ათი მნიშვნელოვანი კითხვა აფრიკის შესახებ
მართალია, რომ აფრიკელები მხოლოდ ბანანს მიირთმევენ? რატომ მიიჩნევენ ტყუპებსა და ალბინოსებს ჯადოქრებად; რაში ცდებოდნენ პირველი ევროპელები, რომლებიც ამ კონტინენტზე მოხვდნენ; ადგილობრივი ენების საიდუმლო და ბევრი სხვა რამ, რაც აფრიკის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
1. მართალია თუ არა, რომ კაცობრიობის ისტორია აფრიკიდან იწყება?
თანამედროვე მეცნიერთა ვარაუდით, გონიერი ადამიანის (Homo sapiens) ბიოლოგიური სახეობა აღმოსავლეთ აფრიკიდან მომდინარეობს; მრავალი ათასწლეულის წინ, პირველი ადამიანი სწორედ აქ, რიფტული ხეობის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ეთიოპიის, კენიის ან ტანზანიის ტერიტორიაზე წარმოიშვა, რომლის გენეტიკური და ფიზიკური აგებულება, ზოგადად, შეესაბამებოდა თანამედროვე ადამიანისას. გენეტიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ დედამიწის ბინადარი ყველა ადამიანი სწორედ მისი შთამომავალია (უფრო სწორად - მათი შთამომავალია, რადგან პირველად უდავოდ ორნი უნდა ყოფილიყვნენ). მეცნიერთა ვარაუდით, ეს სანდომიანი წყვილი, აღმოსავლეთ აფრიკის სავანის მაღალ ბალახებში, დაახლოებით 200 ათასი წლის წინ ბინადრობდა.
ჩვენი ორივე შორეული წინაპარი შავკანიანი იყო: გლოგერის წესის თანახმად, ადამიანის კანის პიგმენტაციის დონე გარემომცველი კლიმატის სითბოსა და ტენიანობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, აფრიკაში მცხოვრებ პირველ ადამიანებს, დღევანდელი აფრიკელების მსგავსად, მუქი ფერის კანი უნდა ჰქონოდათ. ღია ფერის კანის მქონე ევრაზიელებმა კი, ეს პიგმენტი, თაკარა მზისაგან მოშორებით, ზომიერი კლიმატის პირობებში მრავალათასწლიანი ცხოვრების მანძილზე დაკარგეს. თუმცა, ეს პირველი ადამიანების ეპოქიდან გაცილებით გვიან მოხდა: გენეტიკური ადამისა და ევას შთამომავლები ასი ათასი წლის შემდეგ დაიძრნენ აფრიკიდან და პლანეტის გარშემო დიდი მოგზაურობისათვის დაირაზმნენ.
2. საჰარა ყოველთვის უდიდესი უდაბნო იყო?
ოდესღაც, საჰარა დღევანდელზე გაცილებით დიდ ფართობს იკავებდა, მაგრამ უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დასასრულმა - რომელსაც ზომიერი განედების ზონაში მამონტებისა და სხვა მსხვილ ბალახისმჭამელთა გადაშენება მოჰყვა - აფრიკაში ტენიანობის დონის მომატება და საცხოვრებლად ვარგისი მიწების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამ ტენიანი ეპოქის დაწყებიდან სულ რაღაც რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, საჰარა მართლაც რომ აყვავდა: იშვიათი ოაზისები ნაყოფიერ ველ-მინდვრებად იქცნენ, რომლებზეც ფართო და უხვწყლიანი მდინარეები გაედინებოდნენ, ხოლო ცენტრალური აფრიკის უდიდესი ტბა - ჩადი მოცულობით თითქმის რვაჯერ გაიზარდა. ამ ყველაფერმა ნეოლითის ხანის აფრიკელ ადამიანს საშუალება მისცა საკმაოდ სწრაფად აეთვისებინა საჰარა და იქ დასახლებულიყო.
თუმცა, შემდგომში, საჰარამ კვლავ გამოშრობა დაიწყო და თანდათანობით დაუბრუნდა საწყის - ანუ უდაბნოს მდგომარეობას. მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან სწორედ საჰარიდან ნილოსის ველზე გადმოსახლებულებმა ადამიანებმა დაუდეს სათავე დედამიწის პირველ - ძველეგვიპტურ ცივილიზაციას.
3. დიდი ხანია, რაც აფრიკელები ბანანებით იკვებებიან?
სტერეოტიპული შეხედულება იმის თაობაზე, რომ აფრიკელები ძირითადად ციდან ჩამოცვენილი ბანანებისა და მანგოს რეწვით იყვნენ დაკავებულნი, არ შეეფერება სინამდვილეს; რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც მანგო და არც ბანანი არ მიეკუთვნებიან ადგილობრივ კულტურებს, ისინი დაახლოებით VII საუკუნეში შეიტანეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან. სამაგიეროდ, აფრიკელებმა შექმნეს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო კულტურები: დასავლეთ აფრიკაში მოაშენეს იამი (კარტოფილის მსგავსი ბოლქვოვანი მცენარე, რომლისგან დამზადებული კერძები დღესაც ფართოდ არის გავრცელებული), ველური ბრინჯი (არა აზიური წარმოშობის, მაგრამ ასევე ძალზე გემრიელი), ფეტვის სხვადასხვა სახეობა და ზეთოვანი პალმა. დიდი ალბათობით, აფრიკაშივე მოიშინაურეს ველური ჩლიქოსნების განსაკუთრებული სახეობა - აფრიკული სავანის დღევანდელი გრძელრქიანი ძროხების წინაპრები.
4. მართლა არ არსებობდნენ სახელმწიფოები ტროპიკულ აფრიკაში, პირველი ევროპელების გამოჩენამდე?
ასე მხოლოდ პირველი ევროპელები ფიქრობდნენ. როდესაც 1871 წელს, აფრიკის სამხრეთში, დიდი ზიმბაბვეს გიგანტური ნანგრევები აღმოაჩინეს, მის სანახავად ჩასულმა მეცნიერებმა, მოგზაურებმა და მისიონერებმა დაადგინეს, რომ ზიმბაბვეს ვერაფრით ვერ ააშენებდნენ აფრიკელები. ევროპის გეოგრაფიულ საზოგადოებებში საუბრობდნენ იმაზე, რომ ესოდენ მასშტაბური ქვის ქალაქის ამგებნი მხოლოდ ეგვიპტელები, რომაელები, ფინიკიელები ან არაბები უნდა ყოფილიყვნენ; რომ იქ აღმართული გრანიტის კოშკი ძველი ბერძნების აკროპოლის, ხოლო ოვალური ტაძარი - ლეგენდარული „სოლომონ მეფის მაღაროების“ ნანგრევებია. მხოლოდ მოგვიანებით, ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და ეთნოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დადგინდა, რომ დიდი ზიმბაბვე, შონას ხალხთა მიერ XII–XIV სს-ში შექმნილი ძლევამოსილი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო.
დასავლეთ აფრიკაში უძველესი დროიდან არსებობდნენ სახელმწიფოები, რომლებიც სიძლიერით აღემატებოდნენ იმდროინდელ ევროპულ სამეფოებს. მაგალითად, განა, რომლის შესახებ არაბი მოგზაურები წერდნენ: „იქ ოქრო სტაფილოსავით იზრდება და მას მზის ამოსვლისას კრეფენ“. ან კიდევ - მალის იმპერია და მისი ხელმწიფე, უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში - (მანსა) მუსა I, რომელიც 1324 წელს მოსალოცად მექას გაემგზავრა და თან წაიღო არც მეტი, არც ნაკლები - 13 ტონა ოქრო - ახლო აღმოსავლეთის ქალაქების მოსახლეობისათვის ჩამოსარიგებლად. მისი ვიზიტის შემდეგ, ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში, ოქროს ფასი მინიმუმ ათი წლით დაეცა. დაბოლოს, დასავლეთ აფრიკულ იმპერიათა შორის უმსხვილესი - სონგაი, რომელიც თავისი ფართობით მთელ დასავლეთ ევროპას აღემატებოდა.
ამას გარდა, აღმოსავლეთ აფრიკა მოწმე და თვითმხილველი იყო ეთიოპიის დიდებისა და ძლევამოსილების, ქალაქ-სახელმწიფოების - ზანზიბარისა და კილვის სიმდიდრისა და სიუხვის. სამხრეთში ყვაოდნენ ძლიერი სამეფოები - კონგო და მუტაპა. 1870 წელს, ევროპელი კოლონიზატორების მიერ აფრიკის დანაწილების საწყის ეტაპზე, კონტინენტის ტერიტორიაზე 40-მდე სრულიად ჩამოყალიბებული სახელმწიფო იყო, თითქმის იმდენივე, რამდენიც დღეს.
5. რამდენი მონა გამოიყვანეს აფრიკიდან?
ვარაუდობენ, რომ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონებიდან, XVI-დან XIX საუკუნის ჩათვლით, 10-12 მილიონ ადამიანი გაყიდეს მონად . თუმცა, ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია, რადგან მონების არანაკლებ 10-15% ოკეანის გადალახვისას გზაშივე იღუპებოდა. საგულისხმოა, რომ მონებად განწირულები არა მხოლოდ ამერიკულ პლანტაციებში მიჰყავდათ: ინდოეთის ოკეანეში მონათვაჭრობის ძველ ტრადიციას, ახალი, დამატებითი სტიმული მიეცა, რის შედეგადაც, XV–XVIII საუკუნეების მანძილზე, მუდმივად იზრდებოდა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროდან სპარსეთში, არაბეთსა და ინდოეთში გადაყვანილი მონების რაოდენობა. ასევე არ შემცირებულა დატყვევებულთა ექსპორტი საჰარის გავლით ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში: ახლოაღმოსავლელი სულთნებისა და ემირების სასახლეებში, საჭურისთა თითქმის 90% კანემ-ბორნუს იმპერიიდან გამოჰყავდათ, რომელიც ჩადის ტბის ნაპირებზე იყო გადაჭიმული, საფასურად კი იარაღს იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში კარგი საჭურისი ძალიან ძვირად ფასობდა.
მონებით ვაჭრობა აფრიკაში არასდროს ითვლებოდა დანაშაულად, ეს ტრადიცია აქ ათასწლეულების მანძილზე იყო დამკვიდრებული და მხოლოდ მას შემდეგ აღიკვეთა, როდესაც XIX საუკუნის შუახანებში, ინგლისში, საფრანგეთსა და მოგვიანებით - ამერიკაში მონათვაჭრობა უკანონოდ სცნეს. უკანასკნელი ქვეყანა, სადაც მონობა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა, იყო ეთიოპია, რომელიც ევროპის კონტროლის ფარგლებს გარეთ რჩებოდა; აქ მონობა მხოლოდ 1942 წელს აიკრძალა; თუმცა, დღემდე, საყოფაცხოვრებო ხასიათის მონობა კონტინენტის ისეთ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება ძველებურად სუსტია, კვლავ არსებობს.
6. რამდენი ხალხი და ენაა აფრიკაში?
თანამედროვე მეცნიერებაში დადგენილია, რომ აფრიკის კონტინენტზე 2 000 დამოუკიდებელი ენაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ენასა და დიალექტს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია, ზოგიერთი მათგანი კი დღემდე შეუსწავლელია. აფრიკაში, არცთუ იშვიათად, ენა შეიძლება მხოლოდ 5-6 სოფლის ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს. საკმაოდ მოკრძალებული ზომის სახელმწიფოში კი, მაგალითად კამერუნში, რამდენიმე ასეულ ენაზე საუბრობენ; ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ აფრიკელთა უმეტესობა, ბავშვობიდანვე თავისუფლად ფლობს რამდენიმე ენას: მშობლიურს, ერთ-ორ სამეზობლო დიალექტს, მთელი რეგიონისათვის პრესტიჟულად აღიარებულ ენას და აგრეთვე - კოლონიალურს - ინგლისურს, ფრანგულს ან პორტუგალიურს, რომლებიც სკოლებში ისწავლება და გამოიყენება ტელევიზიაში.
თუმცაღა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთელი ეს ენობრივი მრავალგვარობა მხოლოდ ოთხი დიდი წინაპარი ენიდან მომდინარეობს და შესაბამისად, შეიძლება ოთხ მსხვილ ოჯახად დავაჯგუფოთ: 1. აფრაზიული (უპირატესად ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში), 2. ნიგერო-კონგოური (დასავლეთსა და სამხრეთ აფრიკაში), 3. საჰარა-ნილოსური (აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში) და 4. კოისანური - ყველაზე ამოუცნობი ენათა ოჯახი.
7. რაში მდგომარეობს ბუშმენური „წკლაპუნა“ ენის გამოცანა?
ყველაზე მცირე - სულ 30 ენის შემადგენლობით - მაგრამ სამაგიეროდ აფრიკის ყველაზე უჩვეულო ენობრივი ერთობა კოისანურ ენათა ჯგუფია, ამ ენებზე კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მესაქონლეები - ჰოტენტოტები (საკუთარ თავს ისინი კხოის უწოდებენ) და ნახევრად მომთაბარე მონადირეები და შემგროვებლები - ბუშმენები (იგივე სანები) საუბრობენ. კოისანები არა მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით, არამედ თავიანთი წარმომავლობითაც აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და გამოუცნობი ხალხია. გენეტიკოსთა კვლევების თანახმად, თავისი აგებულებით, კოისანის გენომი მკვეთრად განსხვავდება დედამიწის დანარჩენი მოსახლეობის გენომისაგან, რაც იმას უნდა მოწმობდეს, რომ ბუშმენებისა და ჰოტენტოტების წინაპრები პირველები გამოეყვნენ კაცობრიობის საგვარეულო წარმოშობის ხეს.
კოისანელთა ენებს ახასიათებთ ცნობილი „წკლაპუნა“ თანხმოვნები; ხმები, რომელსაც ისინი გამოსცემენ, მართლაც უნიკალურია: ენის წკლაპუნით წარმოთქმული „ც-ც-ც“, რომელიც ბავშვობაში ყველას მოგვისმენია ბებისაგან, როდესაც უდროოდ შეჭმული მურაბის გამო გვტუქსავდა; ან კიდევ უკანა კბილებზე ენის წკიპურტივით გაწკლაპუნების ხმა, რომელსაც მხედარი გამოსცემს, როდესაც ცხენს მიერეკება; ჩვენ ამ ხმებს არ აღვიქვამთ მშობლიური ენის ბგერებად და არ ვიყენებთ მათ სიტყვებში. კოისანელთა ენებში კი, ამ და სხვა „წკლაპუნა“ ბგერებს (ლინგვისტები მათ „კლიქსებს“ უწოდებენ, ინგლ. clicks- წკლაპუნი), რომლებიც იწარმოებიან ტუჩების, ენის, სასისა და კბილების მეშვეობით, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ მთლიანი სიტყვები და უფრო მეტი სიხშირით გაჟღერდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი თანხმოვანი ბგერები. არსებობს კლიქსების რამდენიმე სახეობა: ბაგისებრი (კოცნის ხმის მსგავსი), კბილისებრი (ზემოთ ნახსენები ბებიების მიერ ჩვენი დატუქსვისას გამოცემული ხმა), პალატალური (როდესაც ენის უკანა ნაწილი ეხება სასას), ალვეოლარული (ენის წვერი ეხება ზედა კბილების ალვეოლებს) და გვერდითი (მონაწილეობს ენა, უკანა კბილები და ლოყა, ეს არის ე.წ. ჟოკეის ხმა). ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი კლიქსი აღიარებულნი არიან „საფუძვლად“, თუმცა კოისელთა ენების უმეტესობაში მათ ემატებათ ასევე არტიკულაცია, რომელშიც ხმის იოგები მონაწილეობენ და ზოგჯერ ამ არტიკულაციათა რაოდენობა თითქმის ორ ათეულს აღწევს, ასე მაგალითად ბუშმენურ ენაში (კხიონგი) 70-მდე ასეთი წკლაპუნა ბგერაა.
კლიქსების წარმოშობის თაობაზე რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: დიდი ალბათობით, ეს ბგერები პირველყოფილი ადამიანისათვის ჩვეულებრივი ხასიათის იყვნენ, დროთა განმავლობაში კი აფრიკის გარდა ყველგან დავიწყებას მიეცნენ. მაგრამ, წკლაპუნა ბგერებზე არანაკლებ გასაოცარია კოისანელთა ენებში არსებული ხმოვანთა ნაკრები. თუნდაც იგივე კხიონგში, ზოგიერთი გამოთვლებით, 88 ხმოვანია (შედარებისათვის - ქართულში მხოლოდ 5). ეს ხმოვნები შეიძლება სხვადასხვა ჟღერადობისა იყოს: ხანგრძლივი, მოკლე, ცხვირისმიერი, ხორხისმიერი და ა.შ. განსაკუთრებულ სერიას ქმნიან ე.წ. ჩურჩულისმიერი ხმოვნები, რომელთა გასაჟღერებლადაც რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს გამოყენებული ხმის იოგები. ლინგვისტებს დღემდე ვერ აუხსნიათ, რა საჭიროა ხმოვანთა ასეთი დიდი რაოდენობა ენის ფუნქციონირებისათვის და რატომ არ შეიძლებოდა როგორმე იოლად გამოსვლა მათი უფრო ნაკლები რაოდენობის პირობებში. შესაძლოა, სწორედ ეს გამოცანაა კოისელთა ენის უძველესი წარმომავლობის მიმანიშნებელი, რომელსაც მეცნიერთა ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პირველი ენის ჩვენამდე შემორჩენილ სახეობად მიიჩნევს.
8. რისი სწამთ აფრიკელებს?
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აფრიკა თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს საკუთარი უძველესი ტრადიციები. ტროპიკული აფრიკის მცხოვრებნი არასდროს გამოირჩეოდნენ ერთი რომელიმე რელიგიური სისტემისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, არასდროს შეგუებიან რელიგიების მკაცრ ტოტალიტარულ დოგმებს, რაც ასე დიდი მოწონებით სარგებლობს ევროპელებსა თუ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას შორის. ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ეპოქის არაბულ ქრონიკებში, სინანულით აღნიშნავდნენ, რომ აფრიკის ისლამური სახელმწიფოების მეთაურებიც კი, ფორმალურად რომ ეზიარებოდნენ ახალ რელიგიას, კვლავინდებურად განაგრძობდნენ ძველ, ტრადიციულ ცერემონიებში მონაწილეობას და არც საკვების მიღების შეზღუდვით იწუხებდნენ თავს. ისინი არაფრად აგდებდნენ ყოველდღიურ ხუთგზის ლოცვებს და არ ესმოდათ, თუ რატომ უნდა შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ 4 ცოლით, როცა შეეძლოთ 44 ჰყოლოდათ? XIV საუკუნეში მუსლიმი იბნ ბატუტა აღშფოთებით წერდა, თუ როგორ ცეკვავდნენ ქალაქის ქუჩებში აფრიკის მუსლიმ მმართველთა ქალიშვილები, რომლებიც ამ დროს არათუ სახის დაფარვაზე ზრუნავდნენ, არამედ საერთოდაც შიშვლები იყვნენ. რაც შეეხება უბრალო გლეხებს, ისინი თავიანთი წინაპრების რელიგიის ერთგულნი იყვნენ, და თუკი მაინც დადიოდნენ მეჩეთში, სულაც არ ჩქარობდნენ ძველი რწმენის უარყოფას.
დღესაც კი, წინაპრების, ბუნების სულების (ქვები, ხეები, მდინარეები და ტბები) და ტოტემური წმინდა ცხოველების თაყვანისცემას, მშვენივრად უხამებენ მეჩეთში ან ეკლესიაში სიარულს. აფრიკელთაგან ბევრი ფიქრობს, რომ ქრისტე უანგაროდ ასრულებს სურვილებს, ოღონდ - არა მყისიერად და არა ყოველთვის, ხოლო ადგილობრივი სული ზანგბეტო გაცილებით პუნქტუალური და ოპერატიულია, მაგრამ ბევრს ითხოვს სანაცვლოდ. რაც შეეხება განას, ძალიან ბევრი ტრადიციული ქურუმი რიტუალებში იყენებს არა მარტო მაიმუნების დაფქულ თავის ქალებს, სხვადასხვა ამულეტებსა და საკმევლებს, არამედ - წმინდა წერილსაც. ასპროცენტიანი ეფექტისათვის კი, ამ ყველაფერს, ყოველი შემთხვევისათვის, ყურანსაც დაურთავენ ხოლმე.
თანამედროვე საზოგადოებაში რწმენა და რელიგია - მკვეთრად განსხვავებული ცნებებია. ასე მაგალითად, ვიღაცას შეუძლია საერთოდ არ იაროს ტაძარში, წესიერად არ იცნობდეს არც ერთ საეკლესიო დღესასწაულს, გარდა აღდგომისა, მაგრამ ამასთანავე სწამდეს ღმერთი, სჯეროდეს შავი კატის, ჰოროსკოპებისა თუ ეზოთერული „სიბრძნისა“. გარდა ამისა, ზებუნებრივ ძალთა მოქმედების სფერო მუდმივად ვიწროვდება: მრავალ ჩვენთაგანს ელვა უკვე აღარ მიაჩნია „უფლის ხელად“, ხოლო შელოცვების, მკითხაობისა და სიზმრის წიგნების დღეს მხოლოდ თავზეხელაღებულ ენთუზიასტებს სჯერათ.
ტრადიციულ აფრიკულ საზოგადოებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა; აფრიკელის ცნობიერება საერთოდ არ გულისხმობს სამყაროს დაყოფას ბუნებრივად და ზებუნებრივად, მისთვის ეს ცნებები უბრალოდ არ არსებობენ: მის წარმოდგენაში ღმერთების, სულების, ადამიანებისა და ცხოველების სამყარო ერთიანია. მართალია, ზოგიერთი მათგანი უხილავია, მაგრამ, როგორც უგანდის ერთმა მცხოვრებმა თქვა, „ბაღლინჯოც უხილავია, მაგრამ არავის მოუვა აზრად მის ზებუნებრივობაზე საუბარი“. მით უფრო - დაუმატა მან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ - რომ თუკი მოისურვებენ, სულებს შეუძლიათ ნებისმიერი სახით და ფორმით დაენახონ (გამოეცხადონ) ადამიანებს, ბაღლინჯოები კი ამას არასდროს აკეთებენ.
9. აფრიკა ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ჯადოსნობით; რამდენად გავრცელებულია კონტინენტზე ეს უკანასკნელი დღეს?
დღემდე, ნებისმიერი უბედურება, რომელიც თავს დაატყდება ცალკეულ ადამიანს, მთელ ოჯახს, ქალაქსა თუ სახელმწიფოს, აფრიკაში ხშირად ჯადოსნობას მიეწერება. საქონლის დაცემა, გვალვა, ავადმყოფობით გამოწვეული მოულოდნელი სიკვდილი, ახალშობილის დაღუპვა ან ხორბლის მოსავლის განადგურება ჩიტებისაგან (ჩაძინებული დარაჯის უყურადღებობის გამო), - ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს: ვიღაც არაკეთილმოსურნემ მოსახლეობის წინააღმდეგ შავი მაგია გამოიყენა! რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მარტივი განმარტება ნამდვილად აიოლებს არა მარტო სამყაროს შეცნობას, არამედ პრობლემებთან გამკლავებასაც. თუ ადამიანი ავად გახდა, ეს მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ღამით, მის სახლში ღამურის ფრთაზე შემოსკუპებული ჯადოქარი შეფრინდა და მას სხეულში ბოროტი ფეტიში (უსულო საგანი, რომელსაც პირველყოფილი ტომები მიაწერდნენ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას და თაყვანს სცემდნენ) ჩაუდგა. სიკვდილი გარდაუვალია, თუკი მკურნალი (იგივე ჯადოქარი, ოღონდ ძალიან კეთილი) არ ამოიღებს სხეულიდან ამ ფეტიშს. როგორც წესი, მკურნალი ამას ახერხებს ხოლმე: მთელი რიგი ცერემონიებისა და მანიპულაციების შემდეგ, იგი ავადმყოფის სხეულიდან „ამოწოვს“ ბალახის კონას, ფრინველის ბუმბულს ან ქვებს. ასეთი მკურნალობა უძლიერეს ფსიქოთერაპიულ ეფექტს ახდენს ავადმყოფზე: ადამიანები, რომლებიც ჯადოს მსხვერპლად თვლიან თავს, ხშირად უბრალოდ შიშისაგან კვდებიან ხოლმე, ამ „მკურნალობის“ შემდეგ კი, ჯადოსაგან „განთავისუფლებული“ პაციენტი ნამდვილად ირწმუნებს ხოლმე, რომ განიკურნა. ხოლო, თუკი ავადმყოფობა მას მაინც ბოლოს მოუღებს, ახლობლები დარწმუნდებიან, რომ გრძნეულის თილისმა ძალზე ძლიერი იყო და მკურნალისათვის მეტი ფული უნდა გადაეხადათ.
ჯადოსნობის რწმენა ვერც XXI საუკუნემ დაამარცხა; მთელ რიგ ქვეყნებში ჯადოსნობა საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული, სეიშელის კუნძულებზე გრი-გრის ჯადოქრები კანონგარეშე გამოაცხადეს და ისევე იძებნებიან, როგორც ნამდვილი დამნაშავეები. აფრიკის ქვეყნების მთავრობები ქმნიან სპეციალურ „კუდიანთა ბანაკებს“, სადაც ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოჰყავთ საკუთარი ოჯახებიდან გამოძევებული ჯადოქრები. ხშირ შემთხვევაში ჯადოქრებს შეზღუდული შესაძლებლობების პირებს შორის ეძებენ. ასევე ჯადოქრებად თვლიან ალბინოსებსაც და ტყუპ ბავშვებსაც, რომლებსაც აფრიკის ბევრ რეგიონში უბედურების მაუწყებლად მიიჩნევენ.
არის შემთხვევები, როდესაც ანტიჯადოქრული ისტერიის ზეგავლენით, რომლის ქვეშაც თითქმის მუდმივად ცხოვრობს აფრიკელთა უმეტესობა, ადამიანი თვითონ შთაიგონებს, რომ კუდიანია ან ჯადოქარია, მაგრამ გარკვეული რიტუალების ჩატარების შემდეგ ჯადოსნური ძალები გაიფანტებიან და გაქრებიან, და გუშინდელი „კუდიანი“ მთელი ცხოვრების მანძილზე დარწმუნებულია, რომ განიკურნა.
10. მართალია თუ არა, რომ აფრიკა სავსეა მეცნიერებისათვის უცნობი უამრავი დაავადებებით?
აფრიკაში, სულ ცოტა ხნის წინ, ებოლას ვირუსის საფრთხის წინაშე მდგარი საზოგადოება სხვა დაავადებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ რეალურად, ყველაზე მძიმე სნეულებათა შორის კონტინენტზე კვლავაც რჩება მალარია, ყვითელი ციება, ტიფი, საღათას ძილი (ტრიპანოსომოზი), ამებიაზი, შისტომატოზი და, რაღა თქმა უნდა - შიდსი, რომლის გავრცელების არეალით, დანარჩენ კონტინენტთა შორის, სწორედ აფრიკა ლიდერობს. ამ დაავადებათა უმრავლესობის პრევენცია იოლად შეიძლება მოხდეს აცრის მეშვეობით: ეს პირველყოვლისა ეხება მუცლის ტიფსა და ყვითელ ციებას, მაგრამ მაგალითად მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს; ეს დაავადება უკვე ათეული ათასობით წლის მანძილზეა გავრცელებული აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში და მას ყოველწლიურად ერთნახევრიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება, რაც 15-ჯერ აღემატება შიდსის და 500-ჯერ - ებოლას მსხვერპლთა რაოდენობას. ზოგიერთი გამოთვლებით, ყოველ 30 წამში აფრიკაში მალარიით ერთი ბავშვი იღუპება.
ტრიპანოსომოზის ანუ საღათას ძილის გადამტანია საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცე, რომელიც ძირითადად ძროხებს ეტანება და სავანის მესაქონლეთათვის ეპიდემიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მისი ნაკბენი ადამიანისთვისაც საშიშია; შესაბამისი მკურნალობის გარეშე, ტრიპანოსომოზი რამდენიმე წლის შემდეგ იწვევს ადამიანის სიკვდილს. თუმცა თანამედროვე მედიცინაში უკვე არსებობს უძლიერესი მედიკამენტების არსენალი, რაც ამ დაავადების განკურნების საშუალებას ნებისმიერ სტადიაზე იძლევა. გარდა ამისა, ბუზი ცეცეს დაფრთხობა იოლად შეიძლება არა მარტო რეპელენტებით, არამედ უბრალო თეთრი ფერის ტანსაცმლითაც.
კიდევ ერთი, საყოველთაოდ ცნობილი აფრიკული დაავადებაა ამებიაზი ანუ ამებური დიზენტერია. მისი გამომწვევია ე. წ. დიზენტერიული ამება, რომელიც აუდუღარი წყლის დალევისას შეიძლება მოხვდეს ადამიანის სხეულში. ამიტომ, აფრიკაში ყოფნისას, აუცილებელია რომ წყალი ან ანადუღარი იყოს ან ქარხნული წესით დამუშავებული და ბოთლებში დახუფული; თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ წყალი უხვად უნდა გაზავდეს ქლორის ტაბლეტებით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, წყალი მკვეთრად უსიამოვნო გემოს იღებს, მაგრამ სანაცვლოდ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ზიანი აღარ ადგება. დაავადების შემთხვევაში კი წარმატებით გამოიყენება ანტიმიკრობული პრეპარატები.
XX საუკუნის „შავი ჭირის“ სახელით ცნობილი დაავადება - შიდსი, როგორც ვარაუდობენ, თავდაპირველად კონგოში გაუჩნდათ მაიმუნებს და ადამიანებს XIX ს-ის ბოლოს ან XX ს-ის დასაწყისში გადაედოთ. დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 34 მილიონამდე აივ-ინფიცირებული ადამიანია, რომელთა ორი მესამედი აფრიკაში, საჰარის სამხრეთით ცხოვრობს,. საბედნიეროდ, დაავადების პიკმა უკვე გადაიარა და ინფიცირებულთა რიცხვიც თანდათან იკლებს. თუმცა, ვირუსმატარებელთა რაოდენობა უწინდებურად უცვლელია: 26%-მდე სვაზილენდის მოსახლეობაში, 23%-მდე - ბოტსვანაში და 17% სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
კომენტარები