ვაჟა-ფშაველას გამზირზე ორმოში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

რა გახდა ფეხით მოსიარულეების სავალი ნაწილის ჩანგრევის მიზეზი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, დაშავებული 12 წლის გოგოა. მას ზედაპირული დაზიანებები აქვს. გოგონას ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა და ამჟამად დაკვირვების ქვეშაა. დაშავებულს, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.