თუ ოდესმე იგრძენით, რომ წიგნის კითხვა გბეზრდებათ, მაშინვე იტალო კალვინოს "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" გადაფურცლეთ და კრიზისი მოჩვენებასავით გაქრება. პირველივე ფურცლებიდან მიხვდებით, რომ იყო მკითხველი, ნიშნავს იყო გამორჩეული, გქონდეს უნიკალური ნიჭი, დაინახო უხილავი სამყარო ხილულის მიღმა, არსებობდე, რათა იცხოვრო და არა იცხოვრო, რათა არსებობდე. "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" ის წიგნია, რომელიც ლიტერატურული კრიზისის დროს ხელს ჩაგკიდებთ და გრძელ, ეკლიან გზაზე ხელკავით გატარებთ, სანამ არ დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

ამ წიგნის კითხვისას, აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" არის მკითხველის ბიოგრაფია, ანუ თქვენი. ყოველი ახალი გვერდი კიდევ უფრო დაგარწმუნებთ, რომ პერსონაჟი ხართ თქვენ, სარკეში იყურებით, ხედავთ განვლილ გზას და განსჭვრეტთ მომავალს, რომელიც ჯერ არ გადაგხდენიათ. ეს წიგნი არის ერთგვარი გამოცდილება, რომელიც შესაძლოა არასოდეს გქონოდათ, რომ არა იტალო კალვინო. ზიხართ, წევხართ თუ ფეხზე დგახართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კითხვის პროცესში თქვენ იკარგებით, ხდებით პერსონაჟი, რომელიც მუდამ იმედგაცრუებას ებრძვის. ეს წიგნი სწორედ ბრძოლასა და ჟინზეა, მხოლოდ მკითხველისთვის დამახასიათებელ ბრძოლაზე. არავინ სხვა, ისეთ სიგიჟეებს არ ჩაიდენს, როგორსაც თქვენ, ოღონდ კი წიგნი დაამთავროთ. ჯოჯოხეთი კი მაშინ იწყება, როცა აღმოაჩენთ, რომ წიგნი დაუსრულებელია, თქვენ კი მის გაგრძელებას ვერსად პოულობთ. შეძლებთ კი წიგნის დასრულებას? არის კი ეს საჭირო?

კითხვა - ესაა: ხელთ გვაქვს ნაწერით სავსე, კონკრეტული, მყარი, მატერიალური, უცვლელი საგანი და მისი საშუალებით ვფიქრობთ რაღაც უხილავზე, არამატერიალურზე, არარსებულზე, რისიც მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, - იტალო კალვინო


ვინ არის იტალო კალვინო?

ცნობილი იტალიელი პოსტმოდერნისტი მწერალი იტალო კალვინო 1923 წელს, ბოტანიკოსების ოჯახში, კუბაში დაიბადა. ორი წლის იყო, როცა მისი მშობლები იტალიაში გადაბარგდნენ საცხოვრებლად. მშობლების ამ გადაწყვეტილებამ იტალო კალვინოს ცხოვრების ბედი მნიშვნელოვნად შეცვალა. მის სახელს შეხვდებით გამორჩეული ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების სიაში, თუმცა მისი მთავარი ცხოვრებისეული ხაზი მაინც მწერლობაზე გადის. როდესაც მის ბიოგრაფიას ვეცნობოდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერი, რასაც იტალო კალვინო თავის ცხოვრებაში აკეთებდა, ემსახურებოდა იმას, რომ დიდებული მწერალი დამდგარიყო.

1925 წელს, მშობლები თავის ორი წლის შვილთან ერთად, იტალიაში დაბრუნდნენ საცხოვრებლად და მოღვაწეობა სანრემოში განაგრძეს. სანრემომ იტალო კალვინოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ავტობიოგრაფიულ ესეში იტალო კალვინო წერს, რომ თავის ნაწარმოებებში სანრემოს საუკეთესო თვისებები მუდმივად ტივტივებს და მასზე ფიქრს ვერსად გაურბის.

ფოტო: Il Libraio

1941 წელს, როცა კალვინომ სკოლა დაასრულა, იტალიაში ფაშისტური ძალები უკვე ხელისუფლებაში იყვნენ და მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იტალო კალვინო პოლიტიკურად აქტიური გახდა და მკაცრად აკრიტიკებდა ფაშიზმსა და მეორე მსოფლიო ომს. მოგვიანებით კი მიხვდა, მისი პოლიტიკური მრწამსი კომუნისტურ ღირებულებებს ემთხვეოდა.

სრულყოფილება თანმხლები მოვლენაა, ამიტომ ის არანაირ ინტერესს არ იმსახურებს, საგანთა ნამდვილი ბუნება არეულობაში, ქაოსში ჩანს, - იტალო კალვინო

1945 წელს იტალო კალვინომ ელიო ვიტორინის დახმარებით მისი პირველი მოთხრობა დაბეჭდა. აქედან იღებს იტალო კალვინოს მწერლური კარიერა სათავეს. მისი ნაწარმოებები აღბეჭდავს მეორე მსოფლიო ომის სიმძიმეებსა და კომუნისტური რეჟიმის მიმართ სიმპატიებს, რომელიც მისი რწმენით, თანასწორობასა და თავისუფლებაზე იყო დაფუძნებული. ამავე პერიოდში, პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ იმდენად შეიპყრო, რომ იტალო კალვინო იტალიის კომუნისტური პარტიის წევრიც გახდა. 1947 წელს მისი პირველი რომანი გამოქვეყნდა, რომელსაც "ბილიკი ობობას ბუდემდე" ერქვა. რომანმა უდიდესი აღიარება მოუტანა ახალგაზრდა ავტორს, კრიტიკოსები მას დადებითად აფასებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში კალვინომ სამი რომანი შექმნა, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა.

მონასტერი 50-იან წლებში აირია, როცა კომუნიზმის სახე სტალინი გახდა. იტალო კალვინოს არ მოსწონდა სტალინის ძალადობრივი პოლიტიკა და კომუნისტური პარტიაც დატოვა. ის რჩებოდა კომუნისტური იდეების მხარდამჭერად, თუმცა სტალინს დოქტრინების მოღალატედ მიიჩნევდა. ამის მიუხედავად, ის მეგობრობდა ერნესტო ჩე გევარასთან და მისი გარდაცვალების შემდეგ, კუბელ რევოლუციონერს წერილიც მიუძღვნა.


თუ ზამთრის ღამით მოგზაური

იტალო კალვინოს, როგორც დიდებული მწერლის კარიერა, 1960-70-იან წლებში დაიწყო. მისი ბოლოსწინა რომანი სწორედ "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" იყო, რომელმაც იტალიურ ლიტერატურაში სრულიად ახალ გარდაქმნებს დაუდო სათავე. იტალიური პოსტმოდერნული პროზის მამად სწორედ კალვინო მიიჩნევა, რომელსაც არასტანდარტული, არადიდაქტიკური წერის სტილი აქვს. მე თუ მკითხავთ, იტალო კალვინო თავხედი მწერალია, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მას არასდროს უცდია დამსგავსებოდა სხვას და ყოფილიყო რიგითი მწერალი. მისი მიზანი იყო ადამიანური ბუნების წარმოჩენა იმგვარად, რომ მკითხველებს თავად დაეკავშირებინათ საკუთარი ცხოვრება პერსონაჟებთან. თავად გამხდარიყვნენ ისტორიის ნაწილი.

წიგნის კითხვას აგრძელებ და ხვდები, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რას ელოდი მისი ავტორისგან, ეს წიგნი მაინც წაგაკითხებს თავს. თავად წიგნი აღგიძრავს ცნობისმოყვარეობას და ფიქრობ, რომ ასე გირჩევნია კიდეც: რაღაც ისეთია შენს წინაშე, რაც არც კი იცი, რა არის, - იტალო კალვინო

ეს განზრახვა ნათლად აისახა მის რომანში "თუ ზამთრის ღამით მოგზაური", რომელიც კრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წიგნად მონათლეს. წიგნის პირველივე თავში ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს ჰიპერრომანთან, რომლის მსგავსიც არასდროს წაგვიკითხავს. პირველივე წინადადებებიდან ირკვევა, რომ ავტორი ჩვენს ცხოვრებას თვალს ადევნებდა, ის კარგად გვიცნობს, როგორც მკითხველებს. მან იცის ჩვენი მანკიერი თვისებები და ტყუილები, რომელსაც სხვების მოსახიბლად ვამბობთ. იტალო კალვინომ იცის, როგორც ვყიდულობთ წიგნებს, როგორ ვკითხულობთ მას, იცის, როგორ გვიჭირს წიგნების შერჩევა და ესმის, რამდენად რთულია, იყო თანამედროვე ლიტერატურის მკითხველი.

ეს წიგნი შენზეა. ამას მერამდენედ გიმეორებ და მაინც, მაინც არ გჯერა. გიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება 1979 წელს ერთ იტალიელ მწერალს სცოდნოდა ვინ ხარ. არადა, გეუბნები, შენზეა-მეთქი. ყოველი სიტყვა ამ რომანში ამას ადასტურებს. მთავარი პერსონაჟიც კი შენ ხარ, - აკაკი, გიორგი, ილია, ვაჟა, როსტომი, დიმიტრი, ნინო, ელენე, მარიამი, ჯორჯი, სემი თუ სხვ. - ამ წიგნში ყველა შენ ხარ, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. დიახ, ამ წიგნში მთავარი პერსონაჟის სახელია "მე", ანუ შენ.

როცა ავტორი წერს "მე", ძალაუნებურად დებს ამ სიტყვაში საკუთარი თავის თუნდაც მცირე ნაწილს, იმას, რასაც თავად გრძნობს ან ჰგონია, რომ გრძნობს, - იტალო კალვინო

წიგნი ორ ნაწილად არის დაწერილი, რაც სიუჟეტური ხაზის ორიგინალურ განვითარებას უწყობს ხელს. ერთ შემთხვევაში, ავტორი თქვენს გრძნობებსა და ემოციებს, შთაბეჭდილებებს აღწერს, თანაც ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერდით, კალამი რომ აგეღოთ და დაგეწერათ. მეორე ნაწილში კი, ავტორი წიგნებს გვაკითხებს. წიგნებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიუჟეტიც, პერსონაჟებით, თხრობის სტილით, თუმცა თითოეული მათგანი ერთ დიდ საიდუმლო წრეშია გახვეული. თუ როგორია ეს წრე, თავად უნდა ამოხსნათ.

"თუ ზამთრის ღამის მოგზაური" არის წიგნი წიგნში, რომანის მთავარი ნაწილი. თავად ეს წიგნი, რომელსაც თქვენ კითხულობთ, პერსონაჟია, რომელსაც ვერასდროს ამოწურავთ. სპოილერებისგან თავს შორს დავიკავებ და მხოლოდ ერთს გეტყვით. თქვენ ამ რომანში წაიკითხავთ ათი სხვადასხვა რომანის დასაწყისს, რომელსაც გაგრძელება ან აქვს, ან არა. ეს თავად უნდა გაარკვიოთ, რადგან თქვენ ხართ მონადირე, თქვენ ხართ მთავარი პერსონაჟი, რომელიც ეძებს წიგნების დასასრულს. გამოგივათ ეს თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული.

"თუ ზამთრის ღამით მოგზაური" არის თამაში, რომელშიც უნებლიედ ერთვებით და იქიდან გამოსავალი ერთადერთია - წაიკითხოთ წიგნი ბოლომდე. იტალო კალვინო თამაშის მოდერატორია, რომელიც წესებს გკარნახობთ. აქ მხოლოდ ჭეშმარიტი მკითხველები იმარჯვებენ, სხვა ყველა მარცხისთვისაა განწირული.

რომანს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ინტერაქცია თქვენსა და ტექსტს შორის. კითხვისას რომ ერთი აზრი გაგიჩნდებათ, შემდეგ წინადადებაში ეს აზრი უკვე გადმოცემული აქვს ავტორს. დავუშვათ, სიუჟეტში გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ. თქვენ ინსტიქტურად გიჩნდებათ განცდა, რომ ავტორმა ის უნდა დაახასიათოს, აღწეროს, გაგვაცნოს, პერსონაჟს უნდა გაასაუბროს. ამ დროს კი, რომანში ხვდებით იტალო კალვინოს ჩართვას, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი ფიქრები ხელს უშლის კონცენტრაციაში.

შენი, მკითხველის მოლოდინი გვიბიძგებს მისკენ [პერსონაჟისკენ] ავტორსაც და მეც და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა რამით მაქვს გონება მოცული, გამოველაპარაკები... ცხადია, მეტი გინდა, გაიგო მასზე, მაგრამ ეს ნაწერი ბევრს ვერაფერს გეუბნება, ქალის ნაკვთები კვამლსა და თმაში რჩება ჩამალული და ერთი სული გაქვს, გაიგო, რას მალავს ტკივილიანი ღარები მის სახეზე, მწარე ღიმილის გარდა, - იტალო კალვინო

მკითხველო, მზად უნდა იყო უხერხული სიტუაციებისთვისაც. დაფიქრდი, რამდენ წიგნზე გითქვამს წაკითხული მაქვსო, თქვენი გულის სწორი რომ მოგეხიბლათ? და მერე ის რომ წიგნზე საუბარს იწყებს, როგორ ცდილობთ თავის დაძვრენას? არადა, ასეთი გოგონა წიგნის მაღაზიაში გხვდებათ, სადაც ერთი და იმავე წიგნის გადასცვლელად ხართ მისულნი. ის დგას და არჩევს წიგნებს, თქვენ კი მასთან გამოსაუბრება გსურთ. იწყებთ წიგნებზე საუბარს და საკუთარ თავს ისე მიიმწყვდევთ კუთხეში, რომ გამოსავლის პოვნა გიჭირთ.

არადა, ის წიგნი თავად უხსენე. მხოლოდ სათაური გსმენოდა, მეტი არაფერი, მაგრამ გინდოდა, ეფიქრა, რომ წაკითხული გაქვს. ახლა როგორმე უნდა დაიძვრინო თავი, რამე მოიფიქრე, მაგალითად:

- ჩემი აზრით, ცოტა ნელია... - ან რამე ასეთი: - მომწონს, რადგან ირონიულია.

სხვათაშორის, ეს სწორედ ის გოგოა, რომელიც მოგვიანებით თქვენი თანამოაზრე, თანამებრძოლი გახდება და თქვენთან ერთად დაიწყებს წიგნების დასასრულის ძებნას. ვნახოთ, რამდენად კარგი წყვილი შედგება თქვენთან. შეძლებთ საერთო მიზნის მიღწევას? წინააღმდეგობების დაძლევას? მოერგებით თამაშის წესებს? გახსოვდეთ, რომ ეს უდიდესი გამოწვევაა თქვენთვის, როგორც მკითხველისთვის. ავტორი გაძლევთ შანსს, თქვენი მეწყვილე სხვადასხვა პრიზმაში დაინახოთ, თქვენ კი გევალებათ, რომ მასში საუკეთესო თვისებები აღმოაჩინოთ, რათა წიგნის ბოლოში გახვიდეთ. სხვანაირად, უფრო დიდ დაბრკოლებებს შეიქმნით.

იტალო კალვინოს რომანზე ყველაზე ცნობილი რეცენზია ასევე ცნობილ და წარმატებულ მწერალს სალმან რუშდის ეკუთვნის, რომელიც კალვინოზე წერდა:

თავისუფლად შეგვიძლია დავუშვათ, რომ იტალო კალვინო სულაც არ იყო ადამიანი, არამედ პლანეტა, სოლარისის მსგავსი, როგორც ეს სტალნისლავ ლემის რომანშია. სოლარისს, ისევე როგორც კალვინოს, უნიკალური ნიჭი აქვს, შეიცნოს ადამიანის ბუნების ყველაზე დამალული ნაწილები და მათი ოცნებები რეალურ ცხოვრებაში გადმოთარგმნოს.

სალმან რუშდი

"თუ ზამთრის ღამით მოგზაური" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა და ის ხათუნა ცხადაძემ იტალიურიდან დიდოსტატურად თარგმნა. წიგნის კითხვისას განცდა გიჩნდებათ, რომ მწერალი ქართულად მეტყველებს, წერს და აზროვნებს. მთარგმნელმა თითოეული სიტყვა, აბზაცი, წინადადება დიდი სიფრთხილითა და სიზუსტით თარგმნა, რაც რომანს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.