თბილისში არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების წესად იქცა. მაშინ, როცა გარემო უნდა ერგებოდეს მათ საჭიროებებს, თავად დაიწყეს გარემოზე მორგება. პრობლემის მოგვარების გზებს ყველაზე კარგად თავად ხედავენ, პასუხების ნაცვლად კი ცვლილებების დაპირებას იღებენ.

ეტლით მოსარგებლე გიორგი ალავიძე 18 წელია სახლიდან ქუჩაში გადის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ვერ ახერხებს, უსინათლო ფრიდონ ლობჟანიძეს 59 წელია დამოუკიდებლად მხოლოდ თავის სახლთან არსებულ შუქნიშნამდე შეუძლია მისვლა, უცნობ ადგილებში კი დამხმარეს მოძებნას ცდილობს. სმენადაქვეითებული ლალი ჯაფოშვილი 39 წელია გარემოს ეჩვევა, იმახსოვრებს, აკვირდება და მეტროსა თუ ავტობუსის გაჩერებს თითებზე ითვლის.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა და ყველა სხვა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პროექტების მენეჯერის ნანა გოჩიაშვილის განმარტებით, შშმ პირებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა კომპლექსური საკითხია და გაჩერებების, გადასასვლელების, მუნიციპალური ტრანსპორტის ადაპტირებას , ასევე მძღოლების გადამზადებასა და ინფორმირებულობის გაზრდას გულისხმობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე საუბრისას On.ge-ს ყველა კრიტიკულ კითხვაზე, სატრანსპორტო კომპანიაში პასუხობენ, რომ საკითხზე მუშაობენ. თუმცა როდის დასრულდება სამუშაოები, არავინ ამბობს.

ნანა გოჩიაშვილი

ნანა გოჩიაშვილი

ფოტო: PHR

მუნიციპალური ავტობუსი

შშმ პირებისთვის საჭირო აღჭურვილობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ ნაწილია ადაპტირებული. ამ შემთხვევაშიც არ ხდება მისი გამოყენება, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურე პერსონალს საჭირო უნარ-ჩვევები არ აქვთ.

ეტლით მოსარგებლე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი ადაპტირებულია. თუმცა ეტლით მოსარგებლე გიორგი ალავიძის განცხადებით, რომელიც შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის გამგეობის წევრია, კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ავტობუსის გაჩერებები.

ეტლით მოსარგებლის ავტობუსით მგზავრობის სისტემა ასეთია: ავტობუსი გაჩერებასთან ახლოს აჩერებს, მძღოლი ხედავს, რომ გაჩერებაზე დგას ეტლით მოსარგებლე, ჩამოდის და წევს პანდუსს, შემდეგ კი ეტლით მოსარგებლეს ასვლაში ეხმარება.

გიორგი ალავიძე

გიორგი ალავიძე

ფოტო: On.ge / სალომე ჩადუნელი

გიორგი ალავიძის თქმით, მიუხედავად გადამზადებისა, მძღოლები წესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ავტობუსის გაჩერების ნაცვლად ავტომობილების სავალ ნაწილზე ჩერდებიან.

"ზოგი სწორად აჩერებს, თუმცა ბორდიურია არასტანდარტული, ზოგი მაღალია და ზოგი დაბალი. ბორდიური ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ პანდუსი 6%-ით დაიხაროს", - ამბობს ის.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

გიორგი ალავიძის თქმით, პრობლემა მხოლოდ არაადაპტირებული ავტობუსები არ არის, მიუდგომელია ტროტუარი და პრობლემურია სახლიდან ტროტუარამდე მისასვლელი გზაც.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუმარტეს, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ადაპტაცია გათვალისწინებულია.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

"ჩვენ გვესმის, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა ტრანსპორტის განვითარების გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირებაა", - ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.

გიორგი ალავიძის თქმით, მძღოლებმა არ იციან, როგორ უნდა მოეპყრონ ეტლით მოსარგებლე პირს და მათმა არასწორმა ქმედებამ შესაძლოა, შშმ პირის დაზიანება გამოიწვიოს.

მძღოლების გამოუცდელობის შესახებ On.ge-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც ჰკითხა. მათი თქმით, მსგავსი საჩივარი კომპანიაში არ შესულა და შესაბამისად, რეაგირებასაც ვერ მოახდენენ.

"თუ მძღოლმა დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, ყველა მგზავრს შეუძლია დარეკოს. ჩვენ საკითხს შევისწავლით. მსგავსი ტიპის საჩივრები ჯერ არ შემოსულა", - აცხადებენ კომპანიაში.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის უფროსის ფრიდონ ლობჟანიძის თქმით, უსინათლოებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტი სრულად არაადაპტირებულია. მისთვისაც იგივე პრობლემებია - მოუწესრიგებელი ტროტუარები და გადაუმზადებელი მძღოლები. მისთვის, როგორც მხედველობის პრობლემის მქონე პირისთვის, დამოუკიდებლად გადასაადგილებლად აუცილებელია გაჩერებებზე ხმოვანი სისტემის დამონტაჟება.

ფრიდონ ლობჟანიძე

ფრიდონ ლობჟანიძე

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

"როცა უსინათლო გაჩერებაზე მივა, საინფორმაციო მონიტორის კონსტრუქციაზე ხმოვანი შუქნიშნების მსგავსად, ხმოვანი ნიშანი უნდა იყოს დამონტაჟებული. უსინათლომ უნდა მიაგნოს ამ ბოძს, დააჭიროს ღილაკს ხელი და უნდა მოისმინოს ის, რაც მონიტორზე წერია. როცა მძღოლი უსინათლოს დაინახავს, ისე უნდა გაჩერდეს, რომ უსინათლომ ავტობუსში ასვლა შეძლოს", - ამბობს ფრიდონ ლობჟანიძე.

მისი თქმით, გაჩერებაზე უნდა ცხადდებოდეს, თუ რომელი ავტობუსი მოვიდა და ამავე სიგნალით უსინათლო უნდა მიხვდეს, სად არის კარი. შემდეგ ეტაპი კი გაჩერებების გამოცხადება.

"ყველა გაჩერებას სახელი აქვს. თუ გამოაცხადებენ პრობლემა მოგვარდება", - ამბობს ფრიდონ ლობჟანიძე.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

"ტროტუარები ადაპტირებული არ არის, გადატვირთულია და მანქანები დგას. თუ ტროტუარები გათავისუფლდება მე მარტივად გადავადგილდები და სახლამდე მივალ. უცხო გარემოში ძნელია, წარმოდგენით მაინც უნდა იცოდე, სად მიდიხარ", - ამბობს ფრიდონ ლობჟანიძე.

ლალი ჯაფოშვილისთვის, რომელსაც 5 წლის ასაკიდან აღარ ესმის, მუნიციპალური ტრანსპორტი არაადაპტირებული და არაკომფორტულია. მისი განმარტებით, პრობლემის მოგვარება ტიტრებითა და გაჩერებების ჟესტური ენით თარგმნილი ვიდეოების გამოყენებით შეიძლება.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ადაპტაციასთან დაკავშირებით, მერიაში შშმ პირთა საბჭოს წევრებიც ვართ, რეკომენდაციები მივეცით, იმედი გვაქვს, მოგვარდება, თუმცა წლებია არ გვარდება", - ყვება ლალი ჯაფოშვილი.

ლალი ჯაფოშვილი

ლალი ჯაფოშვილი

ფოტო: On.ge / სალომე ჩადუნელი

თბილისში მოძრავ ახალ ავტობუსებს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირების შესაძლებლობა აქვს. თუმცა ჯაფოშვილი მიუთითებს, რომ ავტობუსის შიგნით არსებულ ეკრანებს არ იყენებენ და მუდმივად გამორთულია.

"პანდუსის დაყენება ჩვენთვის ადაპტირებას არ ნიშნავს, ფიზიკურ გადაადგილებასთან პრობლემა არ გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თარჯიმნები და ტიტრები", - განმარტავს ლალი ჯაფოშვილი.

ვიზუალიზაციის გარდა, პრობლემაა ე.წ. განგაშის ნიშნები, რომელიც აფრთხილებს ყრუ და სმენადაქვეითებულებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ყრუთა კავშირის თავმჯდომარის, ამირან ბატატუნაშვილის აზრით, რომ სახანძრო სიტუაციის დროს ტრანსპორტში შუქების სისტემა ადაპტირებული უნდა იყოს.

"ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებს სახეზე და ფსიქოლოგიურად ვხვდებით, რა ხდება და შემდეგ ვფიქრობთ გადარჩენაზე. ჩვენ რომ ფხიზლად არ ვიყოთ, პრობლემები შეგვექმნებოდა. მუდმივ სიფხიზლეში ვართ, რომ არაფერი გამოგვეპაროს", - აღნიშნავს ამირან ბატატუნაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ იყენებს ეკრანებისა და ხმოვანი სისტემის რესურსს თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის ობიექტური მიზეზები აქვთ.

"ავტობუსების გაჩერებები შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული არ არის. ამ ეტაპზე თბილისის მერიის მოთხოვნით გაჩერების დასახელების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, რომელსაც საკრებულო დაამტკიცებს", - უთხრა On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

მისი თქმით, იგეგმება ერთიანი სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც გაჩერებებს გამოაცხადებენ, ხოლო ყრუ და სმენადაქვეითებულებისთვის კი წარწერები გაკეთდება. On.ge ამ თემაზე ერთი წლის წინაც მუშაობდა და იგივე დაპირება ჰქონდათ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.

კითხვაზე, რატომ არის პრობლემა გაჩერებების სახელდებები, როცა სატრანსპორტო კომპანიის მობილურ აპლიკაციაში ყველა გაჩერებაა ასახული, თამაზ რობაქიძის არგუმენტია, რომ ეს სახელდებები "არაფრის მომცემია". მისი განმარტებით, არ არსებობს ზუსტი დრო, თუ როდის დასრულდება საკრებულოში გაჩერებების სახელდების პროცესი.

მეტრო

მეტრო ავტობუსებისგან განსხვავებული, სპეციფიკური სფეროა და ეტლით მოსარგებლეებისთვის, ადაპტირების შემთხვევაში, სრულ მოდერნიზაციას მოითხოვს.

გიორგი ალავიძის თქმით, სირთულეების მიუხედავად, გამოსავალი არსებობს.

"მეტროს ადაპტირება რთულია, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ექსკავატორების შეცვლას საჭიროებს. არსებობს ექსკავატორები, რომელსაც კიბეები არ აქვს", - ამბობს გიორგი ალავიძე.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

მისი თქმით, მეტროს ადაპტირებას წინ კვალიფიციური კვლევა უნდა უძღოდეს. გიორგი ალავიძეს საქართველოს მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითი მოჰყავს:

"სტამბულში კარგად ადაპტირებული მეტროსადგურებია, ახალიც და ძველიც. შესასვლელში პანდუსია დამონტაჟებული და ყველგან ლიფტების სისტემაა. შშმ პირებს რომ თავი დავანებოთ, რამდენ ხანდაზმულს უჭირს ექსკავატორზე დგომა, ზოგს ეშინია კიდეც".

სატრანსპორტო კომპანიაში იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს იშველიებენ, რომელიც მათი თქმით, მეტროს ადაპტირებაში ხელს უშლით:

"უმეტეს მეტროსადგურებში ლიფტის პრობლემაა, თავიდანვე არ იყო ეს სისტემა გათვალისწინებული. ლიფტის დაყენება შეუძლებელია, რადგან მეტროს მიმდებარედ ტერიტორიები დაკავებულია. ახლა ვატარებთ კვლევას თუ როგორ განვსაზღვროთ ეტლით მოსარგებლეებისთვის გადაადგილების ფორმატი".

ფრიდონ ლობჟანიძის თქმით, მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის მეტრო ყველაზე კარგადაა ადაპტირებული. დამონტაჟებულია ხმოვანი სისტემა, ზოგიერთ მეტროსადგურში ამაღლებებიცაა, რათა დაცული იყოს უსინათლოთა გადაადგილების უსაფრთხოება.

მისივე განმარტებით, მეტროს ვაგონამდე მისვლა სირთულეა 100%-ით უსინათლოებისთვის, მათი გადაადგილების გასამარტივებლად კი საჭიროა ისეთივე სენსორული სისტემის დანერგვა, როგორიც ახალ მეტროსადგურ უნივერსიტეტშია.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

სმენადაქვეითებული ლალი ჯაფოშვილი მეტროთი ხშირად მგზავრობს, თუმცა იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი მატარებელია ადაპტირებული, გაჩერებების დათვლა უწევს. 44 წლისაა და მისი გონება ამ პრობლემებით მუდმივად დაღლილია:

"ვითვლი, რომ გაჩერებას არ ავცდე. ეს მე მიჭირს ძალიან, საშუალება არ მაქვს სხვა რამეზე ვიფიქრო, მუდმივად დაძაბული ვარ. ბევრჯერ შემშლია, არასწორ გაჩერებაზე ამოვსულვარ. გზის თავიდან გავლა და ათვლა დამიწყია".

სატრანსპორტო კომპანიაში დაპირებებს იძლევიან, რომ მეტროს სადგურების მოდერნიზება მუდმივად გაგრძელდება და ერთ-ერთი კომპონენტი ადაპტირება იქნება.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის ადაპტირებისთვის დიდი ფინანსური რესურსია საჭირო. სახალხო დამცველის წარმომადგენლის აპარატში კი ამბობენ, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ეს არგუმენტი გამართლებული არაა.

"არგუმენტი, რომ საბჭოთა პერიოდში აშენდა, გამართლება არ არის. პრობლემაა, რომ ახალი აშენებული შენობა-ნაგებობებიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს", - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, ირინა ბოლქვაძე.

მეტროს ადაპტირების პრობლემა ომბუდსმენის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტისადმი გაგზავნილ 2017 წლის ალტერნატიულ ანგარიშშიც მოხვდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტაზე – არსებული მეტროსადგურების ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე.

საბაგირო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, რომ საბაგიროები ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებულია, თუმცა სხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის ადაპტირება ჯერჯერობით არ იგეგმება.

კითხვაზე, თუ რატომ არ ხორციელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ადაპტირება ამ დრომდე ან რატომ არ გამოიყენება ადაპტირებისთვის არსებული რესურსი მაქსიმალურად, პასუხის მიღება თბილისის მერ კახა კალაძისგან ვცადეთ.

ფოტო: თბილისის მერია

"ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის შეძენასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება ადაპტირებული და მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლებას ვგეგმავთ. ეს არ ეხება მხოლოდ ავტობუსს, მოხდება როგორც მეტროს რეაბილიტაცია, ისე ახალი ვაგონების შემოტანა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფირმა შტადლერთან და გვინდა, რომ მეტროს ვაგონები საქართველოში ავაწყოთ და ვაწარმოოთ. ახალი ვაგონები იქნება ადაპტირებული და არა არსებული", - განუცხადა On.ge-ს კახა კალაძემ.

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს შშმ პირთა უფლებების მიმართულებით

მთავრობას შშმ პირების უფლებების დაცვის ვალდებულება 2013 წლიდან აქვს. სწორედ ამ დროს შეუერთდა საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაა.

კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ დრომდე პასუხისმგებელი უწყება არ შექმნილა, მონიტორინგის მექანიზმი კი მთავრობამ სახალხო დამცველის აპარატს ჩააბარა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩევლის თორნიკე დვალის თქმით, ტექნიკურად პროცესი დასრულებულია, თუმცა მოცემულ ეტაპამდე ახალი მექანიზი არ არის შექმნილი და დადგენილება არ არის დამტკიცებული.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. იმპლემენტაციის მექანიზმის შექმნა მიმდინარე წელს არ უნდა გაცდეს ", - უთხრა On.ge-ს თორნიკე დვალმა.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პროექტების მენეჯერის ნანა გოჩიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაწეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ მაგალითად 5 წელში გარემოს ადაპტირების პრობლემები მოგვარდება.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებსა და უფლებრივ საკითხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. ამ კანონის მერვე და მეშვიდე მუხლები შშმ პირებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს და კრძალავს ისეთი ტიპის დაპროექტებასა და განაშენიანებას, რომელიც არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

ამავე თემაზე: