ გამოწვევებს ენთუზიაზმით უნდა ხვდებოდნენ. თუ გაიმარჯვებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი იდეები უსაზღვროდ ძლიერია თავისუფლებისა და კეთილდღეობის გასავრცელებლად. ლიბერალები უნდა მიესალმონ კამათს და კრიტიკას, როგორც აზროვნების და მოძრაობის გასაახლებელ წყაროს. ისინი უნდა იყვნენ შეურიგებლები და მოუთმენლები რეფორმების მოთხოვნაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები - მათ ხომ მსოფლიო აქვთ დასაპყრობი.

175 წლის წინ, როცა The Economist დაფუძნდა, ჩვენი პირველი რედაქტორი ჯეიმს უილსონი დაგვპირდა "მწვავე შეჯიბრს წინსვლის მაპროვოცირებელ გონიერებასა და პროგრესის შემაკავებელ უღირს უგუნურებას შორის". ჩვენ ვაახლებთ ჩვენს ამ პირობას. და ყველა ლიბერალს მოვუწოდებთ - შემოგვიერთდით.