მართალია თუ არა ტრამპი - რამდენს ხარჯავენ ნატოს წევრები თავდაცვაზე
ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალიანსის წინაშე არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრა. ტრამპის კრიტიკის ობიექტი იყო გერმანია თავდაცვის ხარჯების გამო.
"გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს მხოლოდ 1 პროცენტზე ოდნავ მეტს ხარჯავს, როდესაც იგივე მაჩვენელი ამერიკის შემთხვევაში 4 პროცენტია. ჩემი აზრით, ესეც არ არის ადეკვატური. ამ თემაზე ამირიკის სხვა პრეზიდენტებიც საუბრობდნენ, თუმცა ჩვენ ეს საკითხი წინ უნდა წამოვწიოთ, რადგანაც არსებული ვითარება უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიმართ", - განაცხადა ტრამპმა.
ამ მიმართულებით დონალდ ტრამპის პოზიცია და უკმაყოფილება გასაგებია. მართლაც ათწლეულების განმავლობაში ამერიკა, ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. საშუალოდ, ამერიკის თავდაცვითი ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში, 3,5 პროცენტით განისაზღვრება. ბოლო წლებში ამერიკის თავდაცვითი ხარჯებში კლების ტენდენცია შეიმჩნევა, მაგრამ ამ მიმართულებით, ამერიკა მაინც ალიანსის უპირობო ლიდერად რჩება.
ნატოს წევრების ხარჯი თავდაცვაზე
თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ალიანსის წევრებს შორის, მნიშვნელოვანი დაპირსიპირებისა და დისკუსიის საკითხია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ამით ალიანსის წევრმა ყველა სახელმწიფომ თავდაცვითი ხარჯები მინიმუმ მშპ-ს 2 პროცენტამდე უნდა გაზარდოს.
მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ალიანსის წევრი ბევრი სახელმწიფო შეთანხმების შესრულებას არ ჩქარობს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შეთანხმების შესასრულებლად ნატოს წევრებს დრო 2024 წლამდე აქვთ, თუმცა ამ მიმართულებით წნეხი წლიდან წლამდე იზრდება.
ამ დროისთვის ნატოს წევრი 29 სახელმწიფოდან თავდაცვაზე მშპ-ს 2 პროცენტს აშშ-ს გარდა, მხოლოდ სამი სახელმწიფო ხარჯავს. დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ესტონეთი და აშშ, ასე გამოიყურება იმ ქვეყნების სია, რომელიც იცავს არსებულ შეთანხმებას.
2 პროცენტიან ზღვარს მნიშნველოვნად მიუახლოვდა პოლონეთიც. პოლონეთის თავდაცვითმა ხარჯებმა 2017 წელს ქვეყნის მშპ-ს 1,99 პროცენტია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა შედარებით მშვიდმა გარემომ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს მისცა საშუალება მნიშვნელოვნად დაეზოგა თავდაცვითი ხარჯები, მათ შორის ნატოს წევრებსაც. საბჭოთა კავშირის სახით მთავარი საფრთხისა და მოწინააღმდეგის გაქრობის შემდეგ ალიანსის წევრებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საკუთარ ხარჯები თავდაცვაზე შედეგად დღევანდელი მდგომარეობით ასეთი სურათია.
2 პროცენტზე მეტი
- აშშ - 3,5%;
- საბერძნეთი - 2,27%;
- ესტონეთი - 2,14%;
- დიდი ბრიტანეთი - 2,1%.
1 პროცენტზე მეტი, მაგრამ 2-ზე ნაკლები
- პოლონეთი - 1,99%;
- რუმინეთი - 1,8%;
- საფრანგეთი - 1,79%;
- ლატვია - 1,75%;
- ლიეტუვა - 1,73%;
- ნორვეგია - 1,62%;
- მონტენეგრო - 1,58%;
- ბულგარეთი - 1,53%;
- თურქეთი - 1,48%;
- პორტუგალია - 1,31%;
- კანადა - 1,29%;
- ხორვატია - 1,26%;
- გერმანია - 1,24%;
- სლოვაკეთი - 1,19%;
- დანია - 1,17%;
- ნიდერლანდები - 1,15%;
- იტალია - 1,12%;
- ალბანეთი - 1,1%;
- უნგრეთი - 1,06%;
- ჩეხეთი - 1,05%.
1 პროცენტზე ნაკლები
- სლოვენია - 0,98%;
- ესპანეთი - 0,92%;
- ბელგია - 0,9%;
- ლუქსემბურგი - 0,46%.
ნატოს წევრების ხარჯი თავდაცვაზე
მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა არ ასრულებს არსებულ შეთანხმებას, ბოლო წლების განმავლობაში, რეალურ თანხაში გამოსახვით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ხარჯები თავდაცვაზე იზრდება.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. სტრუქტურის ფუძემდებლურ იდეად კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი იქცა, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ალიანსის უკლებლივ ყველა წევრზე.
თითოეული სახელმწიფო ყოველწლიურად იხდის სხვადასხვა ოდენობის თანხას, სტრუქტურის ერთიან ბიუჯეტში. მთავარი იდეაა, რომ ყველა სახელმწიფო იყოს დაცული და ამ მიმართულებით ჰქონდეს მყარი გარანტიები. გარანტიებისთვის აუცილებელია სახელმწიფოების მხრიდან სხვადასხვა ხარჯების გაღება.
ტრამპი არ არის აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ამ პრობლემაზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქტიურობით ამ თემის ირგვლივ რესპუბლიკელი პრეზინდეტები გამოირჩეოდნენ.
ალიანსის წევრებს შორის თავდაცვითი ხარჯების შემცირების ტენდენცია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეიმჩნევა. ტრენდი ბოლო წლებში რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ შეიცვალა. ნატოს წევრებმა თავდაცვითი ხარჯების წილი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზარდეს.
ამერიკის სარგებელი
მიუხედავად იმ ფინანსური დისპროპორციისა რაც აშშ-სა და ალიანსის წევრ სხვა სახელმწიფოებს შორის არსებობს ამერიკა ალიანსისგან მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს. პირველ რიგში, ალიანსის წევრობა აშშ-ს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს ფართო სამხედრო წარმომადგენლობა ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, იმ რეგიონებშიც, რომლებიც, ტრადიციულად, რუსეთის სამხედრო გავლენის ზონად ითვლება.
ამასთანვე, ალიანსის წევრობით ამერიკას შეუძლია აწარმოოს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციები მისგან დაშორებით მდებარე რეგიონებში, ძირითადად, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
მხოლოდ გერმანიაში ამერიკელი სამხედროები 152 სხვადასხვა ადგილზე არიან განლაგებუlები. აქვეა ამერიკის საზღვრებს გარეთ ნატოს ყველაზე დიდი სამხედრო ჰოსპიტალი. ალიანსის წევრი სხვადასხვა სახელმწიფოების ტერიტორია ხშირად გამოიყენება ამერიკელი სამხედროების მომზადების, მკურნალობისა თუ რეკრუტირების ბაზად.
ალიანსის წევრ 5 სახელმწიფოში აშშ-ს განთავსებული აქვს ბირთვული ანტი-სარაკეტო სისტემები. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია პოლონეთი, თურქეთი, გერმანია, ბელგია და იტალია.
ამასთანავე, ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა რაოდენობით არიან ნორვეგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, კანადაში, ისლანდიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ნატო რუსეთისთვის
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, საბჭოთა კავშირიდან მომავალი სამხედრო და პოლიტიკური საფრთხის გაუვნებელყოფა წარმოადგენდა. ალიანსი მიზნად ისახავდა ევროპის რეგიონის უფრო მეტ პოლიტიკურ და სამხედრო სტაბილურობას.
მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აქტიურად საუბრობს ნატოსგან მომავალ პოლიტიკურ და სამხედრო საფრთხეზე. პუტინი ხშირად აკრიტიკებს ალიანსს, გაფართოების პოლიტიკის და რუსეთის საზღვრებთან მიახლოების გამო. ალიანსი რუსეთისთვის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეა, რადგან ალიანსის სამხედრო დომინაცია იმ სახელმწიფოებზეც გავრცელდა, რომლებსაც რუსეთი თავისი ტრადიციული გავლენის ზონად მიიჩნევს.
აქ ძირითადად ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოები იგულისხმება, თუმცა უმთავრესად მაინც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მოიაზრება.
ჰელსინკიში მიმდინარე ალიანსის სამიტი კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის ჭრილში. ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების მეორე პირადი შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს გაიმართება.
შექმნილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო რთულია სავარაუდოა თუ რა შედეგით დამთვარდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.
კომენტარები