ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული ფილმის, ნამეს ნახვა უკვე ქართველ მაყურებელსაც შეუძლია.

ფილმი, რომლის რეჟისორიც ზაზა ხალვაშია, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ნამეს მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი ნამეა, ფილმის სიუჟეტი სამკურნალო თვისებების მქონე თევზის გარშემო ვითარდება, რომელიც ამ თვისებებს მას შემდეგ კარგავს, რაც სოფელში კაშხლის შენებას დაიწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის თემა ფილმში მხოლოდ წამიერად გაიელვებს, მაყურებელი ხვდება, რომ ეს ამბავი კინოსურათში გადამწყვეტია, სწორედ ამაზე მეტყველებს ფინალიც.

ფილმის შესახებ დეტალურად მთავარი როლის შემსრულებელმა მარიშკა დიასამიძე "სხვა შუადღის" ეთერში საუბრობს: