ნარკოლოგების ვარაუდი: უცნობი ნარკოტიკული ნივთიერება მეფედრონი არაა
ნარკოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ უცნობი ნივთიერება, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეში 4 ადამიანის გარდაცვალება და 10-მდე ინტოქსიკაცია გამოიწვია, არა მეფედრონი, არამედ ოპიოიდების ჯგუფის წარმომადგენელი სინთეზური ფენტანილია.
სამედიცინო ცენტრ ურანტის ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განმარტებით, სიმპტომები, რომლებიც პაციენტებს აღენიშნებოდათ, მეფედრონს არ აქვს და ძირითადად, ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკებს ახასიათებს.
"მეფედრონი მასტიმულირებელი ნარკოტიკია და ძილიანობა არ ახასიათებს. ბინაში გარდაცვლილი ადამიანები სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალნენ. მეფედრონს და სხვა სტიმულანტებს პირიქით, უძილობა ახასიათებთ. ასეთი ტიპის სიმპტომები ოპიოიდებს აქვს", - განმარტავს On.ge-სთან საუბრისას ზურაბ სიხარულიძე.
სპეციალისტის განმარტებით, ფენტანილი 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფი და 60-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ჰეროინი. ამ ნივთიერებას სლენგითაც მოიხსენიებენ - "თეთრი ჩინელი". ნარკოლოგების თქმით, მეფედრონი ინტერნეტში მეფედრონისა და კლუბური ნარკოტიკის სახით იყიდება.
ნარკოლოგის თქმით, ფენტანილით ინტოქსიკაციისა და ლეტალობის შემთხვევები ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ მაღალია.
"2017 წლის მანძილზე ამერიკაში ფენტალინით 60 000 სიკვდილის შემთხვევაა დაფიქსირებული", - ამბობს ზურაბ სიხარულიძე.
მისივე განმარტებით, ლეტალობის შემთხვევა შესაძლებელია, ფენტანილის პირველადი მოხმარების დროსაც დადგეს იმ ადამიანებში, რომლებიც ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტულები არ არიან, ანუ აქამდე არასდროს მოუხმარიათ.
"მეფედრონი რომ იყოს მომართვიანობაც იქნებოდა, მეფედრონის მოხმარებით ინტოქსიკაციაზე", - ამბობს ნარკოლოგი.
ზურაბ სიხარულიძის ვარაუდს იზიარებს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი. მისი თქმით, სურათი, რომელიც გარდაცვალების შემთხვევის დროს არის აღწერილი, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ საქმე გვაქვს ოპიოიდის ჯგუფის ნარკოტიკთან.
"ჩრდილოეთ ამერიკაში ფენტანილი დოზის გადაჭარბების ეპიდემიაა და თუ ეს საქართველოში შემოვიდა, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ძირითადად ჰეროინის სახით იყიდება, დოზას ვერ არჩევენ და ზედოზირებით სიკვდილის რისკი მაღალია", - უთხრა რუსთავი 2-ს ნარკოლოგმა.
სტიმულანტები
ზოგადი ეფექტები
ყველა სტიმულანტი ზრდის ქიმიურ და ელექტრულ აქტივობას და მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. სტიმულანტები კლინიკურად გამოიყენება ნარკოლეფსიის, ჭარბი წონისა და ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ. არალეგალურად გამოიყენება: სიფხიზლის შესანარჩუნებლად, ენერგიის შესანარჩუნებლად, თვითდაჯერებულობის მოსამატებლად, წონის შესამცირებლად, ეიფორიის გამოსაწვევად. მათი მთავარი ეფექტებს მათივე ზემოქმედების გზებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ცვლიან თავის ტვინის, ენერგიის გამომუშავებისკენ მიმართულ, ბუნებრივ პროცესს. ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, რადგან თავის ტვინის დამაჯილდოვებელ ცენტრს ააქტიურებენ.
სტიმულანტებია კოკაინი, ამფეტამინი, კოფეინი, ნიკოტინი, ასევე ნარკოლოგების თქმით, სტიმულანტების ჯგუფს მიეკუთვნება მეფედრონიც.
დეპრესანტები
ზოგადი ეფექტი
დეპრესანტები თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, რათა გამოიწვიოს სედაცია (დამშვიდება), კუნთის რელაქსაცია, ძილიანობა. მისი ჭარბი გამოყენება იწვევს კომას. ზოგიერთ დეპრესანტს შეუძლია ეიფორიული მდგომარეობის გამოწვევა, რასაც ხშირად ემოციებისა და სტიმულების შეფერხებამდე მივყავართ. ძირითადი დეპრესანტი ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკებია.
ოპიოიდები
ეს არის ოპიუმის ყაყაჩოს აქტიური ინგრედიენტების გადამუშავებული ან სინთეტური ვარიანტები, მაგ: ოპიუმი, მორფინი, კოდეინი, მეთადონი, ჰეროინი, ჰიდროკოდონი და ოქსიკოდონი.
ოპიუმში ცნობილია 25-ზე მეტი ალკალოიდი, მაგრამ ორი მათგანი, რომელიც უფრო მეტად არის გავრცელებული: მორფინი (რძისებრი სითხის 10-20%) და კოდეინი (0,7%-2,5%). ოპიატებს შეიცავს ოპიუმი, მორფინი, კოდეინი და თებაინი.
- ნახევრადსინთეტური ოპიატები - ჰეროინი, ჰიდროკოდონი, ოქსიკოდონი და ჰიდრომორფინი;
- სრულად სინთეტური ოპიატები - მეთადონი, პრომედოლი, ლევორფანოლი, მეპერიდინი, პროპოქსიფენი, ფენტანილი;
- სინთეტური ოპიოიდის ანტაგონისტები - (ნალოქსონი და ნალტრექსონი) ბლოკავენ ოპიატების და ოპიოიდების ეფექტს;
ოპიოიდის გვერდითი ეფექტები
გვერდითი ფიზიკური ეფექტები მოიცავს:
- ტკივილის მიმართ, როგორც ზიანის სიგნალის მიმართ მგრძნობელობის შემცირება;
- დაბალი სისხლის წნევა, შენელებული პულსაცია და რესპირაცია;
- ჩაცვენილი უპეები, თავის სისტემატური ქნევა;
- ბგერების გაურკვევლად წარმოთქმა, ჟღრიალა, ხრინწიანი, ჩახლეჩილი ხმა;
- შენელებული სვლა, კოორდინაციის დარღვევა;
- გუგები არ რეაგირებენ სინათლეზე;
- მშრალი კანი, ქავილი;
- სექსულური სურვილის სიმცირე, ხშირად გამოწვეულია გულგრილობის გამო;
- მუქი ნახველი;
- გულისრევა.
სპეციალისტები უცნობი ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ ეფექტს სწორედ ოპიოიდის გვერდით ეფექტებს უკავშირებენ და პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზაზე საუბრობენ:
- უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს ნივთიერება;
- პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც ერთადერთი ანტიდოტია ოპიოიდის ჯგუფის ნარკოტიკებით ზედოზირების დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტით გასაცემ წამლების სიიდან უნდა ამოიღოს;
- დაიწყოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია;
- სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს შავი ბაზარი და უნდა გაიგოს რა ნარკოტიკული საშუალებები ტრიალებს ქართულ ბაზარზე. მსგავსი კვლევა ამ დრომდე არასდროს ჩატარებულა. იმ ნივთიერებებისა და მათი შემადგენლობის შესახებ, რომელიც ქართული ნარკოტიკების ბაზარზე ტრიალებს, ინფორმაცია დარგის სპეციალისტებსაც არ აქვთ.
პრობლემის მოგვარების სხვა გზები ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას უკავშირდება და პრევენციულ და სარეაბილიტაციო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
"ხვალ ფენტანილის მაგივრად შემოვა სხვა ნარკოტიკი, რომლისთვისაც მზად არ ვიქნებით და არ შეგვეძლება რეაგირება", - უთხრა On.ge-ს ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პრეპარატის რეცეფტით გასაცემი წამლების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით, აუცილებელია კონსულტაციების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას ნარკოლოგებთან ერთად, ფარმაცევტებიც მიიღებენ.
"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ნუსხაში ნალოქსონის შეატანს, ნალოქსონი არის ანტიდოტი და შეტანა ამ სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ სიებში ან თუნდაც რეცეპტიდან ამოღება დაკავშირებული არის გარკვეულ პროცედურებთან", - უთხრა რუსთავი -2-ს რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკის ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსმა ლალი დავითაიამ.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (GeNPUD) მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს აკისრებს.
"სახელწიფომ არათუ ვერ გამოავლინა ის მკვლელები, რომლებმაც უცნობი ნარკოტიკის საშუალებით სიცოცხლე მოუსწრაფეს ჩვენს ახალგაზრდებს, არამედ ვერ დაადგინა ნარკოტიკის შემადგენელი ნივთირება, არ მიიღო არანაირი პრევენციული ზომები და ზოგადად არ უნდა შეიგნოს, რომ აღნიშნული ნარკოპოლიტიკა არის მკვლელი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის პოზიციით, ეს მიდგომები იწირავდა, იწირავს და მომავალშიც შეიწირავს უმრავ მოქალაქეს. ისინი უერთდებიან სპეციალისტების მოთხოვნების სიას და აცხადებენ, რომ უნდა ჩატარდეს გამოიძიება ყველა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ქვეყანაში ნარკოტიკის შემოსვლის წყარო, მათი რეალიზატორები და მფარველები, რათა კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციისა და ლეტალობის შემთხვევებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თეთრი ხმაურის მოძრაობა.
თეთრი ხმაური აცხადებს, რომ შავ ბაზარზე შემოსულია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. მოძრაობა ეჭვობს, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად: "სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის".
თეთრი ხმაურის მოძრაობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან:
"ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი იგივე ფენტანილი)".
მოძრაობა პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უცნობი ნივთიერების შესწავლით მიზნით, ექსპერტიზა ტარდება, რაც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში უცნობი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით 4 ადამიანი გარდაიცვალა, 10-მდე კი ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კომენტარები