12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას, პირდაპირ ეთერში დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო სხდომა 22 ივნისს ჩაინიშა. გირჩის ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასამართლო უწყების ფოტოასლს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გაიმართება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვა.

12 მაისს ზურაბ ჯაფარიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ტვ პირველის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა.

ჯაფარიძე პარლამენტის წინ, აქციის იმ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ღამის კლუბებში, ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

შინაგან საქმეთ სამინისტროში On.ge-ს უთხრეს რომ შსს ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

გაიგეთ მეტი:

რა მოხდა კლუბ ბასიანთან და კაფე გალერისთან - 12 მაისის მოვლენების დეტალები