დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ მზეს საწვავი ამოეწურება, ზომაში გაიზრდება და წითელი გიგანტი გახდება. ამის შედეგად დედამიწის ოკეანეები და ატმოსფერო განადგურდება. სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტას თავად მზე შთანთქავს. ამ ყველაფრის შემდეგ მზე დაპატარავდება და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, მზის სისტემაში არსებული სინათლე და სითბო კი სრულიად გაქრება.

ეს ყველაფერი არ არის. ასობით ტრილიონი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა შეწყდება და ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირება.

ზოგი მეცნიერის აზრით, შესაძლებელია, რომ სიცოცხლის ფორმები ამ ყველაფერს გადაურჩეს. თანაც ისე, რომ პლანეტა საერთოდ არ დავტოვოთ. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, რომელთა გადალახვაც საამისოდ მოგვიწევს.

პირველი პრობლემა მზის სიკვდილია. მეცნიერთა აზრით, ლაგრანჟის პირველ წერტილში (მზესა და დედამიწას შორის გრავიტაციული წონასწორობის ადგილი) უზარმაზარი "მზის ქოლგა" უნდა მოვათავსოთ. შესაძლოა, ამან წითელი გიგანტისგან დაგვიცვას.

მზის ქოლგის საჭირო ფართობი რომ შევამციროთ, ლაგრანჟის პირველ წერტილში გარკვეული წონის მოთავსება შეგვიძლია, რომელსაც გრძელ კაბელს მივაბამთ. თავად ქოლგა დედამიწასთან ახლოს იქნება, დაახლოებით მთვარის ორბიტის გარეთ. იმისთვის, რომ 2 მილიონი კმ-ის სიგრძის ნახშირბადის საბელი შევქმნათ, სავარაუდოდ, ჯუჯა პლანეტა ცერერადან სასარგებლო წიაღისეულის 40%-ის მოპოვება მოგვიწევს. ხოლო მთვარიდან 0,01%-ის. ამით 350 000 კმ რადიუსის მქონე ალუმინის მზის ქოლგას შევქმნით.

რადგან მზის სინათლე დაიჩრდილება, ამიტომ მისი ჩანაცვლება მოგვიწევს. საბედნიეროდ, მზის სისტემის გაზის გიგანტი პლანეტები სწორედ ბირთვული სინთეზის საწვავისგან შედგება. თანაც იმდენისგან, რომ მზის სინათლის ჩასანაცვლებლად გვეყოს. მეორე მხრივ, გარკვეული პრობლემები აქაც ჩნდება. ჩვენთვის ცნობილი ვერცერთი მასალა რეაქტორს ვერ შეინარჩუნებს. საწვავისგან ენერგიის წარმოქმნის პროცესში ყველაზე ძლიერი მასალებიც კი გატყდება. კარგი ამბავი ისაა, რომ გაზის გიგანტები ამ წნევას თავადვე წარმოქმნის, თანაც იმდენს, რომ ხელოვნური მზის სინათლე 9,1 კვადრილიონი წლის განმავლობაში გვეყოს.

იუპიტერის ატმოსფეროში 6500 კმ-ის სიღრმეზე თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები რომ მოვათავსოთ, ისინი ჰელიუმ-4-სა და წყალბადს შეისრუტავს და ენერგიას წარმოქმნის. ეს შეიძლება იუპიტერის ლანგრანჟის პირველ წერტილში გაიგზავნოს. აქედან ლაზერი 15 კმ-ის მოშორებით მდებარე ლაგრანჟის სარელეო სისტემამდე მიაღწევს და დედამიწის ზედაპირს გაანათებს.

შემდეგი პრობლემა ისაა, რომ განათების საკითხის მოგვარების მიუხედავად, დედამიწა წითელი გიგანტის მიერ მაინც შთაინთქმება. ამის თავიდან ასარიდებლად ყველაზე მარტივი გზა ასტეროიდის მოძრაობის მიმართულების შეცვლა იქნებოდა: ამ სხეულმა დედამიწის ზედაპირთან ახლოს მილიონჯერ უნდა ჩაიქროლოს. გრავიტაციული მანევრის ეფექტი ენერგიას ეტაპობრივად გადაიტანს, რაც დედამიწის ორბიტულ მანძილს გაზრდის.

აქ კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება: დიდი ასტეროიდის მოახლოება სარისკოა. ამის ნაცვლად შეგვიძლია იუპიტერიდან ჟანგბადი მოვიპოვოთ და პატარა ნაწილაკის სხივი დედამიწასთან ახლოს გავუშვათ. თუ ამ სხივს ბევრჯერ ჩვენს პლანეტასთან მოვაახლოებთ, იმავე მანევრის ეფექტი წარმოიქმნებოდა, თანაც რისკის გარეშე. სხივი რომ შემთხვევით დედამიწის ზედაპირს მოხვდეს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ჟანგბადი უსაფრთხოა.

ამ ყველაფრის პარალელურად პრობლემა დედამიწის ტექტონიკურ ფილებსაც შეექმნებოდა ისევე, როგორც მთათწარმოქმნასა და საკვები ნივთიერებების გადამუშავების პროცესებსაც. ამ ყველაფრის გასაგრძელებლად შეგვიძლია ანტიმატერია შევქმნათ, რომელსაც კონტეინერში მოვათავსებთ. შემდეგ დედამიწის ქერქში ღრმულს გავაჩენთ, მასში გამდნარ რკინას ჩავღვრით და კონტეინერს ჩავაყოლებთ.

რკინას დედამიწის ბირთვში ჩასაძირად 2 კვირა დასჭირდებოდა. ამასობაში კონტეინერში ენერგია ამოიწურება, რაც ანტიმატერიას გააქრობს და დედამიწის შიდა ნაწილებში სითბოს გადაიტანს. დღეში 2 კგ ანტიმატერიის წარმოქმნა და ჩაძირვა დედამიწის ტექტონიკური ფილების მოძრაობას შეინარჩუნებს.

ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება გალაქტიკათა შეჯახებაც მოხდეს. ამ დროს ირმის ნახტომში არსებული უზარმაზარი სხეულები შეიძლება დედამიწისკენაც წამოვიდეს. ეს განსაკუთრებით რეალური 4,5 მილიარდ წელიწადში იქნება, როცა ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახებას ველით.

თავის დასაცავად შეგვიძლია ისევ იუპიტერის ლანგრანჟის პირველი წერტილი გამოვიყენოთ, საიდანაც მზის ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსის ზევით ან ქვევით წყალბადის სხივს გავუშვებთ. გრავიტაციული მანევრის ეფექტი მზის სისტემას საფრთხის არეალიდან შორს გაიყვანს.

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩნდება შეკითხვაც: რატომ უნდა დავრჩეთ მზის სისტემაში და ამდენი დამცავი სისტემა შევქმნათ, როცა უბრალოდ სხვა ვარსკვლავის სისტემაში შეგვიძლია წავიდეთ?

საქმე ისაა, რომ კოსმოსში ადამიანების დიდხნიანი მოგზაურობა და ვარსკვლავთშორისი მანძილების გავლა ურთულესი ამოცანაა. შესაძლოა, დამცავი სისტემების შექმნაზე ბევრად რთული. ეს სისტემები დაახლოებით 1000-იდან მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა.

ახალ პლანეტაზე გადასვლისთვის იქ ტერაფორმირების აპარატების წინასწარ გაგზავნა დაგვჭირდებოდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ პროცესებით ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ვერ ვნახავდით. დამცავი სისტემების შესაქმნელად სხვა პლანეტებიდან სასარგებლო ნივთიერებების მოპოვება დაგვჭირდება, საიდანაც ეკონომიკურ მოგებას მალევე ვნახავდით.

ნაშრომი ჯერჯერობით რეცენზირებული არ არის, მას შეგიძლიათ პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.