საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას (GDI) მიაჩნია, რომ მთავარ პროკურორს აღარ უნდა შეეძლოს, პოლიციელთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს გამოსაძიებლად. ორგანიზაცია უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

"მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.