13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკში პირველად გაჩნდნენ ლომები. თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, 3 თეთრი ლომის ბოკვერი დაიბადა.

"კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა - ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ... მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ - შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას", - წერს თბილისის ზოოპარკი.