რა ჯანდაბაა Pokemon Go და როგორ დავიჭიროთ ყველა პოკემონი?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

თუ აქამდე არ მოგიკრავთ თვალი და ყური, მაშინ გეტყვით, რომ Pokemon Go ახალი, "დამატებული რეალობის" (Augmented Reality) თამაშია, რომელიც კომპანია Niantic-მა Nintendo-სთან ერთად შექმნა და გამოსვლიდან რამდენიმე საათში, მთელი მსოფლიოს სმარტფონები დაიპყრო.

თამაშმა პოპულარობითა და დღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვით Twitter-ს, Facebook-სა და პორნო საიტებსაც კი გადაუსწრო. მან Nintendo-ს ფინანსური სარგებელიც მოუტანა - გამოსვლის შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება $9 მილიარდით გაიზარდა.

პოკემონებზე ნადირობის მსოფლიო ისტერიაში ჩართულია მედია, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, ბიზნესები და ცხადია, თამაშმა ჩვენამდეც ჩამოაღწია.

თამაშის ერთ-ერთი უცნაურობა ისაა, რომ დაწყებისას მოთამაშე არანაირ ინსტრუქციას ან დახმარებას არ იღებს. ჩართვისთანავე პოკემონების სამყაროში აღმოჩნდებით და ყველაფერში თავად მოგიწევთ გარკვევა, რის გამოც, ბევრი მოთამაშე უამრავ დეტალს ვერ აგნებს და თამაშის სურვილს კარგავს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგეხმაროთ და გასწავლოთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ Pokemon Go-ს შესახებ.

"დამატებული რეალობა" რას ნიშნავს?

Pokemon Go დამატებული რეალობის თამაშია, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაცია იღებს იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და "ზემოდან ადებს" ახალ, ვირტუალურ ფენას. ახალი ფენა, რომელიც ჩვენს სამყაროს სმარტფონების მეშვეობით ემატება, Nintendo-ს მიერ 1996 წელს შექმნილი ფრენჩაიზის - Pokemon-ის ნაწილია. (სახელი ორი სიტყვის - Pocket Monster კომბინაციაა - პოკემონები ჯიბის მონსტრები არიან).

მოთამაშეები მოგზაურობენ ვირტუალურ სამყაროში, იჭერენ საყვარელ მონსტრებს Pokeball-ებში, ავითარებენ უნარებს და ერთმანეთს ებრძვიან. თუმცა, პოკემონების დასაჭერად მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა არ კმარა. მოთამაშეს ფიზიკური გადაადგილებაც ევალება - თქვენ უნდა იაროთ, მიხვიდეთ სხვადასხვა ლოკაციებზე, აიღოთ ნივთები, დაიჭიროთ პოკემონები და ა.შ.

რა არის თამაშის მთავარი მიზანი და შინაარსი?

მოთამაშეს სამი მთავარი მიზანი აქვს: შეავსოს Pokedex (ანუ, დაიჭიროს ყველა სახეობის პოკემონი), გაზარდოს და გააძლიეროს საკუთარი პოკემონები და შემდეგ შეეჯიბროს ისინი სხვა მოთამაშეების პოკემონებს.

მეხუთე დონის (Level) მიღწევის შემდეგ, მოთამაშემ უნდა აირჩიოს, რომელი გუნდის წევრობა უნდა.

თამაშში სამი გუნდია: Team mystic (ლურჯი, მისტიური გუნდი), Team Valor (წითელი, ღირსების გუნდი) და Team instinct (ყვითელი, ინსტინქტის გუნდი). გუნდის არჩევის შემდეგ, თქვენი და თქვენი გუნდის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ტერიტორიისა და ჯიმების კონტროლი (ამაზე ქვემოთ).

ფოტო: The Verge

კარგი, ვთქვათ დავინტერესდი, როგორ დავიწყო თამაში?

თუ iOS-ზე მომუშავე ტელეფონი გაქვთ, თამაშის ჩასაწერად გადადით აქ. ანდროიდის მფლობელები - ესტუმრეთ ამ ბმულს. (Windows Phone-ის პატრონებს კი აქ გირჩევთ დაბინავებას.)

ანგარიშის შექმნის ორი ვარიანტი გექნებათ - Google-ის არსებული ანგარიშით შესვლა ან Pokemon Trainer Club-ის ანგარიშის შექმნა. აირჩიეთ სასურველი გზა და დარეგისტრირდით.

სერვერთან დაკავშირების შემდეგ (თუ დაუკავშირდით, რადგან სერვერები ხშირად გადატვირთულია), თქვენი ვირტუალური პერსონაჟის ვიზუალის შეცვლის საშუალება მოგეცემათ. ამას თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა კოსმეტიკურისა, ამიტომ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გარეგნობა და განაგრძეთ თამაში. როგორც კი მორჩებით თქვენი პერსონაჟის შტრიხების შერჩევას, აღმოჩნდებით ვირტუალურ რუკაზე.

ვდგავარ რუკაზე. ახლა?

ახლა დროა პოკემონების დაჭერას შეუდგეთ. თამაშის დაწყებისთანავე სამი პოკემონის არჩევის საშუალება გექნებათ, Squirtle, Bulbasaur ან Charamander.

ფოტო: Nintendo

სამივე მათგანი კარგი პოკემონია, მაგრამ თუ არც ერთი მოგწონთ, ოთხჯერ თქვით უარი მათ არჩევაზე და პიკაჩუ გამოჩნდება.

არჩეული პოკემონი თქვენი პირველი ჯიბის მონსტრი იქნება.

ავირჩიე პოკემონი, სხვა პოკემონები როგორ დავიჭირო?

როცა რუკაზე პოკემონი აღმოცენდება, უნდა დააჭიროთ მას და ავტომატურად თქვენი ტელეფონის კამერა ჩაირთვება. კამერაში რეალურ გარემოს დაინახავთ, სადმე კუთხეში კი ნაპოვნი პოკემონი იქნება მიმალული.

ამ დროს, ეკრანის ქვევით Pokeball გამოჩნდება, რომელიც პოკემონს უნდა ესროლოთ. მისი დაჭერა სწორედ ამ "მოწყობილობაში" დამწყვდევით ხდება.

ფოტო: On.ge

პოკებოლის სასროლად ჩვეულებრივი swipe up ჟესტის გაკეთებაა საჭირო - თითის დაჭერა ბურთზე და სწრაფად ასმა, სასურველი მიმართულებით. თავიდან, ზუსტად გარტყმა არც ისე ადვილია, მაგრამ მეორე-მესამე ლეველის შემდეგ, უკვე გამოცდილი მსროლელი იქნებით.

პატარა ლეველის პოკემონები პირდაპირ ბურთის სროლით შეგიძლიათ დაიჭიროთ, მაგრამ მაღალი ლეველის მონსტრებთან სხვა ქცევაა საჭირო.

პოკებოლზე თითის დაჭერის შემდეგ, სამიზნე პოკემონზე წრე გამოჩნდება. თუ ეს წრე მწვანე ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ პოკემონის დაჭერას ბურთის სროლით მარტივად შეძლებთ, ხოლო თუ წითელი ან ყვითელია, მაშინ დროს (და პოკებოლებს) ტყუილად ნუ დახარჯავთ.

ფოტო: Giphy

ასეთი "რთული" პოკემონების მარტივად დასაჭერად, Razz Berry გამოგადგებათ, რომელიც მონსტრს ასუსტებს. ეს ნივთი ყვითელი და წითელი წრის მქონე პოკემონებთან უნდა გამოიყენოთ.

ხანდახან, რომელიმე ცელქი პოკემონი შეიძლება უკვე დაჭერილი ბურთულიდან ამოხტეს. მაგრამ, არ დანებდეთ და თავიდან დაიჭირეთ!

მონსტრის დაჭერის შემდეგ, როგორც წესი, კანფეტით და ვარსკვლავის მტვერით დასაჩუქრდებით.

რუკაზე რაღაცეები ყრია... რა არის?

რუკაზე სამი მთავარი რამის გარჩევა საჭირო.

ფოტო: On.ge

1. Grass (ბალახი)

ადგილი, სადაც პოკემონი უნდა დაიჭიროთ. რუკაზე ჩანს მწვანედ და ოდნავ ირხევა. თუ თქვენს ახლოს პოკემონია, ტელეფონი ვიბრირებას დაიწყებს, ხოლო თუ ხმა გაქვთ ჩართული ან ყურსასმენები გიკეთიათ - პოკემონის დამახასიათებელ ხმასაც გაიგონებთ.

2. Pokestops (პოკესტოპები)

აქ შეგიძლიათ შეაგროვოთ საჭირო ნივთები. პოკესტოპები მბრუნავი ლურჯი კუბებია, რომლებიც, როგორც წესი, საინტერესო ადგილებთან ახლოს მდებარეობენ - ძეგლებთან, მონუმენტებთან, ისტორიულ შენობებთან და ა.შ.

პოკესტპოთან მიახლოებისას ის ფორმას შეიცვლის, "გაიშლება" და მასზე დაჭერისას წრეში ჩასმული ფოტო გამოჩნდება. გადაუსვით ამ წრეს თითი, მონეტასავით დატრიალდება და სხვადასხვა ნივთებს "ამოყრის" - კვერცხებს, პოკებოლებს და სხვა სასარგებლო ბონუსებს. ერთი პოკესტოპიდან თავიდან დატრიალება ყოველ 5 წუთში შეგიძლიათ. აქვე შეგიძლიათ "მოზიდვის" მოდულის დაინსტალირებაც (ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ).

3. Gyms (სავარჯიშო დარბაზები)

ეს არის ადგილები, სადაც სხვა მოთამაშეების პოკემონებს ებრძვით. ჯიმები ადვილად შესამჩნევი, მასიური ნაგებობებია. აქ შესასვლელად ჯერ თამაშის მეხუთე დონეზე (Level) უნდა ახვიდეთ.

პოკესტოპი და ჯიმი

პოკესტოპი და ჯიმი

ფოტო: On.ge

ეკრანის გარშემო რომ ღილაკებია, რა არის?

ფოტო: On.ge

ეკრანის ქვედა ნაწილში, მარცხნივ, მოთამაშის ავატარი და სახელი ჩანს. აქვე წერია მისი დონე (Level) და სხვა ინფორმაცია. მარჯვენა მხარეს Nearby ფანჯარაა, რომელიც გახსნის შემდეგ, გიჩვენებთ, რომელი პოკემონები არიან ახლომახლო.

ცენტრში პოკებოლის მსგავსი ღილაკი თამაშის მენიუს შლის. მენიუში იპოვით:

  • Items (ნივთები) - აქ ინახება თქვენი ნივთები და პოკებოლები.
  • Pokedex (პოკედექსი) - ეს პოკემონების სახეობების ჩამონათვალია, სადაც ყოველი ახალი სახეობის დაჭერილ პოკემონს არეგისტრირებთ.
  • Pokemon (პოკემონი) - გაჩვენებთ ყველა პოკემონს, რომლებიც გყავთ.
  • Shop (მაღაზია) - ეს ის ადგილია, სადაც თამაშის შემქმნელები ფულს აკეთებენ - ნამდვილ ფულს ვირტუალურ მონეტებში და ნივთებში გაცვლევინებენ.

ნივთებში ბევრი რამეა... რა რისთვისაა?

მოკლედ, დავიწყოთ:

  • Pokeballs (პოკებოლები) - ეს ერთერთი მთავარი ნივთია Pokemon Go-ში. სწორედ პოკებოლების დახმარებით იჭერთ პოკემონებს. აღმოჩენილ პოკემონს ეს ბურთები უნდა ესროლოთ და მათში დაამწყვდიოთ. პერსონაჟის დონის მომატების შემდეგ, გაგეხსნებათ ახალი ბურთები - დიდი პოკებოლები და ულტრა პოკებოლები.
  • Razz Berries (კენკრა) - ამ ნივთით ველურ პოკემონს "დააწყნარებთ", რაც მის დაჭერას გაგიადვილებთ.
  • Incence (გუნდრუკი (არაგუნდრუკი გადამთიელი)) - გუნდრუკი, ან საკმეველი, 30 წუთის განმავლობაში გადამთიელ პოკემონებს თქვენთან მოიზიდავს, რომ ადვილად დაიჭიროთ.
  • Lure Module (მოზიდვის მოდული) - გუნდრუკის მსგავსად, მოზიდვის მოდული პოკემონებს იზიდავს, ოღონდ მათი გამოყენება მხოლოდ პოკესტოპებთან შეიძლება და თან თქვენს გარდა, ყველა სხვა მოთამაშეს შეუძლია მათი დაჭერა, ვინც ახლო იქნება.
  • Potions (წამლები) - გამოიყენება დაშავებული პოკემონისთვის სიცოცხლის მოსამატებლად.
  • Revive (გაცოცხლება) - გამოიყენება ჯიმის ბრძოლის შედეგად გულწასული პოკემონის აღსადგენად. გაცოცხლებულ პოკემონს მაქსიმალური სიცოცხლის ნახევარი უღდგება. სუპერ გაცოცხლებით - ბოლომდე.
  • Eggs (კვერცხები) - კვერცხებს პოკესტოპებიდან იღებთ, აქედან ზრდასრული პოკემონები იჩეკებიან, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პოკესტოპიდან გახსნილი აპლიკაციით გარკვეულ დისტანციას გაივლით. ეს დისტანცია ფეხით უნდა დაფაროთ. სხვა შემთხვევაში - არ გამოიჩეკება.
  • Egg Incubator (კვერცხის ინკუბატორი) - გამოიყენება კვერცხების გამოსაჩეკად.
  • Lucky Eggs (იღბლიანი კვერცხები) - ეს კვერცხები არ იჩეკება, ამ ნივთის გამოყენების შემდეგ, მომავალი ნახევარი საათის განმავლობაში, თქვენ გამოცდილებას (XP) გაორმაგებული სისწრაფით დააგროვებთ.

ყველა ეს ნივთი თქვენს ჩანთაში ინახება, რომლის საწყისი ტევადობაც 350 ნივთია. ტევადობის გაზრდა შეგიძლიათ, ყოველ ახალ დონეზე ჩანთას 50 ადგილი ემატება.

არსებობს კიდევ რამდენიმე ნივთი:

  • Pokecoins (პოკემონეტები) - ეს არის თამაშის ვალუტა, ფული. მისი შეძენა ნაღდი ფულით ან თამაშში შესრულებული გარკვეული აქტივობებით ხდება.
  • Candy (კანფეტი) - ვარდება პოკემონის დაჭერისას, ეს ნივთი გამოიყენება პოკემონების გასაზრდელად და მათ გასაძლიერებლად. ყველა პოკემონს თავისი სპეციფიკური კანფეტი აქვს. დაჭერილი პოკემონი, რომელიც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ მისთვის სპეციფიკურ კანფეტში გადაცვალოთ.
  • Stardust (ვარსკვლავური მტვერი) - კანფეტის მსგავსად, პოკემონის დაჭერისას ვარდება (და კიდევ სხვა გზებითაც მოიპოვება). გამოიყენება პოკემონების დონისა და ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად.

ავედი მეხუთე ლეველზე, რომელი გუნდი ავირჩიო?

როგორც უკვე გითხარით, მეხუთე ლეველზე თქვენ არჩევანის წინაშე დადგებით. თქვენ უნდა აირჩიოთ სამი გუნდიდან ერთერთი. (დალაგებულია პოპულარულობის მიხედვით):

  • Team Mystic (მისტიური გუნდი) - ლურჯი გუნდი. მათი მთავარი ღირებულება სიბრძნეა.
  • Team Valor (ღირსების გუნდი) - წითელი გუნდი. მათი მთავარი ღირებულებაა ძალა.
  • Team Instinct (ინსტინქტის გუნდი) - ყვითელი გუნდი. მათი მთავარი ღირებულება კი ნდობა და ინტუიციაა.

რომელი გუნდი უნდა აირჩიოთ, ამას ვერავინ გირჩევთ. საკუთარ გულისთქმას მიჰყევით!

ვაგროვებ პოკემონებს და ვარ ბედნიერი. შემდეგ?

გუნდის არჩევის და პოკემონების მოხიკვის შემდეგ, საჭიროა ჯიმების (Gyms) დაპყრობა. რაც მეტ ჯიმს აკონტროლებს თქვენი გუნდი, მით უკეთესია თქვენთვის და თქვენი თანაგუნდელებისთვის.

ჯიმის დასაპყრობად, მიდით მასთან და დაიწყეთ ბრძოლა. თუმცა, ეს არც ისე ადვილია. აუცილებელია იცოდეთ რამდენიმე დეტალი, რომელიც მოწინააღმდეგის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

პოკემონის სამყაროში 18 სხვადასხვა ტიპის მონსტრი არსებობს. მათ აქვთ მარტივი (ცეცხლის, წყლის, ელექტრო) და უცნაური (ფოლადის, მოჩვენებების, ფერიების) შეტევის უნარები. ერთი ტიპის შეტევა მეორე ტიპის პოკემონზე ან მეტ ეფექტს იქონიებს ან ნაკლებს. მაგალითად, ცეცხლის პოკემონები ორჯერ მეტ ზიანს აყენებენ ბალახის პოკემონებს, ხოლო ჩვეულებრივზე ნახევარით ნაკლები ზიანი მოაქვთ ქვის პოკემონებისთვის. თუ ყველა ტიპს და მათ ეფექტებს არ შეისწავლით, ბრძოლა გაგიჭირდებათ.

მოწინააღმდეგე პოკემონის შესატევად, მასვე უნდა დააჭიროთ/დაარტყათ თითით, ხოლო მისი ნასროლის თავიდან ასაცილებლად - შესაბამისი მიმართულებით გაუსვათ.

წარმატებული დარტყმების შედეგად ივსება ე.წ. Special Bar, რომელის საშუალებითაც სუპერ დარტყმების განხორციელება შეგიძლიათ.

მოწინააღმდეგე პოკემონის დამარცხების შემდეგ, ჯიმი თქვენი გუნდის საკუთრებაში ავტომატურად არ გადმოვა. საჭიროა მისი რეპუტაციული ქულების დადაბლება. უფრო ეფექტური ბრძოლისა და ჯიმის ადვილად დაპყრობისთვის, თან გაიყოლეთ თანაგუნდელი მეგობრები.

თქვენი გუნდის კონტროლირებად ჯიმებში, თქვენი პოკემონების სავარჯიშოდ დატოვება შეგიძლიათ. ამით, გარდა პოკემონის სიჯანსაღისა, საკუთარი გამოცდილებაც (XP) გემატებათ.

ეს ყველაფერი კარგი. და მაინც, რა ჯანდაბად მინდა ეს თამაში?

გასართობად, ისევე, როგორც ყველა თამაში. კიდევ - სასეირნოდ და ახალი ხალხის გასაცნობად. ინგრესის მსგავსად, ამ თამაშზე მაინც ვერ იტყვის ვერავინ, "სულ მოწყდა ეს თაობა რეალურ სამყაროსო".

მთავარია, იაროთ ფრთხილად და ხანდახან ტელეფონის ეკრანიდანაც ამორგოთ თავი - არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენს გარშემო სხვა ხალხი და მანქანებიც მოძრაობენ.


დისკუსია: დაიწყეთ Pokemon Go-ს თამაში?

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ