ახალ ზოოპარკში შესვლისას დიდი მწვანე ჭიშკარი გამოვიარეთ. როგორც აღმოჩნდა, ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აეროპორტში ვარშავიდან ჩამოსულ ფრინველებს ხვდებოდა და ჩვენი მასპინძელი მისი მოადგილე, დავით თაქთაქიშვილი იქნებოდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ზოოპარკი თბილისის ზღვასთან დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 48 ჰექტარს იკავებს. იმის გამო, რომ ვოლიერებისა და ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თბილისის ცენტრიდან ცხოველების გარეუბანში გადაყვანა ჭიანურდება.

13 ივნისის ტრაგედიამ ზოოპარკის მშენებლობას ერთიანი ბიძგი მისცა, თუმცა პროცესი ნელა მიდის. ამ ეტაპზე ყველაფერს თავისი ძალებით აკეთებენ, თუმცა არსებული თანხები "არ იძლევა იმის ფუფუნებას", რომ ყველაფერი ერთდროულად აითვისონ.

"ეს ადგილი ჩვენი არჩეულია. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, თბილისის ზღვის მეორე ნაპირზე. ჩვენ ავირჩიეთ ეს, იმიტომ რომ რელიეფურია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოოპარკისთვის. მეორეც, ხედავთ, მცენარეულობით არის მდიდარი".

ახალ ზოოპარკში არ იქნება ატრაქციონები, რადგან ხმაური ცხოველებზე უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ აქ მოსულ ბავშვებს საგანმანათლებლო სივრცე დახვდებათ, რომელიც მთლიანად მათზე იქნება მორგებული.

რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პირველ ვოლიერთან მივედით. ერთ ჰექტარზე გაშლილ მწვანე სივრცეში მგლები და დათვები ერთად თანაცხოვრობენ, დანაწილებული აქვთ ტერიტორია და ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"აქ არის ხე, ბუჩქნარი, მინდორი. იქ დათვებისთვის გაკეთებულია აუზი, მაგრამ აქედან არ ჩანს. მათ უყვართ წყალი. ასე რომ, ამ მხრივ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არიან იდეალურ და აბსოლუტურად ბუნებრივ მდგომარეობაში", - გვითხრა თაქთაქიშვილმა.

ვოლიერთან ახლოს ზრდასრული დათვები მოდიოდნენ და გვათვალიერებდნენ, მგლები კი მინდორში ღრმად იყვნენ შეჭრილები და ბუჩქებს ეფარებოდნენ.

"აი, აი, ხედავთ, მგელიც გამოჩნდა"

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დათვებისა და მგლების დიდი ვოლიერის გვერდით, პატარა სივრცეში სამი ბელი ბინადრობს: ყაზბეგიდან ჩამოყვანილი ჩოფიკა და ლეჩხუმიდან ჩამოყვანილი კოპალა და გარინჩა. ამ უკანასკნელის სახელი ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, გარინჩას უკავშირდება. ფეხბურთელს დაბადებიდან მოკლე ფეხი ჰქონდა და კოჭლობდა. დაზიანებული ფეხის გამო კოჭლობდა ბელიც და ამიტომაც, სიმბოლურად სახელი გარინჩა შეარქვეს.

"სამწუხაროდ, მშობლები აღარ ჰყავთ, სავარაუდოდ, დაუხოცეს. პატარები არიან, ასე დარჩნენ უდედოდ. არ ვამბობ უდედმამოდ, რადგან მამა გაზრდაში მონაწილეობას არ იღებს, ამიტომ არიან უდედოდ".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ახალ დიდ ვოლიერებში სხვა ცხოველებმაც დაიდეს ბინა. მათ შორის არიან კეთილშობილი ირმები და ნიამორები, იგივე მთის თხები არიან.

"ეს კლდე ხელოვნურია. გაკეთებულია ადამიანის ხელით და ძალიან მაგრად არის გაკეთებული. ნიამორებს სჭირდებათ კლდეზე ხტუნაობა, ეს რომ არა, ძალიან გაეზრდებათ ჩლიქები და ელემენტარულად ვეღარ იმოძრავებენ ისე, როგორც საჭიროა. ეს მათთვის ნაცნობი მთიანი რელიეფური გარემოა და დიდ დროს ატარებენ აქ".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ისეთ ვოლიერებს ვაკეთებთ, სადაც მოსული სტუმარი დატკბება ცხოველის სილამაზით, მისი ბუნებრივი ქცევით. რამდენჯერ გვინახავს ცხოველი, რომელსაც სძინავს ან ერთსა და იმავე მოძრაობებს აკეთებს. ეს სტერეოტიპული ქცევაა, ანუ ცხოველმა არ იცის, სად წაიღოს თავისუფალი დრო და თავს წინა და უკან ბორიალით ირთობს ან კიდევ სძინავს. იქ, სადაც მას ასეთ ბუნებრივ პირობებს სთავაზობ, ცხოველი თავის ბუნებრივ ქცევას გამოავლენს და ის საინტერესო ხდება დამთვალიერებლისთვის", - ამბობს თაქთაქიშვილი.

ყველა ზოოპარკი კონკრეტულ პროფილს ირჩევს და იმის მიხედვით ვითარდება. მაგალითად, ზოგიერთ ზოოპარკს მხოლოდ ჩლიქოსანი ცხოველები, ან მხოლოდ მტაცებლები ჰყავს. თბილისის ზოოპარკს ყველა კონტინენტიდან ჰყავს წარმომადგენელი. როგორც თაქთაქიშვილი ამბობს, ზოოპარკი აქტიურად არის ჩართული ცხოველების გაცვლისა და ჩუქების პროცესში. ცხოველების გაყიდვა კარგ ტონად აღარ ითვლება.

"საქართველო რამდენიმე წელია EAZA-ს, ევროპის ცხოველებისა და აკვარიუმების ასოციაციის, წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, გლეხურად რომ ვთქვათ, მაპი გვაქვს".

გაწევრიანების შემდეგ თბილისის ზოოპარკს სხვა წევრი ზოოპარკების ცოცხალ კოლექციებზე ექნება წვდომა, ასევე, შეეძლება, კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომლები მიავლინოს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკების იდეას ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს, დღესაც მიიჩნევა, რომ მათ ცხოველების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით. ხშირად ზოოპარკები გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლებასა და ბუნებრივ საარსებო გარემოში დაბრუნებაზე ზრუნავენ. გარდა ამისა, აღნიშნავენ ზოოპარკის საგანმანათლებლო ფუნქციასაც.

"ერთ-ერთ მძიმე დამოკიდებულება ცხოველების მიმართ არის გულგრილობა. როცა შენ გულგრილი ხარ, არ გაინტერესებს მისი ბედი. სწორედ ამ გულგრილობის გამო ძალიან ბევრი ცხოველი გადაშენდა და გაქრა. რაც უფრო მეტს იგებ ცხოველის შესახებ, ძალაუნებურად მისი გულშემატკივარი და დამცველი ხდები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოველების გადარჩენაში".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

თაქთაქიშვილის თქმით, ცხოველების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც ცოცხალი სამყაროს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ 48 ჰექტარი ბოლომდე ათვისებული არაა და მხოლოდ რამდენიმე ვოლიერია გაკეთებული, თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ზოოპარკს მალე გახსნიან.

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე 25 სახეობის ცხოველია დასახლებული. ნელ-ნელა კავკასიის განყოფილებას აწყობენ და ამის გამო, პირველ რიგში დათვები და მგლები გადმოიყვანეს. მათ მოჰყვათ ირმები და ნიამორები. შემდეგი ცხოველი, რომელიც აქ გადმოვა, ფოცხვერი იქნება.

ზოოპარკი და მისი თანამშრომლები სწორედ კავკასიის განყოფილების გახსნას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ეს წელს მოხერხდება.